31 January 2020



მთელი თავისი არსებობის განმავლობაში რომის სახელმწიფოს უამრავი რთული პერიოდი გადაუტანია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო ისეთი საშიში, როგორც მესამე საუკუნის კრიზისი. იმპერია შინაური პრობლემებისა და გარეშე მტრების შემოსევების შედეგად იფლითებოდა. 

ქრ. შ–მდე 31 წელს სამოქალაქო ომების სერიების დასასრულს გაიუს ოქტავიანემ დაამარცხა მარკუს ანტონიუსი და რომის პირველი იმპერატორი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორს ვუწოდებთ, მისი ნამდვილი ტიტული პრინცეპსი იყო, რაც პირველ მოქალაქეს ნიშნავს. იმპერიაში მშვიდობა სუფევდა 68 წლამდე. მცირე კრიზისის შემდეგ დაიწყო ე.წ. "ოთხი იმპერატორის" ხანა. 69 წელს მდაბიო წარმოშობის ვესპასიანე გახდა იმპერატორი, რომელმაც სტაბილურობა აღადგინა იმპერიაში. იმპერატორ ტრაიანეს დროს (98 - 117 წწ.) რომმა ტერიტორიული ექსპანსიის ზენიტს მიაღწია. მისმა მემკვიდრემ, ადრიანემ დაპყრობითი ომები შეწყვიტა და მთელი იმპერიის მასშტაბით მრავალი თავდაცვითი და საფორტიპიკაციო ნაგებობა ააგო. შემდეგ იმპერატორს, მარკუს ავრელიუსს გერმანული ტომების, მარკომანების წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომების წარმოება უწევდა. ამის მიუხედავად, მისი ზეობის წლები რომის ოქროს ხანადაა მიჩნეული.

მარკუს ავრელიუსი


 მისმა შვილმა, კომოდუსმა კარგად დაიწყო მმართველობა, მაგრამ ბოლოს საკუთარმა პარანოიამ იმსხვერპლა და 192 წელს იგი მოკლეს. ლეგიონერებმა იმპერატორად სეპტიმუს სევერუსი აირჩიეს, რომელმაც არმიის როლი გაზარდა, ხოლო სენატმა დაკარგა თავისი პრივილეგიები.
232 წელს ალექსანდრე სევერუსს ახალწარმოქმნილ სასანიანთა ირანთან მოუწია ბრძოლა, რომელმაც პართიის ადგილი დაიკავა. იმპერატორმა ეს ომი მოიგო, მაგრამ ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად, რის გამოც ლეგიონერების უკმაყოფილება გამოიწვია და 235 წელს მოკლეს კიდეც, საიდანაც იწყება მესამე საუკუნის კრიზისი. არმია ძალაუფლების ერთადერთ წყაროდ იქცა. შემდეგი 50 წლის განმავლობაში ოცდაათამდე "ჯარისკაცი იმპერატორი" ავიდა ტახტზე. ამავე დროს, რომის საგარეო მტერთა რაოდენობამ არნახულად მოიმატა, რომლებიც ყველა მხრიდან მოიწევდნენ. გოთებმა, ვანდალებმა და ალემანებმა პროვინციების ძარცვა და დარბევა დაიწყეს რაინისა და დუნაის რეგიონებში, ხოლო აღმოსავლეთით სასანიანთა სპარსეთი ცდილობდა რომაელთა შევიწროებას.

252 წელს შაჰ შაპურ I-მა ქალაქი ნიზიბისი დაიკავა. ერთი წლის შემდეგ მის წინააღმდეგ გაგზავნილი რომაული არმიაც დაამარცხა და ანტიოქია დაიპყრო. იმპერატორი ვალერიანე მის წინააღმდეგ დაიძრა, მაგრამ დამარცხდა და თვითონაც ტყვედ ჩავარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ რომის იმპერატორი ტყვედ ჩავარდნოდა მტერს.
260 წელს ალემანებმა და სხვა გერმანულმა ტომებმა ჩრდილოეთ იტალია დაარბიეს. იმპერატორმა გალიენუსმა შეძლო მათი განდევნა, მაგრამ ახლა გალიის პროვინციის რომაელმა მეთაურმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და თავისი გალური იმპერია შექმნა, რომელიც დღევანდელი საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ესპანეთის ტერიტორიებს მოიცავდა. იმპერატორმა წარუმატებლად სცადა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და შედეგად საკუთარმა ლეგიონერებმა მოკლეს. ახალმა იმპერატორმა კლავდიუს II-მ მოახერხა ესპანეთის დაბრუნება, მაგრამ ამის მეტი ვეღარ შეძლო.

271 წელს ტახტზე ავიდა ავრელიანე. სწორედ ამ დროს, აღმოსავლეთ პროვინციების გარდაცვლილი მმართველის ცოლმა ზენობიამ თავისი შვილი იმპერატორად გამოაცხადა და ეგვიპტე, სირია და ანატოლიის დიდი ნაწილი პალმირის იმპერიად აქცია.


გალური იმპერია (მწვანე). რომის იმპერია (წითელი). პალმირის იმპერია (ყვითელი).



იმპერატორი ავრელიანე დიდი გამოცდის წინაშე იდგა. მან ჯერ ჩრდილოეთ იტალიით დაიწყო, სადაც ვანდალები იყვნენ. მან წარმატებით განდევნა ისინი და შემდეგ ალემანებიც დაამარცხა დასავლეთ იტალიაში. პალმირის იმპერიის წარმოშობამ მარცვლეულის კრიზისი გამოიწვია რომში, რადგანაც მთელი იმპერია მარცვლეულს ეგვიპტიდან იღებდა. ავრელიანემ გადაწყვიტა, სასწრაფოდ გამკლავებოდა ზენობიას და 272 წელს დაიძრა მის წინააღმდეგ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ავრელიანემ დაიბრუნა აღმოსავლური ტერიტორიები, ხოლო ზენობია ტყვედ ჩაიგდო.
274 წელს ავრელიანემ დასავლეთ პროვინციებიც დაიბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერია კვლავ გაერთიანდა, 275 წელს ავრელიანეს გარდაცვალების შემდეგ იმპერია კვლავ ახალმა კრიზისმა მოიცვა. შემდეგი ცხრა წლის განმავლობაში ექვსმა იმპერატომა აიღო ხელში ძალაუფლება, სანამ 284 წელს ისინი დიოკლეტიანემ არ დაამარცხა. მისი მმართველობით დამთავრდა მესამე საუკუნის კრიზისი. დიოკლეტიანემ წესრიგი აღადგინა იმპერიაში. მან მრავალი რეფორმა გაატარა, რომელთაგან ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ტეტრარქიული სისტემის, ანუ ოთხთა მმართველობის შემოღება იყო. იმპერია აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაყო, რომლებსაც იმპერატორები ურთიერთშეთანხმებით მართავდნენ ავგუსტუსის ტიტულით და მემკვიდრეებს ნიშნავდნენ კეისართა ტიტულებით. დიოკლეტიანეს სიკვდილის შემდეგ ტეტრარქია მალე წარსულს ჩაბარდა და დროებით კვლავ გაერთიანდა კონსტანტინე დიდის დროს. დიოკლეტიანესა და კონსტანტინეს რეფორმების გარეშე რომის იმპერია ალბათ ბევრად უფრო ადრე დაეცემოდა, ვიდრე ეს სინამდვილეში მოხდა.


