ბიზანტიურ–არაბული კონფლიქტის პარალელურად მუსლიმები ასევე სასანურ სპარსეთსაც ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში სასანიდები და რომი/ბიზანტია სისხლისგან ცლიდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ ამდენმა ომმა გამოფიტა ორივე იმპერია, რაც არაბთა ექსპანსიის წისქვილზე ასხამდა წყალს.
პირველი კონფლიქტი სასანიდებთან დაიწყო 633 წელს დღევანდელი ქუვეითის ტერიტორიაზე. არაბებმა, რომლებსაც ხალიდ იბნ ალ–ვალიდი სარდლობდა, რამდენჯერმე სძლიეს სპარსელებს, შემდეგ შაჰმა უფრო დიდი ლაშქარი გამოგზავნა მათ უკუსაგდებად. ხალიდს 10 000 ქვეითი და 5 000 მხედარი ჰყავდა 30 000 სპარსელის წინააღმდეგ. ბრძოლის წინ მან მხედრები შორს გაგზავნა და მტრის თვალს მოეფარა. სასანიდები ანკესს წამოეგნენ და მთელი ძალებით შეასკდნენ მუსლიმთა ქვეითებს. არაბებმა ნელ–ნელა უკანდახევა დაიწყეს და ალყაში მოექცნენ, მაგრამ ეს ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო. ამ დროს სპარსელებს უკნიდან ის მხედრები დაატყდნენ თავს, რომლებიც ბრძოლის წინ ხალიდმა შორს გაუშვა. ახლა თვითონ სასანიდები აღმოჩნდნენ ალყაში და სასტიკად დამარცხდნენ. 20 000 სპარსელი დაეცა ბრძოლის ველზე.
სასანური მუზარადი
ხალიდმა დასავლეთის გეზით განაგრძო სვლა. შაჰმა კიდევ ექვსი არმია გაგზავნა მის წინააღმდეგ, მაგრამ ხალიდმა ყველა გაანადგურა. დღევანდელი ერაყი უკვე მუსლიმთა ხელში იყო.
636 წელს არაბთა ახალმა 38 000 კაციანმა ლაშქარმა თავი მოიყარა ერაყში ქალაქ ალ–ქადისიასთან საად იბნ აბი ვაქასის მეთაურობით. სასანიდთა დაახლოებით 70 000–იანი ჯარი და სპილოები რუსტამის მეთაურობით იქვე იყო დაბანაკებული მტრის მოლოდინში.
სასანიანი კატაფრაქტი
მოწინააღმდეგეები სამი–ოთხი დღე ჩეხდნენ ერთმანეთს, რაც ბოლოს მაინც მუსლიმთა გამარჯვებით დასრულდა. დაახლოებით 10 000 არაბი დაეცა ბრძოლის ველზე, ხოლო დახოცილ სპარსელთა რიცხვი 25 000–ს აღწევდა. მალე სპარსელთა სატახტო ქტესიფონიც დაეცა. არაბულ–სპარსული ომი 654 წლამდე გაგრძელდა. სასანიდი გენერლები და პოლიტიკოსები ძალიან ცდილობდნენ ძლიერი წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ უკვე განწირულები იყვნენ და გვიანი იყო. ალ–ქადისიას ბრძოლამ მთელი იმპერიისა და ახლო აღმოსავლეთის ბედი გადაწყვიტა.
ბიბლიოგრაფია:
1. Bashear, Suliman (1997). Arabs and Others in Early Islam. Darwin Press.
2. Daniel, Elton (2001). The History of Iran. Greenwood Press.
3. Donner, Fred (1981). The Early Islamic Conquests. Princeton.
4. Morony, M (1987). "Arab Conquest of Iran". Encyclopaedia Iranica.
არაბთა სახალიფო 654 წლისთვის
კახი გაგნიძე
ბიბლიოგრაფია:
1. Bashear, Suliman (1997). Arabs and Others in Early Islam. Darwin Press.
2. Daniel, Elton (2001). The History of Iran. Greenwood Press.
3. Donner, Fred (1981). The Early Islamic Conquests. Princeton.
4. Morony, M (1987). "Arab Conquest of Iran". Encyclopaedia Iranica.
No comments:
Post a Comment