19 December 2019


სიცილიიდან უკანდახევის შემდეგ პიროსმა როგორც იქნა ჩააღწია ტარენტუმში თავისი ჯარის ნაფლეთებით. იდგა ქრ.შ–მდე 275 წელი და პიროსი ენერგიულად შეუდგა ახალი ჯარის შეკრებას. ის ვეღარ სარგებლობდა ძველი რეპუტაციით სამხრეთ იტალიაში იმის გამო, რომ მიატოვა ისინი, როცა სიცილიისკენ გაეშურა. ასე, რომ სამნიტების ძლიერი ტომი დიდად აღარ უჭერდა მხარს ეპიროსის მეფეს. 

პიროსი ახალშეკრებილი არმიით ჩრდილოეთისკენ დაიძრა რომაულ ლეგიონებთან საბრძოლველად. მეფემ ჯარი ორად გაყო, ერთი ნაწილი ლუკანიაში გაუშვა, რათა ისინი კონსულ კორნელიუს ლენტულუს კაუდინუსის ჯარებს შეხვედროდნენ და არ მიეცათ მეორე კონსულის მანიუს კურიუს დენტატუსის ჯართან შეერთების საშუალება. მეორე ნაწილს თვითონ გაუძღვა, სადაც რომაელები ქალაქ ბენევენტუმთან იყვნენ დაბანაკებულნი. 

პიროსმა საუკეთესო მეომრები და ავი სპილოები შეკრიბა და დაავალა, ღამით დასხმოდნენ თავს მტრის ბანაკს, მაგრამ გრძელ და დაბურულ ტყეში მეომრებს გზა აერიათ და დიდი დროც დაკარგეს. 

(წინ მარცხნივ) ეპიროსელი ფალანგიტი, (შუაში) სამნიტი მეომარი, (მარჯვნივ) კელტი მოქირავნე. ჯონი შუმატეს ნახატი.


დილით რომაელებმა თვითონ დაიწყეს შეტევა და პიროსის ჯარისკაცებს უკან დაახევინეს. სპილოები კი შუბების სროლით დააშინეს, რის შედეგადაც გაგიჟებული ცხოველების უწესრიგო რბენამ არეულობა გამოიწვია პიროსის ჯარში. ბრძოლა მეფის სრული მარცხით დასრულდა და მასთან ერთად იტალიის დაპყრობის ოცნებაც დაიმსხვრა. 

პიროსის რომაულ–სიცილიური კამპანია.


პიროსის სამეფო ხაზინა სრულად დაცარიელდა. ტარენტუმში მან ძლიერი გარნიზონი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა 8 000 ქვეითითა და 500 მხედრით. მისი მრავალი მარცხის მიუხედავად, ეპიროსის "არწივს" ჯერ კიდევ შემორჩენოდა უსაზღვრო ამბიციები და მაშინვე შეუდგა ახალი დაპყრობითი ომების დაგეგმვას. 

ქრ. შ–მდე 274 წელს პიროსი მაკედონიაში შეიჭრა. საომარი კამპანია თავიდან წარმატებით მიდიოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მაკედონიის მეფე ანტიგონოსი გაეშურა მტრის წინააღმდეგ. პიროსის ვეტერანმა ფალანგიტებმა ადვილად სძლიეს მაკედონელებს. ანტიგონოსი რამდენიმე პირად მცველთან ერთად გაიქცა ბრძოლის ველიდან და თესალონიკაში დაბრუნდა. პიროსი ფეხდაფეხ მიჰყვა და თითქმის მთელი მაკედონია დაიკავა. ანტიგონოსმა მხოლოდ ზღვისპირა ქალაქები შეინარჩუნა. 
პიროსი შესანიშნავი ტაქტიკოსი იყო, მაგრამ ცუდი სტრატეგოსი. მან ვერ გამოიყენა არსებული ვითარება, რათა ბოლო მოეღო მტრისთვის. ბედისწერამ კი ეს არ აპატია. 

