16 October 2020

 მეოთხე ჯვაროსნული ომი: კონსტანტინოპოლის დაცემა 1204 წ.


ჯვაროსნული ლაშქრობები ერთ–ერთი თვალსაჩინო ეპოქაა კაცობრიობის ისტორიაში. ბრწყინვალე აბჯრებში შემოსილი რაინდების იმიჯმა დიდი ეფექტი მოახდინა მომავალ თაობებზე. თუმცა რეალობა ის არ იყო, რასაც რომანტიულ ნაწარმოებებში ვხედავთ ხოლმე. მეოთხე ჯვაროსნული ომი ისტორიის ერთ–ერთ შავ ლაქად არის მიჩნეული, რომელიც ასახავს ადამიანის ხარბ და მზაკვრულ ბუნებას.

კონსტანტინოპოლი


1187 წელს იერუსალიმი ეგვიპტის სულტანმა სალადინმა დაიპყრო. პასუხად, კათოლიკურმა ევროპამ მესამე ჯვაროსნული ომი გამოაცხადა, მაგრამ ეს ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა. 1198 წელს პაპმა ინოკენტ III-მ ევროპას მეოთხე ჯვაროსნული ომისკენ მოუწოდა. იტალიელი გრაფის ბონიფაჩე მონფერატელის ქარიზმის წყალობით შეიკრიბა ფრანგთა და გერმანელთა არმია. ახლა მათ მხოლოდ ხომალდები სჭირდებოდათ, რათა ხმელთაშუა ზღვა გადაეცურათ. იმ დროის ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი  ვენეციის რესპუბლიკას ჰყავდა. ვენეციის დოჟი ენრიკო დანდოლო დათანხმდა გარკვეული ფასის სანაცვლოდ ჯვაროსნებისთვის ხომალდები გამოეყო. გეგმა ასეთი იყო: ჯვაროსნები გაცურავდნენ ვენეციიდან მუსლიმთა სამყაროს ცენტრისკენ: ეგვიპტისკენ. დაიპყრობდნენ მათ დედაქალაქს და შემდეგ ხმელეთით მიადგებოდნენ იერუსალიმს. 

პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 1202 წელს ჯვაროსნები ვენეციაში შეიკრიბნენ. მოსალოდნელი 33 500 ჯარისკაცის მაგივრად მხოლოდ 12 000 კაცი მოვიდა. ამან გააცოფა ვენეციის დოჟი, რომელმაც დიდძალი თანხა დახარჯა საბრძოლო და სატრანსპორტო ხომალდების ასაგებად. ამ ზარალის ანაზღაურება ჯვაროსნებს არ შეეძლოთ. დოჟმა დანდოლომ უარი თქვა მათ გაშვებაზე, სანამ ვალს არ გადაიხდიდნენ. ჯვაროსნებმა შეძლეს თანხის შეგროვება, მაგრამ ახლა მათ ამის გამო შიმშილი დაემუქრათ. დანდოლომ მზაკვრული გეგმა შეიმუშავა და გადაწყვიტა ჯვაროსანთა ლაშქარი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა. მან ჯვაროსნებს ვალის პატიება აღუთქვა, თუ ისინი ქალაქ ზარას აიღებდნენ, რომელიც ადრიატიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა და უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. როცა ამის შესახებ პაპმა შეიტყო, იგი ჯვაროსნებს ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა, თუ კათოლიკურ ქალაქს თავს დაესხმოდნენ. გრაფმა ბონიფაჩემ ჯარს ეს წერილი დაუმალა და წინსვლა განაგრძო. როცა არმია ქალაქ ზარას მიუახლოვდა, ქალაქის მაცხოვრებლებმა ჯვრიანი დროშები გადმოფინეს გალავნებზე იმის ნიშნად, რომ ერთმორწმუნეები იყვნენ და დაენდოთ ისინი. ჯვაროსნებმა ქალაქი მაინც აიღეს, გადაწვეს, გაძარცვეს და უამრავი ხალხი დახოცეს. 

ზარას აღება


გაცოფებულმა პაპმა შეაჩვენა ვენეციელები და ჯვაროსნები, მაგრამ ლიდერებმა არმიას ამჯერადაც დაუმალეს ეს წერილები. ამასობაში, ბონიფაჩე ბავარიაში გაემგზავრა თავისი ნათესავის მეფე ფილიპე შვაბის მოსანახულებლად, სადაც ბიზანტიიდან გამოძევებულ უფლისწულ ალექსი IV ანგელოსს შეხვდა. ახალგაზრდა უფლისწულმა ბონიფაჩეს სთხოვა, რომ ჯვაროსნებს კონსტანტინოპოლი აეღოთ და მისი ბიძა იმპერატორი ალექსი III ტახტიდან ჩამოეგდოთ. სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ ჯვაროსნებს იერუსალიმის აღებაში დაეხმარებოდა და მართლმადიდებლურ ეკლესიას პაპს დაუმორჩილებდა. ჯვაროსნები ამ წინადადებაზე შეყოყმანდნენ, მაგრამ დანდოლომ დიდი ქრთამის საშუალებით დაითანხმა ისინი.

