16 December 2019



     პიროსი თავისი დროის ამომავალი ვარსკვლავი იყო. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მისი ამბიციებიც მით უფრო იზრდებოდა. ქრ. შ–მდე 289 წელს ის მაკედონიაში შეიჭრა. ამჯერად მას მხოლოდ ნადავლის შოვნა უნდოდა. დემეტრიოსმა დიდი არმია შეკრიბა და სცადა თავისი მამის აზიური სამფლობელოები დაებრუნებია. ამიტომ, პიროსთან ზავის დადება არჩია. 
     პტოლემეოსმა, სელევკოსმა და ლიზიმაქოსმა კავშირი შეკრეს და გადაწყვიტეს ბოლო მოეღოთ თავიანთი ძველი ანტიგონიდი მტრისთვის. ალიანსმა დესპანები გაუგზავნა პიროსსაც და ურჩევდა დემეტრიოსისთვის დასავლეთიდან შეეტია სანამ ეს უკანასკნელი დაკავებული იქნებოდა აღმოსავლეთ პროვინციებში ბრძოლით. 
გარკვეული ყოყმანის შემდეგ, პიროსი დათანხმდა და შეუერთდა კოალიციას. 
     ქრ. შ–მდე 288 წელს პტოლემეოსმა სამხრეთიდან შემოუტია მაკედონიას, ხოლო ლიზიმაქოსი თრაკიიდან უტევდა. საპასუხოდ, დემეტრიოსი დიდი ჯარით ჩრდილოეთით დაიძრა ლიზიმაქოსის წინააღმდეგ. პიროსმა იხელთა დრო და მაკედონიაში შეიჭრა. ამასობაში დემეტრიოსმა დაამარცხა ლიზიმაქოსი, მაგრამ მისი ჯარი უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ პიროსი უპრობლემოდ დათარეშობდა მათ სამშობლოში. 
     პიროსის მზარდი რეპუტაციის გამო მაკედონელთა პატარ–პატარა ჯგუფებმა ნელ–ნელა მის მხარეს დაიწყეს გადასვლა. მალე დემეტრიოსის მთელმა არმიამაც პიროსის მხარე არჩია. დემეტრიოსი გაიქცა, ხოლო პიროსმა მაკედონია "ნებიერად" დაიპყრო. თუმცა მშვიდად ყოფნა არ დასცალდა. თრაკიიდან კვლავ ლიზიმაქოსი წამოვიდა. პიროსმა მასთან ბრძოლა უიმედოდ ჩათვალა და მთელი მაკედონია შეატოვა ხელში. თვითონ კვლავ ეპიროსში დაბრუნდა. 

პიროსისა და ლიზიმაქოსის სამეფოები.


     ამასობაში დასავლეთით, აპენინის ნახევარკუნძულზე რომის რესპუბლიკა იკრებდა ძალას და თავის ტერიტორიებს აფართოებდა. ამჯერად ის ნახევარკუნძულზე მდებარე ბერძნულ კოლონიებს, ე.წ. "დიდ საბერძნეთს" ემუქრებოდა. ქალაქ ტარენტუმის მოსახლეობამ პიროსს ელჩობა გაუგზავნა დახმარების თხოვნით ქრ. შ–მდე 281 წელს.
პიროსი დათანხმდა იმ პირობით, რომ ომის ხარჯებს ტარენტუმი გადაიხდიდა. 
ერთი წლის შემდეგ მათ ხომალდები გამოგზავნეს პიროსის არმიის იტალიაში გადასაყვანად. წყაროების მიხედვით პიროსს ჰყავდა 20 000 ფალანგიტი და სავარაუდოდ მოქირავნეებიც, 3 000 ცხენოსანი, 2 000 მშვილდოსანი, 500 მეშურდულე და 20 სპილო. 
     რომის სენატმა კონსულ პუბლიუს ვალერიუს ლევინუსს ოთხი ლეგიონი ჩააბარა და უბრძანა, პირდაპირ ტარენტუმისკენ დაძრულიყო. ამით მათ უნდოდათ პიროსი ჩაეთრიათ ბრძოლაში მანამ, სანამ მას ბერძენი მოკავშირეები შეუერთდებოდნენ. გეგმამ გაამართლა. როცა რომაელები ქალაქ ჰერაკლეასთან მივიდნენ, პიროსი სასწრაფოდ გაეშურა მტერთან შესახვედრად. 
     რომაული არმია სამი დანაყოფისაგან შედგებოდა. პირველ რიგში იდგნენ ჰასტატები, მეორეში – უფრო გამოცდილი პრინციპები, ხოლო მესამე რიგში – ვეტერანი ტრიარები, რომლებიც რეზერვს წარმოადგენდნენ. მთლიანობაში რომაელებს დაახლოებით 40 000 ლეგიონერი ჰყავდათ. დამატებით, ფლანგებზე 2 400 რომაელი და მოკავშირე მხედრობა იდგა.