ტეტრარქიული სისტემა


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. Olivier Hekster. Rome and its Empire, AD 193 - 284 (Edinburgh 2008).
2. Alaric Watson. Aurelian and the Third Century. 
3. John f. White. Restorer of the World: THe Roman Emperor Aurelian.

28 January 2020



ქრ. შ–მდე II საუკუნის დასაწყისში რომაული დაპყრობები ახალ ფაზაში გადავიდა. რომი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დასაპყრობად დაიძრა. ამის გამო, ბერძნულ სამყაროსთან კონფლიქტი გარდაუვალი გახდა. აქედან ერთი–ერთი უმნიშვნელოვანესი სელევკიდების იმპერიასთან ომი იყო. ეს კონფლიქტი ასევე სირიული ომის სახელითაცაა ცნობილი, რომელიც მაგნეზიის ბრძოლით დაგვირგვინდა.

ქალაქი რომი დაარსდა ქრ. შ–მდე 753 წელს აპენინის ნახევარკუნძულზე, რომელსაც თავიდან მეფეები მართავდნენ. ქრ. შ–მდე 509 წელს რომი რესპუბლიკად გარდაიქმნა. ტერიტორიული ექსპანსიის პროცესი თავიდან ნელი იყო, მაგრამ ქრ. შ–მდე III საუკუნეში რომი უკვე მთელს აპენინის ნახევარკუნძულს აკონტროლებდა. რომის პირველი დიდი გამოცდა იყო ომები კართაგენთან. ამ ომების შედეგად რომის რესპუბლიკა დომინანტ ძალად იქცა შუა და დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მაკედონია კართაგენის მოკავშირე იყო და რომსაც საბაბი მიეცა, ბერძნული სამყაროს საქმეებში ჩარეულიყო. 

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, იქ, იმ დროს, სელევკიდების იმპერია დომინანტობდა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სარდალმა, სელევკოსმა დააარსა. ეს ზესახელმწიფო ანატოლიიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული. 

სელევკიდების იმპერია

ქრ. შ–მდე 203 წელს სელევკიდმა მეფემ ანტიოქოს III დიდმა კავშირი შეკრა მაკედონიასთან, მაგრამ რიგიანად ვერანაირი მოკავშირეობა ვერ გაუწია მაკედონიის მეფეს, ფილიპე V–ს რომაელთა წინააღმდეგ. 
რომაელებმა, მაკედონელთა დამარცხების შემდეგ, ბერძენთა "თავისუფლება" გამოაცხადეს და თავიანთი ძალები გაიყვანეს ბალკანეთიდან. ამით ისარგებლა ანტიოქოსმა და საბერძნეთში შევიდა. ამავე დროს,  მასთან იმყოფებოდა კართაგენის სახელოვანი მხედართმთავარი და რომის უდიდესი მტერი, ჰანიბალი, რომელიც რომთან დამარცხების შედეგად აღმოსავლეთში იყო გაქცეული. ახლა კი ანტიოქოსს აქეზებდა ომისკენ. ბერძენთა აეტოლიური ლიგა, რომელიც რომაელთა მოკავშირე იყო, უკმაყოფილო იყო რომაელთა მზარდი გავლენით და მზად იყო, სელევკიდების მხარეს გადასულიყო. რომაელებმა ეს საბაბად გამოიყენეს და ლეგიონები გაგზავნეს მათ ჩასაწყნარებლად. ქრ. შ–მდე 192 წელს აეტოლიურმა ლიგამ საბერძნეთში ანტიოქოსი მოიწვია, როგორც განმათავისუფლებელი. მეფემ ჰელესპონტი გადალახა და საბერძნეთში შევიდა და ქალაქ ლარისას ალყა შეამოარტყა. რომაელები თვალყურს ადევნებდნენ მის მოძრაობას და აპიუს კლავდიუსის სარდლობით დაიძრნენ ანტიოქოსისკენ. ამ უკანასკნელის ლაშქრის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მცირე აზიაში იყო, ამიტომ დროებით გაცლა ამჯობინა.

სელევკიდი მეომრები

ამასობაში რომაელებს დამხმარე ძალები მოუვიდათ და მხნედ დაედევნენ სელევკიდებს. ბრძოლა მოხდა თერმოპილეს ველზე, სადაც, ოდესღაც სახელოვანი 300 სპარტელი გმირულად დაიღუპა. სელევკიდების ჯარი თითქმის მთლიანად განადგურდა და ანტიოქოსმა ძლივს გაასწრო სიკვდილს. რომაელებმა წინსვლა განაგრძეს და ქრ. შ–მდე 190 წელს ლუციუს კორნელიუს სციპიონის სარდლობით მცირე აზიაში გადავიდნენ. ანტიოქოსმა მოლაპარაკება სცადა, მაგრამ რომაელთა მოთხოვნები ძალიან მკაცრი იყო, ამიტომ ბრძოლის მეტი სხვა გზა აღარ დარჩა. იგი მაგნეზიასთან დაბანაკდა, დღევანდელი თურქეთის დასავლეთ ნაწილში.

რომაელთა ლაშქარი ძირითადად ქვეითი მეომრებისგან შედგებოდა. კავალერია მცირერიცხოვანი იყო. მათ ასევე 16 აფრიკული სპილო ჰყავდათ, მაგრამ გენერალმა არ გამოიყენა ისინი, რადგან აფრიკული სპილოები უფრო პატარები და ნაკლებად აგრესიულები იყვნენ, ვიდრე ანტიოქოსის ინდური სპილოები.

