31 December 2020

 ბაბილონის აღზევება და მეფე ჰამურაბი


წინათ ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ გაბატონდნენ ამორეველთა ტომები ძველ მესოპოტამიაში. ამათგან ყველაზე სახელოვანი მმართველი იყო ჰამურაბი, ბაბილონის მეფე. ეს ახალი სახელმწიფო მალე იმდენად გაძლიერდა, რომ ყველა წინამორბედი ცივილიზაცია დაჩრდილა და მთელ რეგიონს ქალაქის სახელი დაერქვა.


ბაბილონის კარიბჭის რეკონსტრუქცია



ძვ. წ. 2900 – 2350 წლებში ბაბილონი (რაც "ღვთის კარიბჭეს" ნიშნავს) უმნიშვნელო ქალაქი იყო. ამ ქალაქის სახელი პირველად გვხვდება აქადის იმპერიის მმართველის შარ–კალი–შარის დროინდელ წყაროებში (ძვ. წ. 22–ე საუკუნე). მესოპოტამიაში განვითარებული მეურნეობისა და სავაჭრო ურთიერთობების წყალობით ეს ბაბილონი გაიზარდა და რეგიონის ერთ–ერთ წამყვან ქალაქად იქცა. 

ძვ. წ. 21–ე საუკუნის მიწურულს, როგორც ადრე აღვნიშნეთ, მესოპოტამიაში ამორეველები გაბატონდნენ, რომლებიც დასავლეთიდან ებრაელებმა გამოაძევეს. ძვ. წ. 1894 წელს ერთ–ერთმა ამორეველმა ბელადმა სუმუ–აბუმ ბაბილონი დაიკავა და შექმნა პირველი ბაბილონური დინასტია. პირველი მეფეები აქტიური საგარეო პოლიტიკით არ გამოირჩეოდნენ. ისინი ძირითადად სამშენებლო საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. ეს ყველაფერი შეიცვალა მეფე ჰამურაბის დროს (ძვ. წ. 1792 – 1750 წწ.). მისი მეფობის პირველ წლებში ბაბილონი ასურეთის მეფეს შამში–ადად I-ს ემორჩილებოდა. ასეთ ვითარებაშიც ჰამურაბიმ ფრთხილი დიპლომატიის წყალობით შეძლო სამხრეთ მესოპოტამიის ქალაქების შემომტკიცება. 

ბაბილონის სამეფო ჰამურაბის მეფობის დასაწყისსა და დასასრულს


შამში–ადად I-ის გარდაცვალებისთანავე ჰამურაბი აქტიურ საგარეო პოლიტიკას დაადგა. მან ჩრდილოეთ მესოპოტამიაში გაილაშქრა, ეშნუნას სამეფო დაიმორჩილა და ელამი დაამარცხა. დაიპყრო ქალაქები მარი და ლარსი. მალე ჰამურაბიმ ასურეთის დედაქალაქი ასურიც (აშური) დაიპყრო. მისი მეფობის დროს ბაბილონის სამეფო პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაძლიერდა, კულტურა აყვავდა. ჰამურაბი ფართო სამშენებლო მოღვაწეობას ეწეოდა, მის დროს აშენდა მრავალი ბრწყინვალე ნაგებობა, გაფართოვდა საირიგაციო სისტემა, გაიყვანეს გზები. მან მოაწესრიგა ქვეყნის მმართველობა, შემოიღო ერთიანი კანონმდებლობა. ჩვენს დრომდე მოაღწია მისი სახელით შედგენილმა კანონთა კრებულმა, რომელიც ძველი აღმოსავლეთის საკანონმდებლო საქმიანობის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. 

ჰამურაბის კანონთა ნიმუშები:

. თუ ვაჟიშვილი იტყვის, რომ მისი დედა ან მამა მისი მშობელი არაა, მას ენას მოჰკვეთენ.

. თუ ვაჟიშვილი დედას ხელს გაარტყამს, მას ხელებს მოჰკვეთენ.

. თუ ქურდი მოპარვისას დაიჭირეს, ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

. თუ მავანი ქალს შეირთავს, მაგრამ მასთან კავშირი არ აქვს, ქორწინება გაბათილდება.

. თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს და შენობა დაინგრევა, იგი მოკლულ იქნება.

. თუ ერთი მეორეს მკვლელობას დასწამებს, მაგრამ ბრალდებას ვერ დაუმტკიცებს, ბრალმდებელი სიკვდილით დაისჯება.

. თუ მავანი მეზობლის სახნავ–სათესს დატბორავს, მან უნდა იწვნიოს დანაკლისი.

ჰამურაბის კანონები


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Arnold, Bill T (2005). Who Were the Babylonians?

2. DeBlois, Lukas (1997). An Introduction to the Ancient World.

3. Van De Mieroop, Marc (2005). King Hammurabi of Babylon: A Biography.

17 December 2020

 ამორეველთა სამეფოები და შუმერული რენესანსი


წინათ ჩვენ ვისაუბრეთ მსოფლიოს პირველი იმპერიის, აქადის აღზევებასა და დაცემაზე, რომელიც მისაბაძი მაგალითი გახდა მომავალი სახელმწიფოებისთვის. 

ძვ. წ. 22–ე საუკუნის შუა წლებში, აქადის დაცემის შემდეგ, გუთიების მომთაბარე ტომებმა საკუთარი დინასტია შექმნეს მდინარე ევფრატის რეგიონში. მათ სიმბოლურად ემორჩილებოდა შუმერის რეგიონიც, რომლის ქალაქებიც ეკონომიკურად მოძლიერდნენ. შუმერი მმართველებიდან ერთ–ერთი გამორჩეული იყო გუდეა, ქალაქ ლაგაშის მეფე (ძვ. წ. 2144 – 2124 წწ.). იგი მშვიდობისმოყვარე და თავმდაბალი მმართველი იყო. მან ქალებს უფლება მისცა ოჯახის საკუთრება მათვე დარჩენოდათ, თუკი მათი ქმრები გარდაიცვლებოდნენ. 

გუდეა


მალე, ქალაქ ურუქის მეფემ, უტუ–ჰეგალმა შექმნა შუმერთა კოალიცია და გუთიების მეფეს, ტირიგანს დაუპირისპირდა, დაამარცხა იგი და სიკვდილით დასაჯა. მცირე ხნით ურუქის ჰეგემონობა დამყარდა. თუმცა, ძვ. წ. 2112 წელს ქალაქ ურის მმართველმა ურ–ნამუმ თავისი ჰეგემონობა დაამყარა რეგიონში, რომლის დინასტიაც ძვ. წ. 2004 წლამდე მართავდა ურს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ურის შუმერ მეფეებს გაჰყავდათ სავაჭრო გზები, არხები, აშენებდნენ ახალ ნაგებობებს. ქალაქებს ერთმანეთთან გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდათ, რითაც დიდ მოგებას ნახულობდნენ არა მხოლოდ დიდი ქალაქები, არამედ პატარებიც. ერთ–ერთი ასეთი ახალი და პატარა ქალაქი, რომელიც მომავალში დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა, იყო ბაბილონი. 

ძვ. წ. 21–ე საუკუნის ბოლოსკენ ურმაც დაიწყო დასუსტება და ძვ. წ. 2004 წელს არსებობა შეწყვიტა, რომელიც ელამის სამეფომ დაიპყრო. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ ამორეველთა ტომები, რომელთა სახელიც "დასავლეთის ხალხს" ნიშნავს. ამორეველები ბიბლიაშიც გვხვდებიან, რომლებიც ებრაელებმა დაამარცხეს. თავდაპირველად ისინი პალესტინაში დომინირებდნენ. შემდეგ ამორეველები სირიაში შეიჭრნენ და დაიკავეს ქალაქები ებლა, მარი, იამჰადი და ა.შ. საბოლოოდ კი ისინი მესოპოტამიაში დამკვიდრდნენ და რამდენიმე დინასტია შექმნეს, მათ შორის ბაბილონში. 

არტეფაქტები ამორეველთა მარის სამეფოდან


ძალიან მალე ამორეველები მესოპოტამიის ადგილობრივ მოსახლეობაში ისე გაითქვიფნენ, რომ მათგან უკვე არაფრით განირჩეოდნენ. ამორეველი მმართველებიდან ერთ–ერთი მნიშვნელოვანი იყო შამში–ადადი, რომელმაც ქალაქ ასურში (იგივე აშური) ხელთ იგდო მეფობა და ახალი დინასტია შექმნა. მის დროს ასურეთის საზღვრები საგრძნობლად გაფართოვდა. ერთხანს მის ქვეშევრდომობას ბაბილონის ცნობილი მეფე ჰამურაბიც ცნობდა. 

ძვ. წ. 1776 წელს შამში–ადადი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრის მეფობისას გახშირდა მომთაბარე ტომების შემოსევები, რამაც სახელმწიფო საბოლოოდ დაღუპა. ამასობაში კი მესოპოტამიაში ახალი დომინანტი ძალა გამოჩნდა. ეს იყო ბაბილონის მეფე ჰამურაბი, რომელსაც მომავალში გავეცნობით.

ასურეთის იმპერია შამში–ადადის დროს


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. G. Roux, Ancient Iraq, London, 1980.

