31 December 2019



878 წლის ედინგტონთან გამარჯვებამ გადაშენებას გადაარჩინა უესექსის სამეფო. მიუხედავად იმისა, რომ გუთრუმი გაქრისტიანდა და აღარ იყო ალფრედის მტერი, უესექსს მაინც ემუქრებოდა პოტენციური საფრთხე. ალფრედი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის აღმშენებლობას. მან მრავალი საფორტიფიკაციო ნაგებობა ააგო.

890 წელს გუთრუმი გარდაიცვალა და ორი წლის შემდეგ ვიკინგები შემოიჭრნენ უესექსში, მაგრამ ალფრედმა წარმატებით მოიგერია მტერი ახალი ციხესიმაგრეების წყალობით და განდევნა ვიკინგები. 899 წელს ალფრედი გარდაიცვალა, თავისი სამეფო კი უფროს ვაჟს, ედუარდს გადასცა. თუმცა სამეფო ტახტზე პრეტენზიას ალფრედის ძმისშვილი ეთელუოლდი აცხადებდა. იგი დანიელებთან გაიქცა, რომლებმაც დიდი სიხარულით მიიღეს მოღალატე საქსი. ეთელუოლდმა ლაშქარი შეკრიბა და 901–902 წლებში უესექსისკენ დაიძრა. ბრძოლა დანიელებმა მოიგეს, მაგრამ ძვირად დაუჯდათ ეს გამარჯვება: მათი მეფეც და ეთელუოლდიც ბრძოლის ველზე დაეცნენ. ედუარდმა ბიძაშვილი რომ მოიშორა, მშვიდად შეუდგა ქვეყნის მართვას. დასავლეთ მერსიის მეფე ეთელრედიც, რომელიც უესექსის სამეფოს ვასალი და ალფრედ დიდის სიძე იყო, იგივეს აკეთებდა. ამაგრებდა ქვეყანას ვიკინგების მოსალოდნელი შემოსევების უკუსაგდებად. 

        ვიკინგი მეომრები. კადრი სერიალიდან "ვიკინგები".


მოვლენები ნელ–ნელა საქსების სასიკეთოდ ვითარდებოდა, თუმცა ინგლისის სრუტის გადაღმა, ვიკინგებმა დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილი დაიპყრეს, რის შედეგად ანგლო–საქსები ვიკინგურ რკალში აღმოჩნდნენ, მაგრამ ამან არ შეაშინა ედუარდი. იგი კიდევ უფრო გაცხოველებით შეუდგა დანიელების წინააღმდეგ ბრძოლას, ისტ ანგლიაც კი წაართვა მათ და უესექსს შეუერთა. მერსიის დედოფალი ეთელფლედიც შეტევაზე გადავიდა, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანას მარტო განაგებდა. 918 წელს იორკში ჩასახლებულმა ვიკინგებმა მორჩილება გამოუცხადეს დედოფალს, თუმცა იგი იმავე წელს გარდაიცვალა და ედუარდმა მთელი მერსია თავის სამეფოს შეუერთა. ამით უესექსის ტერიტორია მკვეთრად გაიზარდა, რამაც ის ინგლისში დომინანტ ძალად აქცია.


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Hindley, Geoffrey. The Anglo-Saxons.
2. Sawyer, Peter. The Age of the Vikings.
3. Sawyer, Peter. Kings and Vikings: Scandinavia and Europe A.D. 700 - 1100.

30 December 2019


ექვსწლიანი ბრძოლების შედეგად ბრიტანეთის კუნძულის პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ისტ ანგლიისა და ნორტუმბრიის მმართველი დინასტიები გაქრნენ და მათი ტერიტორიები მთლიანად ვიკინგებმა დაიკავეს. მერსიაც გადაშენების პირას იყო.  ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სამეფო იდგა ფეხზე. ეს იყო უესექსი, სადაც ალფრედი მეფობდა, შემდგომში დიდად წოდებული. 

