25 December 2019


პირველი მითრიდატული ომი დასრულდა და ლუციუს კორნელიუს სულა სასწრაფოდ რომში დაბრუნდა. მითრიდატემ საკუთარი სამეფო შეინარჩუნა, მაგრამ ყველა დაპყრობილი ტერიტორია დათმო. აზიაში მყოფი ლეგიონები სულამ ჩააბარა თავის სანდო გენერალს, ლუციუს ლიცინიუს მურენას. ამასობაში მითრიდატემ ახალი არმიის შეკრება დაიწყო. მეფის რჩეული სარდალი, არქელაოსი, სულასთან განცდილი მარცხის გამო, მურენასთან გაიქცა სიკვდილის შიშით. მან ასევე აცნობა რომაელ სარდალს, რომ მითრიდატე ზავის დარღვევას აპირებდა. მურენამაც არ დააყოვნა და ქრ შ–მდე 83 წელს თავს დაესხა პონტოს სამფლობელოებს. მითრიდატემ ზავის პირობები შეახსენა, მაგრამ უშედეგოდ. დაიწყო მეორე მითრიდატული ომი. პონტოელებმა აზიის პროვინცია მოარბიეს. პონტოელთა რამდენიმე წარმატებული ბრძოლის მერე სულამ რომიდან უბრძანა მურენას, პონტოსთან ზავი დაედო ქრ. შ–მდე 81 წელს. ამ ზავმა მითრიდატეს ძველი პრესტიჟი აღადგინა მეზობელ ქვეყნებში. 

პონტოელი მეომრები


ქრ. შ–მდე 78 წელს სულა გარდაიცვალა. ამით ძალთა ბალანსი შეიცვალა რეგიონში. მითრიდატემ თავის სიძეს, სომეხთა მეფე ტიგრან II-ს კაპადოკიის დაკავება შესთავაზა, რათა თვითონ არ გამოჩენილიყო აგრესორად. სანამ აზიაში ეს ამბები ხდებოდა, ესპანეთში მეამბოხე რომაელი სარდალი სერტორიუსი სეპარატისტულ ომს აწარმოებდა სენატის წინააღმდეგ, ამიტომ რომის რესპუბლიკის ძირითადი ძალები მასთან ბრძოლით იყო დაკავებული. სერტორიუსის დესპანები მითრიდატეს ეწვივნენ სინოპში, პონტოს სატახტოში კავშირის დასამყარებლად. 

ბითინიის მეფე ნიკომედესი უშვილძიროდ გარდაიცვალა და თავისი სამეფო რომს უანდერძა. მითრიდატესთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო, ამიტომაც ომი გარდაუვალი გახდა და დაიწყო მესამე მითრიდატული ომი ქრ. შ–მდე 74 წელს. იგი ბითინიაში შეიჭრა კიდევ ერთხელ. ამასობაში კონსულები ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი და მარკუს ავრელიუს კოტა მცირე აზიისა და ბითინიის გუბერნატორებად დაინიშნენ. ამავე დროს ესპანეთში სერტორიუსი დაიღუპა და მისმა მრჩევლებმა, რომლებიც მითრიდატეს კარზე იყვნენ, საიდუმლოდ მოლაპარაკებები დაიწყეს ლუკულუსთან იმ მიზნით, რომ თავიანთი ძველი პოზიციები აღედგინათ რომში. მითრიდატემ კოტა დაამარცხა საზღვაო ბრძოლაში, მაგრამ ლუკულუსმა სახმელეთო ბრძოლაში ძლია პონტოს მეფე მისი მოღალატე მრჩევლების წყალობით. მითრიდატე სომხეთში გაიქცა. ლუკულუსმა კი თითქმის მთელი ანატოლია დაიპყრო ქრ. შ–მდე 71 წლისთვის.


მითრიდატეს დროინდელი მონეტები. მარკ ქართრაითის ფოტო.


იმავე წელს ლუკულუსმა დესპანი გაუგზავნა მითრიდატეს შვილს, ბოსფორის მეფე მახარეს, რომელმაც საკუთარ მამას უღალატა და რომის ვასალი გახდა. 
ქრ. შ–მდე 69 წელს ლუკულუსი მეფე ტიგრანის წინააღმდეგ დაიძრა. სომეხთა მეფეს მხარს უჭერდნენ იბერიისა და ალბანეთის მეფეები. მან მითრიდატეს რჩევა არ გაითვალისწინა და გაშლილ ველზე ამჯობინა რომაულ ლეგიონებთან შერკინება და პირდაპირ მიადგა ჯარით რომაელებს, რომლებსაც ალყაში ჰყავდათ მოქცეული ქალაქი ტიგრანოკერტა. ტიგრანი სასტიკად დამარცხდა და გაიქცა ბრძოლის ველიდან. ლუკულუსი დაედევნა და მომდევნო წელს კიდევ დაამარცხა ტიგრანი არტაქსატასთან. ამასობაში მითრიდატე პონტოში დაბრუნდა და ლუკულუსიც იძულებული გახდა სომხეთიდან გამობრუნებულიყო. 

ქრ შ–მდე 66 წელს ლუკულუსი გნეუს პომპეუსმა ჩაანაცვლა. მითრიდატეს დევნაში მან ზედიზედ დაამარცხა სომხეთი, იბერია, ალბანეთი და აიძულა ხელი მოეწერათ რომთან "სამოკავშირეო და სამეგობრო" ხელშეკრულებაზე, ხოლო კოლხეთი უშუალოდ შეუერთა რომის სახელმწიფოს.


გნეუს პომპეუს "მაგნუსი" (დიდი)

მითრიდატე ბოსფორის სამეფოში გაიქცა და მოკლა თავისი მოღალატე შვილი მახარე, მაგრამ მოსახლეობა დაქანცული იყო ამდენი ომით და მხარი დაუჭირა მის უმცროს ვაჟს, ფარნაკეს, რომელმაც მამის ტახტიდან გადაგდება გადაწყვიტა. მითრიდატე სრულიად მარტო დარჩა. მან საწამლავით სცადა თავის მოკვლა, მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა საწამლავსა და შხამს იღებდა მცირე დოზებით იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად. ბოლოს თავის ერთგულ მსახურს, ბიტოიტს დაავალა ხმლით მოეკლა იგი. ასე დასრულდა მესამე და უკანასკნელი მითრიდატული ომი ქრ. შ–მდე 63 წელს.

კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Appian. "The Mithridatic Wars," in Roman History.
2. McGing, Brian. "Mithridates VI."

No comments:

Post a Comment