2. E. Chiera, Sumerian Epics and Myths, Chicago, 1934.

3. E. Chiera, Sumerian Texts of Varied Contents, Chicago, 1934.

2 December 2020

 აქადი: მსოფლიოს პირველი იმპერია


ძვ. წ. 2350 წლისთვის შუმერი მეფის ლუგალზაგესის ძალაუფლებამ პიკს მიაღწია. მას ბევრი ვასალი მეფე ჰყავდა. ამათგან ერთ–ერთი იყო ურ–ზაბაბა, ქიშის მეფე, რომლის კარზეც მსახურობდა ახალგაზრდა კაცი, სახელად სარგონი. მისი მშობლიური ენა იყო სემიტური. 

ზუსტი დეტალები არ არის ცნობილი, თუ რა მოხდა, მაგრამ სარგონი მალე ქიშის მეფედ გვევლინება, სავარაუდოდ რაიმე არეულობით ისარგებლა და ურ–ზაბაბა ტახტიდან ჩამოაგდო. აქედან დაიწყო მან პირველი იმპერიის შექმნა, რაც მსოფლიოს მანამდე არ უნახავს. სარგონი ჯერ სამხრეთით დაიძრა, სადაც 34 ბრძოლა მოიგო და დაიპყრო შუმერული ქალაქები ური, ლაგაში, უმა და სხვები. ბოლოს დაიპყრო მეფე ლუგალზაგესის დედაქალაქი ურუქი. მეფე კი ტყვედ ჩაიგდო. სარგონმა კამპანია განაგრძო და სპარსეთის ყურეს მიაღწია. ამით მან მთელი შუმერია გააერთიანა.

აქადის იმპერია


სარგონმა ფართოდ გაშალა საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოები, ჩაატარა ეკონომიკური რეფორმა, განავითარა საშინაო და საგარეო ვაჭრობა. აქადელებმა კარგად აითვისეს შუმერული კულტურა და თავისი წვლილიც შეიტანეს მის განვითარებაში. სარგონმა დედაქალაქად აქადი აირჩია, რომლის ნაქალაქარი დღემდე არაა ნაპოვნი, თუმცა ისეთი როლი ითამაშა მესოპოტამიის ისტორიაში, რომ მთელ რეგიონს აქადი ეწოდა. 

დაახლოებით ძვ. წ. 2330 წელს სარგონმა ახალი სამხედრო კამპანია წამოიწყო, რომლის დროსაც მან დაიპყრო ელამის სამეფოს დედაქალაქი სუზა, რომელიც მისი სამეფოს აღმოსავლეთით, ირანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. დაახლოებით ძვ. წ. 2280 წელს, თავისი ორმოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის შემდეგ, სარგონი გარდაიცვალა და სამეფო ტახტი მისმა ვაჟმა, რიმუშმა დაიკავა. 

აქადის მეფის ბრინჯაოს თავი, რომელიც სავარაუდოდ სარგონს ეკუთვნის


სარგონის გარდაცვალებისთანავე დაიწყეს აჯანყებები ქალაქებმა ურმა, ლაგაშმა, უმამ და ქაზალუმ. მეფე რიმუშმა აჯანყება კი ჩაახშო, მაგრამ მალე ახალი აჯანყებების ტალღა წამოვიდა. ამ აჯანყებებს მხარს უჭერდა ელამის სამეფო, მაგრამ როგორც კი მეფე რიმუშმა ახალი აჯანყებები ჩაახშო და თავისი ძალაუფლების კონსოლიდირება მოახერხა, იგი ელამსა და მის მოკავშირეებს დაესხა თავს და გამარჯვება მოიპოვა. ცხრაწლიანი მეფობის შემდეგ, ძვ. წ. 2270 წელს რიმუში გარდაიცვალა. იგი ჩაანაცვლა მისმა ძმამ, მანიშტუსუმ. მან არაერთხელ გაილაშქრა ელამის წინააღმდეგ. 15 წლის შემდეგ მანიშტუსუ გარდაიცვალა და აქადის ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ნარამ–სინი. რამდენიმე აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ისიც ელამის წინააღმდეგ დაიძრა და ამჯერად დაიპყრო მისი დასავლეთ ტერიტორიები ქალაქ სუზას ჩათვლით. ამის შემდეგ ნარამ–სინმა ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით გაილაშქრა და დაიმორჩილა ქალაქები ებლა და მარი, რომლებიც ხმელთაშუა ზღვასთან მდებარეობდნენ. მალე მან თავი ღვთაებრივად გამოაცხადა. 

გამარჯვებული ნარამ–სინი


ამ მიღწევების მიუხედავად, აქადის იმპერიამ დაქვეითება დაიწყო ძვ. წ. 2218 წლიდან, როცა ნარამ–სინი გარდაიცვალა. აქადის უკანასკნელი ძლიერი მეფე იყო მისი შვილი შარ–კალი–შარი. მის შემდეგ კი მეფეები სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს. ძვ. წ. 2150 წელს ჩრდილოეთიდან გუთიების მომთაბარე ტომები შემოიჭრნენ და მრავალი ქალაქი გაანადგურეს აქადის ჩათვლით. ასე დაასრულა არსებობა მსოფლიოს პირველმა იმპერიამ, რომელმაც დაპყრობითი ომების დიდი მაგალითი დაუტოვა მომავალ სახელმწიფოებს და საფუძველი დაუდო იმპერიალიზმს.


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Liverani, Mario (1993). Akkad: The First World Empire: Structure, Ideology, Traditions.

2. Liverani, Mario (2014). The Ancient Near East: history, society, economy.

3. Marc Van de Mieroop. A History of the Ancient Near East, ca. 3000 - 323 BC.

13 November 2020

 შუმერი: ცივილიზაციის აკვანი



შუმერების ცივილიზაცია შუამდინარეთში


6 000 წლის წინ, 4 000 წლით ადრე, სანამ რომის იმპერია შეიქმნებოდა, შუამდინარეთში (მესოპოტამია) წარმოიშვა პირველი ურბანული დასახლებები. აქ მოსახლე ტომებმა მდინარე ევფრატის ნაპირებზე საირიგაციო სისტემები შექმნეს, რამაც მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა გამოიწვია. ამას მოჰყვა კლასების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს. მალე შუმერებმა შექმნეს ერთ–ერთი უმთავრესი რამ - დამწერლობა. ისინი თიხის ფირფიტებზე წერდნენ. ყოველი სიმბოლო აღნიშნავდა რაიმე საგანს ან მასთან დაკავშირებულ ცნებას. იმის გამო, რომ თიხის ფირფიტაზე სიმბოლოების ასახვა რთულია, დროთა განმავლობაში მათ ლურსმნის მსგავსი ფორმები მიიღეს, ამიტომაც შუმერულ დამწერლობას ასევე ლურსმულ დამწერლობად ვიცნობთ. ასევე ისიც დასაშვებია, რომ შუმერებმა ბორბალიც გამოიგონეს.

ლურსმული დამწერლობა



ანტიკური ტაძარი (ზიქურათი) ერაყში


იმ დროის უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ური, ურუქი, ერიდუ, ლაგაში და სხვ. თავიდან ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებს წარმოადგენდნენ, რომელთა სათავეში იდგნენ არა მეფეები, არამედ უმაღლესი ქურუმები. დაახლოებით ძვ. წ. 3 500 წლიდან ურუქის პოლიტიკური და კულტურული გავლენა საგრძნობლად გაიზარდა მეზობელ ქალაქებსა და სხვა რეგიონებზეც, თუმცა ძვ. წ. 2 900 წლიდან დაკარგა თავისი ჰეგემონური სტატუსი, სავარაუდოდ მტრის შემოსევების ან სამოქალაქო ომების შედეგად. 

ურუქის ექსპანსია ძვ. წ. 3 500 – 3 200 წწ.


მომდევნო საუკუნეებში არაერთი შუმერული ქალაქი გაიზარდა და დაწინაურდა, რომლებიც ისეთ ქალაქ–სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ, როგორც მრავალი საუკუნის შემდეგ ბერძნული პოლისები იქცნენ. სამხედრო ლიდერებს სახალხო კრება ირჩევდა, რომლებიც მალე პირველ მეფეებად იქცნენ. შუმერული ეპოქის ყველაზე ცნობილი მეფე იყო გილგამეში, რომლის შესახებ მრავალი საგმირო ლეგენდა შეითხზა, აქედან ცნობილია გილგამეშის ეპოსი, ქართულ თარგმანში აგრეთვე გილგამეშიანი.

ნაწყვეტი გილგამეშის ეპოსიდან, სადაც მოთხრობილია დიდი წარღვნის შესახებ


ძვ. წ. XXV საუკუნეში გაძლიერდა ქალაქი ური, რომლის მმართველები ცდილობდნენ დაემორჩილებინათ გარშემო მცხოვრები ტომები. ურის გარდა რეგიონში ჰეგემონიაზე პრეტენზია ჰქონდა ლაგაშს. ძვ. წ. 2 400 წელს ლაგაშელებმა დაიმორჩილეს მეზობელი ქალაქი უმა. მათ ასევე ურთანაც ჰქონდათ ომი. ლაგაშის მეფემ ურუინიმგინამ (ძვ. წ. 2 318 – ძვ. წ. 2 310 წწ.) უმას წინააღმდეგ ახალი ომი დაიწყო, რომელიც ლაგაშისთვის მძიმე აღმოჩნდა. უმას მმართველმა ლუგალზაგესმა დაიმორჩილა მთელი ქვემო მესოპოტამია. მალე ლაგაშის ჯერიც დადგებოდა, რომ არა შემდგომ განვითარებული მოვლენები. ლუგალზაგესს დაუპირისპირდა ადამიანი, რომელიც ისტორიაში შევიდა სარგონ დიდის სახელით და იყო მსოფლიოს პირველი იმპერიის დამაარსებელი.