"პოლიბიოსის სამყაროს" რომაელი ლეგიონერები. ქრ. შ–მდე III-II სს.

 პიროსის 25 000 მეომარს კიდევ მოკავშირე ბერძნების ძალებიც დაემატა და მთლიანობაში პიროსის ძალთა რაოდენობამ 31 000–მდე მიაღწია. 
     ბრძოლის დაწყებამდე პიროსმა რამდენიმე მხედართან ერთად რომაელთა ბანაკს შეავლო თვალი შორიდან. მან გაკვირვებულმა უთხრა თავისიანებს, რომ რომაელები სულაც არ ჰგავდნენ ბარბაროსებს, როგორც მას ეგონა. 
     მოწინააღმდეგეთა შორის მდინარე იყო. პიროსმა მდინარეზე გადმოსასვლელის დასაცავად მსუბუქი ქვეითი მეომრები გაგზავნა, იმ იმედით, რომ ბანაკის უკეთ გასამაგრებლად საკმარისი დრო ექნებოდა. მწარედ კი შეცდა. ლევინუსი მთელი ძალებით წამოვიდა მდინარის გადმოსალახად. რომაულმა მხედრობამ პიროსის ქვეითი ყარაული გაფანტა. პიროსიც წამოვიდა მტერთან შესახვედრად ფალანგებითა და მხედრებით. რომაელთა არმიამ მოასწრო მდინარის მთლიანად გადმოლახვა. ცხარე ბრძოლისას პიროსი ცხენიდან ჩამოაგდეს და კინაღამ მოკლეს, მისმა მეგობარმა მეგაკლესმა მეფის საჭურველი აისხა და ბრძოლაში ჩაერთო, როგორც პიროსი.
რომაელები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ფალანგათა ერთიანი კედელი მათ შუბებით აწვებოდა მდინარისკენ. თუმცა, უცაბედად მეგაკლესი მოკლეს. აღტაცებულმა რომაელებმა მისი მუზარადი აიტაცეს, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა. ეპიროსელებმაც დაიჯერეს, რომ მათი მეფე მკვდარი იყო. პიროსმა სასწრაფოდ ჩამოუქროლა თავისიანთა რიგებს, ყვირილით, რომ ის ცოცხალი იყო. ეპიროსელები გამხნევდნენ. ამავე დროს პიროსის სპილოებმა ფლანგებიდან შეუტიეს რომაელებს. ამ უკანასკნელებს ეს "ურჩხულები" აქამდე არასდროს ენახათ. 
რომაელები გატყდნენ და გაიქცნენ. პიროსი რჩეული თესალიური კავალერიით დაედევნა და კიდევ ბევრი ლეგიონერი დახოცა. 
     7 000 რომაელი დაეცა ბრძოლის ველზე და 2000 ტყვედ ჩავარდა. პიროსმა 4 000 მეომარი დაკარგა, მათ შორის ბევრი ვეტერანი სარდალი. ეს პიროსის პირველი გამარჯვება იყო რომაელთა წინააღმდეგ. მეტისმეტად მძიმე კი აღმოჩნდა "მგლის ნაშიერებთან" შერკინება. პიროსი მიხვდა, რომ მას ღირსეულ და მეტად საშიშ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა საქმე. 
მტრებმა ჭრილობების მოშუშება და ახალი ბრძოლებისთვის მზადება  დაიწყეს.

კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. პლუტარქე, პარალელური ბიოგრაფიები, პიროსი ეპიროსიდან.
2. ტიტუს ლივიუსი. რომის ისტორია XII - XIV წიგნების პერიოქები.

No comments:

Post a Comment