ჰერაკლეას ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ქრ. შ–მდე 289 წელს კონსული ლევინუსი რომში დაბრუნდა. რომაელებმა სასწრაფოდ დაიწყეს თავიანთი არმიის შეთხელებული რიგების შევსება. პიროსმა თავისი მეგობარი და მრჩეველი, კინეასი გაგზავნა ელჩად რომში დიდი ძღვენით, რომელიც სავარაუდოდ ქრთამად იყო განზრახული. თვითონ პიროსიც ჩრდილოეთით გაემართა რომის მიმართულებით. გზაში მას დიდი სიხარულით ხვდებოდნენ ბერძნები და სხვა იტალიური ტომები, რომლებიც "გათავისუფლდნენ" რომაელი მჩაგვრელებისგან. რომში კინეასმა ვერ შეასრულა თავისი დავალება და ვერ დაიყოლია რომაელები სამშვიდობო მოლაპარაკებაზე.
ძალიან მალე პიროსს ეწვია რომაელი, სახელად ფაბრიციუსი იმ მიზნით, რომ რომაელი ტყვეები გაეთავისუფლებინა. პიროსმა მისი მოსყიდვაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ მისი გაკვირვება სცადა სპილოთი, რომელიც ფარდის უკან უნდა დაემალათ და მოულოდნელად გამოეჩინათ. როდესაც ფაბრიციუსმა დაინახა სპილო, გაკვირვება საერთოდ არ გამოხატა.
ფაბრიციუსი საოცრად პატიოსანი და ღირსეული ადამიანი იყო. როდესაც პიროსის მოღალატე ექიმმა მას მეფის მოწამლვა შესთავაზა, ფაბრიციუსმა პიროსს შეატყობინა ამ ღალატის შესახებ და დასძინა, რომ ის რომის ღირსებას არ შებღალავდა მტრის დამარცხებით ღალატის გზით. გაოგნებულმა პიროსმა ფაბრიციუსს თავის კომპანიონთა შორის მთავარი ადგილი შესთავაზა, მაგრამ რომაელმა შორს დაიჭირა. ამის შემდეგ ფაბრიციუსი რომში დაბრუნდა ტყვეებით, რომლებიც პიროსმა გაათავისუფლა ფაბრიციუსისადმი პატივისცემის ნიშნად.
ელინისტური სამყარო და რომის რესპუბლიკა
პიროსმა წინსვლა განარგძო ჩრდილოეთისკენ და გადაწყვიტა ქალაქი კაპუა აეღო, მაგრამ ლევინუსმა ამის საშუალება არ მისცა. შემდეგ პიროსმა ნეაპოლისის აღება სცადა, მაგრამ აქაც არ გაუმართლა. მეფემ თავი მიანება ამ ქალაქებს და პირდაპირ ქალაქ რომისკენ დაიძრა. აქ მას შეატყობინეს, რომ ორი რომაული არმია მოიწევდა მისკენ გამალებული. ამიტომ პიროსმა უკან დახევა არჩია ტარენტუმისკენ. სამნიტებმა, ბრუტიებმა, ლუკანიელებმა და სხვა მოკავშირეებმა დამხმარე ძალები გამოუგზავნეს პიროსს.
იდგა ქრ. შ–მდე 279 წელი. დიდი ხმალთაკვეთება ელოდათ მოწინააღმდეგეებს ქალაქ ასკულუმთან. კონსულები პუბლიუს დეციუს მუსი და პუბლიუს სულპიციუს სავერიო ედგნენ სათავეში ორ რომაულ არმიას. მათ რიგებში შედიოდა დაახლოებით 40 000 ლეგიონერი და 5 000 კავალერისტი. პიროსს კი ჰყავდა 38 000 ქვეითი, 5 000 კავალერისტი და 19 სპილო.
სისხლიანი ბრძოლა მეორე დღემდე გაგრძელდა. 6 000 რომაელი და 3 500 ბერძენი შეეწირა ამ ბრძოლას. აქ ითქვა პიროსის ცნობილი სიტყვები: "თუ კიდევ ერთხელ ასე გავიმარჯვებთ, საბოლოოდ დავიღუპებით." სწორედ აქედან წარმოსდგა გამოთქმა "პიროსის გამარჯვება", რაც ნიშნავს გამარჯვებას, რომელიც დამარცხების ტოლფასია.
პიროსი ისევ ტარენტუმში დაბრუნდა და თავისი ჯარის შეთხელებული რიგების შევსება დაიწყო. იქ მას ელჩები ეწვივნენ მაკედონიიდან და სიცილიიდან. მაკედონიის მაშინდელი მეფე კელტებთან ბრძოლაში დაიღუპა და პიროსისნაირი მეომარი მეფე სჭირდებოდათ მაკედონელებს. სიცილიელები კი კართაგენის წინააღმდეგ თხოვდნენ პიროსს დახმარებას. ეპიროსის მეფემ ამ უკანასკნელთა თხოვნის ასრულება უფრო მომგებიანად ჩათვალა. ქრ. შ–მდე 278 წელს იგი გაემგზავრა სიცილიისკენ 8 000 ქვეითითა და 2 000 მხედრით. პიროსი ჯერ ჩავიდა ტაურონემიუმში, რომლის ტირანმა ერთგულება შეჰფიცა ეპიროსის მეფეს. შემდეგ პიროსი კატანიაში ჩავიდა სამხრეთით. იქაური მოქალაქეები მას შეხვდნენ, როგორც მხსნელს. ბოლოს პიროსმა ჩააღწია სირაკუზაში, რომელიც ალყაში ჰყავდათ მოქცეული კართაგენელებს. ეპიროსელების გამოჩენა მათთვის მოულოდნელობა იყო და დროებით გაცლა ამჯობინეს. პიროსი დასავლეთით დაიძრა და სიცილიის ორი მნიშვნელოვანი ქალაქი ჩაიგდო ხელში: სელინუსი და სეგესტა. ეს პიროსის ბოლო ტკბილი განავარდება იყო სიცილიის მიწაზე.
სიცილია
ამასობაში მაკედონიაში გაბატონდა დემეტრიოსის ვაჟი ანტიგონოსი, რომელმაც დაამარცხა კელტთა დიდძალი ჯარი.
პიროსს კი საქმე გაურთულდა სიცილიაში. სამხედრო კამპანიისთვის გადასახადებს ზრდიდა სიცილიურ ქალაქებში, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა მოსახლოებაში და ბოლოს აჯანყებაც დაიწყეს. ამავე დროს რომაელებმა შეტევები განაახლეს და პიროსის მოკავშირე ბერძნები დაამარცხეს იტალიაში. ტარენტუმელები კვლავ დახმარებას ითხოვდნენ. პიროსსაც აღარ სურდა სიცილიაში დარჩენა, ისარგებლა ამ მომენტით და უყოყმანოდ დათანხმდა ტარენტუმელების თხოვნას.
კახი გაგნიძე
ბიბლიოგრაფია:
1. პლუტარქე, პარალელური ბიოგრაფიები, პიროსი ეპიროსიდან.
2. ტიტუს ლივიუსი. რომის ისტორია XII - XIV წიგნების პერიოქები.
No comments:
Post a Comment