გაგრძელება იქნება...


კახი გაგნიძე




ბიბლიოგრაფია:

1. Crawford, Harriet E. W. (2004). Sumer and the Sumerians. Cambridge: Cambridge University Press.

2. Wooley, C. Leonard (1929). The Sumerians. Oxford: Clarendon Press.

30 October 2020

 ტევტობურგის ტყის ბრძოლა 9 წ. – რომაულ–გერმანული ომი



ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისთვის რომის რესპუბლიკა იმპერიამ ჩაანაცვლა, რომელსაც ოქტავიანე ავგუსტუსი მართავდა, იგი რომის პირველი იმპერატორი იყო. მან ბოლო მოუღო სამოქალაქო ომებს, რომლებიც იულიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. დამყარდა სტაბილურობის, აყვავებისა და მშვიდობის პერიოდი, ცნობილი, როგორც Pax Romana - რომაული მშვიდობა.

ავგუსტუსის ქანდაკება


სწორედ ამ პერიოდისთვის ჩრდილოეთში გერმანულმა ტომებმა მსხვილი კავშირების შექმნა დაიწყეს. რომაელებსა და გერმანელებს შორის ბუნებრივი საზღვარი იყო გავლებული მდინარეთა რაინისა და დუნაის სახით. მიღმა კი სულ დაბურული ტყეები იყო, რომლებსაც რომაელები უფრთხოდნენ. ავგუსტუსმა ვითარების შეცვლა გადაწყვიტა. მისმა არმიამ რაინი გადალახა და რამდენიმე გერმანული ტომი დაიპყრო. რომაელებმა ხარკის სახით მძევლები წამოიყვანეს. ამათგან ერთ–ერთი იყო ხერუსკების ტომის ბელადის შვილი არმინიუსი. იგი სახმედრო სამსახურში შევიდა, ისწავლა ლათინური ენა და რომის მოქალაქეობაც მიიღო. 

7 წელს იმპერატორმა დაპყრობილი გერმანული პროვინციის მმართველად დანიშნა პუბლიუს კვინტილიუს ვარუსი. იგი გამოცდილი ადმინისტრატორი იყო, მაგრამ თანამედროვე ისტორიკოსების თქმით, არაკომპეტენტური ჯარისკაცი. ვარუსს გერმანიაში თან ახლდა არმინიუსი, რომელიც მის ერთგულ მრჩევლად იქცა. 

9 წლის დასაწყისი წარმატებული იყო რომაელებისთვის. ლეგიონები თავისუფლად მოძრაობდნენ პროვინციაში, პატრულირებდნენ, გაჰყავდათ გზები, ჰკრებდნენ გადასახადებს და ა.შ. თუმცა ზაფხულის დაწყებიდან ვარუსს ხმები მიუვიდა, რომ რომაელთა ზოგიერთი პატარ–პატარა რაზმი გერმანელებმა დახოცეს. ეს ყველაფერი ორკესტრირებული აღმოჩნდა არმინიუსის მიერ, რომელიც საკუთარი ხალხის მხარეს გადავიდა. იგი სხვა ტომებსაც დაუკავშირდა და გარშემო შემოიკრიბა აჯანყების დასაგეგმად.

არმინიუსის ქანდაკება გერმანიაში, რომელიც ჰერმანად არის ცნობილი


არმინიუსის გეგმა კინაღამ ჩაიშალა, როდესაც საიდუმლო მისმა სიმამრმა სეგესტესმა გასცა. არმინიუსის საბედნიეროდ, ვარუსმა არ დაიჯერა სეგესტესის ნათქვამი. გეგმა კი ასეთი იყო: არმინიუსი ვარუსს და მთელს მის არმიას გაუძღვებოდა ტევტობურგის ტყის გავლით ვითომდა აჯანყების ჩასაქრობად. ამ დროს გრძელ კოლონად ჩამწკრივებულ რომაულ ლეგიონებს ყოველი მხრიდან გერმანელები შემოესეოდნენ და ერთიანად გაჟლიტავდნენ. ასეც მოხდა.

შემოდგომა ტევტობურგის ტყეში


9 წლის სექტემბერს ტევტობურგის ტყეში მიმავალ ლეგიონებს ჩასაფრებულმა გერმანელებმა ჯერ ქვები, ისრები და შუბები დაუშინეს. შემდეგ ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ და მალევე ისევ ტყეში გაუჩინარდნენ არმინიუსის ჩათვლით. რომაელებმა აღარ იცოდნენ რა ეღონათ. ამასობაში თავსხმა წვიმაც წამოვიდა და გზა აატალახა, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა რომაელთა წინსვლა. გზადაგზა გერმანელები თავს ესხმოდნენ ლეგიონერებს და ისევ ტყეში უჩინარდებოდნენ. ასე განმეორდა რამდენჯერმე, სანამ რომაული არმია მთლიანად არ ამოწყდა. ვარუსმა თავი მოიკლა თავის რამდენიმე სარდალთან ერთად. გადარჩენილები გერმანელებმა მხვერპლად შესწირეს თავიანთ ღვთაებებს. 

ტევტობურგის ტყე ნისლიან და წვიმიან დღეს


ეს მარცხი რომისთვის აბსოლუტური კრახი და ჰორორი იყო. გადმოცემის თანახმად, იმპერატორი ავგუსტუსი ისეთ შოკში იყო, რომ კედელს თავს ურტყამდა და ყვიროდა:"კვინტილიუს ვარუს, დამიბრუნე ჩემი ლეგიონები!". 

მომდევნო წლების განმავლობაში არმინიუსის გავლენა და ავტორიტეტი გერმანიაში კიდევ უფრო გაიზარდა. ტომთა ბელადებს ეშინოდათ მეფე არ გამხდარიყო, რის გამოც იგი მუხანათურად მოკლეს. ეს მოხდა 21 წელს. ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ადამიანმა, რომელიც ბავშვობიდან უცხო კულტურას იყო ნაზიარევი, მაგრამ მაინც საკუთარი ხალხი არჩია, თავისუფლება დაუბრუნა მათ და ბოლოს მაინც მათი ხელით მოიკლა. 

არმინიუსი სერიალიდან "ბარბაროსები"


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:
1. Günther Moosbauer, Die Varusschlacht. Beck'sche Reihe, Verlag C.H. Beck Wissen. München 2009.
2. Murdoch, Adrian (1 December 2012). Rome's Greatest Defeat: Massacre in the Teutoburg Forest. 
3. Powell, Lindsay (2014). Roman Soldier versus Germanic Warrior 1st Century AD. Oxford: Osprey.

16 October 2020

 მეოთხე ჯვაროსნული ომი: კონსტანტინოპოლის დაცემა 1204 წ.


ჯვაროსნული ლაშქრობები ერთ–ერთი თვალსაჩინო ეპოქაა კაცობრიობის ისტორიაში. ბრწყინვალე აბჯრებში შემოსილი რაინდების იმიჯმა დიდი ეფექტი მოახდინა მომავალ თაობებზე. თუმცა რეალობა ის არ იყო, რასაც რომანტიულ ნაწარმოებებში ვხედავთ ხოლმე. მეოთხე ჯვაროსნული ომი ისტორიის ერთ–ერთ შავ ლაქად არის მიჩნეული, რომელიც ასახავს ადამიანის ხარბ და მზაკვრულ ბუნებას.

კონსტანტინოპოლი


1187 წელს იერუსალიმი ეგვიპტის სულტანმა სალადინმა დაიპყრო. პასუხად, კათოლიკურმა ევროპამ მესამე ჯვაროსნული ომი გამოაცხადა, მაგრამ ეს ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა. 1198 წელს პაპმა ინოკენტ III-მ ევროპას მეოთხე ჯვაროსნული ომისკენ მოუწოდა. იტალიელი გრაფის ბონიფაჩე მონფერატელის ქარიზმის წყალობით შეიკრიბა ფრანგთა და გერმანელთა არმია. ახლა მათ მხოლოდ ხომალდები სჭირდებოდათ, რათა ხმელთაშუა ზღვა გადაეცურათ. იმ დროის ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი  ვენეციის რესპუბლიკას ჰყავდა. ვენეციის დოჟი ენრიკო დანდოლო დათანხმდა გარკვეული ფასის სანაცვლოდ ჯვაროსნებისთვის ხომალდები გამოეყო. გეგმა ასეთი იყო: ჯვაროსნები გაცურავდნენ ვენეციიდან მუსლიმთა სამყაროს ცენტრისკენ: ეგვიპტისკენ. დაიპყრობდნენ მათ დედაქალაქს და შემდეგ ხმელეთით მიადგებოდნენ იერუსალიმს. 

პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 1202 წელს ჯვაროსნები ვენეციაში შეიკრიბნენ. მოსალოდნელი 33 500 ჯარისკაცის მაგივრად მხოლოდ 12 000 კაცი მოვიდა. ამან გააცოფა ვენეციის დოჟი, რომელმაც დიდძალი თანხა დახარჯა საბრძოლო და სატრანსპორტო ხომალდების ასაგებად. ამ ზარალის ანაზღაურება ჯვაროსნებს არ შეეძლოთ. დოჟმა დანდოლომ უარი თქვა მათ გაშვებაზე, სანამ ვალს არ გადაიხდიდნენ. ჯვაროსნებმა შეძლეს თანხის შეგროვება, მაგრამ ახლა მათ ამის გამო შიმშილი დაემუქრათ. დანდოლომ მზაკვრული გეგმა შეიმუშავა და გადაწყვიტა ჯვაროსანთა ლაშქარი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა. მან ჯვაროსნებს ვალის პატიება აღუთქვა, თუ ისინი ქალაქ ზარას აიღებდნენ, რომელიც ადრიატიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა და უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. როცა ამის შესახებ პაპმა შეიტყო, იგი ჯვაროსნებს ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა, თუ კათოლიკურ ქალაქს თავს დაესხმოდნენ. გრაფმა ბონიფაჩემ ჯარს ეს წერილი დაუმალა და წინსვლა განაგრძო. როცა არმია ქალაქ ზარას მიუახლოვდა, ქალაქის მაცხოვრებლებმა ჯვრიანი დროშები გადმოფინეს გალავნებზე იმის ნიშნად, რომ ერთმორწმუნეები იყვნენ და დაენდოთ ისინი. ჯვაროსნებმა ქალაქი მაინც აიღეს, გადაწვეს, გაძარცვეს და უამრავი ხალხი დახოცეს. 

ზარას აღება


გაცოფებულმა პაპმა შეაჩვენა ვენეციელები და ჯვაროსნები, მაგრამ ლიდერებმა არმიას ამჯერადაც დაუმალეს ეს წერილები. ამასობაში, ბონიფაჩე ბავარიაში გაემგზავრა თავისი ნათესავის მეფე ფილიპე შვაბის მოსანახულებლად, სადაც ბიზანტიიდან გამოძევებულ უფლისწულ ალექსი IV ანგელოსს შეხვდა. ახალგაზრდა უფლისწულმა ბონიფაჩეს სთხოვა, რომ ჯვაროსნებს კონსტანტინოპოლი აეღოთ და მისი ბიძა იმპერატორი ალექსი III ტახტიდან ჩამოეგდოთ. სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ ჯვაროსნებს იერუსალიმის აღებაში დაეხმარებოდა და მართლმადიდებლურ ეკლესიას პაპს დაუმორჩილებდა. ჯვაროსნები ამ წინადადებაზე შეყოყმანდნენ, მაგრამ დანდოლომ დიდი ქრთამის საშუალებით დაითანხმა ისინი.

1203 წლის 23 ივნისს ლათინთა არმია კონსტანტინოპოლს მიადგა. ქალაქს 15 000 ჯარისკაცი იცავდა, ამათგან 5 000 ვარიაგი იყო, ბიზანტიის არმიის ელიტური რაზმი, რომელიც ვიკინგებისგან და ანგლო–საქსებისგან შედგებოდა. ჯვაროსნებმა დაასკვნეს, რომ ქალაქში ფეხის მოსაკიდებლად, მათ უნდა დაეკავათ ჩრდ. ნავსადგური, რომელიც წვრილ ყურეს, ოქროს რქას იცავდა, ლათინთა გემები ბოსფორის სრუტეში შევიდნენ და ბრძოლით დაიკავეს ეს ნავსადგური და ოქროს რქა. ახლა მათ უკვე ჩრდილოეთიდანაც შეეძლოთ ქალაქზე თავდასხმა.

კონსტანტინოპოლის ალყა


ჯვაროსნებმა ბონიფაჩეს მეთაურობით ხმელეთიდანაც დაიწყეს იერიში. აქ ვარიაგებმა თავი გამოიჩინიეს.  ისინი გალავნის გარეთ გავიდნენ და დროებით უკუაგდეს მტერი. შემდგომ ქალაქში შებრუნდნენ და ვენეციელები გადარეკეს ზღვაში, რომლებიც ოქროს რქიდან შემოვიდნენ. ამასობაში, იმპერატორი ალექსი III 8 000 კაცით გაიჭრა ქალაქიდან მტერთან საბრძოლველად, მაგრამ დაფრთხა და უბრძოლველად შემობრუნდა ქალაქში, რომელიც მალე გაიპარა კიდეც ქალაქიდან და მიატოვა თავისი ხალხი. საიმპერატორო კარმა ტახტზე მისი ძმა და ტახტის მაძიებლის მამა, ისააკ II დასვა, რომელიც ბრმა იყო. ლათინებმა ალექსი IV–ის თანამოსაყდრედ დასმა მოითხოვეს, რათა მათთვის დაპირებული ფული გადაეხადა, რაზეც ბიზანტიელები დათანხმდნენ. მწარე რეალობა ის აღმოჩნდა, რომ ალექსი IV–ს არ შეეძლო ამ თანხის გადახდა, რის გამოც ბიზანტიელებმა ძველი რომაული და ბიზანტიური ხატები დაადნეს, რათა ვერცხლის მონეტები მოეჭრათ. ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ამ ყველაფერმა ხალხის თვალში დიდად დასცა ახალი იმპერატორის რეპუტაცია. ჯვაროსნებისთვის აშკარა გახდა, რომ ალექსი ვალს ვერ გადაიხდიდა. 

ამასობაში, დუკების საგვარეულოს წარმომადგენელმა, რომელსაც ასევე ალექსი ერქვა, ხალხი გადაიბირა, მოაკვლევინა ალექსი IV და თვითონ ეკურთხა იმპერატორად. ჯვაროსნებმა კი საბოლოოდ გადაწყვიტეს კონსტანტინოპოლის აღება. მათ ბერძნები ერეტიკოსებად და ქრისტეს მოღალატეებად გამოაცხადეს. ვარიაგებმა კი ქალაქი მიატოვეს, რადგანაც იმპერატორი მათ ფულს ვეღარ უხდიდა. ბიზანტიის დედაქალაქს გარნიზონი თითქმის საერთოდ აღარ შერჩა. საბედისწერო წუთებიც დადგა: 1204 წლის გაზაფხულს ჯვაროსნები ქალაქში შეიჭრნენ, გაძარცვეს, გადაწვეს, ძვლებამდე გააშიშვლეს ეს ბრწყინვალე ქალაქი. ქალებს ნამუსს ხდიდნენ, დანარჩენ მაცხოვრებლებს ჟლეტდნენ. ათასობით ადამიანი დაიხოცა.

ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, ჯვაროსნებმა ბიზანტიის იმპერიის ბალკანური ტერიტორიები დაინაწილეს. ამათგან ყველაზე დიდი იყო ლათინთა იმპერია, რომლის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა. მის იმპერატორად აირჩიეს ყველაზე ქარიზმატული ჯვაროსანი, ფლანდრიის გრაფი ბალდუინ I. ბიზანტიელებს მხოლოდ მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი დარჩათ, რომლის დედაქალაქი ნიკეა იყო. 

1261 წელს ბიზანტიელებმა დაიბრუნეს ბალკანეთი კონსტანტინოპოლითურთ და აღადგინეს ბიზანტიის იმპერია, მაგრამ ეს მხოლოდ თავისი ძველი დიდების აჩრდილს წარმოადგენდა, რამაც საუკუნეების შემდგომ, 1453 წელს გაუადვილა საქმე თურქ–ოსმალებს, რომლებმაც საბოლოოდ დაანგრიეს ბიზანტიის იმპერია.

ბალკანეთი და მცირე აზია კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Angold, M. J. (2003). The Fourth Crusade: Event and Context. London: Routledge.

2. McNeal, E. H. (1969). The Conquest of Constantinople. New York: Columbia University Press.

3. Queller, D. E. (1998). The Fourth Crusade: The Conquest of Constantinople. Philadelphia: University of Pennsylvania Press.

25 September 2020

როგორ მოიპარეს ბიზანტიელებმა ჩინელებისგან აბრეშუმის წარმოების საიდუმლო


სახელოვანი აბრეშუმის გზა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა იყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქამდე. ამ გზის საშუალებით უამრავი საქონელი გადაჰქონდათ ქარავნებს, მაგრამ ამათგან ყველაზე ძვირფასი იყო აბრეშუმი. 

აბრეშუმის გზა


ჩინელებმა აბრეშუმის დამზადების საიდუმლო დაახლოებით ძვ. წ. 4000–იან წლებში შეისწავლეს. ძალიან მალე ეს ქსოვილი ფუფუნების საგნად იქცა. იმპერატორები მისი წარმოების საიდუმლოს მკაცრად იცავდნენ, რათა მონოპოლია შეენარჩუნებინათ. ძვ. წ. II ათასწლეულში აბრეშუმი ნელ–ნელა ცენტრალურ აზიაშიც გამოჩნდა. ძვ. წ. I ათასწლეულში კი აბრეშუმი ირანში, ეგვიპტესა და ევროპაშიც შემოვიდა. სკვითები და განსაკუთრებით აქემენიდური სპარსეთის იმპერია დიდ მოგებას ნახულობდნენ, როგორც აბრეშუმის გზის შუამავლები ევროპასა და ჩინეთს შორის. ალექსანდრე მაკედონელი პირველი იყო, რომელმაც ბერძნული სამყარო პირდაპირ დაუკავშირა აბრეშუმის გზას, როდესაც ქალაქი ალექსანდრია ესქატე დააარსა ცენტრალურ აზიაში. რომაელები აბრეშუმის მოსაპოვებლად ინდოეთს დაუკავშირდნენ ეგვიპტის საშუალებით. ეს ძვირფასი ქსოვილი დიდად მოთხოვნადი გახდა რომში, თუმცა ეს იმას ნიშნავდა, რომ ოქრო გაედინებოდა რომიდან და საბოლოოდ ოქროს ნაკლებობა საბედისწერო აღმოჩნდა რომის იმპერიისთვის, რამაც მისი დაცემა გამოიწვია 476 წელს. გერმანელ ბარბაროსებსაც მოსწონდათ აბრეშუმი, ასე, რომ ახლა ბიზანტიის იმპერია გახდა შუამავალი, რომელიც ჩინეთიდან შემოსულ აბრეშუმს ყიდდა. 

