21 May 2021

 თეთრი ჰუნები (ეფთალიტები): აღზევება და დაცემა


V საუკუნის შუა წლებში, როდესაც ატილა ჰუნთა ურდოებით ევროპას არბევდა, მათი ნაკლებად ცნობილი შტო, თეთრი ჰუნები ცენტრალური აზიიდან სასანიანთა სპარსეთსა და ინდოეთს ემუქრებოდნენ. საიდან მოვიდნენ ისინი და რა ზეგავლენა მოახდინეს მათ აღმოსავლეთის ქვეყნებზე?

ბევრის ვარაუდით, მათი "ევროპელი" ბიძაშვილების მსგავსად, ისინიც ქსიონგნუს ტომთა შთამომავლები იყვნენ, რომლებიც ბევრად უფრო ადრე ჩინეთის ჩრდილოეთით ბინადრობდნენ და მუდმივად არბევდნენ მის საზღვრებს, რის გამოც აშენდა ჩინეთის სახელოვანი დიდი კედელი. IV საუკუნეში, როდესაც "ევროპელი" ჰუნები ევრაზიის სტეპებიდან ევროპაში შეიჭრნენ, მათი მეორე შტო ცენტრალურ აზიაში დარჩა. პროკოპიოს კესარიელი ამბობდა, რომ ეფთალიტები, სხვა მონათესავე ტომებისგან განსხვავებით, არ იყვნენ მახინჯები და ასევე არ ეწეოდნენ მხოლოდ მომთაბარულ ცხოვრებას. იგი მიიჩნევდა, რომ მათ თეთრი ჰუნები კანის ფერის გამო ერქვათ. თუმცა ეს არ არის სიმართლე. ჰუნებში თეთრი ფერი აღნიშნავდა დასავლეთს, შავი – ჩრდილოეთს, ლურჯი – აღმოსავლეთს, ხოლო წითელი – სამხრეთს.




 დაახლოებით 450 წელს სასანიანთა სპარსეთი თავს დაესხა ჰუნთა მონათესავე კიდარიტებს, რომლებიც დასავლეთ ინდოეთში ბატონობდნენ. შაჰ იეზდიგერდ II-მ მათგან ხარკი მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ მათ შორის ბრძოლა შედგა და სპარსელები დამარცხდნენ. 457 წელს სპარსეთში დინასტიური ომი დაიწყო. სამეფო ტახტზე იეზდიგერდის უფროსი ვაჟი, ჰორმიზდი ავიდა, მაგრამ მის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა მისი უმცროსი ძმა, პეროზი. ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა ეფთალიტი მოქირავნეების წყალობით. მათი პირობის თანახმად პეროზს თეთრი ჰუნებისთვის სპარსეთის აღმოსავლური პროვინციები უნდა დაეთმო ცენტრალურ აზიაში. 
464 წელს კიდარიტები კვლავ შეტევაზე გადმოვიდნენ. სასოწარკვეთილმა პეროზმა ფინანსური დახმარება მარადიულ მოსისხლე მტრებს, ბიზანტიელებს სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ პეროზმა კიდარიტების ბელადს, კუნხასს თავისი ქალიშვილის ხელი შესთავაზა და მოტყუებით მდაბიო ქალი გაუგზავნა. კუნხასი მიხვდა ყველაფერს და სამასამდე მიპატიჟებული სპარსელი სიკვდილით დასაჯა. ომი განახლდა. პეროზს კვლავ ეფთალიტები დაეხმარნენ. მოკავშირეებმა კიდარიტები გაანადგურეს და მათი ტერიტორიები მთლიანად ეფთალიტებმა დაიკავეს. ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა პეროზს და როდესაც 469 წელს ამ ტერიტორიების დაბრუნება სცადა, თეთრმა ჰუნებმა მეფე კუშნავაზის სარდლობით იგი გორგანთან (ჩრდ. ირანი) დაამარცხეს. პეროზმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მოგვიანებით ტყვედ ჩავარდა და დიდი გამოსასყიდის ფასად გათავისუფლდა. 
471 წელს პეროზი, იბერიელ და ალბანელ ვასალებთან ერთად, კვლავ შეტევაზე გადავიდა, მაგრამ კვლავ დამარცხდა და თავისი მემკვიდრე კავადი ეფთალიტებს მძევლად გაუგზავნა. პროკოპიოსის თქმით, 484 წელს პეროზი ჰერათის კატასტროფულ ბრძოლაში დაიღუპა. თეთრმა ჰუნებმა მისი არმიაც პირწმინდად გაანადგურეს.
პეროზის დაღუპვა. ილუსტრაცია XV საუკუნის შაჰნამეს პოემიდან


