3 July 2020



ქრ. შ–მდე 334 წელს ალექსანდრე მაკედონელმა მანამდე არნახული დაპრყრობითი ომები დაიწყო. მან და მისმა ვეტერანმა მეომრებმა აქემენიდური სპარსეთის იმპერია დაიპყრეს, რომელიც გაბატონებული იყო მთელ ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში. დაპყრობილ ტერიტორიებზე ალექსანდრემ უამრავი თავისი სახელობის ქალაქი დააარსა, სადაც ბერძენი ხალხი მმართველ ელიტად იქცა.

ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, მისმა გენერლებმა დაინაწილეს იმპერიის ტერიტორიები. ეგვიპტეში ჩამოყალიბდა პტოლემეური დინასტია, ხოლო სელევკიდები მართავდნენ მცირე აზიას, ირანსა და შუა აზიის ნაწილს. მათ თითქმის გამუდმებული ომები ჰქონდათ პტოლემეებთან სირია–პალესტინის დაუფლებისთვის. სელევკიდები სპარსულ ადმინისტრაციულ ბიუროკრატიას იყენებდნენ. მათ იმპერია დაყვეს რეგიონულ სატრაპიებად, ანუ პროვინციებად, სადაც ბერძნული ელიტა ბატონობდა ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამათგან ერთ–ერთი ყველაზე შორეული და მდიდარი სატრაპია იყო ბაქტრია. 

ბაქტრიის სატრაპია


ჯერ კიდევ სპარსეთის მმართველობის ქვეშ, ბაქტრიის მოსახლეობას დამოუკიდებლად ეჭირა თავი და ვერ ეგუებოდა სპარსულ ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს რეგიონი ველური დასავლეთის წინამორბედივით იყო. დროთა განმავლობაში, ბაქტრიის მოსახლეობამ ელინიზაცია განიცადა და ბერძნული კულტურა აითვისა, მათ შორის დამწერლობა. 

თავის დროზე, ქრ. შ–მდე 329 წელს, როცა ალექსანდრე მაკედონელი ბაქტრიაში მივიდა, რვა ქალაქი დააარსა რეგიონში. იმ დროს იქ უკვე ბევრი ბერძენი ცხოვრობდა, რომლებიც საუკუნეების წინ იყვნენ გადმოსახლებულნი სპარსეთის მეფეების მიერ. 

ქრ. შ–მდე 250 წლისთვის ბაქტრიის სატრაპმა დიოდოტოსმა თავი ბაქტრიის მეფედ გამოაცხადა და სელევკიდების იმპერიას გამოეყო. მან, ასევე, სოტერის ტიტულიც მიიღო, რაც მხსნელს ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს ტიტული მაშინ უბოძეს, როცა ბაქტრიაში არშაკის მეთაურობით შემოჭრილი პართიელები დაამარცხა. რამდენიმე ხანს, სელევკიდებმა ვერ მოახერხეს თავიანთი აღმოსავლური სატრაპიების დაბრუნება, რადგანაც პტოლემეურ ეგვიპტესთან ჰქონდათ ომები. ამით ბაქტრიას საშუალება მიეცა თავისი საზღვრები გაეფართოვებინა. დაახლოებით, ქრ. შ–მდე  230 წელს დიოდოტოსის შვილი დიოდოტოს II ტახტიდან ჩამოაგდო ევთიდემოსმა, რომელიც მანამდე მეზობელი სოგდიანას სელევკიდი სატრაპი იყო. მან სწრაფად გააფართოვა ბაქტრიის ტერიტორიები და ახლა შუა აზიის ყველა ბერძნული ქალაქი მის ხელში იყო.