სელევკიდთა ჯარი მაკედონური ფანალანგის ყაიდაზე იყო მოწყობილი. ანტიოქოსს ასევე მძიმე კავალერია, ეტლები და ინდური სპილოები ჰყავდა, როგორც ზემოთ ითქვა. ბრძოლა დაიწყო ეტლების თავდასხმით. რომაელებმა მათ ისრებისა და შუბების სეტყვა დაუშინეს და გააქციეს. რომაელთა მარჯვენა ფლანგი კონტრშეტევაზე გადავიდა და სელევკიდთა მარცხენა ფლანგი თითქმის მთლიანად გაწყვიტა. თუმცა რომაელთა მარცხენა ფლანგზე არ იყო მთლად სახარბიელო სიტუაცია. მათ თვით ანტიოქოსი დაესხა თავს მძიმე კავალერიითა და მსუბუქი ქვეითებით. ლეგიონებს უკან დახევა მოუწიათ, მაგრამ ვაი–ვაგლახით მაინც მოახერხეს ანტიოქოსის იერიშების შეკავება. სელევკიდთა ცენტრი, რომელიც ფალანგებისგან შედგებოდა, ფლანგებზე დაუცველი და კავალერიისგან მიტოვებული აღმოჩნდა. ლეგიონებმა ისინი ალყაში მოაქციეს და გაჟლიტეს. ანტიოქოსს კვლავ გაქცევა მოუწია. ქრ. შ–მდე 188 წელს ზავი დაიდო, რომლის თანახმადაც სელევკიდებს რომაელებისთვის 15 000 ოქროს ტალანტი უნდა გადაეხადათ, მცირე აზია კი მთლიანად უნდა დაეტოვათ. ანტიოქოსსა და მის შთამომავლებს ევროპასა და ეგეოსის ზღვაზე ნებიესმიერ ომში მონაწილეობა აეკრძალათ. ამ ომის შემდეგ სელევკიდებმა ვეღარ შეძლეს ძველი დიდების დაბრუნება.


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. John D. Grainger. The Roman war of Antiochos The Great. 2002. Leiden-Boston.
2. Polybius, translated by Frank W. Walbank. (1979). The Rise of the Roman Empire. New York.
3. Livy, translated by Henry Bettison. (1976). Rome and the Mediterranean. London.
4. Robert. M. Errington. (1989). Rome against Phillip and Antiochos.

24 January 2020



ისტორიაში ზოგჯერ სახელმწიფოთა ბედი ერთი ბრძოლით წყდებოდა. ინდოეთის შემთხვევაში, ეს პანიპატია. ამ ქალაქთან რამდენიმე ბრძოლა მოხდა, რომელმაც მთელი სუბკონტინენტის ბედი შეცვალა. 

შუა საუკუნეებში არაბთა სახალიფოს ექსპანსიამ აზიაში ძალთა ბალანსი შეცვალა. ამის ერთ–ერთი შედეგი იყო თურქული მოდგმის ხალხთა ისლამიზაცია ცენტრალურ აზიაში. სახალიფოში ნელ–ნელა დეცენტრალიზაციის პროცესი მიდიოდა და თურქულმა ტომებმა ყველა მიმართულებით დაიწყეს მიგრირება. X საუკუნის შუა წლებში თურქული ტომები ჩრდილოეთ ინდოეთში გამუდმებულ რეიდებს აწარმოებდნენ და 1206 წელს ბელადმა კუტბ ად–დინ აიბაკმა ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში დელის სასულტნო დააარსა, რომელმაც მოგვიანებით წარმატებით მოიგერია მონღოლთა შემოსევები და დაიპყრო ინდოეთის უმეტესი ნაწილი, მაგრამ სუსტი მმართველების ხელში ნელ–ნელა დასუსტდა სასულტნო და XIV საუკუნისთვის მხოლოდ ჩრდილოეთ ინდოეთი შერჩა. ახალმა ავღანურმა ლოდის დინასტიამ სტაბილურობა აღადგინა, თუმცა ქვეყანა მაინც დაქვეითების გზაზე იდგა.

XV საუკუნის მიწურულს შუა აზიაში ქაოსი სუფევდა, სადაც თემურ–ლენგის მემკვიდრეები ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ჟლეტდნენ. ერთ–ერთი მათგანი, სახელად ბაბური, რაც სპარსულად ვეფხვს ნიშნავს, 1519 წელს ინდოეთისკენ წამოვიდა. 1525 წელს მან ხელში ჩაიგდო ქალაქი პენჯაბი და მომავალი დაპყრობებისთვის პლაცდარმად გაიხადა. მომდევნო წელს იგი პანიპატისკენ დაიძრა, სადაც მისი მოწინააღმდეგე სულტანი იბრაჰიმ ლოდი არმიით ელოდა.


ბაბური

ბაბურის ლაშქარი შედგებოდა თურქებისგან, მონღოლებისგან, ავღანელებისგან და სპარსელებისგან. მას ასევე 20 ზარბაზანი ჰქონდა. დელის სასულტნოს არმია შედგებოდა მრავალირიცხოვანი კავალერიისგან და სპილოებისგან. ზარბაზნები საერთოდ არ გააჩნდათ. ბაბურმა წინა ხაზზე ქვეითები, ხოლო მათ წინ ურმები დააყენა, მათ შორის კი – ზარბაზნები. მეორე ხაზზე კავალერია ჩააყენა. იბრაჰიმ ლოდიმ წინა ხაზზე სპილოები ჩაამწკრივა, მათ უკან კავალერია იდგა, ხოლო ქვეითები – მესამე ხაზზე. იბრაჰიმი გამარჯვებაში ისეთი დარწმუნებული იყო, რომ მთელი არმია ერთდროულად მიუსია ბაბურის ჯარს. სპილოები სასტიკად დააფრთხო ბაბურის ზარბაზანთა გრიალმა, რის გამოც შეფერხდა მათი შეტევა. შემდეგ იბრაჰიმის მარცხენა ფლანგის მხედრობამ სცადა ბაბურის მარჯვენა ფლანგზე თავდასხმა, მაგრამ ბაბური მზად დახვდა და ეს შეტევაც მოიგერია. ამასობაში იბრაჰიმის ჯარში არეულობა იყო. მისი სპილოები უგზოუკვლოდ გარბოდნენ და თავიანთ მეომრებსაც თელავდნენ. ბაბურმა ფლანგებიდან შეუტია დაბნეულ მტერს და გაანადგურა. ბრძოლაში სულტანიც მოკლეს. დელის სასულტნო ბაბურის ხელში ჩავარდა და შეიქმნა დიდ მოგოლთა იმპერია (სიტყვა "მოგოლი" მონღოლის დამახინჯებული ფორმაა სპარსულად).

