ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ, ქრ. შ–მდე 323 წელს, მისი მსოფლიო იმპერია დაინაწილეს მისმა გენერლებმა იგივე დიოდოხოსებმა, რაც მემკვიდრეებს ნიშნავს. ალექსანდრეს დედას, ოლიმპიას, რომლის შვილიშვილი სამეფო ტახტზე იჯდა, ემუქრებოდა დიოდოხოს ანტიპატროსის ვაჟი, კასანდროსი.
ოლიმპიამ კავშირი შეკრა ეპიროსის მეფე აეკიდესთან, რათა მაკედონია დაეპყრო. თუმცა ქრ. შ–მდე 317 წელს მისი სისასტიკის გამო მას მხარდამჭერები ჩამოსცილდა. ამით კასანდროსმა ხელსაყრელი მომენტის გამოყენება სცადა . საბერძნეთიდან შეუტია მაკედონიას, გაიმარჯვა და ოლიმპია მოკლა. ამასობაში აეკიდესს თავისი არმია აუჯანყდა და მეფედ ნეოპტოლემუს II გამოაცხადეს. ტახტიდან გადაგდებული მეფის ოჯახის ბევრი წევრი გამოასალმეს სიცოცხლეს, მაგრამ მისი ვაჟი, სამი წლის უფლისწული პიროსი მისმა მომხრეებმა გადამალეს ჩრდილოეთ ეპიროსში. თუმცა იქ დიდხანს არ გაჩერდნენ და ილირიის მეფესთან შეაფარეს თავი, რომელმაც კეთილად მიიღო პატარა უფლისწული.
მალე კასანდროსი ილირიაში შეიჭრა, დაამარცხა პიროსის მფარველი ბრძოლაში. პიროსი კი თავისი სასახლის კარზე დაიტოვა.
სამხრეთ საბერძნეთში ანტიგონოს I და კასანდროსი ებრძოდნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის ძალაუფლება შეირყა მაკედონიაზე. აეკიდესმა სცადა ამ მომენტის გამოყენება და ეპიროსში დაბრუნდა, სადაც დიდძალი ჯარი შეკრიბა. კასანდროსმა თავისი ძმა ფილიპე გაგზავნა მის წინააღმდეგ, რომელმაც დაამარცხა და მოკლა ეპიროსის მეფე. უზურპატორი ნეოპტოლემუსი ისევ დაუბრუნდა ტახტს.
ქრ. შ–მდე 307 წელს ილირიის მეფე შეიჭრა ეპიროსში, გადააგდო ნეოპტოლემუსი ტახტიდან და დასვა 11 წლის პიროსი, რომლის სამეფოც ახლა ილირიის ვასალი იყო. 6 წლის შემდეგ პიროსი ილირიაში გაემგზავრა მეფე გლავკოსის შვილის ქორწილზე, მაგრამ ეპიროსში აჯანყებამ იფეთქა და ისევ ნეოპტოლემუსი დააბრუნეს ტახტზე. ილირიის მეფე ვეღარ დაეხმარა პიროსს ტახტის დაბრუნებაში. ამიტომ ეს უკანასკნელი საბერძნეთისკენ გაეშურა, სადაც ანტიგონოს I-ის ვაჟი, დემეტრიოსი მეფობდა და ამავე დროს პიროსის სიძე იყო. ისინი ერთად გაემზავრნენ აზიაში ანტიგონოსთან, სადაც პიროსმა ბევრი რამ ისწავლა ომის ხელოვნების შესახებ.
მოხიბლულმა ანტიგონოსმა აღნიშნა კიდეც, რომ პიროსი თავისი დროის უდიდესი გენერალი გახდებოდა.
ქრ. შ–მდე 301 წელს დიოდოხოსები ლიზიმაქოსი და სელევკოსი უზარმაზარი არმიებით დაუპირისპირდნენ ანტიგონოსს და მის შვილს დემეტრიოსს იპსოსის ველზე. ეს 18 წლის პიროსის პირველი საბრძოლო ნათლობა იყო.
ანტიგონოსი დამარცხდა. ხოლო დემეტრიოსი და პიროსი საბერძნეთში გაიქცნენ.
ქრ. შ–მდე 298 წელს დემეტრიოსმა ზავი დადო ეგვიპტის მეფე პტოლემეოსთან და პიროსი მძევლად გაგზავნა ზავის თანახმად. თუმცა იგი სასახლის კარზე უფრო საპატიო სტუმრად მიიღეს, ვიდრე მძევლად. მალე პტოლემეოსმა ახალგაზრდა უფლისწული სიძედაც გაიხადა.
ქრ. შ–მდე 297 წელს კასანდროსი გარდაიცვალა და ეგვიპტის მეფემ პიროსს ფული და ჯარი გამოატანა ტახტის დასაბრუნებლად. პიროსმა და ნეოპტოლემუსმა ეპიროსის მმართველობა გაინაწილეს, თუმცა ერთმანეთის დასამხობად მალულად ემზადებოდნენ. ერთხელაც პიროსმა ნეოპტოლემუსი ნადიმზე მიიწვია და მოაკვლევინა. ამით იგი ეპიროსის ერთპიროვნული მმართველი გახდა. სხვა ელინისტური სამეფოების მსგავსად პიროსიც ოცნებობდა თავისი სამეფოს საზღვრების გაფართოებაზე მეზობლების ხარჯზე. პიროსმა სამხედრო რეფორმა ჩაატარა. ჯარი მაკედონურ ყაიდაზე მოაწყო.
ეპიროსელი მეომრები
ქრ. შ–მდე 293 წელს მაკედონიაში აჯანყებები მძვინვარებდა. პიროსი შეიჭრა მაკედონიაში, დაიკავა ქვეყნის დასავლეთი ნაწილი და რამდენიმე ქალაქისაგან ხარკი მოითხოვა, მაგრამ სამხრეთიდან დემეტრიოსი წამოვიდა უზარმაზარი არმიით და პიროსი იძულებული გახდა უკან დაეხია.
ქრ. შ–მდე 289 წელს დემეტრიოსი ეპიროსის აეტოლიელ მოკავშირეებს დაესხა თავს. პიროსმა შეიტყო ამის შესახებ და სასწრაფოდ გაეშურა დემეტრიოსთან შესახვედრად ჯარით. სასტიკ ბრძოლაში პიროსმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რისთვისაც მეომრებმა მას არწივი შეარქვეს. ამიერიდან მაკედონელები დარწმუნდნენ, რომ პიროსთან ხუმრობა ნამდვილად არ ღირდა.
No comments:
Post a Comment