 ორი წლის შემდეგ სასანიანმა დიდგვაროვნებმა ტახტზე პეროზის ძმა, ბალაში აიყვანეს, მაგრამ თეთრი ჰუნები ჩაერივნენ და ტახტზე კავადი დასვეს, რომელიც ადრე მძევლად იყო მათი მეფის კარზე. დაახლოებით ათი წლის შემდეგ მას დიდგვაროვნები აუჯანყდნენ და იგი ეფთალიტებთან გაიქცა. მათმა მეფემ კავადი არმიით გამოუშვა და ამ უკანასკნელმაც ტახტი დაიბრუნა, თუმცა საფასური დიდი იყო: კავადს თეთრი ჰუნებისთვის აღმოსავლეთ პროვინციები უნდა გადაეცა და თან ხარკიც ეძლია. სასანიდები მომთაბარეთა ვასალებად იქცნენ. ეს მდგომარეობა დაახლოებით ერთი საუკუნე გაგრძელდა იქამდე, სანამ ირანის ტახტზე ხოსრო არ ავიდა. ამასობაში ეფთალიტებმა ჩრდილო–დასავლეთ ინდოეთიც დაიპყრეს. ისინი ძლიერების ზენიტში იყვნენ. 

ეფთალიტების იმპერია ძლიერების ზენიტში VI ს.


მალე ვითარება შეიცვალა. აღმოსავლეთ აზიის სტეპებიდან ახალა ძალა გამოჩნდა. ესენი იყვნენ გიოკთურქები ("ლურჯი", იგივე "ზეციური" თურქები). შაჰ ხოსრომ მათ კავშირი შესთავაზა ეფთალიტების წინააღმდეგ. თურქთა ხაკანმა გაიხარა ამ შემოთავაზებით და სასწრაფოდ წამოვიდა აღმოსავლეთიდან უზარმაზარი ურდოებით. სასტიკი ბრძოლები გაიმართა გიოკთურქი ხაკანის, ისტამისა და ეფთალიტი მეფის, გატფარის არმიებს შორის. გიოკთურქებმა გაიმარჯვეს და ჰუნთა ტერიტორიები დაიპყრეს. დამარცხებული ეფთალიტები სამხრეთისკენ გამოიქცნენ, სადაც მათ ხოსრო გადაეღობა და დაამარცხა ისინი. უკანასკნელი ეფთალიტი მეფე დანებდა სასანიან მეფეს და მისი უზენაესობა აღიარა. ეს მოხდა დაახლოებით 560–563 წლებში. 
ამ მრავალწლიანმა ბრძოლებმა შედეგად ის გამოიღო, რომ ირანში სპარსული კულტურა კიდევ უფრო განმტკიცდა და როდესაც VII საუკუნეში არაბთა სახალიფომ სასანიანთა ირანი მთლიანად დაიპყრო, სპარსული კულტურა მაინც გადარჩა და არსებობა განაგრძო ისლამურ სამყაროში.


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:
1. Christopher Atwood. Huns and Xiongnu.
2. Michael Alram. Coins, Art and Chronology.
3. Hyun Jin Kim. The Huns.