პანიპატის ბრძოლა 1526 წელს

1531 წელს ბაბური გარდაიცვალა და მისმა მემკვიდრემ ჰუმაიონმა ნელ–ნელა ტერიტორიების დაკარგვა დაიწყო. შერ–შაჰმა, რომელიც ინდოელი რაჯა იყო, დიდად შეავიწროვა მოგოლთა სახელმწიფო და სურის იმპერია შექმნა. 1540 წელს ჰუმაიონი იძულებულიც კი გახდა სეფიანთა სპარსეთში გაქცეულიყო და მხოლოდ 1554 წელს შეძლო ინდოეთში დაბრუნება და დიდი ტერიტორიების დაბრუნებაც მოასწრო, თუმცა სიკვდილმაც მოუსწრო 1556 წელს. სურის იმპერია ისევ შეტევაზე გადავიდა და დელი დაიკავა. ჰუმაიონის მემკვიდრე აკბარი ამ დროს მხოლოდ 13 წლის იყო, მაგრამ მისი რეგენტი და მფარველი ბაირამ ხანი ნიჭიერი მხედართმთავარი იყო. მტრები ისევ პანიპატის ველზე შეხვდნენ ერთმანეთს. მოგოლები რიცხობრივად ამჯერადაც ჩამორჩებოდნენ მტრის ძალებს. მოგოლებს მხოლოდ კავალერია და სპილოები ჰყავდათ. ინდოელებს წინა ხაზზე კავალერია და სპილოები ეყენათ, მეორე ხაზზე კი – ქვეითები. ინდოელთა მარჯვენა და მარცხენა ფლანგი ერთდროულად გადავიდა შეტევაზე და მოგოლთა ფლანგებმა ნელ–ნელა უკანდახევა დაიწყეს, თუმცა ბაირამ ხანმა მშვილდოსანი კავალერიის ნაწილით შეაფერხა ინდოელთა შეტევა. ახლა ინდოელეთა ცენტრმა შეუტია მოგოლთა ცენტრს. ბრძოლა თითქოს ამ უკანასკნელთა მარცხით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მოგოლთა ისარმა ინდოელთა ლიდერი განგმირა და მისი სიკვდილით დამფრთხალი ინდოელები დამარცხდნენ. ამ ბრძოლის შემდეგ აკბარმა ააყვავა თავისი სამეფო და მისი სიკვდილის შემდეგ თითქმის მთელი ინდოეთი მოგოლთა ხელში იყო. მოგოლთა იმპერიამ 1857 წლამდე იარსება.

მოგოლთა იმპერია


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:
1. Chaurasia, Radhey Shyam (2002). History of Medieval India: From 1000 A.D. to 1707 A.D.  Atlantic Publisher.
2. Chandra, Satish (2009). Medieval India: From Sultanat to the Mughals. Part II. Har-Anand Publications.
3. Tripathi, Ram Prasad (1960). Rise and Fall of The Mughal Empire

20 January 2020



ქრ. შ–მდე VIII საუკუნისთვის ბერძნებმა თავი დააღწიეს ე.წ. ბნელ ხანას, რომელიც უძველესი მიკენური კულტურის დაცემის შემდეგ, ქრ. შ–მდე 1200–1100 წლებში დაიწყო. ბერძნული პოლისები (ქალაქები) დამოუკიდებელ ქალაქ–სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. ამათგან განსაკუთრებით დაწინაურდა ორი პოლისი – ათენი და სპარტა. მცირე აზიაში მდებარე პოლისებს უფრო რთულად ჰქონდათ საქმე. ქრ. შ–მდე 560 წელს ისინი ლიდიის იმპერიამ დაიპყრო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. აღმოსავლეთში აქემენიდური სპარსეთის მეფე კიროს დიდი იწყებდა დაპყრობით ომებს. ქრ. შ–მდე 553 წელს მან მესოპოტამია დაიპყრო და ქრ. შ–მდე 547 წელს კაპადოკიც ჩაიგდო ხელში. ამით სპარსეთი ლიდიას გაუმეზობლდა. ლიდიელმა მეფემ კროსუსმა კიროსის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ დამარცხდა და ერთი წლის შემდეგ მთელი ლიდია სპარსეთის პროვინციად იქცა იმ ბერძნული პოლისების ჩათვლით, რომლებიც მანამდე ლიდიაში შედიოდა. აქემენიდი მეფეები იქ ტირანებს ნიშნავდნენ წესრიგის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება ბალკანეთს, იქ საპირისპირო პროცესები მიმდინარეობდა, სადაც შეიქმნა მმართველობის ახალი ფორმა – დემოკრატია ("დემოს" – ხალხი, "კრატოს" – ძალა, მმართველობა ). 

სპარსეთის იმპერია და ბერძნული სამყარო


სპარსთა მეფე დარიოს დიდი თავის წინამორბედთა ექსპანსიურ პოლიტიკას აგრძელებდა. ქრ. შ–მდე 500 წელს იგი ევროპაში შევიდა და თრაკია დაიპყრო, ხოლო მაკედონია ვასალად გაიხადა. თუმცა მცირე აზიაში სიტუაცია არ იყო მთლად სტაბილური და ერთი წლის შემდეგ ქალაქ მილეტის გამგებელმა არისტაგორასმა ამბოხი წამოიწყო სპარსული რეჟიმის წინააღმდეგ. მას მალე სხვა ბერძნული ქალაქებიც შეუერთდნენ. ამ აჯანყებას მხარს უჭერდა ათენი, რომელიც ფინანსურად ეხმარებოდა მეამბოხეებს. ქრ. შ–მდე 493 წელს სპარსელებმა აჯანყება სასტიკად ჩაახშეს. მომდევნო წელს დარიოსმა ფლოტით ლაშქარი გაგზავნა ათენის წინააღმდეგ, რათა შური ეძია, მაგრამ ქრ.შ–მდე 490 წელს ეს არმია სასტიკად დამარცხდა ცნობილ მარათონის ბრძოლაში.



დარიოსი კიდევ აპირებდა ბერძენთა წინააღმდეგ გალაშქრებას, მაგრამ ეგვიპტელთა აჯანყებამ შეუშალა ხელი. ეს პერიოდი კარგად გამოიყენეს ბერძნულმა პოლისებმა და კავშირი შეკრეს ერთმანეთთან. ქრ. შ–მდე 480 წელს დარიოსის შვილმა ქსერქსემ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო ბერძენთა წინააღმდეგ. იგი უზარმაზარი ძალებით შევიდა მაკედონიაში და ჩრდილოეთიდან დაიძრა ბერძნული პოლისების წინააღმდეგ, ხოლო ფლოტი აღმოსავლეთ სანაპიროებზე იყო განლაგებული. ბერძენთა დაახლოებით 5–10 ათასიანი ჯარი სპარტელი მეფე ლეონიდასის მეთაურობით თერმოპილეს ვიწრო გასასვლელში ჩადგა, ხოლო ათენელთა 300 ხომალდიანი ფლოტი თემისტოკლეს მეთაურობით – არტემიზიუმის სრუტესთან. 



