31 January 2020



მთელი თავისი არსებობის განმავლობაში რომის სახელმწიფოს უამრავი რთული პერიოდი გადაუტანია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო ისეთი საშიში, როგორც მესამე საუკუნის კრიზისი. იმპერია შინაური პრობლემებისა და გარეშე მტრების შემოსევების შედეგად იფლითებოდა. 

ქრ. შ–მდე 31 წელს სამოქალაქო ომების სერიების დასასრულს გაიუს ოქტავიანემ დაამარცხა მარკუს ანტონიუსი და რომის პირველი იმპერატორი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორს ვუწოდებთ, მისი ნამდვილი ტიტული პრინცეპსი იყო, რაც პირველ მოქალაქეს ნიშნავს. იმპერიაში მშვიდობა სუფევდა 68 წლამდე. მცირე კრიზისის შემდეგ დაიწყო ე.წ. "ოთხი იმპერატორის" ხანა. 69 წელს მდაბიო წარმოშობის ვესპასიანე გახდა იმპერატორი, რომელმაც სტაბილურობა აღადგინა იმპერიაში. იმპერატორ ტრაიანეს დროს (98 - 117 წწ.) რომმა ტერიტორიული ექსპანსიის ზენიტს მიაღწია. მისმა მემკვიდრემ, ადრიანემ დაპყრობითი ომები შეწყვიტა და მთელი იმპერიის მასშტაბით მრავალი თავდაცვითი და საფორტიპიკაციო ნაგებობა ააგო. შემდეგ იმპერატორს, მარკუს ავრელიუსს გერმანული ტომების, მარკომანების წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომების წარმოება უწევდა. ამის მიუხედავად, მისი ზეობის წლები რომის ოქროს ხანადაა მიჩნეული.

მარკუს ავრელიუსი


 მისმა შვილმა, კომოდუსმა კარგად დაიწყო მმართველობა, მაგრამ ბოლოს საკუთარმა პარანოიამ იმსხვერპლა და 192 წელს იგი მოკლეს. ლეგიონერებმა იმპერატორად სეპტიმუს სევერუსი აირჩიეს, რომელმაც არმიის როლი გაზარდა, ხოლო სენატმა დაკარგა თავისი პრივილეგიები.
232 წელს ალექსანდრე სევერუსს ახალწარმოქმნილ სასანიანთა ირანთან მოუწია ბრძოლა, რომელმაც პართიის ადგილი დაიკავა. იმპერატორმა ეს ომი მოიგო, მაგრამ ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად, რის გამოც ლეგიონერების უკმაყოფილება გამოიწვია და 235 წელს მოკლეს კიდეც, საიდანაც იწყება მესამე საუკუნის კრიზისი. არმია ძალაუფლების ერთადერთ წყაროდ იქცა. შემდეგი 50 წლის განმავლობაში ოცდაათამდე "ჯარისკაცი იმპერატორი" ავიდა ტახტზე. ამავე დროს, რომის საგარეო მტერთა რაოდენობამ არნახულად მოიმატა, რომლებიც ყველა მხრიდან მოიწევდნენ. გოთებმა, ვანდალებმა და ალემანებმა პროვინციების ძარცვა და დარბევა დაიწყეს რაინისა და დუნაის რეგიონებში, ხოლო აღმოსავლეთით სასანიანთა სპარსეთი ცდილობდა რომაელთა შევიწროებას.