871 წელს უესექსიდან უკანდახევის შემდეგ, ჰალფდანი ნორტუმბრიაში გაბრუნდა თავისი ლაშქრით, სადაც მან მიწების დარიგება დაიწყო მეურნეობის განვითარების მიზნით. ეს უბრალო დაპყრობა აღარ იყო, ეს უკვე ნამდვილი კოლონიზაცია იყო. 
874 წელს ვიკინგებმა მერსიაც დაიპყრეს და უესექსი მარტო დარჩა ვიკინგური "ვეშაპის" პირისპირ. ნორმანები თავიანთი სწრაფი და მოქნილი ხომალდებით თავს ესხმოდნენ უესექსის სანაპირო დასახლებებს. ამით აჩვენებდნენ ალფრედს, რომ მის სამეფოზე ფართო მასშტაბიანი თავდასხმები ყველა მიმართულებიდან იყო შესაძლებელი. 

ვიკინგური ხომალდი


უესექსის ლაშქარი ძირითადად გლეხებისგან შედგებოდა. აქედან გამომდინარე, ეს საკმარისი არ იყო სკანდინავიელთა მრისხანე ძალასთან დასაპირისპირებლად. 
876 წელს ვიკინგთა ერთ–ერთი ბელადი გუთრუმი უესექსში შეიჭრა დიდი მხედრობით და დაამარცხა ალფრედი, რომელიც მცირე ძალებით გამოსულიყო მის წინააღმდეგ. ალფრედმა ზავი ითხოვა და გუთრუმიც დათანხმდა. ორივე მხარეს იმედი ჰქონდა, რომ ამ დროს უკეთ გამოიყენებდნენ მომავალი ომისთვის მოსამზადებლად. მომდევნო გაზაფხულს გუთრუმი კვლავ წამოვიდა უესექსისკენ. იგი ღრმად შეიჭრა ალფრედის სამეფოში დასავლეთის მიმართულებით. ამით გუთრუმს მისი შორს გატყუება უნდოდა, რადგან უესექსისკენ კიდევ მოიწევდა სხვა საფრთხე. ეს იყო უბა რაგნარსონი, რომელიც ირლანდიიდან მოდიოდა ჯარითა და ხომალდებით. თუმცა ალფრედის სასარგებლოდ ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და ბევრი გემი ჩაეძირა უბას. ეს რომ გუთრუმმა გაიგო, აიყარა თავისი ჯარით და დატოვა უესექსი. 

ალფრედ დიდის ქანდაკება უინჩესტერში


878 წელს გუთრუმი მოულოდნელად თავს დაესხა ალფრედს. უესექსის მეფემ ძლივს გაასწრო სიკვდილს მცირე ძალებით და ერთ–ერთ ჭაობიან ადგილას დაბანაკდა. საიდანაც რეიდებს აწარმოებდა საკუთარ მიწაზე, სადაც ვიკინგები კალიასავით იყვნენ მოდებულნი. ალფრედი რომ დანებებულიყო და დანარჩენი სამეფოთა მეფეებივით მოქცეულიყო, მთელი ინგლისი ვიკინგ–დანიელების ხელში აღმოჩნდებოდა. იმავე წელს რაგნარის უკანასკნელი ცოცხალი ვაჟი უბა დაიღუპა ერთ–ერთი შეტაკების დროს. ამან შეაშფოთა გუთრუმი და ჩრდილოეთისკენ დაიხია თავისი მძარცველებით. ალფრედს საშუალება მიეცა, მოზრდილი არმია შეეკრიბა, რის შემდეგაც იგი ედინგტონთან დაბანაკდა. აქ მათ გადამწყვეტი ბრძოლა ელოდათ, რომელსაც უესექსის ბედი უნდა გადაეწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ. ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა, იქამდე, სანამ დანიელთა ერთ–ერთი რაზმი არ გაიქცა. ამან მთელი ვიკინგური ლაშქრის დამარცხება გამოიწვია. გულადუღებული საქსები დაედევნენ და გაშმაგებით ხოცეს დანიელები. საბოლოოდ გუთრუმი დანებდა და ზავი ითხოვა. იგი ქრისტიანულადაც კი მოინათლა და დატოვა უესექსი. 886 წელს იგი მეფედ ეკურთხა ისტ ანგლიაში. მერსია გუთრუმმა და ალფრედმა ერთმანეთში გაინაწილეს. 

