აქადი: მსოფლიოს პირველი იმპერია
ძვ. წ. 2350 წლისთვის შუმერი მეფის ლუგალზაგესის ძალაუფლებამ პიკს მიაღწია. მას ბევრი ვასალი მეფე ჰყავდა. ამათგან ერთ–ერთი იყო ურ–ზაბაბა, ქიშის მეფე, რომლის კარზეც მსახურობდა ახალგაზრდა კაცი, სახელად სარგონი. მისი მშობლიური ენა იყო სემიტური.
ზუსტი დეტალები არ არის ცნობილი, თუ რა მოხდა, მაგრამ სარგონი მალე ქიშის მეფედ გვევლინება, სავარაუდოდ რაიმე არეულობით ისარგებლა და ურ–ზაბაბა ტახტიდან ჩამოაგდო. აქედან დაიწყო მან პირველი იმპერიის შექმნა, რაც მსოფლიოს მანამდე არ უნახავს. სარგონი ჯერ სამხრეთით დაიძრა, სადაც 34 ბრძოლა მოიგო და დაიპყრო შუმერული ქალაქები ური, ლაგაში, უმა და სხვები. ბოლოს დაიპყრო მეფე ლუგალზაგესის დედაქალაქი ურუქი. მეფე კი ტყვედ ჩაიგდო. სარგონმა კამპანია განაგრძო და სპარსეთის ყურეს მიაღწია. ამით მან მთელი შუმერია გააერთიანა.
სარგონმა ფართოდ გაშალა საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოები, ჩაატარა ეკონომიკური რეფორმა, განავითარა საშინაო და საგარეო ვაჭრობა. აქადელებმა კარგად აითვისეს შუმერული კულტურა და თავისი წვლილიც შეიტანეს მის განვითარებაში. სარგონმა დედაქალაქად აქადი აირჩია, რომლის ნაქალაქარი დღემდე არაა ნაპოვნი, თუმცა ისეთი როლი ითამაშა მესოპოტამიის ისტორიაში, რომ მთელ რეგიონს აქადი ეწოდა.
დაახლოებით ძვ. წ. 2330 წელს სარგონმა ახალი სამხედრო კამპანია წამოიწყო, რომლის დროსაც მან დაიპყრო ელამის სამეფოს დედაქალაქი სუზა, რომელიც მისი სამეფოს აღმოსავლეთით, ირანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. დაახლოებით ძვ. წ. 2280 წელს, თავისი ორმოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის შემდეგ, სარგონი გარდაიცვალა და სამეფო ტახტი მისმა ვაჟმა, რიმუშმა დაიკავა.
სარგონის გარდაცვალებისთანავე დაიწყეს აჯანყებები ქალაქებმა ურმა, ლაგაშმა, უმამ და ქაზალუმ. მეფე რიმუშმა აჯანყება კი ჩაახშო, მაგრამ მალე ახალი აჯანყებების ტალღა წამოვიდა. ამ აჯანყებებს მხარს უჭერდა ელამის სამეფო, მაგრამ როგორც კი მეფე რიმუშმა ახალი აჯანყებები ჩაახშო და თავისი ძალაუფლების კონსოლიდირება მოახერხა, იგი ელამსა და მის მოკავშირეებს დაესხა თავს და გამარჯვება მოიპოვა. ცხრაწლიანი მეფობის შემდეგ, ძვ. წ. 2270 წელს რიმუში გარდაიცვალა. იგი ჩაანაცვლა მისმა ძმამ, მანიშტუსუმ. მან არაერთხელ გაილაშქრა ელამის წინააღმდეგ. 15 წლის შემდეგ მანიშტუსუ გარდაიცვალა და აქადის ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ნარამ–სინი. რამდენიმე აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ისიც ელამის წინააღმდეგ დაიძრა და ამჯერად დაიპყრო მისი დასავლეთ ტერიტორიები ქალაქ სუზას ჩათვლით. ამის შემდეგ ნარამ–სინმა ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით გაილაშქრა და დაიმორჩილა ქალაქები ებლა და მარი, რომლებიც ხმელთაშუა ზღვასთან მდებარეობდნენ. მალე მან თავი ღვთაებრივად გამოაცხადა.
ამ მიღწევების მიუხედავად, აქადის იმპერიამ დაქვეითება დაიწყო ძვ. წ. 2218 წლიდან, როცა ნარამ–სინი გარდაიცვალა. აქადის უკანასკნელი ძლიერი მეფე იყო მისი შვილი შარ–კალი–შარი. მის შემდეგ კი მეფეები სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს. ძვ. წ. 2150 წელს ჩრდილოეთიდან გუთიების მომთაბარე ტომები შემოიჭრნენ და მრავალი ქალაქი გაანადგურეს აქადის ჩათვლით. ასე დაასრულა არსებობა მსოფლიოს პირველმა იმპერიამ, რომელმაც დაპყრობითი ომების დიდი მაგალითი დაუტოვა მომავალ სახელმწიფოებს და საფუძველი დაუდო იმპერიალიზმს.
კახი გაგნიძე
ბიბლიოგრაფია:
1. Liverani, Mario (1993). Akkad: The First World Empire: Structure, Ideology, Traditions.
2. Liverani, Mario (2014). The Ancient Near East: history, society, economy.
3. Marc Van de Mieroop. A History of the Ancient Near East, ca. 3000 - 323 BC.
ძალიან საინტეტესოა👍👍👍👍😘
ReplyDelete