მონეტა ევთიდემოსის გამოსახულებით


ქრ. შ–მდე 209 წელს ევთიდემოსს დიდი გამოცდა ელოდა. სელევკიდების ახალგაზრდა და ამბიციური მეფე ანტიოქოს III გამალებული ემზადებოდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის. მან ჯერ პართია დაიპყრო და შემდეგ მიადგა ბაქტრიას. ევთიდემოსმა სასწრაფოდ შეკრიბა 10 000 მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი და მდინარე არიუსთან დახვდა მტერს. ანტიოქოსს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ევთიდემოსი და მისი მხედრობა მდინარეზე გადასასვლელს მხოლოდ დღისით იცავდნენ, ხოლო ღამით ახლომდებარე ქალაქში შედიოდნენ. ანტიოქოსმა ღამით გადალახა მდინარე 2 000 მხედრითა და 10 000 შუბის მსროლელი პელტასტით. დღისით ევთიდემოსი გამოიჭრა თავისი მხედრობით და გრიგალივით მიეჭრა მტრის ძალებს. ანტიოქოსი მედგრად დაუხვდა მტერს. სასტიკი ჩეხვა გაჩაღდა და "მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი". საბოლოოდ, ანტიოქოსმა სძლია ევთიდემოსს და გააქცია იგი. ამ უკანასკნელმა დედაქალაქ ბაქტრაში შეაფარა თავი და ალყისთვის მოემზადა. ამ ალყამ სამ წელს გასტანა. ისტორიკოს პოლიბიოსის თანახმად, ანტიოქოსმა ცნო ევთიდემოსი ბაქტრიის მეფედ და დაზავდნენ, ანტიოქოსმა, ასევე, თავისი ერთ–ერთი ქალიშვილიც შესთავაზა ცოლად ევთიდემოსის ვაჟს დემეტრიოსს. ამ ამბის შემდეგ, ბაქტრიელებმა საგრძნობლად გააფართოვეს თავიანთი ტერიტორიები და ინდოეთის ნაწილიც კი დაიპყრეს.

ბაქტრიის სამეფო ძლიერების ზენიტში ქრ. შ–მდე 180 წელს


ქრ. შ–მდე 180–175 წლებში, აპოლოდოტოსისა და დემეტრიოს II-ის მეფობის დროს, ბაქტრიელებმა პენჯაბის რეგიონი დაიპყრეს ინდოეთში. თუმცა, დემეტრიოსის ინდოეთში ლაშქრობის დროს, მისმა გენერარლმა ევკრატიდესმა დედაქალაქში გადატრიალება მოაწყო და ბაქტრიის ტახტი დაიკავა. შედეგად, ინდოეთში მყოფი ბერძნები გამოეყვნენ ბაქტრიელ თანამოძმეებს და შექმნეს ინდო–ბერძნული სამეფო, რომელიც მართავდა ინდოეთის ნაწილს ახ. წ. 10 წლამდე. 

ბაქტრიის სამეფოს აღსასრული დადგა ქრ. შ–მდე 125-124 წლებში, როდესაც რეგიონს თავს დაატყდნენ იუჩჟების მომთაბარე ტომები, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ჰეგემონობა დასრულდა, ბერძნულ–ბაქტრიული ურბანული ინფრასტრუქტურა მაინც აგრძელებდა არსებობას. ბერძნულმა კულტურამაც დიდი კვალი დატოვა რეგიონში. მაგალითად, ქუშანის მულტიეთნიკურ იმპერიაში ბერძნულ დამწერლობას იყენებდნენ. 
ინდოეთში უკანასკნელი ინდო–ბერძენი მეფე სტრატონი დაიღუპა ახ. წ. 10 წელს, შედეგად, მისი სამეფოც დაეცა, რომელიც უკანასკნელი დამოუკიდებელი ბერძნულო სამეფო იყო მსოფლიოში. 

მომთაბარეები ბრძოლის დროს. ჯონი შუმატეს ნახატი


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. Holt. F, L. (1999). Thundering Zeus: The Making of Hellenistic Bactria. Barkeley: University of California Press.
2. Tarn. W.W. (1966). The Greeks in Bactria and India. 2nd Edition. Cambridge University Press.
3. Boardman, John , Jasper Griffin and Oswyn Murray (2001). The Oxford Illustrated History of Greece and the Hellenistic World. Oxford University Press.

No comments:

Post a Comment