252 წელს შაჰ შაპურ I-მა ქალაქი ნიზიბისი დაიკავა. ერთი წლის შემდეგ მის წინააღმდეგ გაგზავნილი რომაული არმიაც დაამარცხა და ანტიოქია დაიპყრო. იმპერატორი ვალერიანე მის წინააღმდეგ დაიძრა, მაგრამ დამარცხდა და თვითონაც ტყვედ ჩავარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ რომის იმპერატორი ტყვედ ჩავარდნოდა მტერს.
260 წელს ალემანებმა და სხვა გერმანულმა ტომებმა ჩრდილოეთ იტალია დაარბიეს. იმპერატორმა გალიენუსმა შეძლო მათი განდევნა, მაგრამ ახლა გალიის პროვინციის რომაელმა მეთაურმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და თავისი გალური იმპერია შექმნა, რომელიც დღევანდელი საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ესპანეთის ტერიტორიებს მოიცავდა. იმპერატორმა წარუმატებლად სცადა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და შედეგად საკუთარმა ლეგიონერებმა მოკლეს. ახალმა იმპერატორმა კლავდიუს II-მ მოახერხა ესპანეთის დაბრუნება, მაგრამ ამის მეტი ვეღარ შეძლო.

271 წელს ტახტზე ავიდა ავრელიანე. სწორედ ამ დროს, აღმოსავლეთ პროვინციების გარდაცვლილი მმართველის ცოლმა ზენობიამ თავისი შვილი იმპერატორად გამოაცხადა და ეგვიპტე, სირია და ანატოლიის დიდი ნაწილი პალმირის იმპერიად აქცია.


გალური იმპერია (მწვანე). რომის იმპერია (წითელი). პალმირის იმპერია (ყვითელი).



იმპერატორი ავრელიანე დიდი გამოცდის წინაშე იდგა. მან ჯერ ჩრდილოეთ იტალიით დაიწყო, სადაც ვანდალები იყვნენ. მან წარმატებით განდევნა ისინი და შემდეგ ალემანებიც დაამარცხა დასავლეთ იტალიაში. პალმირის იმპერიის წარმოშობამ მარცვლეულის კრიზისი გამოიწვია რომში, რადგანაც მთელი იმპერია მარცვლეულს ეგვიპტიდან იღებდა. ავრელიანემ გადაწყვიტა, სასწრაფოდ გამკლავებოდა ზენობიას და 272 წელს დაიძრა მის წინააღმდეგ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ავრელიანემ დაიბრუნა აღმოსავლური ტერიტორიები, ხოლო ზენობია ტყვედ ჩაიგდო.
274 წელს ავრელიანემ დასავლეთ პროვინციებიც დაიბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერია კვლავ გაერთიანდა, 275 წელს ავრელიანეს გარდაცვალების შემდეგ იმპერია კვლავ ახალმა კრიზისმა მოიცვა. შემდეგი ცხრა წლის განმავლობაში ექვსმა იმპერატომა აიღო ხელში ძალაუფლება, სანამ 284 წელს ისინი დიოკლეტიანემ არ დაამარცხა. მისი მმართველობით დამთავრდა მესამე საუკუნის კრიზისი. დიოკლეტიანემ წესრიგი აღადგინა იმპერიაში. მან მრავალი რეფორმა გაატარა, რომელთაგან ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ტეტრარქიული სისტემის, ანუ ოთხთა მმართველობის შემოღება იყო. იმპერია აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაყო, რომლებსაც იმპერატორები ურთიერთშეთანხმებით მართავდნენ ავგუსტუსის ტიტულით და მემკვიდრეებს ნიშნავდნენ კეისართა ტიტულებით. დიოკლეტიანეს სიკვდილის შემდეგ ტეტრარქია მალე წარსულს ჩაბარდა და დროებით კვლავ გაერთიანდა კონსტანტინე დიდის დროს. დიოკლეტიანესა და კონსტანტინეს რეფორმების გარეშე რომის იმპერია ალბათ ბევრად უფრო ადრე დაეცემოდა, ვიდრე ეს სინამდვილეში მოხდა.


ტეტრარქიული სისტემა


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. Olivier Hekster. Rome and its Empire, AD 193 - 284 (Edinburgh 2008).
2. Alaric Watson. Aurelian and the Third Century. 
3. John f. White. Restorer of the World: THe Roman Emperor Aurelian.

No comments:

Post a Comment