7 May 2021

 ჰუნები: "აპოკალიპსის მხედრები"


ისტორიის განმავლობაში ევრაზიის სტეპებში მცხოვრები მომთაბარე ხალხები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმპერიების აღზევებასა თუ დაცემაში. ისინი შიშის ზარს სცემდნენ განვითარებულ სახელმწიფოებს. ამათგან ძალიან ცნობილები არიან ჰუნები. IV საუკუნის შუა წლებში ისინი აღმოსავლეთიდან ნელ–ნელა ევროპის ცენტრისკენ მიიწევდნენ. მათმა ქმედებამ დომინოს ეფექტი გამოიწვია, რამაც ბოლოს რომის იმპერია იმსხვერპლა. ვინ იყვნენ და საიდან მოვიდნენ ჰუნები?

ჰუნები ბრძოლის დროს


რომაელებს პოპულარული,მაგრამ მცდარი აზრი ჰქონდათ თუ საიდან იყვნენ ჰუნები. მაგალითად, იორდანესი და პროკოპიუსი თვლიდნენ, რომ საუკუნეების განმავლობაში ჰუნები და გერმანელები შავ ზღვასთან გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ისე, რომ არც იცოდნენ, რადგანაც მათ ქერჩის სრუტე ჰყოფდა ერთმანეთისგან. ეს ისტორია შორს იყო რეალობისგან. მე–18 საუკუნის იეზუიტი მოღვაწე ჟოსეფ დე გინი მიიჩნევდა, რომ ჰუნები შორეული აღმოსავლეთის ქსიონგნუს ტომების შთამომავლები იყვნენ, რომელთა გამოც აშენდა ჩინეთის დიდი კედელი. 370–იან წლებში ჰუნები პირველად გამოჩნდნენ ბერძნულ–რომაულ წყაროებში. მათ გადმოლახეს ურალის მთა და ჩრდ. შავიზღვისპირეთში თავს დაატყდნენ ალანებსა და გოთებს.

რომაელი ჯარისკაცი და ისტორიკოსი ამიანუს მარცელიუსი აღნიშნავდა, რომ ჰუნებს არ გააჩნდათ რელიგია, რაც ძალიან საეჭვოა. კონკრეტულად არ არის ცნობილი თუ რას სცემდნენ ისინი თაყვანს, მაგრამ სავარაუდოდ ეს იყო ცა, რომელსაც მოგვიანებით თურქული და მონღოლური ტომები თენგრის უწოდებდნენ. 

რომაელები ჰუნებს მიიჩნევდნენ ყველაზე საძაგელ ხალხად და ფიქრობდნენ, რომ მეორედ მოსვლა იყო მოახლოებული. გოთი ისტორიკოსი იორდანესი ამბობდა, რომ რთულია მათ ადამიანები უწოდო. ისინი ჩვილებს ხშირად უკეთებდნენ თავის ქალის ხელოვნურ დეფორმაციას.

დეფორმირებული თავის ქალა


ჰუნები იცვამდნენ წაწვეტებულ ქუდებს, ჯიხვის კანისგან დამზადებულ შარვლებსა და ტილოს მუნდირებს. ამიანუსის მიხედვით მათ ეს სამოსი ეცვათ მანამ სანამ არ დაეხეოდათ. პრისკუსის თქმით სახელოვან ატილასაც ისე ეცვა, როგორც მის თანამოძმეებს, უბრალოდ იგი უფრო სუფთა იყო.

ჰუნები იდეალური მხედრები იყვნენ. მთელ ცხოვრებას ცხენზე ატარებდნენ, ისინი ჯირითს სიარულზე ადრე სწავლობდნენ. მათი მთავარი საბრძოლო იარაღი იყო მშვილდი (ეს დამახასიათებელი იყო აღმოსავლეთის მომთაბარე ცივილიზაციებისთვის). გაჭენებული ცხენიდან ჰუნებს თავისუფლად შეეძლოთ ისრის მიზანში სროლა. მას შემდეგ რაც ისინი მტრებს დაასუსტებდნენ ისრებით, გადადიოდნენ ხელჩართულ ბრძოლაზე, რომლის დროსაც იყენებდნენ ცულებს, შუბებს, ხმლებს და ლასოს მტრის ცხენიდან გადმოსაგდებად. ჰუნებმა ძლიერების მწვერვალს მიაღწიეს ატილას მმართველობის დროს (V ს–ის შუა წლებში). მისი სიკვდილის შემდეგ კი ეს მრისხანე ხალხი ძალიან მალე გაქრა გეოპოლიტიკური რუკიდან.