ლეონიდასი თავისი მეომრებით გაცხოველებით იბრძოდა ორი დღე, ხოლო მესამე დღეს ალყაში აღმოჩნდნენ და მანაც არმიის დიდ ნაწილს უკან დახევა უბრძანა. თვითონ კი 300 სპარტელით იგერიებდა სპარსელთა გავეშებულ შეტევებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. პარალელურად, ზღვაზე მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლა, სადაც ბერძნულმა ფლოტმა უკან დაიხია. შედეგად კი ქსერქსემ ათენი აიღო და გადაწვა. თემისტოკლემ თავისი გადარჩენილი ფლოტი სალამინის კუნძულთან ვიწრო სრუტეში ჩააყენა, რათა სპარსელები შეეტყუებინა. ეს უკანასკნელებიც წამოეგნენ ანკესს. მათი მრავალრიცხოვანი ფლოტი სალამინის ვიწრო სრუტეში ჩაიჭედა და გემებს მანევრირების საშუალება არ ჰქონდათ. ბევრად უფრო მცირერიცხოვანი ბერძნული გემები კი თავისუფლად დაცურავდნენ და ანადგურებდნენ სპარსთა ხომალდებს. ქსერქსემ დაახლოებით 300 გემი დაკარგა და დამარცხებულმა დატოვა ევროპა. მან სახმელეთო არმია დატოვა საბერძნეთში, მაგრამ ქრ. შ–მდე 479 წელს ბერძნებმა ეს ლაშქარიც გაანადგურეს. ამ კატასტროფული კამპანიის შემდეგ სპარსელებს აღარასდროს უცდიათ საბერძნეთის დაპყრობა. სამაგიეროდ კი 150 წლის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო სპარსეთის იმპერია და სათავე დაუდო ელინისტურ, ანუ ბერძნულ–აღმოსავლურ კულტურას.

სალამინის ბრძოლა


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1.ჰეროდოტე. ისტორია.
2. პლუტარქე. პარალელური ბიოგრაფიები.
3. Holland, Tom (2006). Persian Fire: The First World Empire and the Battle for the West.

17 January 2020


მესოპოტამია, იგივე "ნოყიერი ნახევარმთვარე" ცივილიზაციის ერთ–ერთი პირველი კერაა. გასაკვირი არ არის, რომ ამ ტერიტორიებისთვის კონფლიქტი ადრეული ხანიდან დაიწყო და დღემდე არ დამთავრებულა. 

ქრ შ–მდე XVII საუკუნეში სემიტური მოდგმის ხალხმა, ჰიქსოსებმა დაიპყრეს ეგვიპტე და მე–15 დინასტია ჩამოაყალიბეს. ქრ. შ–მდე 1550 წელს სინაის კუნძულიც დაიპყრეს.

"ნოყიერი ნახევარმთვარე"


ანატოლიაში ხეთების ძლევამოსილი სამეფო ჩამოყალიბდა ქრ. შ–მდე მეორე ათასწლეულში. იმ დროს, როცა ეგვიპტე ჰიქსოსებმა დაიკავეს, ხეთები ჩრდილოეთ სირიაში შევიდნენ და მითანის სამეფოს დაუპირისპირდნენ. ამ ომს ეგვიპტის მე–18 დინასტიის ფარაონებიც შეუერთდნენ და "ნოყიერი ნახევარმთვარის" ჩრდილოეთი ნაწილი დაიპყრეს. ქრ. შ–მდე 1447 წელს რეგიონში აჯანყებამ იფეთქა ეგვიპტის წინააღმდეგ, რომლის მოთავეები ქალაქ კადეშის მაცხოვრებლები და ქანაანელები იყვნენ. ფარაონმა თუტმოს III-მ მიწასთან გაასწორა აჯანყებულთა ძალები მეგიდოსთან ახლოს. ამ ბრძოლამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე, რომ სამყაროს აღსასრულს ამ ქალაქის მიხედვით არმაგედონს ვუწოდებთ. ამ წარმატების მიუხედავად, ეს აჯანყებები ეგვიპტის ტერიტორიულ ექსპანსიას აფერხებდა, ხოლო ხეთები ნელ–ნელა სამხრეთისკენ მოიწევდნენ და ქალაქი კადეშიც ჩაიგდეს ხელში. ფარაონმა სეთი I-მა მოახერხა ქალაქის დაბრუნება და ზავიც შედგა ეგვიპტესა და ხეთებს შორის, მაგრამ ომი მაინც გარდაუვალი იყო. ქრ. შ–მდე XIII საუკუნის დასაწყისში კადეში ისევ ხეთების ხელში გადავიდა. ქრ. შ–მდე 1279 წელს ეგვიპტის ფარაონი გახდა რამზეს II დიდი. 

ეგვიპტე და ხეთების სამეფო ქრ. შ–მდე 1279 წელს


ხუთი წლის შემდეგ ომი განახლდა ორ იმპერიას შორის. მტრები კადეშთან დაბანაკდნენ. ისტორიაში ეს იყო ეტლების ყველაზე დიდი ბრძოლა, სადაც დაახლოებით 5 000–6 000 ეტლი მონაწილეობდა. რამზესი თავისი გვარდიით მთავარ არმიას გამოეყო და შორიახლო დაბანაკდა. ხეთი მეეტლეები თავს დაესხნენ მის ბანაკს დასავლეთიდან, როცა რამზესი მათ აღმოსავლეთიდან ელოდა. ხეთები ისე იყვნენ გამარჯვებაში დარწმუნებული, რომ ძარცვაზე გადავიდნენ და ეტლები ნადავლით დაუმძიმდათ. რამზესმა ისარგებლა მათი დაუდევრობით, ალყაში მოაქცია მტერი და გაანადგურა. 

რამზეს დიდი კადეშის ბრძოლაში


ხეთთა მეფემ მუვათალიმ თავისი ბანაკიდან 20 000 ქვეითი 1 000 ეტლი გამოგზავნა რამზესის ბანაკისკენ. ფარაონმა ეს ლაშქარიც გაანადგურა, მაგრამ კადეშის აღება მაინც ვერ მოახერხა. ქრ. შ–მდე 1258 წელს ზავი დაიდო. ეს ბრძოლა ეგვიპტის ტაქტიკური გამარჯვება იყო, მაგრამ შედეგი სრულიად არაფერი. ორივე მხარე კი თავის თავს თვლიდა გამარჯვებულად.

ეგვიპტურ–ხეთური ზავი, რომელიც ისტორიაში პირველ საერთაშორისო ხელშეკრულებად არის მიჩნეული. სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Healy, Mark (1993). Qadesh 1300 B.C. Clash of the Warrior Kings. Osprey Publishing.
2. Shaw, Ian (2003). The Oxford History of Ancient Egypt. Oxford University Press.
3. Grimal, Nicolas (1994). A History of Ancient Egypt.

13 January 2020


732 წელს ფრანკებმა კარლოს მარტელის მეთაურობით არაბთა წინსვლა შეაჩერეს ევროპაში პუატიეს ბრძოლაში. ამის გამო, ხშირად ისინი ევროპის მხსნელებად არიან მიჩნეულნი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, პირენეს ნ. კუნძულის მამაცი მოსახლეობა შეუპოვრად ებრძოდა მუსლიმ დამპყრობლებს უამრავი პრობლემის მიუხედავად და საუკუნეების განმავლობაში ნელ–ნელა ტერიტორიების დაბრუნება დაიწყეს, რაც რეკონკისტას სახელითაა ცნობილი.