ალფრედმა არა მხოლოდ გადაარჩინა თავისი სამეფო, არამედ ძლიერ სახელმწიფოდაც აქცია იგი. გუთრუმს ზავი არასდროს დაურღვევია, მაგრამ იგი არ იყო ვიკინგთა ერთადერთი ლიდერი. საქსებს ჯერ კიდევ ბევრი ხმალთაკვეთა ელოდათ მომავალში. 


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Hindley, Geoffrey. The Anglo-Saxons.
2. Sawyer, Peter. The Age of the Vikings.
3. Sawyer, Peter. Kings and Vikings: Scandinavia and Europe A.D. 700 - 1100.

27 December 2019


ვიკინგების ხანა საკმაოდ მოკლე იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ისტორიაში. სკანდინავიელი მეომრები, მძარცველები, მეკობრეები და მეზღვაურები შიშის ზარს სცემდნენ ევროპას და განსაკუთრებით ბრიტანეთის კუნძულებს. 

V საუკუნეში რომაელებმა ბრიტანეთი დატოვეს. ამით ისარგებლეს პიქტების მეომარმა ტომებმა, გადმოლახეს ადრიანეს კედელი და შეესივნენ უპატრონოდ დაგდებულ ბრიტებს, მაგრამ აღმოსავლეთიდან ანგლები და საქსები შემოვიდნენ, განდევნეს პიქტები და თავიანთი სამეფოები შექმნეს. VII საუკუნისთვის უკვე 7 სამეფო არსებობდა: უესექსი, მერსია, ნორტუმბრია, ისტ ანგლია, კენტი, სასექსი და ესექსი. 

ანგლო-საქსური სამეფოები


ამასობაში სკანდინავიიდან  სხვა მეომრული კულტურის ხალხმა დაიწყო გამოჩენა. ანგლო–საქსებისგან განსხვავებით ისინი ჯერ კიდევ წარმართები იყვნენ. 
VIII საუკუნის ბოლოსთვის, მკაცრი ზამთრის, მოუსავლიანობისა და ფრანკთა აგრეესიის შედეგად, მათ უცხო მიწების ძიება დაიწყეს. ეს ხალხი ცნობილი გახდა, როგორც ვიკინგები, რომელიც უფრო მათი მეკობრეობის აღმნიშვნელი სიტყვაა , ვიდრე მათი ეთნიკურობის. მათ ასევე ნორმანებსაც უწოდებენ, რაც ჩრდილოელს ნიშნავს. 
ბრიტანეთს რომ მიაგნეს, ვიკინგები თავიდან ქრისტიანულ ეკლესია–მონასტრებს ესხმოდნენ თავს, სადაც სიმდიდრესაც შოულობდნენ და მათთვის წინააღმდეგობის გაწევაც არავის შეეძლო. 

IX საუკუნისთვის ანგლო–საქსურ სამეფოებში უესექსი გახდა დომინანტი ძალა მეფე ეგბერტის მმართველობის დროს. მას არაერთხელ უბრძოლია ვიკინგების წინააღმდეგ. ეგბერტმა ასევე დაიპყრო ესექსის, სასექსისა და კენტის პატარა სამეფოები. 865 წელს ტახტზე ავიდა მისი შვილიშვილი ეთელრედი. სწორედ ამ დროს წამოვიდა დანიიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან ვიკინგთა დიდი არმია ასობით ხომალდით. იმდროინდელმა წყაროებმა მათ "ურჯულოთა დიდი არმია" უწოდეს. ნორმანთა საგების (ძვ. სკანდ. – თხრობა) მიხედვით მათ სამი ბელადი მოუძღოდა, რომლებიც ლეგენდარული რაგნარ ლოდბროკის შვილები იყვნენ: ივარი, ჰალფდანი და უბა. მათ შურისძიება სწყუროდათ, იმის გამო, რომ რაგნარი ნორტუმბრიის მეფემ, ელამ მოკლა. სავარაუდოდ მათ უბრალოდ დაპყრობა, ძარცვა და თავიანთი სამეფოების დაარსება უნდოდათ.

