სტალინგრადის ბრძოლა (1942–1943 წწ.)
თანამედროვე ომების ბედი, ადრინდელ ეპოქათა ომებისგან განსხვავებით, იშვიათად წყდება მხოლოდ ერთი ბრძოლით, თუმცა ნებისმიერ კონფლიქტში მოიძებნება ისეთი ბრძოლები, რომლებიც გარდამტეხ როლს თამაშობენ საომარ კამპანიებში. ერთი–ერთი მათგანია სტალინგრადის ბრძოლა, რომელმაც ექვს თვეს გასტანა.
ნაცისტური გერმანია 1942 წელს
პოლონეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის დამორჩილების შედეგად, ჰიტლერს საშუალება მიეცა მთელი ძალები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიემართა. 1941 წელს გერმანიამ დაიპყრო ბელარუსი, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები და ალყა შემოარტყა მოსკოვსა და ლენინგრადს. ნაცისტების შემდეგი სამიზნე იყო სტალინგრადი და ბაქო, სადაც ნავთობი მოიპოვებოდა. ჰიტლერი მიიჩნევდა, რომ ამ რეგიონების წართმევით, საბჭოთა კავშირს საბოლოოდ დაიმორჩილებდა. ნაცისტური არმია კონცენტრირებული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში და გაყოფილი იყო ორ ნაწილად. ერთს სათავეში ედგა ვილჰელმ ვაისტი, რომელსაც ბაქოს დაპყრობა ევალებოდა. მეორე ნაწილს მეთაურობდა ფედორ ფონ ბოკი, რომელსაც უნდა დაეპყრო სტალინგრადი. საბჭოთა ხელისუფლებამ სტალინგრადის დასაცავად დანიშნა ანდრეი იერიომენკო კომისარ ნიკიტა ხრუშჩოვთან ერთად. ქალაქიდან საქონელი და მარცვლეული გაიტანეს, ხოლო 400 000–იან მოსახლეობას დარჩენა უბრძანეს.
ნაცისტებს ჰყავდათ 270 000 ჯარისკაცი, 500 ტანკი, 600 საჰაერო ძალები და 3 000 არტილერია. საბჭოთა არმიაში შედიოდა 190 000 ჯარისკაცი, 400 ტანკი, 300 საჰაერო ძალები და 2 200 არტილერია.
გერმანელები სტალინგრადის ქუჩებში
ბრძოლა დაიწყო 23 აგვისტოს ქალაქის დაბომბვით ნაცისტების მიერ, რის შედეგად ასობით მოსახლე დაიღუპა. სულ რაღაც რვა დღეში საბჭოელებმა 201 თვითმფრინავი დაკარგეს. სექტემბრის დასაწყისში მათ კონტრშეტევა სცადეს, მაგრამ ძვირად დაუჯდათ და 30 ტანკი დაკარგეს. იგივე განმეორდა 18 სექტემბერს და 40 ტანკზე მეტი დაკარგეს. საბჭოელები მამაცურად იბრძოდნენ. სხვა გზა არც ჰქონდათ, რადგან სტალინის ბრძანებით დეზერტირებს დახვრეტა ემუქრებოდათ. მამაკაცთა გარდა, ქალებიც და არასრულწლოვნებიც იბრძოდნენ. მოსკოვიდან და დანარჩენი რეგიონებიდან გამუდმებით მოდიოდნენ დამხმარე ძალები და დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობდნენ. ბრძოლა ქალაქის ქუჩებში მეტისმეტად ქაოტური და სასტიკი იყო. სტალინგრადის ბრძოლაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სნაიპერები. გერმანელებს უფრო გამოცდილი სნაიპერები კი ჰყავდათ, მაგრამ საბჭოელებიც ნელ–ნელა სწავლობდნენ და ითვისებდნენ ამ იარაღს. ამათგან ერთ–ერთმა, სახელად ვასილი ზაიცევმა 200 გერმანელი მოკლა, 10 სნაიპერის ჩათვლით.
ვასილი ზაიცევი
1942 წლის ოქტომბრის ბოლოს, გერმანელები სტალინგრადის 90%-ს აკონტროლებდნენ და ვოლგის ნაპირებს მისწვდნენ. ამასობაში ზამთარიც დადგა და ბრძოლა გაჭიანურდა. გენერლებმა ჟუკოვმა და ვასილევსკიმ 800 000 კაცის მოგროვება შეძლეს სტალინგრადის მიდამოებში ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის მოემზადნენ, რომელიც დაიწყო 19 ნოემბერს. 19 დეკემბერს კი ბაქოსკენ მიმავალი გერმანული არმია დამარცხებული უკან გამობრუნდა, რომელსაც აღარ შეეძლო სტალინგრადთან მყოფი თანამოძმეთა მიშველება. ამასობაში, უპირატესობა ნელ–ნელა საბჭოთა არმიის მხარეს გადავიდა, მათ ალყაში მოაქციეს გერმანელები, რომელთა ჯარის ჩრდილოეთ ნაწილი განადგურებულ იქნა 31 დეკემბერს. ტყვედ ჩავარდა ფელდმარშალი პაულიუსი მთელი თავისი შტაბით. ხოლო ჩრდილოეთმა ნაწილმა 1943 წლის 2 თებერვალს კაპიტულაცია გამოაცხადა. მთლიანად ტყვედ ჩავარდა 90 000 კაცი, რომელთა შორის 24 გენერალი იყო.
სტალინგრადის ცენტრი ბრძოლის შემდეგ
სტალინგრადის ბრძოლა ნაცისტური გერმანიის პირველი დიდი მარცხი იყო. ნაცისტურმა ხელისუფლებამ საკუთარ ერს ტოტალური ომისკენ მოუწოდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მთელი ქვეყნის ყოველი რესურსი სამხედრო საქმეს უნდა მოხმარებოდა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მაინც ამაო გამოდგა, რადგანაც საბჭოთა ძალები აღმოსავლეთიდან გამალებით მოიწევდნენ, ხოლო ბრიტანულმა არმიებმა გერმანელები ჩრდ. აფრიკაში დაამარცხეს, საიდანაც იტალიაში გადმოსვლას აპირებდნენ მოკავშირეებთან ერთად.
კახი გაგნიძე
ბიბლიოგრაფია:
1. Beevor, Antony (1998). Stalingrad. London.
2. Clark, Alan. (1965). Barbarossa: The Russian-German Conflict. 1941-45.
3. Roberts, Geoffrey. (2002). Victory at Stalingrad: The Battle that Changed History. New York. Longman.
4. Craig, William. (1973). Enemy at the Gates: The Battle of Stalingrad. New York.
No comments:
Post a Comment