ნაპოლეონის საბოლოო დამარცხების შემდეგ, ავსტრია და პრუსია გამარჯვებულთა შორის იყვნენ, მაგრამ ორივე სახელმწიფო საგრძნობლად დასუსტებული იყო ამდენი სისხლისღვრის შედეგად. გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია დაიშალა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად მანამდეც დაშლილი იყო, თუმცა ამჯერად ოფიციალური სახე მიიღო და ამიერიდან ავსტრიას გერმანულ სახელმწიფოებზე აღარ მიუწვდებოდა ხელი.
ევროპა ნაპოლეონის ომების შემდეგ 1815 წ.
გერმანული სამეფო–სამთავროების ადგილას ჩამოყალიბდა გერმანიის კავშირი. ამ უნიის მთავარი მიზანი იყო საგარეო საფრთხეებისგან დაცვა, მაგრამ რეალობაში ეს კონფედერაცია ავსტრიისა და პრუსიის განხეთქილების ვაშლად იქცა.
ამასობაში, საფრანგეთის რევოლუციამ და ნაპოლეონის ომებმა ძალზედ პოპულარული გახადა ლიბერალიზმი და ნაციონალიზმი. ასეთმა პოლიტიკურმა მოძრაობებმა შეარყიეს ამ ორი წამყვანი გერმანული სახელმწიფოს საძირკველი. ევროპაში პოლიტიკური დაძაბულობა თანდათან უფრო მატულობდა და 1848 წელს დაიწყო რევოლუციების სერიები. ამ რევოლუციების უმეტესობა მარცხით კი დასრულდა, მაგრამ მაინც შეცვალა სიტუაცია. გერმანიაში ეროვნული თვითშეგნება აღმავლობის გზას ადგა და ფრანკფურტის რევოლუციონერებმა პრუსიის მეფეს ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ს გერმანიის იმპერატორობა სთხოვეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა რუსეთთან და ავსტრიასთან ომის შიშით. ამასობაში, შლესვიგისა და ჰოლშტაინის საჰერცოგოები, რომლებსაც დანიის მეფე მართავდა, აჯანყდა და პრუსიისგანაც მოიპოვა მხარდაჭერა, მაგრამ 1852 წელს პრუსია ომს გამოეთიშა და აჯანყება დამარცხდა. ავსტრიის იმპერიის ყველა რეგიონშიც აჯანყებები მძვინვარებდა, რაც ძალიან ასუსტებდა ამ მულტიეთნიკურ სახელმწიფოს. პარალელურად, ნაციონალიზმი ძლიერდებოდა იტალიაშიც.
1859 წელს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ კავშირი შეკრა ჩრდ. იტალიაში მდებარე სარდინიის სამეფოსთან ავსტრიის წინააღმდეგ. მომხდარი ომის შედეგად ავსტრიამ თითქმის ყველა იტალიური ტერიტორია დაკარგა.
1861 წელს პრუსიის მეფე გახდა ვილჰელმ I, ხოლო მომდევნო წელს პრემიერ მინისტრად დაინიშნა ოტო ფონ ბისმარკი. მან აქტიურად დაიწყო არმიის რეფორმირება. ამ პერიოდში თქვა მან ცნობილი სიტყვები: "თანამედროვეობის დიდი საკითხები სიტყვებითა და უმრავლესობის დადგენილებით კი არ წყდება, არამედ მახვილითა და სისხლით."
ოტო ფონ ბისმარკი
1863 წლის ნოემბერში დანიის მეფემ კრისტიან IX-მ შლესვიგ–ჰოლშტაინის საჰერცოგოები სამეფო დომენად გამოაცხადა. ეს ფაქტი პრუსიამ, გერმანიის კავშირმა და ავსტრიამ დაიწუნეს და ომი გამოუცხადეს, რომელიც ადვილად მოიგეს. დანიამ საჰერცოგოები დათმო. ბისმარკი ხვდებოდა, რომ ავსტრიასთან ომი გარდაუვალი იქნებოდა, რადგანაც გერმანიის გაერთიანებას აპირებდა პრუსიის დროშის ქვეს. მან საფრანგეთისგან და რუსეთისგან ნეიტრალიტეტის პირობა მიიღო, ხოლო იტალიასთან ანტი–ავსტრიული კავშირი შეკრა, რომელსაც ავსტრიისგან ვენეციის დაბრუნება სურდა.
1866 წლის 7 ივნისს პრუსიული არმია ჰოლშტაინში შევიდა და ავსტრიელთა კონტინგენტი გააძევა, ხოლო 10 ივნისს ბისმარკმა წერილები გაუგზავნა გერმანულ მთავრობებს და მოუწოდა, რომ ავსტრია კავშირიდან გაეძევებინათ. 14 ივნისს კი ავსტრიამ კავშირს მობილიზაციისკენ მოუწოდა. ეს პრუსიამ ომის გამოცხადებად ჩათვალა და 16 ივნისს ჰანოვერში, საქსონიასა და ჰესენში შეიჭრა. მეორე დღეს პრუსიამ ომი გამოუცხადა ავსტრიას. ავსტრიული 240 000–იანი არმია სადოვის რაიონში (ჩეხეთში) დაბანაკდა. პრუსიელებს 220 000 კაცი ჰყავდათ. მათი გეგმა იყო ავსტრიელების სამი მხრიდან ალყაში მოქცევა და გასრესა. ბრძოლა შედგა 3 ივლისს. პრუსიელებმა დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შეუტიეს. ავსტრიელები სასტიკად დამარცხდნენ და 40 000–ზე მეტი კაცი დაკარგეს, ხოლო პრუსიელებმა მხოლოდ 10 000–ზე ნაკლები.
ამ დამარცხებამ ავსტრია აიძულა პრაღის ზავზე მოეწერა ხელი, რის თანახმადაც გერმანიის კავშირიდან გაირიცხა, ხოლო გერმანიის კავშირი ჩაანაცვლა ჩრდილოეთ გერმანიის კავშირმა, რომლის სათავეში პრუსია მოექცა.
ჩრდილოეთ გერმანიის კავშირი 1867 წელს
კახი გაგნიძე
ბიბლიოგრაფია:
1. Thomas Miller, William Herbert - Notes on the Campaign between Prussia and Austria in 1866.
2. Dennis Showalter - The Wars of German Unification.
3. Gordon Craig - The Battle of Königgrätz.
No comments:
Post a Comment