28 January 2020



ქრ. შ–მდე II საუკუნის დასაწყისში რომაული დაპყრობები ახალ ფაზაში გადავიდა. რომი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დასაპყრობად დაიძრა. ამის გამო, ბერძნულ სამყაროსთან კონფლიქტი გარდაუვალი გახდა. აქედან ერთი–ერთი უმნიშვნელოვანესი სელევკიდების იმპერიასთან ომი იყო. ეს კონფლიქტი ასევე სირიული ომის სახელითაცაა ცნობილი, რომელიც მაგნეზიის ბრძოლით დაგვირგვინდა.

ქალაქი რომი დაარსდა ქრ. შ–მდე 753 წელს აპენინის ნახევარკუნძულზე, რომელსაც თავიდან მეფეები მართავდნენ. ქრ. შ–მდე 509 წელს რომი რესპუბლიკად გარდაიქმნა. ტერიტორიული ექსპანსიის პროცესი თავიდან ნელი იყო, მაგრამ ქრ. შ–მდე III საუკუნეში რომი უკვე მთელს აპენინის ნახევარკუნძულს აკონტროლებდა. რომის პირველი დიდი გამოცდა იყო ომები კართაგენთან. ამ ომების შედეგად რომის რესპუბლიკა დომინანტ ძალად იქცა შუა და დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მაკედონია კართაგენის მოკავშირე იყო და რომსაც საბაბი მიეცა, ბერძნული სამყაროს საქმეებში ჩარეულიყო. 

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, იქ, იმ დროს, სელევკიდების იმპერია დომინანტობდა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სარდალმა, სელევკოსმა დააარსა. ეს ზესახელმწიფო ანატოლიიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული. 

სელევკიდების იმპერია

ქრ. შ–მდე 203 წელს სელევკიდმა მეფემ ანტიოქოს III დიდმა კავშირი შეკრა მაკედონიასთან, მაგრამ რიგიანად ვერანაირი მოკავშირეობა ვერ გაუწია მაკედონიის მეფეს, ფილიპე V–ს რომაელთა წინააღმდეგ. 
რომაელებმა, მაკედონელთა დამარცხების შემდეგ, ბერძენთა "თავისუფლება" გამოაცხადეს და თავიანთი ძალები გაიყვანეს ბალკანეთიდან. ამით ისარგებლა ანტიოქოსმა და საბერძნეთში შევიდა. ამავე დროს,  მასთან იმყოფებოდა კართაგენის სახელოვანი მხედართმთავარი და რომის უდიდესი მტერი, ჰანიბალი, რომელიც რომთან დამარცხების შედეგად აღმოსავლეთში იყო გაქცეული. ახლა კი ანტიოქოსს აქეზებდა ომისკენ. ბერძენთა აეტოლიური ლიგა, რომელიც რომაელთა მოკავშირე იყო, უკმაყოფილო იყო რომაელთა მზარდი გავლენით და მზად იყო, სელევკიდების მხარეს გადასულიყო. რომაელებმა ეს საბაბად გამოიყენეს და ლეგიონები გაგზავნეს მათ ჩასაწყნარებლად. ქრ. შ–მდე 192 წელს აეტოლიურმა ლიგამ საბერძნეთში ანტიოქოსი მოიწვია, როგორც განმათავისუფლებელი. მეფემ ჰელესპონტი გადალახა და საბერძნეთში შევიდა და ქალაქ ლარისას ალყა შეამოარტყა. რომაელები თვალყურს ადევნებდნენ მის მოძრაობას და აპიუს კლავდიუსის სარდლობით დაიძრნენ ანტიოქოსისკენ. ამ უკანასკნელის ლაშქრის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მცირე აზიაში იყო, ამიტომ დროებით გაცლა ამჯობინა.

სელევკიდი მეომრები

ამასობაში რომაელებს დამხმარე ძალები მოუვიდათ და მხნედ დაედევნენ სელევკიდებს. ბრძოლა მოხდა თერმოპილეს ველზე, სადაც, ოდესღაც სახელოვანი 300 სპარტელი გმირულად დაიღუპა. სელევკიდების ჯარი თითქმის მთლიანად განადგურდა და ანტიოქოსმა ძლივს გაასწრო სიკვდილს. რომაელებმა წინსვლა განაგრძეს და ქრ. შ–მდე 190 წელს ლუციუს კორნელიუს სციპიონის სარდლობით მცირე აზიაში გადავიდნენ. ანტიოქოსმა მოლაპარაკება სცადა, მაგრამ რომაელთა მოთხოვნები ძალიან მკაცრი იყო, ამიტომ ბრძოლის მეტი სხვა გზა აღარ დარჩა. იგი მაგნეზიასთან დაბანაკდა, დღევანდელი თურქეთის დასავლეთ ნაწილში.

რომაელთა ლაშქარი ძირითადად ქვეითი მეომრებისგან შედგებოდა. კავალერია მცირერიცხოვანი იყო. მათ ასევე 16 აფრიკული სპილო ჰყავდათ, მაგრამ გენერალმა არ გამოიყენა ისინი, რადგან აფრიკული სპილოები უფრო პატარები და ნაკლებად აგრესიულები იყვნენ, ვიდრე ანტიოქოსის ინდური სპილოები.

სელევკიდთა ჯარი მაკედონური ფანალანგის ყაიდაზე იყო მოწყობილი. ანტიოქოსს ასევე მძიმე კავალერია, ეტლები და ინდური სპილოები ჰყავდა, როგორც ზემოთ ითქვა. ბრძოლა დაიწყო ეტლების თავდასხმით. რომაელებმა მათ ისრებისა და შუბების სეტყვა დაუშინეს და გააქციეს. რომაელთა მარჯვენა ფლანგი კონტრშეტევაზე გადავიდა და სელევკიდთა მარცხენა ფლანგი თითქმის მთლიანად გაწყვიტა. თუმცა რომაელთა მარცხენა ფლანგზე არ იყო მთლად სახარბიელო სიტუაცია. მათ თვით ანტიოქოსი დაესხა თავს მძიმე კავალერიითა და მსუბუქი ქვეითებით. ლეგიონებს უკან დახევა მოუწიათ, მაგრამ ვაი–ვაგლახით მაინც მოახერხეს ანტიოქოსის იერიშების შეკავება. სელევკიდთა ცენტრი, რომელიც ფალანგებისგან შედგებოდა, ფლანგებზე დაუცველი და კავალერიისგან მიტოვებული აღმოჩნდა. ლეგიონებმა ისინი ალყაში მოაქციეს და გაჟლიტეს. ანტიოქოსს კვლავ გაქცევა მოუწია. ქრ. შ–მდე 188 წელს ზავი დაიდო, რომლის თანახმადაც სელევკიდებს რომაელებისთვის 15 000 ოქროს ტალანტი უნდა გადაეხადათ, მცირე აზია კი მთლიანად უნდა დაეტოვათ. ანტიოქოსსა და მის შთამომავლებს ევროპასა და ეგეოსის ზღვაზე ნებიესმიერ ომში მონაწილეობა აეკრძალათ. ამ ომის შემდეგ სელევკიდებმა ვეღარ შეძლეს ძველი დიდების დაბრუნება.


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. John D. Grainger. The Roman war of Antiochos The Great. 2002. Leiden-Boston.
2. Polybius, translated by Frank W. Walbank. (1979). The Rise of the Roman Empire. New York.
3. Livy, translated by Henry Bettison. (1976). Rome and the Mediterranean. London.
4. Robert. M. Errington. (1989). Rome against Phillip and Antiochos.

No comments:

Post a Comment