არაბთა სახალიფომ ერთ საუკუნეზე ნაკლებ დროში უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრო, რომელიც  შუა აზიიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე იყო გადაჭიმული. 708 წელს მუსლიმებმა დღევანდელი მაროკო დაიპყრეს. 711 წელს მუსლიმმა გენერალმა ტარიკმა გადალახა სრუტე, რომელსაც გიბრალტარი დაარქვეს, ანუ ტარიკის მთა და ესპანეთში შეიჭრა. ამ დროს ესპანეთში ვესტგოთთა სამეფო იყო, რომელიც რომის იმპერიის დაცემის დროიდან არსებობდა. 
მიუხედავად იმისა რომ ტარიკს მხოლოდ 12 000 მეომარი ჰყავდა, იგი ადვილად ამარცხებდა ვესტგოთთა არმიებს. 712 წელს ნახევარი ესპანეთი დაიპყრეს და დედაქალაქი ტოლედოც ჩაიგდეს ხელში. ვესტგოთთა სამეფო დაეცა და რამდენიმე წელიწადში მუსლიმებმა მთელი პირენეს ნახევარკუნძული დაიპყრეს ზოგიერთი მთიანი რეგიონის გამოკლებით. 

სახალიფოს მიერ ესპანეთის დაპყრობა


718 წელს ჩრდილოეთის მთიან რეგიონში ჩამოყალიბდა ასტურიის სამეფო. აქედან იწყება რეკონკისტას დაახლოებით 800 წლიანი ეპოქა. 
მუსლიმებმა თვალი მიაპყრეს ფრანკთა სამეფოს და რამდენჯერმე სცადეს დაპყრობა, მაგრამ მარცხი განიცადეს. 
750 წლისთვის ასტურიის მეფემ ალფონსო I–მა თავისი სამეფოს ტერიტორიების გაფართოება დაიწყო. ამ დროს სახალიფოს ომაიანთა დინასტია აბასიანებმა შეცვალეს. ომაიანთა ერთ–ერთმა უკანასკნელმა წარმომადგენელმა აბდულ რაჰმანმა ქალაქი კორდობა დაიკავა 765 წელს და დამოუკიდებლობა გამოაცხადა არაბთა სახალიფოსგან. ასე შეიქმნა მუსლიმური ესპანეთის კორდობას საამირო, შემდგომში სახალიფო.



IX საუკუნეში ასტურია ლეონის სამეფოდ იქცა, ხოლო მის აღმოსავლეთით წარმოიშვა ნავარის სამეფო. ეს ორი სამეფო ერთად ებრძოდა მავრებს (ასე უწოდებდნენ ესპანეთში მუსლიმებს). 939 წელს ლეონის მეფემ რამირო II–მ სიმანკას ბრძოლაში მავრთა დამარცხება მოახერხა. სამწუხაროდ ლეონში იმახანად არ იყო სტაბილური სიტუაცია და ეს გამარჯვება ვერ გამოიყენა. 

1031 წელს კორდობას სახალიფო დაიშალა პატარ–პატარა საამიროებად. ეს იდეალური მომენტი იყო ქრისტიანებისთვის ტერიტორიების დასაბრუნებლად. ნავარის მეფემ სანჩო III-მ გააერთიანა ნავარია, კასტილია და ლეონი, თუმცა სიკვდილის შემდეგ მისმა შვილებმა დაინაწილეს ტერიტორიები და გამუდმებული ომები ჰქონდათ ერთმანეთთან. 1077 წელს ლეონის მეფემ ალფონსო VI–მ კასტილია შემოიმტკიცა თავისი სახელოვანი გენერლის როდრიგო დიას დე ვივარის წყალობით, რომელიც ელ სიდის სახელითაც იყო ცნობილი. ზოგიერთი მუსლიმური საამირო იძულებულიც გახდა ხარკი ეძლია ლეონისთვის. 1084 წელს კი ალფონსომ უძელესი სატახტო ტოლედოც შეიერთა. ამ ფაქტმა დიდი განგაში გამოიწვია მავრებში და დახმარება სთხოვეს აფრიკაში მყოფ მუსლიმ ალმორავიდ ბერბერებს, რომლებიც გადმოვიდნენ ესპანეთში და მწარე მარცხი აგემეს ალფონსოს 1086 წელს საგრაჯასის ბრძოლაში. ალმორავიდებმა მთელ სამხრეთ ესპანეთზე გაავრცელეს თავიანთი ბატონობა, თუმცა გვიანი იყო. 1139 წელს პორტუგალიის სამეფო შეიქნმა ალფონსო I-ის მოთავეობით და 1147 წელს ქალაქი ლისბონიც შეიერთა. 

პირენეს ნ.კუნძული 1157 წლისთვის


1212 წელს მუსლიმთა უზარმაზარი ლაშქარი გადმოვიდა აფრიკიდან. რომის პაპმა ინოკენტ III-მ ჯვაროსნული ომი გამოაცხადა. ესპანეთის ქრისტიანი მეფეები ტოლედოში შეიკრიბნენ თავიანთი არმიებით. კოალიციის სათავეში ალფონსო VIII კასტილიელი იდგა. ბრძოლა მოხდა ლას ნავას დე ტოლოსასთან, რეკონკისტას ისტორიაში გადამწყვეტი ბრძოლა. თავიდან იგი მუსლიმთა წარმატებით დაიწყო. ალფონსო პანიკაშიც კი ჩავარდა, როცა მისი მეწინავე რაზმები მუსლიმთა მიერ ნადგურდებოდნენ, მაგრამ ქვეშევრდომთა და მოკავშირე მეფეთა დახმარებით გონება მოიკრიბა და კონტრშეტევაზე გადავიდა ცენტრით. ნავარის მეფემ სანჩომ კი თავისი რაზმით გარშემო შემოუარა ქრისტიანთა და მუსლიმთა ძალებს და პირდაპირ ხალიფას დაესხა თავს. გულგახეთქილმა ხალიფამ გაქცევა ამჯობინა. მისი დროშა რომ ვეღარ დაინახეს, მუსლიმები გატყდნენ და გაიქცნენ, ხოლო გამარჯვება ქრისტიანებს დარჩათ. ეს ბრძოლა გარდამტეხი ეტაპი იყო რეკონკისტასთვის. ამის შემდეგ მუსლიმები ვეღარ ახერხებდნენ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას. ქრისტიანები კი ნელ–ნელა იბრუნებდნენ ძველ ტერიტორიებს და საბოლოოდ, 1492 წელს ერთიანი ესპანეთის სამეფოს მმართველებმა ფერდინანდ  II არაგონელმა და იზაბელა I კასტილიელმა მუსლიმთა უკანასკნელი ქალაქი ესპანეთში, გრანადა აიღეს და ამით დასრულდა მრავალსაუკუნოვანი რეკონკისტა ქრისტიანთა გამარჯვებით, რის შემდეგაც ესპანეთი მალე ზესახელმწიფოდ იქცა.

