ქრ. შ–მდე VIII საუკუნისთვის ბერძნებმა თავი დააღწიეს ე.წ. ბნელ ხანას, რომელიც უძველესი მიკენური კულტურის დაცემის შემდეგ, ქრ. შ–მდე 1200–1100 წლებში დაიწყო. ბერძნული პოლისები (ქალაქები) დამოუკიდებელ ქალაქ–სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. ამათგან განსაკუთრებით დაწინაურდა ორი პოლისი – ათენი და სპარტა. მცირე აზიაში მდებარე პოლისებს უფრო რთულად ჰქონდათ საქმე. ქრ. შ–მდე 560 წელს ისინი ლიდიის იმპერიამ დაიპყრო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. აღმოსავლეთში აქემენიდური სპარსეთის მეფე კიროს დიდი იწყებდა დაპყრობით ომებს. ქრ. შ–მდე 553 წელს მან მესოპოტამია დაიპყრო და ქრ. შ–მდე 547 წელს კაპადოკიც ჩაიგდო ხელში. ამით სპარსეთი ლიდიას გაუმეზობლდა. ლიდიელმა მეფემ კროსუსმა კიროსის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ დამარცხდა და ერთი წლის შემდეგ მთელი ლიდია სპარსეთის პროვინციად იქცა იმ ბერძნული პოლისების ჩათვლით, რომლებიც მანამდე ლიდიაში შედიოდა. აქემენიდი მეფეები იქ ტირანებს ნიშნავდნენ წესრიგის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება ბალკანეთს, იქ საპირისპირო პროცესები მიმდინარეობდა, სადაც შეიქმნა მმართველობის ახალი ფორმა – დემოკრატია ("დემოს" – ხალხი, "კრატოს" – ძალა, მმართველობა ).
სპარსეთის იმპერია და ბერძნული სამყარო
სპარსთა მეფე დარიოს დიდი თავის წინამორბედთა ექსპანსიურ პოლიტიკას აგრძელებდა. ქრ. შ–მდე 500 წელს იგი ევროპაში შევიდა და თრაკია დაიპყრო, ხოლო მაკედონია ვასალად გაიხადა. თუმცა მცირე აზიაში სიტუაცია არ იყო მთლად სტაბილური და ერთი წლის შემდეგ ქალაქ მილეტის გამგებელმა არისტაგორასმა ამბოხი წამოიწყო სპარსული რეჟიმის წინააღმდეგ. მას მალე სხვა ბერძნული ქალაქებიც შეუერთდნენ. ამ აჯანყებას მხარს უჭერდა ათენი, რომელიც ფინანსურად ეხმარებოდა მეამბოხეებს. ქრ. შ–მდე 493 წელს სპარსელებმა აჯანყება სასტიკად ჩაახშეს. მომდევნო წელს დარიოსმა ფლოტით ლაშქარი გაგზავნა ათენის წინააღმდეგ, რათა შური ეძია, მაგრამ ქრ.შ–მდე 490 წელს ეს არმია სასტიკად დამარცხდა ცნობილ მარათონის ბრძოლაში.
დარიოსი კიდევ აპირებდა ბერძენთა წინააღმდეგ გალაშქრებას, მაგრამ ეგვიპტელთა აჯანყებამ შეუშალა ხელი. ეს პერიოდი კარგად გამოიყენეს ბერძნულმა პოლისებმა და კავშირი შეკრეს ერთმანეთთან. ქრ. შ–მდე 480 წელს დარიოსის შვილმა ქსერქსემ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო ბერძენთა წინააღმდეგ. იგი უზარმაზარი ძალებით შევიდა მაკედონიაში და ჩრდილოეთიდან დაიძრა ბერძნული პოლისების წინააღმდეგ, ხოლო ფლოტი აღმოსავლეთ სანაპიროებზე იყო განლაგებული. ბერძენთა დაახლოებით 5–10 ათასიანი ჯარი სპარტელი მეფე ლეონიდასის მეთაურობით თერმოპილეს ვიწრო გასასვლელში ჩადგა, ხოლო ათენელთა 300 ხომალდიანი ფლოტი თემისტოკლეს მეთაურობით – არტემიზიუმის სრუტესთან.
ლეონიდასი თავისი მეომრებით გაცხოველებით იბრძოდა ორი დღე, ხოლო მესამე დღეს ალყაში აღმოჩნდნენ და მანაც არმიის დიდ ნაწილს უკან დახევა უბრძანა. თვითონ კი 300 სპარტელით იგერიებდა სპარსელთა გავეშებულ შეტევებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. პარალელურად, ზღვაზე მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლა, სადაც ბერძნულმა ფლოტმა უკან დაიხია. შედეგად კი ქსერქსემ ათენი აიღო და გადაწვა. თემისტოკლემ თავისი გადარჩენილი ფლოტი სალამინის კუნძულთან ვიწრო სრუტეში ჩააყენა, რათა სპარსელები შეეტყუებინა. ეს უკანასკნელებიც წამოეგნენ ანკესს. მათი მრავალრიცხოვანი ფლოტი სალამინის ვიწრო სრუტეში ჩაიჭედა და გემებს მანევრირების საშუალება არ ჰქონდათ. ბევრად უფრო მცირერიცხოვანი ბერძნული გემები კი თავისუფლად დაცურავდნენ და ანადგურებდნენ სპარსთა ხომალდებს. ქსერქსემ დაახლოებით 300 გემი დაკარგა და დამარცხებულმა დატოვა ევროპა. მან სახმელეთო არმია დატოვა საბერძნეთში, მაგრამ ქრ. შ–მდე 479 წელს ბერძნებმა ეს ლაშქარიც გაანადგურეს. ამ კატასტროფული კამპანიის შემდეგ სპარსელებს აღარასდროს უცდიათ საბერძნეთის დაპყრობა. სამაგიეროდ კი 150 წლის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო სპარსეთის იმპერია და სათავე დაუდო ელინისტურ, ანუ ბერძნულ–აღმოსავლურ კულტურას.
სალამინის ბრძოლა
კახი გაგნიძე
ბიბლიოგრაფია:
1.ჰეროდოტე. ისტორია.
2. პლუტარქე. პარალელური ბიოგრაფიები.
3. Holland, Tom (2006). Persian Fire: The First World Empire and the Battle for the West.
No comments:
Post a Comment