აბრეშუმის ქსოვილი


ამ დროისთვის აბრეშუმის გზა არ იყო კარგად დაცული. 420 – 589 წლებში ჩინეთში პოლიტიკური კრიზისი იყო. ქარავნებს ჩინეთიდან კონსტანტინოპოლამდე მისასვლელად დაახლოებით 7 თვე სჭირდებოდათ. ამავე დროს ბიზანტიისა და სასანიანთა სპარსეთის იმპერიებს თითქმის გამუდმებული ომები ჰქონდათ ერთმანეთთან, რის გამოს ვაჭრობას ხელი ეშლებოდა. ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ამ სიტუაციის შეცვლა სცადა. მან ალტერნატიული გზები სცადა ჩინეთთან დასაკავშირებლად ლაზიკისა და ევრაზიული სტეპების გავლით, მაგრამ ეს გზა ძალიან გრძელი იყო და ხშირად ქარავნები უკიდეგანო სტეპებში იკარგებოდნენ. ამ პერიოდში იუსტინიანემ დაიპყრო იტალია და ჩრდილოეთ აფრიკა, რაც დიდი პოლიტიკური გამარჯვება იყო, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად იმოქმედა. 

დაახლოებით 550–იან წლებში, ისტორიკოს პროკოპიოსის თანახმად, იუსტიანიანეს ორი ნესტორიელი ბერი ეწვია, რომლებმაც ცენტრალურ აზიაში, ჩინეთსა და სპარსეთში იმოგზაურეს და ინდოეთიდან კონსტანტინოპოლში ჩამოვიდნენ. მათ იუსტინიანეს აღუთქვეს, რომ აბრეშუმის პრობლემას გადაჭრიდნენ. გახარებული იმპერატორი დათანხმდა და ბერების თავგადასავალიც დაიწყო. მათი მოგზაურობა ორ წელს გაგრძელდა. 

აბრეშუმის ჭიები


როგორც ზემოთ ითქვა, ამ დროს ჩინეთში არ იყო სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა. ბერებს უფლება მისცეს აბრეშუმის დამზადების პროცესს დასწრებოდნენ და ესწავლათ კიდეც. აბრეშუმის ჭიები ძალიან სათუთი არსებები არიან, ამიტომაც ჩინელები არ ელოდნენ, რომ ბერები მათ მოიპარავდნენ. ამ უკანასკნელებს გეგმა ჰქონდათ: მათ აბრეშუმის ჭიების კვერცხები თუ ლარვები თავიანთ ყავარჯნებში დამალეს და ადგილობრივებს სთხოვეს მათთვის ბლომად თუთა მიეცათ, რომელსაც აბრეშუმის ჭიები ჭამდნენ. კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ იუსტინიანემ და შემდგომ მისმა მემკვიდრემ იუსტინე II-მ აბრეშუმის ინდუსტრიული ცენტრები შექმნეს სხვადასხვა ქალაქებში და ამით აბრეშუმის მუდმივი წყარო გაიჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინური აბრეშუმი მაინც უკეთესი ხარისხის იყო, ჩინელთა და სასანიანთა აბრეშუმის მონოპოლია წარსულს ჩაბარდა. აბრეშუმით ვაჭრობა კი ბიზანტიის იმპერიის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდა. 


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Feltham, Heleanor B. (2009) Justinian and the International Silk Trade.

2. Schoeser, Mary. (2007) Silk. Yale University Press.

4 September 2020

 ძველი ბერძნული სამეფო ინდოეთში


როგორც ყოველთვის, ყველა ელინისტური ისტორია იწყება ალექსანდრე მაკედონელით. ძვ. წ. 325 წელს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დაპყრობის შედეგად, მან ინდოეთს მიაღწია. ალექსანდრემ იქ ოთხი სატრაპია შექმნა და მათში სამი ახალი ქალაქი დააარსა: ალექსანდრია ინდუსზე, ალექსანდრია კაცკასიონზე (ჰინდუ კუში) და ალექსანდრია ესქატე ("ყველაზე შორეული ალექსანდრია"). აქ მან სულ ბერძნები ჩაასახლა. 





ალექსანდრეს სიკვდილისა და მისი იმპერიის დაშლის შემდეგ ეს სატრაპიები მისი სარდლის სელევკოსის ხელში გადავიდნენ, რომელმაც სელევკიდების იმპერია შექმნა. თუმცა ეს ტერიტორიები მას დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგანაც ინდოეთში მაურიების იმპერია გაძლიერდა, რომლის მეფეც იყო ჩანდრაგუფთა. მან უპრობლემოდ დაიპყრო მაკედონური სატრაპიები. ძვ. წ. 305–303 წლების ომის შემდეგ ზავი დაიდო, რომლის თანახმად ჩანდრაგუფთამ სელევკოსს 500 საბრძოლო სპილო აჩუქა, სანაცვლოდ დაპყრობილი ტერიტორიები თვითონ დაინარჩუნა და სელევკოსის ქალიშვილზეც დაქორწინდა. იგი მთელი ინდოეთის ბატონ–პატრონი გახდა იმ ბერძნების ჩათვლით, რომლებიც ალექსანდრე მაკედონელის დროს ინდურ ტერიტორიებზე დასახლდნენ. 

მაურიების იმპერია ძლიერების ზენიტში


ძვ. წ. 268 წელს ინდოეთის ტახტზე ავიდა აშოკა დიდი. ძვ. წ. 260 წელს იგი ბუდისტი გახდა და ცენტრალურ აზიაში ბუდისტი მისიონერები გააგზავნა, რომლებმაც, სავარაუდოდ, იქაური ბერძნებიც მოაქციეს თავიანთ რჯულზე. ამასობაში ჩრდილოეთით, ძვ. წ. 250 წლისთვის ბაქტრიის პროვინციის ბერძნული მოსახლეობა სელევკიდების იმპერიას გამოეყო და დამოუკიდებელი სამეფო შექმნა. ოცი წლის შემდეგ აშოკა დიდი გარდაიცვალა და მაურიების იმპერიამ ნელ–ნელა დასუსტება დაიწყო. ძვ. წ. 190 წელს ბაქტრიის მეფემ დემეტრიოს II-მ ის ინდური სატრაპიები დაიპყრო, რომლებიც საუკუნის წინ ალექსანდრე მაკედონელნა შექმნა. თუმცა, მოულოდნელად, ბაქტრიაში მისმა ერთ–ერთმა ქვეშევრდომმა ევკრატიდესმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და თვითონ დაიდგა თავზე სამეფო გვირგვინი. ამის გამო ბაქტრიის სამეფო ორად გაიხლიჩა. დემეტრიოსს ის პროვინციები დარჩა, რომლებიც ინდოეთში დაიპყრო. ძვ. წ. 180 წლიდან იწყება ინდურ–ბერძნული სამეფოს ისტორია. 

ბაქტრია და ინდო–ბერძნული სამეფო ძვ. წ. 180 წლისთვის


ძვ. წ. 155 წელს ინდო–ბერძნების მეფე გახდა მენანდერ I. მისი ოცდახუთწლიანი მეფობა ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ინდო–ბერძენ მეფეებს შორის. 
მენანდერი დაიბადა სოფელ კალასში. მისი სამეფოს დედაქალაქი იყო საგალა, რომელიც ბერძნული და ინდური კულტურის ჰიბრიდი იყო. მენანდერი განათლებული კაცი იყო. იგი კარგად იცნობდა ინდოეთის ისტორიას, კულტურასა და საბრძოლო ხელოვნებას. მან საგრძნობლად გააფართოვა თავისი სამეფოს ტერიტორიები და ცენტრალურ ინდოეთსაც მიაღწია, მაგრამ მისი წინსვლა მეფე პუშიამიტრამ შეაჩერა, რომელიც სამხრეთ ინდოეთს მართავდა. ეს უკანასკნელი ბუდისტებს სასტიკად სდევნიდა, ალბათ იმის გამო, რომ მენანდერი მფარველობდა მათ. ბუდისტური ხელოვნება, ლიტერატურა და ტრადიციები ყვაოდნენ ინდო–ბერძნებში. გადმოცემის თანახმად, მენანდერი ერთ–ერთი ლაშქრობის დროს ავადმყოფობით გარდაიცვალა.

მენანდერ I


 მისი სიკვდილის შემდეგ ინდო–ბერძნების სამეფომ დასუსტება დაიწყო და პატარ–პატარა სამეფოებად დაიშალა, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ. 
ახ. წ. 10 წელს უკანასკნელი ინდო–ბერძნული სამეფო დაეცა, მაგრამ ბერძნები ეგრევე არ გამქრალან რეგიონიდან. 30 წელს ყოფილი ინდო–ბერძნული სამეფოს ტერიტორიები ქუშანის იმპერიამ დაიპყრო. მათ საკმაოდ ბევრი რამ გადაიღეს ბერძნებისგან. მაგ. ბერძნული დამწერლობა, რომელიც ქუშანების ოფიციალური ადმინისტრაციული ენა იყო 127 წლამდე. 


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Narain. A.K (1957). The Indo-Greeks. Oxford: Clarendon Press.
2. Mairs. R (2014). Project Muse. The Hellenistic Far East. University of California Press.
3. Tarn. W.W. (1938). The Greeks in Bactria and India. Cambridge University Press.