1203 წლის 23 ივნისს ლათინთა არმია კონსტანტინოპოლს მიადგა. ქალაქს 15 000 ჯარისკაცი იცავდა, ამათგან 5 000 ვარიაგი იყო, ბიზანტიის არმიის ელიტური რაზმი, რომელიც ვიკინგებისგან და ანგლო–საქსებისგან შედგებოდა. ჯვაროსნებმა დაასკვნეს, რომ ქალაქში ფეხის მოსაკიდებლად, მათ უნდა დაეკავათ ჩრდ. ნავსადგური, რომელიც წვრილ ყურეს, ოქროს რქას იცავდა, ლათინთა გემები ბოსფორის სრუტეში შევიდნენ და ბრძოლით დაიკავეს ეს ნავსადგური და ოქროს რქა. ახლა მათ უკვე ჩრდილოეთიდანაც შეეძლოთ ქალაქზე თავდასხმა.

კონსტანტინოპოლის ალყა


ჯვაროსნებმა ბონიფაჩეს მეთაურობით ხმელეთიდანაც დაიწყეს იერიში. აქ ვარიაგებმა თავი გამოიჩინიეს.  ისინი გალავნის გარეთ გავიდნენ და დროებით უკუაგდეს მტერი. შემდგომ ქალაქში შებრუნდნენ და ვენეციელები გადარეკეს ზღვაში, რომლებიც ოქროს რქიდან შემოვიდნენ. ამასობაში, იმპერატორი ალექსი III 8 000 კაცით გაიჭრა ქალაქიდან მტერთან საბრძოლველად, მაგრამ დაფრთხა და უბრძოლველად შემობრუნდა ქალაქში, რომელიც მალე გაიპარა კიდეც ქალაქიდან და მიატოვა თავისი ხალხი. საიმპერატორო კარმა ტახტზე მისი ძმა და ტახტის მაძიებლის მამა, ისააკ II დასვა, რომელიც ბრმა იყო. ლათინებმა ალექსი IV–ის თანამოსაყდრედ დასმა მოითხოვეს, რათა მათთვის დაპირებული ფული გადაეხადა, რაზეც ბიზანტიელები დათანხმდნენ. მწარე რეალობა ის აღმოჩნდა, რომ ალექსი IV–ს არ შეეძლო ამ თანხის გადახდა, რის გამოც ბიზანტიელებმა ძველი რომაული და ბიზანტიური ხატები დაადნეს, რათა ვერცხლის მონეტები მოეჭრათ. ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ამ ყველაფერმა ხალხის თვალში დიდად დასცა ახალი იმპერატორის რეპუტაცია. ჯვაროსნებისთვის აშკარა გახდა, რომ ალექსი ვალს ვერ გადაიხდიდა. 

ამასობაში, დუკების საგვარეულოს წარმომადგენელმა, რომელსაც ასევე ალექსი ერქვა, ხალხი გადაიბირა, მოაკვლევინა ალექსი IV და თვითონ ეკურთხა იმპერატორად. ჯვაროსნებმა კი საბოლოოდ გადაწყვიტეს კონსტანტინოპოლის აღება. მათ ბერძნები ერეტიკოსებად და ქრისტეს მოღალატეებად გამოაცხადეს. ვარიაგებმა კი ქალაქი მიატოვეს, რადგანაც იმპერატორი მათ ფულს ვეღარ უხდიდა. ბიზანტიის დედაქალაქს გარნიზონი თითქმის საერთოდ აღარ შერჩა. საბედისწერო წუთებიც დადგა: 1204 წლის გაზაფხულს ჯვაროსნები ქალაქში შეიჭრნენ, გაძარცვეს, გადაწვეს, ძვლებამდე გააშიშვლეს ეს ბრწყინვალე ქალაქი. ქალებს ნამუსს ხდიდნენ, დანარჩენ მაცხოვრებლებს ჟლეტდნენ. ათასობით ადამიანი დაიხოცა.

ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, ჯვაროსნებმა ბიზანტიის იმპერიის ბალკანური ტერიტორიები დაინაწილეს. ამათგან ყველაზე დიდი იყო ლათინთა იმპერია, რომლის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა. მის იმპერატორად აირჩიეს ყველაზე ქარიზმატული ჯვაროსანი, ფლანდრიის გრაფი ბალდუინ I. ბიზანტიელებს მხოლოდ მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი დარჩათ, რომლის დედაქალაქი ნიკეა იყო. 

1261 წელს ბიზანტიელებმა დაიბრუნეს ბალკანეთი კონსტანტინოპოლითურთ და აღადგინეს ბიზანტიის იმპერია, მაგრამ ეს მხოლოდ თავისი ძველი დიდების აჩრდილს წარმოადგენდა, რამაც საუკუნეების შემდგომ, 1453 წელს გაუადვილა საქმე თურქ–ოსმალებს, რომლებმაც საბოლოოდ დაანგრიეს ბიზანტიის იმპერია.

ბალკანეთი და მცირე აზია კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Angold, M. J. (2003). The Fourth Crusade: Event and Context. London: Routledge.

2. McNeal, E. H. (1969). The Conquest of Constantinople. New York: Columbia University Press.

3. Queller, D. E. (1998). The Fourth Crusade: The Conquest of Constantinople. Philadelphia: University of Pennsylvania Press.

No comments:

Post a Comment