ვიკინგების ხანა საკმაოდ მოკლე იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ისტორიაში. სკანდინავიელი მეომრები, მძარცველები, მეკობრეები და მეზღვაურები შიშის ზარს სცემდნენ ევროპას და განსაკუთრებით ბრიტანეთის კუნძულებს.
V საუკუნეში რომაელებმა ბრიტანეთი დატოვეს. ამით ისარგებლეს პიქტების მეომარმა ტომებმა, გადმოლახეს ადრიანეს კედელი და შეესივნენ უპატრონოდ დაგდებულ ბრიტებს, მაგრამ აღმოსავლეთიდან ანგლები და საქსები შემოვიდნენ, განდევნეს პიქტები და თავიანთი სამეფოები შექმნეს. VII საუკუნისთვის უკვე 7 სამეფო არსებობდა: უესექსი, მერსია, ნორტუმბრია, ისტ ანგლია, კენტი, სასექსი და ესექსი.
ანგლო-საქსური სამეფოები
ამასობაში სკანდინავიიდან სხვა მეომრული კულტურის ხალხმა დაიწყო გამოჩენა. ანგლო–საქსებისგან განსხვავებით ისინი ჯერ კიდევ წარმართები იყვნენ.
VIII საუკუნის ბოლოსთვის, მკაცრი ზამთრის, მოუსავლიანობისა და ფრანკთა აგრეესიის შედეგად, მათ უცხო მიწების ძიება დაიწყეს. ეს ხალხი ცნობილი გახდა, როგორც ვიკინგები, რომელიც უფრო მათი მეკობრეობის აღმნიშვნელი სიტყვაა , ვიდრე მათი ეთნიკურობის. მათ ასევე ნორმანებსაც უწოდებენ, რაც ჩრდილოელს ნიშნავს.
ბრიტანეთს რომ მიაგნეს, ვიკინგები თავიდან ქრისტიანულ ეკლესია–მონასტრებს ესხმოდნენ თავს, სადაც სიმდიდრესაც შოულობდნენ და მათთვის წინააღმდეგობის გაწევაც არავის შეეძლო.
IX საუკუნისთვის ანგლო–საქსურ სამეფოებში უესექსი გახდა დომინანტი ძალა მეფე ეგბერტის მმართველობის დროს. მას არაერთხელ უბრძოლია ვიკინგების წინააღმდეგ. ეგბერტმა ასევე დაიპყრო ესექსის, სასექსისა და კენტის პატარა სამეფოები. 865 წელს ტახტზე ავიდა მისი შვილიშვილი ეთელრედი. სწორედ ამ დროს წამოვიდა დანიიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან ვიკინგთა დიდი არმია ასობით ხომალდით. იმდროინდელმა წყაროებმა მათ "ურჯულოთა დიდი არმია" უწოდეს. ნორმანთა საგების (ძვ. სკანდ. – თხრობა) მიხედვით მათ სამი ბელადი მოუძღოდა, რომლებიც ლეგენდარული რაგნარ ლოდბროკის შვილები იყვნენ: ივარი, ჰალფდანი და უბა. მათ შურისძიება სწყუროდათ, იმის გამო, რომ რაგნარი ნორტუმბრიის მეფემ, ელამ მოკლა. სავარაუდოდ მათ უბრალოდ დაპყრობა, ძარცვა და თავიანთი სამეფოების დაარსება უნდოდათ.
"ურჯულოთა დიდი არმიის" მარშრუტი
ვიკინგებმა აიღეს ნორტუმბრიის დედაქალაქი იორკი (ამ ბრძოლის შემდეგ ნორტუმბრია ვიკინგთა კულტურის ბასტიონი გახდა შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში). შემდეგ დაარბიეს მერსია. მერსიის მეფე ბურგრედმა მათ ფული გადაუხადა და ისინიც გამოსაზამთრებლად იორკში დაბრუნდნენ. მომდევნო წელს ვიკინგები ისტ ანგლიაში შეიჭრნენ და სასტიკად ააოხრეს. ამ სამეფოსაც იგივე ბედი ეწია, რაც ნორტუმბრიას.
871 წელს ჰალფდანი თავისი დანიელი მეომრებით უესექსის საზღვრებში შეიჭრა. მეფე ეთელრედი და თავისი ძმა ალფრედი მედგრად დაუხვდნენ მტერს და რამდენიმე მძიმე ბრძოლის მერე განდევნეს დანიელები. ეთელრედი მალევე გარდაიცვალა და უესექსის ტახტზე ალფრედი ავიდა.
კახი გაგნიძე
ბიბლიოგრაფია:
1. Hindley, Geoffrey. The Anglo-Saxons.
2. Sawyer, Peter. The Age of the Vikings.
3. Sawyer, Peter. Kings and Vikings: Scandinavia and Europe A.D. 700 - 1100.
No comments:
Post a Comment