"ურჯულოთა დიდი არმიის" მარშრუტი


ვიკინგებმა აიღეს ნორტუმბრიის დედაქალაქი იორკი (ამ ბრძოლის შემდეგ ნორტუმბრია ვიკინგთა კულტურის ბასტიონი გახდა შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში). შემდეგ დაარბიეს მერსია. მერსიის მეფე ბურგრედმა მათ ფული გადაუხადა და ისინიც გამოსაზამთრებლად იორკში დაბრუნდნენ. მომდევნო წელს ვიკინგები ისტ ანგლიაში შეიჭრნენ და სასტიკად ააოხრეს. ამ სამეფოსაც იგივე ბედი ეწია, რაც ნორტუმბრიას. 
871 წელს ჰალფდანი თავისი დანიელი მეომრებით უესექსის საზღვრებში შეიჭრა. მეფე ეთელრედი და თავისი ძმა ალფრედი მედგრად დაუხვდნენ მტერს და რამდენიმე მძიმე ბრძოლის მერე განდევნეს დანიელები. ეთელრედი მალევე გარდაიცვალა და უესექსის ტახტზე ალფრედი ავიდა. 


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Hindley, Geoffrey. The Anglo-Saxons.
2. Sawyer, Peter. The Age of the Vikings.
3. Sawyer, Peter. Kings and Vikings: Scandinavia and Europe A.D. 700 - 1100.

25 December 2019


პირველი მითრიდატული ომი დასრულდა და ლუციუს კორნელიუს სულა სასწრაფოდ რომში დაბრუნდა. მითრიდატემ საკუთარი სამეფო შეინარჩუნა, მაგრამ ყველა დაპყრობილი ტერიტორია დათმო. აზიაში მყოფი ლეგიონები სულამ ჩააბარა თავის სანდო გენერალს, ლუციუს ლიცინიუს მურენას. ამასობაში მითრიდატემ ახალი არმიის შეკრება დაიწყო. მეფის რჩეული სარდალი, არქელაოსი, სულასთან განცდილი მარცხის გამო, მურენასთან გაიქცა სიკვდილის შიშით. მან ასევე აცნობა რომაელ სარდალს, რომ მითრიდატე ზავის დარღვევას აპირებდა. მურენამაც არ დააყოვნა და ქრ შ–მდე 83 წელს თავს დაესხა პონტოს სამფლობელოებს. მითრიდატემ ზავის პირობები შეახსენა, მაგრამ უშედეგოდ. დაიწყო მეორე მითრიდატული ომი. პონტოელებმა აზიის პროვინცია მოარბიეს. პონტოელთა რამდენიმე წარმატებული ბრძოლის მერე სულამ რომიდან უბრძანა მურენას, პონტოსთან ზავი დაედო ქრ. შ–მდე 81 წელს. ამ ზავმა მითრიდატეს ძველი პრესტიჟი აღადგინა მეზობელ ქვეყნებში. 

პონტოელი მეომრები


ქრ. შ–მდე 78 წელს სულა გარდაიცვალა. ამით ძალთა ბალანსი შეიცვალა რეგიონში. მითრიდატემ თავის სიძეს, სომეხთა მეფე ტიგრან II-ს კაპადოკიის დაკავება შესთავაზა, რათა თვითონ არ გამოჩენილიყო აგრესორად. სანამ აზიაში ეს ამბები ხდებოდა, ესპანეთში მეამბოხე რომაელი სარდალი სერტორიუსი სეპარატისტულ ომს აწარმოებდა სენატის წინააღმდეგ, ამიტომ რომის რესპუბლიკის ძირითადი ძალები მასთან ბრძოლით იყო დაკავებული. სერტორიუსის დესპანები მითრიდატეს ეწვივნენ სინოპში, პონტოს სატახტოში კავშირის დასამყარებლად. 