მას წარუდგა სპარტელი სამეფო კანდიდატი სახელად კლეონიმოსი და შესთავაზა სპარტის  ტახტიდან მაშინდელი მეფის არეოსის გადაგდება. ლეგენდარული სამასი სპარტელის სამშობლოში მარიონეტი მეფის ყოლა ძალიან მიმზიდველად ჟღერდა პიროსისთვის.
ის 25 000 ქვეითით, 2 000 მხედრითა და 24 სპილოთი შეიჭრა პელოპონესში ქრ. შ–მდე 272 წელს. სპარტის ახლომდებარე ქალაქ მეგალოპოლისში მას სპარტელი ელჩი შეხვდა. პიროსმა მას მოატყუა, რომ ანტიგონიდებთან აპირებდა ბრძოლას და მათგან ბერძნული ქალაქების განთავისუფლებას. სპარტელებმა დაიჯერეს და მოადუნეს ყურადღება. 

ელინთა ბრძოლა. ჯონი შუმატეს ნახატი.

ეპიროსის მეფესაც ეს უნდოდა. იგი ქალაქ სპარტას მოულოდნელად სამხრეთიდან დაესხა თავს. სპარტელები მედგრად დაუხვდნენ მტერს როგორც სჩვეოდათ ზოგადად სპარტელებს. გაცხარებული ბრძოლების შემდეგ პიროსმა უკან დაიხია ქალაქ არგოსისკენ სპარტის ჩრდილოეთით. გზაში სპარტელთა თავდასხმის დროს მისი ვაჟი პტოლემეოსი მოკლეს. ამან ძალიან დააღონა მეფე, მაგრამ გლოვის დრო არ იყო. არგოსთან რომ მივიდნენ, ღამით პიროსი ჯარის ნაწილთან ერთად ქალაქში შეიპარა, თუმცა ქალაქის მაცხოვრებლები ჩასაფრებულები აღმოჩნდნენ და ალყაში მოაქციეს იგი. ამასობაში მათ დასახმარებლად სპარტის მეფე არეოსიც მოვიდა 1 000 კაცით სამხრეთიდან, ხოლო ჩრდილოეთოდან ანტიგონოსის მეომრები შემოიჭრნენ. 

ბნელი ღამის გამო ბრძოლა დილამდე გადაიდო. დილით პიროსმა ქალაქიდან გასვლა სცადა, მაგრამ ვიწრო კარიბჭის გამო ჩაფიქრდა და შიკრიკი გაუგზავნა ქალაქის გარეთ მდგომ შვილს ჰელანოსს, რომ ქალაქის კედლის ნაწილი დაენგრია, რათა თვითონ სწრაფად გამოსულიყო გარეთ თავისი მეომრებით. ამ დროს მოხდა საბედისწერო რამ. შიკრიკმა ბრძოლის დიდი ხმაურის გამო არასწორად გაიგო და ჰელანოსს უთხრა, რომ პიროსის საშველად შეჭრილიყო ქალაქში. სწორედ კარიბჭესთან პიროსი და ჰელანოსი ერთმანეთს შეასკდნენ თავიანთი ჯარისკაცებითა და სპილოებით. ამ დროს ქალაქის ერთ–ერთი ჯარისკაცის დედა სახლის ფანჯრიდან იყურებოდა და შვილის გადასარჩენად პიროსს კრამიტი ესროლა თავში და ცხენიდან ჩამოაგდო მეფე.  პიროსს, რომელიც დაჭრილი იწვა მიწაზე, თავი მოკვეთეს. ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ადამიანმა, რომელსაც ალექსანდრე დიდის ამბიციები ჰქონდა, მაგრამ მათი განხორციელების უნარი არ გააჩნდა.
მაკედონიის ჰეგემონობა კი კვლავ აღდგა საბერძნეთზე. 




მეფე პიროსი

კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. პლუტარქე, პარალელური ბიოგრაფიები, პიროსი ეპიროსიდან.
2. ტიტუს ლივიუსი. რომის ისტორია XII - XIV წიგნების პერიოქები.

No comments:

Post a Comment