ატილას იმპერია დაახლოებით 450 წელს


საინტერესოა ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეებში მაგიარები (უნგრელები) თავიანთ თავებს ჰუნების შთამომავლებად მიიჩნევდნენ. უნგრეთის ეროვნულ ჰიმნში უნგრული სისხლი ნახსენებია როგორც "ბენდეგუზის სისხლი" (ასე უწოდებენ მუნძუკს, ატილას მამას). ატილას ძმა, ბლედა იწოდებოდა ბუდად, რომლის მიხედვითაც დაარქვეს ეს სახელი უნგრეთის ძველ დედაქალაქს (დღევანდელი ბუდაპეშტის დასავლეთ მხარე). ასევე ზოგიერთ ენაში, მაგალითად ინგლისურში უნგრეთი იწერება როგორც Hungary, რომელშიც შედის ტერმინი Hun, ანუ ჰუნი. თვითონ ატილას კი უნგრელები ეროვნულ გმირად თვლიან და მისი სახელიც საკმაოდ გავრცელებულია უნგრეთში.



კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. სიკინჭალაშვილი რ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. გვ 696.

2. ედვარდ არტურ ტომფსონი 1999, ჰუნები.

23 April 2021

 ვარიაგები – ბიზანტიელ იმპერატორთა ელიტური მეომრები


ვიკინგები ზოგადად ცნობილები არიან, როგორც მეკობრეები და მძარცველები. მათ დიდი კვალი დატოვეს არა მხოლოდ მშობლიურ სკანდინავიაში, არამედ რუსეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთის კუნძულებზე. არსებობს ვიკინგური მემკვიდრეობის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ბევრი არ იცნობს: ეს იყო ბიზანტიელ იმპერატორთა პირადი დაცვა, რომელიც ძირითადად ვიკინგებისგან შედგებოდა (X - XIV სს.). ისინი მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში იყვნენ ცნობილნი, როგორც ერთგული, მრისხანე და მამაცი მეომრები. სახელი "ვარიაგი" მათ ბერძნებმა და სლავებმა შეარქვეს. 

ისინი ყოველთვის იმპერატორის გვერდით იყვნენ და მუდმივად იცავდნენ მას. ვარიაგები სამხედრო კამპანიებშიც იღებდნენ მონაწილეობას. როგორც კი იმპერატორი მათ ფულს გადაუხდიდა, მათი ერთგულება გარანტირებული იყო. ამის მაგალითია 1176 წელი, როდესაც იმპერატორი მანუელ კომნენოსი სასტიკად დამარცხდა თურქ–სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი არმია მთლიანად გაწყდა, ხოლო თვითონ მანუელი ვარიაგებმა გადაარჩინეს, რომლებმაც უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოლეს. 

ვარიაგი. ტომ კროფტის ნახატი


როგორ აღმოჩნდნენ ვიკინგი მეომრები ბიზანტიელ იმპერატორთა სამსახურში? ამისთვის კიდევ უფრო წარსულში უნდა გადავინაცვლოთ.

VIII – IX საუკუნეებში მკაცრი კლიმატის გამო სკანდინავიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხომალდებში ჩასხდა და მდიდარი მიწების ძიება დაიწყო. დანიელები ინგლისისკენ გაემართნენ, შვედები კი – აღმოსავლეთით, სლავთა მიწებისკენ. 862 წელს ვიკინგმა ბელადმა რიურიკმა სლავთა მიწაზე ქალაქი დააარსა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ნოვგოროდი. მან რიურიკიდების იგივე რიურიკოვიჩების დინასტია დააარსა (მისი შთამომავალი იყო ცნობილი ივანე მრისხანე), რომლებიც კიევის რუსეთს მართავდნენ. სკანდინავიიდან აქ ბევრი მიგრანტი შემოდიოდა, ზოგიც კი სამხრეთით, ბიზანტიისკენ მიიწევდა. ისინი მოხიბლულები იყვნენ კონსტანტინოპოლის სიმდიდრითა და ბრწინვალებით, და დაარქვეს "მიკლაგარდი" ანუ "დიდებული ქალაქი". 

