17 December 2020

 ამორეველთა სამეფოები და შუმერული რენესანსი


წინათ ჩვენ ვისაუბრეთ მსოფლიოს პირველი იმპერიის, აქადის აღზევებასა და დაცემაზე, რომელიც მისაბაძი მაგალითი გახდა მომავალი სახელმწიფოებისთვის. 

ძვ. წ. 22–ე საუკუნის შუა წლებში, აქადის დაცემის შემდეგ, გუთიების მომთაბარე ტომებმა საკუთარი დინასტია შექმნეს მდინარე ევფრატის რეგიონში. მათ სიმბოლურად ემორჩილებოდა შუმერის რეგიონიც, რომლის ქალაქებიც ეკონომიკურად მოძლიერდნენ. შუმერი მმართველებიდან ერთ–ერთი გამორჩეული იყო გუდეა, ქალაქ ლაგაშის მეფე (ძვ. წ. 2144 – 2124 წწ.). იგი მშვიდობისმოყვარე და თავმდაბალი მმართველი იყო. მან ქალებს უფლება მისცა ოჯახის საკუთრება მათვე დარჩენოდათ, თუკი მათი ქმრები გარდაიცვლებოდნენ. 

გუდეა


მალე, ქალაქ ურუქის მეფემ, უტუ–ჰეგალმა შექმნა შუმერთა კოალიცია და გუთიების მეფეს, ტირიგანს დაუპირისპირდა, დაამარცხა იგი და სიკვდილით დასაჯა. მცირე ხნით ურუქის ჰეგემონობა დამყარდა. თუმცა, ძვ. წ. 2112 წელს ქალაქ ურის მმართველმა ურ–ნამუმ თავისი ჰეგემონობა დაამყარა რეგიონში, რომლის დინასტიაც ძვ. წ. 2004 წლამდე მართავდა ურს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ურის შუმერ მეფეებს გაჰყავდათ სავაჭრო გზები, არხები, აშენებდნენ ახალ ნაგებობებს. ქალაქებს ერთმანეთთან გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდათ, რითაც დიდ მოგებას ნახულობდნენ არა მხოლოდ დიდი ქალაქები, არამედ პატარებიც. ერთ–ერთი ასეთი ახალი და პატარა ქალაქი, რომელიც მომავალში დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა, იყო ბაბილონი. 

ძვ. წ. 21–ე საუკუნის ბოლოსკენ ურმაც დაიწყო დასუსტება და ძვ. წ. 2004 წელს არსებობა შეწყვიტა, რომელიც ელამის სამეფომ დაიპყრო. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ ამორეველთა ტომები, რომელთა სახელიც "დასავლეთის ხალხს" ნიშნავს. ამორეველები ბიბლიაშიც გვხვდებიან, რომლებიც ებრაელებმა დაამარცხეს. თავდაპირველად ისინი პალესტინაში დომინირებდნენ. შემდეგ ამორეველები სირიაში შეიჭრნენ და დაიკავეს ქალაქები ებლა, მარი, იამჰადი და ა.შ. საბოლოოდ კი ისინი მესოპოტამიაში დამკვიდრდნენ და რამდენიმე დინასტია შექმნეს, მათ შორის ბაბილონში. 

არტეფაქტები ამორეველთა მარის სამეფოდან


ძალიან მალე ამორეველები მესოპოტამიის ადგილობრივ მოსახლეობაში ისე გაითქვიფნენ, რომ მათგან უკვე არაფრით განირჩეოდნენ. ამორეველი მმართველებიდან ერთ–ერთი მნიშვნელოვანი იყო შამში–ადადი, რომელმაც ქალაქ ასურში (იგივე აშური) ხელთ იგდო მეფობა და ახალი დინასტია შექმნა. მის დროს ასურეთის საზღვრები საგრძნობლად გაფართოვდა. ერთხანს მის ქვეშევრდომობას ბაბილონის ცნობილი მეფე ჰამურაბიც ცნობდა. 

ძვ. წ. 1776 წელს შამში–ადადი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრის მეფობისას გახშირდა მომთაბარე ტომების შემოსევები, რამაც სახელმწიფო საბოლოოდ დაღუპა. ამასობაში კი მესოპოტამიაში ახალი დომინანტი ძალა გამოჩნდა. ეს იყო ბაბილონის მეფე ჰამურაბი, რომელსაც მომავალში გავეცნობით.

ასურეთის იმპერია შამში–ადადის დროს


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. G. Roux, Ancient Iraq, London, 1980.

2. E. Chiera, Sumerian Epics and Myths, Chicago, 1934.

3. E. Chiera, Sumerian Texts of Varied Contents, Chicago, 1934.

No comments:

Post a Comment