14 August 2020



III საუკუნის რომის იმპერიაში სასტიკი კრიზისი მძვინვარებდა: ეპიდემიები, სამოქალაქო ომები, ეკონომიკური პრობლემები და გამუდმებული ომები გერმანულ ტომებთან და სასანიანთა სპარსეთთან. იმპერია დაღუპვის პირას იყო.

284 წელს ჯარისკაცებმა იმპერატორად დიოკლეტიანე აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ მან დაამარცხა თავისი მეტოქე კარინუსი და მთელ იმპერიას დაეუფლა. თუმცა ერთპიროვნული მმართველობა არასტაბილური აღმოჩნდა და ამიტომაც დიოკლეტიანემ დასავლეთში თანამმართველად დანიშნა თავისი ამხანაგი მაქსიმიანე კეისრის ტიტულით. 
286 წელს მან მაქსიმიანეს ავგუსტუსის ტიტულიც მიანიჭა. 

დიოკლეტიანე


293 წელს დიოკლეტიანემ კეისრად დანიშნა გალერიუსი, რომელსაც ბალკანეთი ერგო. ხოლო მაქსიმიანემ თავის მემკვიდრედ დანიშნა კონტანციუსი, რომელიც გალიას მართავდა. ამით დამყარდა ტეტრარქიული სისტემა, ანუ ოთხთა მმართველობა. 

ტეტრარქიული სისტემა


303 წელს დიოკლეტიანე მაქსიმიანესთან ერთად რომში ჩავიდა თავიანთი წარმატებული მმართველობის 20 წლისთავის აღსანიშნავად. მაქსიმიანეს თან ახლდა ახალგაზრდა სამხედრო ტრიბუნი. ეს იყო კონსტანტინე, მომავალი კონსტანტინე დიდი. იგი დასავლეთის კეისრის კონტანციუსის შვილი იყო. 

მალე დიოკლეტიანე ავად გახდა და 305 წელს იმპერატორობიდან გადადგა, ხოლო მისი ადგილი გალერიუსმა დაიკავა. კონსტანტინე ელოდა, რომ მას კეისრად დანიშნავდნენ, მაგრამ გალერიუსი მას მეტისმერად ამბიციურ კაცად თვლიდა და მის ნაცვლად ეს თანამდებობა თავის ნათესავს მაქსიმინუსს არგო, რომელიც უფრო მარიონეტის როლს თამაშობდა. დასავლეთში კი მაქსიმიანე გადადგა იმპერატორობიდან და მისი ადგილი კონსტანტინეს მამამ კონსტანციუსმა დაიკავა. შვილი მამასთან ჩავიდა და ერთი წელი ბრიტანეთის ნ. კუნძულზე იბრძოდა პიქტური ტომების წინააღმდეგ. 306 წელს კონსტანციუსის სიკვდილის შემდეგ ჯარმა დასავლეთის ავგუსტუსად კონსტანტინე გამოაცხადა. ამასობაში, რომში გარდაცვლილი მაქსიმიანეს შვილმა მაქსენტიუსმა თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამაზე განრისხდა აღმოსავლეთის ავგუსტუსი გალერიუსი და და მაქსენტიუსის ტახტიდან ჩამოგდება სცადა, მაგრამ ეს უკანასკნელი ქრთამების საშუალებით ადვილად ახერხებდა ამ პრობლემისგან თავის დაძვრენას. ახლა იგი მთელს იტალიასა და ჩრდ. აფრიკას აკონტროლებდა, საიდანაც მარცვლეული შემოდიოდა მთელს იმპერიაში. მან თავი ავგუსტუსადაც გამოაცხადა. 

კონსტანტინე დიდი


311 წელს გალერიუსი გარდაიცვალა. კონსტანტინე და მაქსენტიუსი ერთმანეთთან ომისთვის ემზადებოდნენ. კონსტანტინემ უზარმაზარი არმიით ალპები გადალახა და ორი დიდი ბრძოლა მოიგო ჩრდ. იტალიაში ვერონასთან და ტურინთან. 312 წლის 27 ოქტომბერს იგი რომთან ახლოს, მილვანის ხიდთან დაბანაკდა. სწორედ აქ მოხდა მნიშვნელოვანი რამ, რამაც შეცვალა მსოფლიოს მომავალი. კონსტანტინეს ხილვა ჰქონდა. მან ცაში ცეცხლოვანი ჯვარი დაინახა და ხმა ჩაესმა: "ამ ნიშნით შენ გაიმარჯვებ." იმპერატორმა თავის ჯარისკაცებს უბრძანა ეს სიმბოლო თავიანთ ფარებზე გამოესახათ.
მაქსენტიუსს კონსტანტინეზე უფრო დიდი ჯარი ჰყავდა და რომიდან გამოვიდა მის დასამარცხებლად.

მილვანის ხიდი


28 ოქტომბერს ბრძოლა დაიწყო. კონსტანტინე მარცხენა ფლანგის მძიმე კავალერიით თავს დაესხა მაქსენტიუსის მხედრებს და თითქმის ეგრევე გააქცია. შემდეგ მისი მეწინავე ლეგიონერები გადავიდნენ შეტევაზე და მტრის წინა რიგებს დაეტაკნენ. შეტაკებისას ორივე მხარემ დიდი დანაკარგი განიცადა. შემდეგ კონსტანტინეს მარჯვენა ფლანგის კავალერია გადავიდა შეტევაზე, მტრის მხედრობა გააქცია და მილვანის ხიდამდე მისდია. მაქსენტიუსის მარცხენა ფლანგი აღარ არსებობდა. იგი თავის ცენტრალურ კავალერიასთან ერთად ხმლის მოუქნევლად გაიქცა ხიდისკენ, სადაც ჯარისკაცები ერთმანეთს აწყდებოდნენ. ამ ქაოსის დროს მაქსენტიუსი მდინარეში დაიხრჩო თავის ბევრ ჯარისკაცთან ერთად. 

ბრძოლიდან მეორე დღეს კონსტანტინე რომში შევიდა და მთელ დასავლეთ იმპერიას დაეუფლა. ამასობაში მისმა მოკავშირემ ლიცინიუსმა, რომელიც აღმოსავლეთში იბრძოდა, გააერთიანა აღმოსავლეთ იმპერია. თუმცა მასსა და კონსტანტინეს შორის ალიანსმა დიდხანს ვერ გაძლო. ლიცინიუსმა თავის სამფლობელოში ქრისტიანების დევნა დაიწყო. კონსტანტინემაც არ დააყოვნა და შეტევაზე გადავიდა. 324 წელს მან საბოლოოდ დაამარცხა ლიცინიუსი ქრისოპოლის ბრძოლაში და მთელი იმპერია გააერთიანა. მომდევნო წელს კი შედგა ნიკეის საეკლესიო კრება, სადაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. რომის იმპერიამ სამუდამოდ მიატოვა წარმართი ღმერთები.

რომის იმპერია 337 წ.


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Cowen, Ross (2016). Milvian Bridge AD 312: Constantine's battle for Empire and Faith. Oxford. UK: Osprey Publishing.
2. Pohlsander, H.A. (1996). The Emperor Constantine. Routledge.
3. Stephenson, Paul. Constantine Unconquered Emperor, Christian Victor. London; Quercus, 2009.

31 July 2020



1868 წელს იაპონიაში მოდერნიზაციის პერიოდი დაიწყო, იგივე მეიძის რესტავრაცია. იმავე წელს შეიქმნა საზღვაო ფლოტი, რომლითაც წყნარ ოკეანეში იაპონია გავლენის გავრცელებას აპირებდა. იგივე სურდა რუსეთის იმპერიასაც. 1860 წელს რუსებმა ვლადივოსტოკი ჩაიგდეს ხელში, რომელიც 1871 წელს საზღვაო ბაზად აქციეს. 1891 წელს რკინიგზაც გაიყვანეს მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე. 

1885 წელს ჩინეთმა ორი საბრძოლო გემი იყიდა გერმანიისგან. ამის პასუხად, 1893 წელს იაპონიამაც ორი გემი შეუკვეთა ბრიტანეთს, მაგრამ მომდევნო წელს ომი დაიწყო ჩინეთთან. ასე, რომ იაპონია მხოლოდ საკუთარი ხომალდების იმედად უნდა ყოფილიყო. ყველას გასაოცრად, იაპონიამ მოიგო ეს ომი. თანაც ჩინეთს ერთი გერმანული გემი ჩაუძირა, ხოლო მეორე კი ხელში ჩაიგდო.

ჩინელი გენერლები ნებდებიან იაპონელებს


1895 წლის ზავის თანახმად კორეა იაპონიის გავლენის სფეროდ იქცა. მისი მეზობელი ლიაოდონის ნახევარკუნძული პორტ–არტურით კი უშუალოდ შეიერთა. იაპონიის ძალაუფლება მკვეთრად განმტკიცდა ყვითელ ზღვაზე. რუსეთი ამის ატანას არ აპირებდა და დიპლომატიური მხარდაჭერა სთხოვა საფრანგეთსა და გერმანიას. ეს უკანასკნელებიც ომით დაემუქრნენ იაპონიას. რუსულმა საბრძოლო გემმა ლიაოდონის ნ.კუნძული დაიკავა. იმის გამო, რომ იაპონიას ძლიერი საბრძოლო გემები ჯერ არ გააჩნდა, იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. შეუარცხყოფილ იაპონიაში რუსეთის მიმართ რევანშისტული დამოკიდებულება გაღვივდა. რუსეთმა სამხედრო ძალების რაოდენობა გაზარდა მანჯურიის რეგიონში. იაპონიის გარდა ევროპის ქვეყნებსაც არ მოსწონდათ რუსეთის გააქტიურება აზიაში, განსაკუთრებით ბრიტანეთს, რომელმაც 1902 წელს კავშირი შეკრა იაპონიასთან. ომი გარდაუვალი გახდა. 