მავრული არქიტექტურა

კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. Watt. W. Montgomery: A History of Islamic Spain. Edinburgh University Press (1992).
2. Watt. w. Montgomery: Influence of Islam on Medieval Europe. (Edinburgh 1972).
3. Lomax. Derek William. The Reconquest of Spain. Longman. London 1978. 
4. Nicolle, David and Angus McBride. El Cid and the Reconquista 1050 - 1492. (1988).

8 January 2020


ბიზანტიურ–არაბული კონფლიქტის პარალელურად მუსლიმები ასევე სასანურ სპარსეთსაც ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში სასანიდები და რომი/ბიზანტია სისხლისგან ცლიდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ ამდენმა ომმა გამოფიტა ორივე იმპერია, რაც არაბთა ექსპანსიის წისქვილზე ასხამდა წყალს.

პირველი კონფლიქტი სასანიდებთან დაიწყო 633 წელს დღევანდელი ქუვეითის ტერიტორიაზე. არაბებმა, რომლებსაც ხალიდ იბნ ალ–ვალიდი სარდლობდა, რამდენჯერმე სძლიეს სპარსელებს, შემდეგ შაჰმა უფრო დიდი ლაშქარი გამოგზავნა მათ უკუსაგდებად. ხალიდს 10 000 ქვეითი და 5 000 მხედარი ჰყავდა 30 000 სპარსელის წინააღმდეგ. ბრძოლის წინ მან მხედრები შორს გაგზავნა და მტრის თვალს მოეფარა. სასანიდები ანკესს წამოეგნენ და მთელი ძალებით შეასკდნენ მუსლიმთა ქვეითებს. არაბებმა ნელ–ნელა უკანდახევა დაიწყეს და ალყაში მოექცნენ, მაგრამ ეს ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო. ამ დროს სპარსელებს უკნიდან ის მხედრები დაატყდნენ თავს, რომლებიც ბრძოლის წინ ხალიდმა შორს გაუშვა. ახლა თვითონ სასანიდები აღმოჩნდნენ ალყაში და სასტიკად დამარცხდნენ. 20 000 სპარსელი დაეცა ბრძოლის ველზე. 

სასანური მუზარადი


ხალიდმა დასავლეთის გეზით განაგრძო სვლა. შაჰმა კიდევ ექვსი არმია გაგზავნა მის წინააღმდეგ, მაგრამ ხალიდმა ყველა გაანადგურა. დღევანდელი ერაყი უკვე მუსლიმთა ხელში იყო.

636 წელს არაბთა ახალმა 38 000 კაციანმა ლაშქარმა თავი მოიყარა ერაყში ქალაქ ალ–ქადისიასთან საად იბნ აბი ვაქასის მეთაურობით. სასანიდთა დაახლოებით 70 000–იანი ჯარი და სპილოები რუსტამის მეთაურობით იქვე იყო დაბანაკებული მტრის მოლოდინში. 

სასანიანი კატაფრაქტი


მოწინააღმდეგეები სამი–ოთხი დღე ჩეხდნენ ერთმანეთს, რაც ბოლოს მაინც მუსლიმთა გამარჯვებით დასრულდა. დაახლოებით 10 000 არაბი დაეცა ბრძოლის ველზე, ხოლო დახოცილ სპარსელთა რიცხვი                   25 000–ს აღწევდა. მალე სპარსელთა სატახტო ქტესიფონიც დაეცა. არაბულ–სპარსული ომი 654 წლამდე გაგრძელდა. სასანიდი გენერლები და პოლიტიკოსები ძალიან ცდილობდნენ ძლიერი წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ უკვე განწირულები იყვნენ და გვიანი იყო. ალ–ქადისიას ბრძოლამ მთელი იმპერიისა და ახლო აღმოსავლეთის ბედი გადაწყვიტა.

არაბთა სახალიფო 654 წლისთვის

კახი გაგნიძე




ბიბლიოგრაფია:

1. Bashear, Suliman (1997). Arabs and Others in Early Islam. Darwin Press.
2. Daniel, Elton (2001). The History of Iran. Greenwood Press.
3. Donner, Fred (1981). The Early Islamic Conquests. Princeton.
4. Morony, M (1987). "Arab Conquest of Iran". Encyclopaedia Iranica.

6 January 2020



სანამ ბიზანტია და სასანიდური სპარსეთი ერთმანეთს სისხლისგან ცლიდნენ, სამხრეთში არაბეთის ნ. კუნძულზე მუჰამედი ქადაგებდა თავის ახალ რელიგიას ისლამს. 
630 წლისთვის მან წარმატებით გააერთიანა არაბეთის უდიდესი ნაწილი. 632 წელს მუჰამედი გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა აბუ ბაქრმა, რომელიც ხალიფას სახელით (მოადგილეს, ნაცვალს ნიშნავს) მართავდა ქვეყანას. მან ეგრევე ავი მზერა მიაპყრო ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებს. არაბებმა სწრაფად დაიპყრეს აღმოსავლეთ სირია, დასავლეთ ერაყი, ცენტრალური იორდანია და პლაცდარმად გაიხადეს დაპყრობების შემდეგი ფაზისთვის. სირია–პალესტინაში ბიზანტია ბატონობდა. ისტორიულად ამ რეგიონს ძირითადად სპარსეთი ესხმოდა თავს აღმოსავლეთიდან, ამიტომ სამხრეთით დაცვის სისტემა საკმაოდ სუსტი იყო. 634 წელს აბუ ბაქრმა შეტევები დაიწყო სირია–პალესტინაზე. იმპერატორმა ჰერაკლემ სათანადოდ ჯერ კიდევ ვერ შეაფასა არსებული სიტუაცია და მხოლოდ ადგილობრივი გარნიზონი დატოვა რეგიონის დასაცავად. 

ბიზანტიელი მეომრები VII საუკუნეში 


არაბებმა ადვილად დაამარცხეს მოწინააღმდეგეთა მცირე ძალები და შეშფოთებულმა ჰერაკლემ ახლა უკვე ლაშქარი გამოგზავნა მათ წინააღმდეგ. არაბთა ძალებს სათავეში ედგა მაშინდელ მუსლიმთა შორის საუკეთესო გენერალი ხალიდ იბნ ალ–ვალიდი. მან რამდენჯერმე ზედიზედ დაამარცხა ბიზანტიელთა ძალები. ერთ–ერთ ბრძოლაში თვითონ ჰერაკლეც მონაწილეობდა. პალესტინა უკვე არაბთა ხელში იყო. ხალიდმა წინსვლა განაგრძო ჩრდილოეთისკენ და კიდევ დაამარცხა ჰერაკლეს ჯარები. 
იმავე წელს აბუ ბაქრი გარდაიცვალა და ახალი ხალიფა გახდა ომარი. 

