30 December 2019


ექვსწლიანი ბრძოლების შედეგად ბრიტანეთის კუნძულის პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ისტ ანგლიისა და ნორტუმბრიის მმართველი დინასტიები გაქრნენ და მათი ტერიტორიები მთლიანად ვიკინგებმა დაიკავეს. მერსიაც გადაშენების პირას იყო.  ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სამეფო იდგა ფეხზე. ეს იყო უესექსი, სადაც ალფრედი მეფობდა, შემდგომში დიდად წოდებული. 

871 წელს უესექსიდან უკანდახევის შემდეგ, ჰალფდანი ნორტუმბრიაში გაბრუნდა თავისი ლაშქრით, სადაც მან მიწების დარიგება დაიწყო მეურნეობის განვითარების მიზნით. ეს უბრალო დაპყრობა აღარ იყო, ეს უკვე ნამდვილი კოლონიზაცია იყო. 
874 წელს ვიკინგებმა მერსიაც დაიპყრეს და უესექსი მარტო დარჩა ვიკინგური "ვეშაპის" პირისპირ. ნორმანები თავიანთი სწრაფი და მოქნილი ხომალდებით თავს ესხმოდნენ უესექსის სანაპირო დასახლებებს. ამით აჩვენებდნენ ალფრედს, რომ მის სამეფოზე ფართო მასშტაბიანი თავდასხმები ყველა მიმართულებიდან იყო შესაძლებელი. 

ვიკინგური ხომალდი


უესექსის ლაშქარი ძირითადად გლეხებისგან შედგებოდა. აქედან გამომდინარე, ეს საკმარისი არ იყო სკანდინავიელთა მრისხანე ძალასთან დასაპირისპირებლად. 
876 წელს ვიკინგთა ერთ–ერთი ბელადი გუთრუმი უესექსში შეიჭრა დიდი მხედრობით და დაამარცხა ალფრედი, რომელიც მცირე ძალებით გამოსულიყო მის წინააღმდეგ. ალფრედმა ზავი ითხოვა და გუთრუმიც დათანხმდა. ორივე მხარეს იმედი ჰქონდა, რომ ამ დროს უკეთ გამოიყენებდნენ მომავალი ომისთვის მოსამზადებლად. მომდევნო გაზაფხულს გუთრუმი კვლავ წამოვიდა უესექსისკენ. იგი ღრმად შეიჭრა ალფრედის სამეფოში დასავლეთის მიმართულებით. ამით გუთრუმს მისი შორს გატყუება უნდოდა, რადგან უესექსისკენ კიდევ მოიწევდა სხვა საფრთხე. ეს იყო უბა რაგნარსონი, რომელიც ირლანდიიდან მოდიოდა ჯარითა და ხომალდებით. თუმცა ალფრედის სასარგებლოდ ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და ბევრი გემი ჩაეძირა უბას. ეს რომ გუთრუმმა გაიგო, აიყარა თავისი ჯარით და დატოვა უესექსი. 

ალფრედ დიდის ქანდაკება უინჩესტერში


878 წელს გუთრუმი მოულოდნელად თავს დაესხა ალფრედს. უესექსის მეფემ ძლივს გაასწრო სიკვდილს მცირე ძალებით და ერთ–ერთ ჭაობიან ადგილას დაბანაკდა. საიდანაც რეიდებს აწარმოებდა საკუთარ მიწაზე, სადაც ვიკინგები კალიასავით იყვნენ მოდებულნი. ალფრედი რომ დანებებულიყო და დანარჩენი სამეფოთა მეფეებივით მოქცეულიყო, მთელი ინგლისი ვიკინგ–დანიელების ხელში აღმოჩნდებოდა. იმავე წელს რაგნარის უკანასკნელი ცოცხალი ვაჟი უბა დაიღუპა ერთ–ერთი შეტაკების დროს. ამან შეაშფოთა გუთრუმი და ჩრდილოეთისკენ დაიხია თავისი მძარცველებით. ალფრედს საშუალება მიეცა, მოზრდილი არმია შეეკრიბა, რის შემდეგაც იგი ედინგტონთან დაბანაკდა. აქ მათ გადამწყვეტი ბრძოლა ელოდათ, რომელსაც უესექსის ბედი უნდა გადაეწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ. ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა, იქამდე, სანამ დანიელთა ერთ–ერთი რაზმი არ გაიქცა. ამან მთელი ვიკინგური ლაშქრის დამარცხება გამოიწვია. გულადუღებული საქსები დაედევნენ და გაშმაგებით ხოცეს დანიელები. საბოლოოდ გუთრუმი დანებდა და ზავი ითხოვა. იგი ქრისტიანულადაც კი მოინათლა და დატოვა უესექსი. 886 წელს იგი მეფედ ეკურთხა ისტ ანგლიაში. მერსია გუთრუმმა და ალფრედმა ერთმანეთში გაინაწილეს. 

ალფრედმა არა მხოლოდ გადაარჩინა თავისი სამეფო, არამედ ძლიერ სახელმწიფოდაც აქცია იგი. გუთრუმს ზავი არასდროს დაურღვევია, მაგრამ იგი არ იყო ვიკინგთა ერთადერთი ლიდერი. საქსებს ჯერ კიდევ ბევრი ხმალთაკვეთა ელოდათ მომავალში. 


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Hindley, Geoffrey. The Anglo-Saxons.
2. Sawyer, Peter. The Age of the Vikings.
3. Sawyer, Peter. Kings and Vikings: Scandinavia and Europe A.D. 700 - 1100.

No comments:

Post a Comment