1904 წელს იაპონიამ რუსეთისგან მანჯურიის დემილიტარიზაცია მოითხოვა. რუსეთმა უარი თქვა და იაპონიამაც გაწყვიტა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. ნიკოლოზ მეორემ ადმირალ სტარკს უბრძანა, რომ არ დაეწყოთ ომი, რათა იაპონია აგრესორად გამოჩენილიყო. 8 თებერვალს იაპონიამ რუსეთს ომი გამოუცხადა. იაპონური ფლოტი ადმირალ ტოგოს მეთაურობით პორტ–არტურისკენ დაიძრა. მცირე შეტაკების შემდეგ იაპონელებმა პორტ–არტური ბლოკადაში მოაქციეს. 

ბრძოლა პორტ-არტურთან


7 მარტს ადმირალი სტარკი მაკაროვმა შეცვალა. ამიტომ ტოგომ ახალი ტაქტიკა სცადა. 22 მარტს მისმა ორმა ხომალდმა ლიაოდონის ნ.კუნძულს სამხრეთ–დასავლეთიდან შემოუარა და პორტ–არტურის დაბომბვა დაიწყო. ჩრდილოეთიდან კი იაპონელების სახმელეთო ძალები მოიწევდნენ. ამასობაში ტოგომ რუსებს რამდენიმე ხომალდი ჩაუძირა, რომლის დროსაც მაკაროვი დაიღუპა. ახალ ადმირალს ვიტგეფტს ცარისგან ბრძანება მოუვიდა, რომ ფლოტი ვლადივოსტოკში გადაეყვანა. მძიმე ბრძოლების შედეგად ვიტგეფტმა ვერ შეძლო ფლოტის გაყვანა და ისევ პორტ–არტურში დაბრუნდა, მაგრამ ახლა ხმელეთიდანაც დაუშინეს იაპონელებმა, რომლებიც გორაზე იყვნენ გამაგრებულნი პორტ–არტურთან ახლოს. 
1905 წლის 2 იანვარს ქალაქი დაეცა და რუსული ფლოტის უმეტესობა განადგურდა. 

პორტ–არტურის დაბომბვა


ცოტა ხნით ადრე ბალტიისა და შავი ზღვის რუსული ფლოტები წამოვიდნენ თანამოძმეთა საშველად. მათი მიზანი იყო ვლადივოსტოკში მისულიყვნენ ცუშიმას სრუტის გავლით, რომელიც კორეასა და იაპონიას შორის მდებარეობს. 26 მაისის ნისლიან ღამეს რუსულმა ფლოტმა სრუტის გავლა სცადა, მაგრამ იაპონელებმა შეამჩნიეს და წინ გადაეღობნენ რუსებს. სასტიკი ბრძოლის შემდეგ რუსული ფლოტის ნარჩენები დანებდნენ. ამ ბრძოლით დასრულდა რუსულ–იაპონური ომი იაპონელთა სასარგებლოდ, რომელმაც შეარყია რუსეთის იმპერიის პრესტიჟი, რასაც მალე რევოლუციაც მოჰყვა. იაპონიამ კი გაიმყარა თავისი ძალაუფლება აღმოსავლეთ აზიასა და წყნარ ოკეანეში. 

იაპონიის იმპერია ომის შემდეგ


1905 წლის 5 სექტემბრის რუსეთ–იაპონიის ზავი




კახი გაგნიძე

ბიბლიოგრაფია:

1. Forczyk, Robert. (2009). Russian Battleship vs Japanese Battleship. Yellow Sea 1904-05.
2. Plender, Piotr (2010). Russo-Japanese Naval War 1904-1905: Battle of Tsushima.
3. Kowner, Rotem (2007). The Impact of the Russo-Japanese War.

17 July 2020



ძველი საბერძნეთი და ძველი ჩინეთი. ორი კულტურა, რომლებიც თითქოს ერთმანეთისგან შორს იყვნენ. სინამდვილეში ამ ორ ცივილიზაციას ჰქონდა ერთმანეთთან ურთიერთობა და ერთხელ ომიც კი გამართეს, თანაც ცხენების გულისთვის.

უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ ალექსანდრე მაკედონელმა ძალიან ბევრი ქალაქი დააარსა აზიაში, სადაც თავისი სამხედრო ვეტერანები ჩაასახლა. ამ ქალაქთაგან ყველაზე შორეული იყო ალექსანდრია ესქატა ("ყველაზე შორეული ალექსანდრია"), დღევანდელ ტაჯიკეთში. 

ძვ. წ. II საუკუნეში ჩინეთი, რომელსაც ჰანის დინასტია მართავდა, მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი და უძლიერესი იმპერია იყო. თუმცა პრობლემები მათაც ჰქონდათ. ჩინეთის ჩრდილოეთ საზღვრებთან მომთაბარეობდნენ ქსიონგნუს ძლიერი ტომები (სწორედ მათ წინააღმდეგ აშენდა ჩინეთის დიდი კედელი), რომლებიც ზოგიერთის აზრით, ჰუნების წინაპრები იყვნენ.

ჰანის დინასტია


იმპერატორმა ვუ ჰანმა მოკავშირეების შესაძენად დესპანი ჩჟან ციანი გაგზავნა დასავლეთით, მაგრამ გზაში იგი ქსიონგნუებმა დაიჭირეს და 10 წელი ამყოფეს ტყვეობაში. მას პატივით ეპყრობოდნენ და ციანმა ქსიონგნუ ქალიც კი მოიყვანა ცოლად. 10 წლის შემდეგ მან ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა და განაგრძო მოგზაურობა დასავლეთის მიმართულებით. მისი დავალება იყო, იუჩჟების მომთაბარე ტომებთან ანტი–ქსიონგნური ალიანსის შეკვრა, მაგრამ იუჩჟებმა არ ისურვეს ქსიონგნუების წინააღმდეგ ბრძოლა, რის გამოც ციანის ათწლიანი ტყვეობა და ამდენი მოგზაურობა სრულიად არაფრისმომცემი აღმოჩნდა. ამ მოგზაურიბის დროს, მან ბაქტრიაც მოინახულა და ბერძნული ქალაქები დაათვალიერა. 

ძვ. წ. 130 წლისთვის აზიაში ბერძენთა ოქროს ხანა დასრულდა. მათი ქალაქები გადარჩნენ, მაგრამ ისინი სწორედ იმ იუჩჟებმა დაიპყრეს, რომლებთანაც ციანს კავშირის შეკვრა უნდოდა. მან გაიგო, რომ ალექსანდრია ესქატას მაცხოვრებლებს "ზეციური" ცხენები ჰყავდათ. ამ ცხენებს მოკლე და ძლიერი ფეხები ჰქონდათ და ძალიან გამძლეები იყვნენ. ამ მიზეზების გამო იდეალური საბრძოლო ცხენები იყვნენ. 

ჰანის დინასტიის ცხენი


ძვ. წ. 125 წელს ციანი ჩინეთში დაბრუნდა. მართალია, დავალება ვერ შეასრულა და მოკავშირეები ვერ შესძინა ჩინეთს, მაგრამ, სამაგიეროდ, დეტალური ინფორმაციები გააცნო იმპერატორს იმ რეგიონების შესახებ, რომლებიც თვითონ მოინახულა, მათ შორის ალექსანდრია ესქატას ბერძნებზე და მათ ცხენებზე. 
ძვ. წ. 104 წელს იმპერატორმა ვუმ დესპანები გაგზავნა ალექსანდრია ესქატაში ცხენების საყიდლად. ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა მოხდა. მაგრამ ბერძნები შეურაცხყოფილები დარჩნენ და ელჩებიც კი დახოცეს. გაცოფებულმა იმპერატორმა გადაწყვიტა ძალით ჩაეგდო ხელში ის ცხენები. მან ალექსანდრია ესქატაში 20 000 ქვეითი და 6 000 ცხენოსანი გაგზავნა ლი გუანგლის სარდლობით. ჩინელებმა გზაში ბევრი სირთულე გადაიტანეს. ჯარის საკმაოდ დიდი ნაწილი ზოგიც შიმშილით და ზოგიც უცხო ტომებთან შეტაკებისას დაიხოცა. ასე, რომ ალექსანდრია ესქატაში დიდად დაზარალებულები მივიდნენ. ბერძნებმა, რა თქმა უნდა, კაპიტულაციაზე უარი თქვეს. ლი გუანგლი ვერაფერს გახდა და ჩინეთში დაბრუნდა. სანაცვლოდ იმპერატორმა სამჯერ უფრო დიდი ჯარი მისცა და კვლავ დასავლეთისკენ გამოუშვა 60 000 კაცითა და 100 000 კამეჩით. 