636 წელს ხალიფამ განაახლა ექსპანსიური პოლიტიკა და ცენტრალური სირია დაიპყრო. ჰერაკლე კეისარს ამ დროისთვის ხუთი არმია ჰყავდა გამზადებული და პარალელურად სასანიდ შაჰ იეზდიგერდ III-ს შეუთანხმდა, რომ ერთდროულად შეეტიათ არაბებისთვის. სასანიდებმა ვერ მოახერხეს თავდასხმა, ამიტომ ჰერაკლემ მარტომ გააგრძელა ბრძოლა. 
მოწინააღმდეგები მდინარე იარმუკთან დაბანაკდნენ. 

ახლო აღმოსავლეთი არაბთა ექსპანსიის დასაწყისში


ბიზანტიური ლაშქრის მთავარსარდალი იყო სომეხი გენერალი ვაჰანი, არაბებს ისევ ხალიდ იბნ ალ–ვალიდი სარდლობდა. ბიზანტიელი მეომრები ტრადიციულად მძიმედ იყვნენ აღჭურვილი. არაბები კი ბევრად უფრო მსუბუქად იყვნენ შეიარაღებული, რაც მათ სისწრაფესა და მოქნილობას ანიჭებდა. ბრძოლა ექვს დღეს გაგრძელდა, რომელიც მუსლიმთა გამარჯვებით დამთავრდა. შემდეგი ორი ათწლეულის განმავლობაში არაბებმა ბიზანტიას ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკა წაართვეს. რამდენჯერმე კონსტანტინოპოლსაც კი შემოარტყეს ალყა, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა). ვ. გაბაშვილის რედ., თბ., 1957.
2. Nicolle, David (1994). Yarmuk AD 636: Muslim Conquest of Syria. Osprey Publishing.
3. Akram. A.I. (2004), The Sword of Allah: Khalid Ibn Al-Waleed. His Life and Campaigns, third edition.
4. Hitty. PH. K. History of the Arabs. 8 ed, N.Y. 1964.

2 January 2020




რომის იმპერია და სასანური სპარსეთი გამუდმებით მტრობდნენ ერთმანეთს და ახლო აღმოსავლეთში დომინანტობისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს. რომის დაცემის შემდეგ, აღმოსავლეთ რომის იმპერია იგივე ბიზანტია განაგრძობდა სასანიდებთან ომს. 591 წელს ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსის მკვლელობის შემდეგ იმპერია კრიზისმა მოიცვა. ამით ისარგებლა სასანიანთა შაჰმა ხოსრო II-მ და შეტევაზე გადავიდა. მან წარმატებით დაიპყრო ამიერკავკასია და მესოპოტამია. 610 წელს ბიზანტიის ტახტზე ავიდა ჰერაკლე, რომელსაც ზავის იმედი ჰქონდა, მაგრამ ხოსრო უარზე იყო. მას აქემენიდური დროის სპარსული იმპერიის აღდგენა სურდა. 614 წლისთვის ბიზანტიამ სირია–პალესტინაც დაკარგა. წმინდა მიწის დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბიზანტიელებისთვის. 615 წელს სასანიდებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ქალკედონს, რომელიც კონსტანტინოპოლიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული. 617 წელს ქალკედონი დაეცა და ჰერაკლე მზად იყო, ხოსროს ვასალიც კი გამხდარიყო.


ბიზანტიური მონეტა ჰერაკლეს გამოსახულებით


621 წლისთვის სპარსელებმა ეგვიპტე წაართვეს ბიზანტიას. სასანიანთა ისტორიაში ეს რეგიონი პირველად გახდა მათი პროვინცია. ამასობაში ჰერაკლემ სამხედრო რეფორმა განახორციელა და კონტრშეტევაზე გადავიდა. მან დაიბრუნა ანატოლია და 624 წელს ისევ შესთავაზა ზავი ხოსროს, მაგრამ შაჰი ისევ უარზე იყო. ჰერაკლემ განაგრძო კონტრშეტევა და სპარსეთის გულში შეიჭრა სომხეთის გავლით. იმპერატორმა მოაოხრა იქაურობა და შურისძიებით აღვსილმა ზოროასტრული ტაძრები გაძარცვა იმისთვის, რომ სპარსელებმა იერუსალიმი აიღეს. კიდევ რამდენიმე გამარჯვების მერე ჰერაკლემ ჯარი ტრაპიზონში დაასვენა.


სასანური მონეტა ხოსრო II–ის გამოსახულებით


626 წელს ხოსრომ მოკავშირე ავარებთან ერთან კონსტანტონოპოლს დაესხა თავს. ჰერაკლემ ადვილად დაამარცხა სასანიდები და დედაქალაქი დაცემას გადაარჩინა. მომდევნო წელს ჰერაკლემ ახალი მოკავშირეებიც შეიძინა. ეს იყო დასავლეთ თურქთა სახაკანო, რომელიც ჩრდილოეთით, დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. იმავე წელს მოკავშირეები ირანში შეიჭრნენ. ნინევიასთან ახლოს ჰერაკლემ გაანადგურა ხოსროს ლაშქარი. შედეგად სპარსეთში აჯანყებამ იფეთქა და ხოსრო ტახტიდან გადააგდეს. ახალმა შაჰმა კავად II-მ ზავი შესთავაზა ჰერაკლეს, რაზედაც იგი დიდი სიამოვნებით დათანხმდა. ბიზანტიამ ყველა წართმეული ტერიტორია დაიბრუნა, მაგრამ დიდება არც მას ერგო. ამ ომმა ორივე იმპერია სისხლისგან დაცალა და გამოფიტა, რამაც საშუალება მისცა ახალ ძალას, აქტიურად გამოსულიყო საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ახალი რელიგიითა და იდეოლოგიით. ესენი იყვნენ არაბები. 629 წლიდან–654 წლებში არაბთა სახალიფომ მთლიანად შთანთქა სპარსეთის იმპერია და რიგით პროვინციად აქცია, ხოლო ბიზანტიას კი სირია–პალესტინა, ეგვიპტე და ამიერკავკასია წაართვა. ახლო აღმოსავლეთში ისლამის ეპოქა დაიწყო.


კახი გაგნიძე


ბიბილიოგრაფია:

1. Bronworth, L. Lost to the West.
2. Herrin, J. Byzantium.
3. Noewich, JJ. A Short History of Byzantium.