ბითინიის მეფე ნიკომედესი უშვილძიროდ გარდაიცვალა და თავისი სამეფო რომს უანდერძა. მითრიდატესთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო, ამიტომაც ომი გარდაუვალი გახდა და დაიწყო მესამე მითრიდატული ომი ქრ. შ–მდე 74 წელს. იგი ბითინიაში შეიჭრა კიდევ ერთხელ. ამასობაში კონსულები ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი და მარკუს ავრელიუს კოტა მცირე აზიისა და ბითინიის გუბერნატორებად დაინიშნენ. ამავე დროს ესპანეთში სერტორიუსი დაიღუპა და მისმა მრჩევლებმა, რომლებიც მითრიდატეს კარზე იყვნენ, საიდუმლოდ მოლაპარაკებები დაიწყეს ლუკულუსთან იმ მიზნით, რომ თავიანთი ძველი პოზიციები აღედგინათ რომში. მითრიდატემ კოტა დაამარცხა საზღვაო ბრძოლაში, მაგრამ ლუკულუსმა სახმელეთო ბრძოლაში ძლია პონტოს მეფე მისი მოღალატე მრჩევლების წყალობით. მითრიდატე სომხეთში გაიქცა. ლუკულუსმა კი თითქმის მთელი ანატოლია დაიპყრო ქრ. შ–მდე 71 წლისთვის.


მითრიდატეს დროინდელი მონეტები. მარკ ქართრაითის ფოტო.


იმავე წელს ლუკულუსმა დესპანი გაუგზავნა მითრიდატეს შვილს, ბოსფორის მეფე მახარეს, რომელმაც საკუთარ მამას უღალატა და რომის ვასალი გახდა. 
ქრ. შ–მდე 69 წელს ლუკულუსი მეფე ტიგრანის წინააღმდეგ დაიძრა. სომეხთა მეფეს მხარს უჭერდნენ იბერიისა და ალბანეთის მეფეები. მან მითრიდატეს რჩევა არ გაითვალისწინა და გაშლილ ველზე ამჯობინა რომაულ ლეგიონებთან შერკინება და პირდაპირ მიადგა ჯარით რომაელებს, რომლებსაც ალყაში ჰყავდათ მოქცეული ქალაქი ტიგრანოკერტა. ტიგრანი სასტიკად დამარცხდა და გაიქცა ბრძოლის ველიდან. ლუკულუსი დაედევნა და მომდევნო წელს კიდევ დაამარცხა ტიგრანი არტაქსატასთან. ამასობაში მითრიდატე პონტოში დაბრუნდა და ლუკულუსიც იძულებული გახდა სომხეთიდან გამობრუნებულიყო. 

ქრ შ–მდე 66 წელს ლუკულუსი გნეუს პომპეუსმა ჩაანაცვლა. მითრიდატეს დევნაში მან ზედიზედ დაამარცხა სომხეთი, იბერია, ალბანეთი და აიძულა ხელი მოეწერათ რომთან "სამოკავშირეო და სამეგობრო" ხელშეკრულებაზე, ხოლო კოლხეთი უშუალოდ შეუერთა რომის სახელმწიფოს.


გნეუს პომპეუს "მაგნუსი" (დიდი)

მითრიდატე ბოსფორის სამეფოში გაიქცა და მოკლა თავისი მოღალატე შვილი მახარე, მაგრამ მოსახლეობა დაქანცული იყო ამდენი ომით და მხარი დაუჭირა მის უმცროს ვაჟს, ფარნაკეს, რომელმაც მამის ტახტიდან გადაგდება გადაწყვიტა. მითრიდატე სრულიად მარტო დარჩა. მან საწამლავით სცადა თავის მოკვლა, მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა საწამლავსა და შხამს იღებდა მცირე დოზებით იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად. ბოლოს თავის ერთგულ მსახურს, ბიტოიტს დაავალა ხმლით მოეკლა იგი. ასე დასრულდა მესამე და უკანასკნელი მითრიდატული ომი ქრ. შ–მდე 63 წელს.

კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Appian. "The Mithridatic Wars," in Roman History.
2. McGing, Brian. "Mithridates VI."

23 December 2019


პონტოს სახელოვანი მეფე მითრიდატე VI ევპატორი რომის ერთ–ერთი ყველაზე დაუძინებელი მტერი იყო. რომსა და პონტოს შორის სულ სამი მითრიდატული ომი მოხდა.