ჩინელი მეომრები


უდაბნოს სიცხის გამო, გუანგლიმ გზაში მაინც დაკარგა თავისი არმიის ნახევარი და 30 000–იანი ჯარით მიადგა ალექსანდრია ესქატას. ბერძნებმა მამაცურად იბრძოლეს და 40 დღით შეძლეს მტრის იერიშების შეკავება, მაგრამ ჩინელებმა მაინც შეძლეს ქალაქში შეღწევა და შეშინებულმა ბერძნებმა თავიანთი მეფე მოკლეს, მოკვეთეს თავი და გუანგლის მიართვეს. ძღვნადაც იმდენი ცხენიც შესთავაზეს, რამდენსაც ჩინელები მოისურვებდნენ. გენერალმა გუანგლიმ ქალაქში მარიონეტი მეფე დასვა და გამარჯვებული დაბრუნდა ჩინეთში 3 000 ცხენით. ასე დასრულდა მოკლე, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვანი ომი "ზეციური" ცხენებისთვის. ამ მოვლენების შემდეგ გაიხსნა ცნობილი აბრეშუმის გზა, რონელმაც ერთმანეთთან დააკავშირა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციები და გააღვივა სავაჭრო ურთიერთობები ევროპასა და ჩინეთს შორის. აბრეშუმის გზამ ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონტინენტებს შორის რელიგიისა და კულტურის გავრცელებაში. აზიაში მყოფი ბევრი ბერძენი ბუდისტი გახდა და იმასაც ამბობენ, რომ ბუდას პირველი ქანდაკებაც ბერძნების მიერ იყო შექმნილი. 

რაც შეეხება ჩინელებს, მათ მოიგეს ომი ქსიონგნუების წინააღმდეგ ახ. წ. 91 წელს. "ზეციური" ცხენები კი მათი ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოებად იქცნენ. 

აბრეშუმის გზა

კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Benjamin, Craig (2018). Empires of Ancient Eurasia: The First Silk Road Era 100 BCE - 250 CE. Cambridge University Press. 
2. Peers, C. J. (1995). Imperial Chinese Armies (1): 200 BC - AD 589. Osprey Publishing. 
3. Whiting, Marvin C. (2002). Imperial Chinese Military History. Writers Club Press. 

3 July 2020



ქრ. შ–მდე 334 წელს ალექსანდრე მაკედონელმა მანამდე არნახული დაპრყრობითი ომები დაიწყო. მან და მისმა ვეტერანმა მეომრებმა აქემენიდური სპარსეთის იმპერია დაიპყრეს, რომელიც გაბატონებული იყო მთელ ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში. დაპყრობილ ტერიტორიებზე ალექსანდრემ უამრავი თავისი სახელობის ქალაქი დააარსა, სადაც ბერძენი ხალხი მმართველ ელიტად იქცა.

ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, მისმა გენერლებმა დაინაწილეს იმპერიის ტერიტორიები. ეგვიპტეში ჩამოყალიბდა პტოლემეური დინასტია, ხოლო სელევკიდები მართავდნენ მცირე აზიას, ირანსა და შუა აზიის ნაწილს. მათ თითქმის გამუდმებული ომები ჰქონდათ პტოლემეებთან სირია–პალესტინის დაუფლებისთვის. სელევკიდები სპარსულ ადმინისტრაციულ ბიუროკრატიას იყენებდნენ. მათ იმპერია დაყვეს რეგიონულ სატრაპიებად, ანუ პროვინციებად, სადაც ბერძნული ელიტა ბატონობდა ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამათგან ერთ–ერთი ყველაზე შორეული და მდიდარი სატრაპია იყო ბაქტრია. 

ბაქტრიის სატრაპია


ჯერ კიდევ სპარსეთის მმართველობის ქვეშ, ბაქტრიის მოსახლეობას დამოუკიდებლად ეჭირა თავი და ვერ ეგუებოდა სპარსულ ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს რეგიონი ველური დასავლეთის წინამორბედივით იყო. დროთა განმავლობაში, ბაქტრიის მოსახლეობამ ელინიზაცია განიცადა და ბერძნული კულტურა აითვისა, მათ შორის დამწერლობა. 

თავის დროზე, ქრ. შ–მდე 329 წელს, როცა ალექსანდრე მაკედონელი ბაქტრიაში მივიდა, რვა ქალაქი დააარსა რეგიონში. იმ დროს იქ უკვე ბევრი ბერძენი ცხოვრობდა, რომლებიც საუკუნეების წინ იყვნენ გადმოსახლებულნი სპარსეთის მეფეების მიერ. 

ქრ. შ–მდე 250 წლისთვის ბაქტრიის სატრაპმა დიოდოტოსმა თავი ბაქტრიის მეფედ გამოაცხადა და სელევკიდების იმპერიას გამოეყო. მან, ასევე, სოტერის ტიტულიც მიიღო, რაც მხსნელს ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს ტიტული მაშინ უბოძეს, როცა ბაქტრიაში არშაკის მეთაურობით შემოჭრილი პართიელები დაამარცხა. რამდენიმე ხანს, სელევკიდებმა ვერ მოახერხეს თავიანთი აღმოსავლური სატრაპიების დაბრუნება, რადგანაც პტოლემეურ ეგვიპტესთან ჰქონდათ ომები. ამით ბაქტრიას საშუალება მიეცა თავისი საზღვრები გაეფართოვებინა. დაახლოებით, ქრ. შ–მდე  230 წელს დიოდოტოსის შვილი დიოდოტოს II ტახტიდან ჩამოაგდო ევთიდემოსმა, რომელიც მანამდე მეზობელი სოგდიანას სელევკიდი სატრაპი იყო. მან სწრაფად გააფართოვა ბაქტრიის ტერიტორიები და ახლა შუა აზიის ყველა ბერძნული ქალაქი მის ხელში იყო.

მონეტა ევთიდემოსის გამოსახულებით


ქრ. შ–მდე 209 წელს ევთიდემოსს დიდი გამოცდა ელოდა. სელევკიდების ახალგაზრდა და ამბიციური მეფე ანტიოქოს III გამალებული ემზადებოდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის. მან ჯერ პართია დაიპყრო და შემდეგ მიადგა ბაქტრიას. ევთიდემოსმა სასწრაფოდ შეკრიბა 10 000 მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი და მდინარე არიუსთან დახვდა მტერს. ანტიოქოსს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ევთიდემოსი და მისი მხედრობა მდინარეზე გადასასვლელს მხოლოდ დღისით იცავდნენ, ხოლო ღამით ახლომდებარე ქალაქში შედიოდნენ. ანტიოქოსმა ღამით გადალახა მდინარე 2 000 მხედრითა და 10 000 შუბის მსროლელი პელტასტით. დღისით ევთიდემოსი გამოიჭრა თავისი მხედრობით და გრიგალივით მიეჭრა მტრის ძალებს. ანტიოქოსი მედგრად დაუხვდა მტერს. სასტიკი ჩეხვა გაჩაღდა და "მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი". საბოლოოდ, ანტიოქოსმა სძლია ევთიდემოსს და გააქცია იგი. ამ უკანასკნელმა დედაქალაქ ბაქტრაში შეაფარა თავი და ალყისთვის მოემზადა. ამ ალყამ სამ წელს გასტანა. ისტორიკოს პოლიბიოსის თანახმად, ანტიოქოსმა ცნო ევთიდემოსი ბაქტრიის მეფედ და დაზავდნენ, ანტიოქოსმა, ასევე, თავისი ერთ–ერთი ქალიშვილიც შესთავაზა ცოლად ევთიდემოსის ვაჟს დემეტრიოსს. ამ ამბის შემდეგ, ბაქტრიელებმა საგრძნობლად გააფართოვეს თავიანთი ტერიტორიები და ინდოეთის ნაწილიც კი დაიპყრეს.

ბაქტრიის სამეფო ძლიერების ზენიტში ქრ. შ–მდე 180 წელს


ქრ. შ–მდე 180–175 წლებში, აპოლოდოტოსისა და დემეტრიოს II-ის მეფობის დროს, ბაქტრიელებმა პენჯაბის რეგიონი დაიპყრეს ინდოეთში. თუმცა, დემეტრიოსის ინდოეთში ლაშქრობის დროს, მისმა გენერარლმა ევკრატიდესმა დედაქალაქში გადატრიალება მოაწყო და ბაქტრიის ტახტი დაიკავა. შედეგად, ინდოეთში მყოფი ბერძნები გამოეყვნენ ბაქტრიელ თანამოძმეებს და შექმნეს ინდო–ბერძნული სამეფო, რომელიც მართავდა ინდოეთის ნაწილს ახ. წ. 10 წლამდე. 

ბაქტრიის სამეფოს აღსასრული დადგა ქრ. შ–მდე 125-124 წლებში, როდესაც რეგიონს თავს დაატყდნენ იუჩჟების მომთაბარე ტომები, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ჰეგემონობა დასრულდა, ბერძნულ–ბაქტრიული ურბანული ინფრასტრუქტურა მაინც აგრძელებდა არსებობას. ბერძნულმა კულტურამაც დიდი კვალი დატოვა რეგიონში. მაგალითად, ქუშანის მულტიეთნიკურ იმპერიაში ბერძნულ დამწერლობას იყენებდნენ. 
ინდოეთში უკანასკნელი ინდო–ბერძენი მეფე სტრატონი დაიღუპა ახ. წ. 10 წელს, შედეგად, მისი სამეფოც დაეცა, რომელიც უკანასკნელი დამოუკიდებელი ბერძნულო სამეფო იყო მსოფლიოში. 

მომთაბარეები ბრძოლის დროს. ჯონი შუმატეს ნახატი


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. Holt. F, L. (1999). Thundering Zeus: The Making of Hellenistic Bactria. Barkeley: University of California Press.
2. Tarn. W.W. (1966). The Greeks in Bactria and India. 2nd Edition. Cambridge University Press.
3. Boardman, John , Jasper Griffin and Oswyn Murray (2001). The Oxford Illustrated History of Greece and the Hellenistic World. Oxford University Press.