პონტოს სამეფო ჩამოყალიბდა ალექსანდრე მაკედონელის სარდლების, იგივე დიოდოხოსთა ომების შედეგად ქრ. შ–მდე III საუკუნეში. მისმა პირველმა მეფემ, მითრიდატემ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამეფოს ტერიტორიები. 
ქრ. შ–მდე II საუკუნეში პონტომ გალატიის ნაწილი შეიერთა. ამავე საუკუნის დასასრულს რომის რესპუბლიკას ბალკანეთის ნახევარკუნძული უკვე დაპყრობილი ჰქონდა. მცირე აზიის დასავლეთ ნაწილი კი აზიის პროვინციის სახელით შედიოდა რესპუბლიკაში.  ბითინია, პაფლაგონია და კაპადოკია კი მისი ვასალი სახელმწიფოები გახდნენ. 



ქრ. შ–მდე 113 წელს მითრიდატე VI ავიდა სამეფო ტახტზე (მანამდე იგი საკუთარ დედას გაქცეოდა, რომელიც შვილის სიკვდილზე ოცნებობდა.). იგი თავიდანვე ენერგიულად შეუდგა ქვეყნის მართვას. მან დაიპყრო კოლხეთი, კავშირი შეკრა იბერიასთან, დიდ სომხეთთან და პართიასთან. ხოლო მცირე სომხეთი დაიმორჩილა და შეიერთა. მალევე ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული ბოსფორის სამეფოც "შთანთქა". თუმცა ამ დაპყრობებით მითრიდატეს ამბიციები არ დამცხრალა. აკი "მადა ჭამაში მოდის".

ქრ. შ–მდე 102 – 97 წლებში მან დაიმორჩილა კაპადოკია. რომმა დაუყოვნებლივ ჯარების გაყვანა მოსთხოვა მითრიდატეს. პონტოს მეფემ ამჯერად შეასრულა რომაელთა მოთხოვნა. კილიკიის რომაელმა გუბერნატორმა ლუციუს კორნელიუს სულამ კაპადოკიის ტახტზე დასვა ვინმე არიობარზანი, მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარებულა. 
ქრ. შ–მდე 94 წელს მითრიდატემ თავისი ქალიშვილი სომეხთა მეფე ტიგრან მეორეს მიათხოვა. სამი წლის შემდეგ ერთმანეთთან შეთანხმებით ტიგრანი კაპადოკიაში შეიჭრა, ხოლო მითრიდატე – ბითინიაში. რომმა მცირე ძალებით გამოგზავნა ყოფილი კონსული მანიუს აქვილიუსი რომაული წესრიგის აღსადგენად. მან მცირე აზიაშიც შეკრიბა მოკავშირეთა ძალები. პონტოსა და სომხეთის მეფეებს იმ დროისთვის არ სურდათ რომთან ომი, ასე, რომ აქვილიუსმა თავისი დავალება ადვილად შეასრულა. ქრ. შ–მდე 90 წლისთვის.
აქვილიუსმა ბითინიელთა წაქეზება სცადა პონტოს წინააღმდეგ. მითრიდატემ რომაელებს ბითინიელთა მოთოკვა სთხოვა, მაგრამ რომმა ყურიც არ გაიბერტყა. მასაც სხვა გზა აღარ დარჩა და კაპადოკიაში შეიჭრა. ასე დაიწყო პირველი მითრიდატული ომი (ქრ. შ–მდე 89–88 წწ).

მითრიდატე VI ევპატორი

რომაელებს რეგიონში ერთი ლეგიონი ჰყავდათ, მაგრამ სწრაფად მოახერხეს სამი დამხმარე არმიის შეკრება. ასევე ბითინიის მეფე ნიკომედეც მოვიდა თავისი ლაშქრით რომაელთა დასახმარებლად. 
მითრიდატეს სარდლებმა არქელაოსმა და ნეოპტოლემუსმა პირველი ბრძოლა მოიგეს და ბითინიელები დაამარცხეს. მითრიდატეს მთავარი ძალები რიცხობრივად აღემატებოდა რომაელებისას. მეფემ ადვილად დაამარცხა აქვილიუსი და მისი ჯარის ნახევარი ამოწყვიტა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც ბევრი ლეგიონერი დახოცეს და აქვილიუსი მითრიდატეს მიჰგვარეს. მეფემ მას პირში გამდნარი ოქრო ჩაასხა. 

მეორე რომაული არმიაც, რომელსაც კასიუსი მეთაურობდა, ასევე ჩამორჩებოდა რიცხობრივად პონტოელთა ჯარს. ამიტომ როდოსის კუნძულზე გადავიდნენ გადარჩენის მიზნით. მესამე რომაული არმია აზიის პროვინციაში გაიქცა და ქალაქ ლაოდიკეას კედლებში შეაფარა თავი, მაგრამ მოქალაქეებმა მითრიდატეს გადასცეს რომაელები. ამ სამხედრო კამპანიამ რომაელთა მმართველობა შეარყია მცირე აზიაში. 

რომში ლუციუს კორნელიუს სულა დანიშნეს აღმოსავლეთში მოლაშქრე ლეგიონების მეთაურად, მაგრამ გენერალმა პონტოს წინააღმდეგ ვერ მოიცალა იტალიაში შიდა აშლილობების გამო. მითრიდატე კი დროს არ კარგავდა. ქრ. შ–მდე 88 წელს მან აზიის პროვინციაში ყველა რომაელის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წყაროების მიხედვით 100 000 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ეს ფაქტი ისტორიაში ერთ–ერთ პირველ გენოციდად ითვლება. 

ამასობაში, ბალკანეთში ბერძნებმა დაიწყეს დიდი აჯანყებები და დასახმარებლად მითრიდატე მიიწვიეს. ამ უკანასკნელმა არქელაოსი გაგზავნა საბერძნეთში. რომაელებს იქ ორი ლეგიონი ჰყავდათ. ქრ. შ–მდე 87 წელს სულა ჩამოვიდა საბერძნეთში და ალყა შემოარტყა ათენს. თრაკია–მაკედონიის გზით პონტოელთა ახალი არმია მოიწევდა. ასე, რომ სულას სასწრაფოდ უნდა აეღო ქალაქი. ქრ. შ–მდე 86 წლის 1 მარტს მან მოახერხა ათენში შეჭრა და უამრავი ანტი–რომაელი გაჟლიტა. ზურგი რომ გაიმაგრა, ახლა მშვიდად შეეძლო პონტოელთა წინააღმდეგ წასვლა.


ლუციუს კორნელიუს სულა

მტრები ქერონეასთან შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ოდესღაც ფილიპე მაკედონელმა წერტილი დაუსვა ბერძენთა დამოუკიდებლობას. პონტოელთა სათავეში კვლავ არქელაოსი იდგა. მისი არმია 70 000 კაცისგან შედგებოდა. სულას კი 40 000–ზე ნაკლები კაცი ჰყავდა. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა და "მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი". სულამ გაიმარჯვა და მხოლოდ 10 000 პონტოელი გადაურჩა სიკვდილს. თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. არქელაოსმა 80 000–იანი დამხმარე ძალები მიიღო. სულას ასევე სხვა პრობლემაც ჰქონდა. რომის სენატმა მის თანამდებობაზე კონსული ფლაკუსი დანიშნა, რომელიც სულას პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო. სულა დათმობას არ აპირებდა. იგი არმიით შუა საბერძნეთში დადგა, ფლაკუსის მოლოდინში, რომელიც უკვე ჩამოვიდა საბერძნეთში. თუმცა სულას ჯერ არქელაოსთან მოუწია ხელახალი ბრძოლა. მათი არმიები ორქომენოსთან შეხვდნენ ერთმანეთს. პონტოელები გაცილებით მეტნი იყვნენ რომაელებზე. ცხარე ბრძოლა კვლავ სულას ძლევამოსილებით დასრულდა. სადაც მან პირადად დიდი სიმამაცე გამოიჩინა. მითრიდატემ ზავი ითხოვა, მაგრამ რომაელი გენერლის მოთხოვნები ძალიან მკაცრი იყო.
ამ მარცხმა შეარყია მითრიდატეს კონტროლი ანატოლიაზე.
ქრ. შ–მდე 85 წელს ზავი მაინც დაიდო, რომლის თანახმად მითრიდატეს ყველა დაპყრობილი ტერიტორია უნდა დაეთმო. სულამ რომის კონტროლი აღადგინა მცირე აზიაში და თავის პოლიტიკურ მტრებთან ანგარიშის გასასწორებლად რომში დაბრუნდა.

კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Appian. "The Mithridatic Wars," in Roman History.
2. McGing, Brian. "Mithridates VI."