კიევის რუსეთი


988 წელს კიევის რუსეთი საკმაოდ მოძლიერდა ვლადიმირ I-ის დროს. ამ დროს ბიზანტიაში სამოქალაქო ომი იყო. მეომბოხე სარდალი ბარდა ფოკა იმპერატორ ბასილ II–ს ებრძოდა. ამის გარდა, ჩრდილოეთიდან ბულგარეთი იმუქრებოდა, ხოლო სამხრეთიდან – ფატიმიანთა ეგვიპტე. ბასილს სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება. ვლადიმირმა დახმარების სანაცვლოდ იმპერატორს მისი ქალიშვილის, ანას ხელი სთხოვა. შეთანხმება შედგა. ამასთან ერთად ვლადიმირი თავის სამეფოსთან ერთად მართლმადიდებლურად მოინათლა. პირობის თანახმად, ვლადიმირმა ბასილს 6 000 მეომარი გაუგზავნა. ბასილმა გაიმარჯვა და ჩაახშო აჯანყება. ამ მოვლენის შემდეგ ვარიაგები იმპერატორთა მცველები გახდნენ, რაც ტრადიციად იქცა. 

ისტორიაში ყველაზე ცნობილი ვარიაგი იყო ჰარალდ სიგურდსონი, ასევე ცნობილი, როგორც ჰარალდ ჰარდრადა. იგი დაიბადა 1015 წელს და იყო ნორვეგიის მეფის, ოლაფ ჰარალდსონის ნახევარძმა. 1028 წელს ოლაფს ტახტი წაართვა კნუტ დიდმა. ოლაფმა ორი წელი იბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად, რომლის გვერდით ჰარალდიც იბრძოდა. ძმები დამარცხდნენ და გაიქცნენ. ჰარალდი კიევის რუსეთში წავიდა და ნოვგოროდის მთავრის, იაროსლავ ბრძენის სამსახურში ჩადგა. 1038 წელს იგი 500 კაცით კონსტანტინოპოლში ჩავიდა სახელისა და დიდების მოსახვეჭად. მრავალი წარმატების შედეგად, 21 წლის ასაკში უკვე ვარიაგთა მთავარსარდალი გახდა. ჰარალდი 1041 წლამდე დარჩა იმპერატორის სამსახურში, რის შემდეგაც კიევის რუსეთში დაბრუნდა, სადაც იგი იაროსლავმა გულუხვად მიიღო. შემდეგ ჰარალდი ნორვეგიაში დაბრუნდა და 1045 წელს სამეფო ტახტი დაიკავა. 1066 წელს იგი ბრიტანეთში ანგლო–საქსების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. 

მონეტა ჰარალდის გამოსახულებით


იმავე წელს ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამ დამპყრობელმა ინგლისი დაიპყრო. მრავალმა ანგლო–საქსმა მეომარმა დატოვა ქვეყანა. უმეტესი მათგანი კონსტანტინოპოლში ჩავიდა და იმპერატორის სამსახურში ჩადგა. ამის შემდეგ ვარიაგთა რაზმის ეთნიკური შემადგენლობა ძირითადად ანგლო–საქსური გახდა. იმპერატორის დავალებით ისინი დიდხანს ებრძოდნენ მოსისხლე ნორმანებს, რომლებიც, ინგლისის გარდა, სამხრეთ იტალიაშიც იყვნენ გაბატონებულნი. 

1122 წელს ბეროიას ბრძოლაში (ჩრდ. ბალკანეთში) ანგლო–საქსმა ვარიაგებმა მწარე მარცხი აგემეს პაჭანიკების მომთაბარე ტომებს. ეს მარცხი იმდენად გამანადგურებელი აღმოჩნდა მათთვის, რომ ეს უკანასკნელნი თითქმის მთლიანად გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან. 

1204 წლიდან, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, ვარიაგებმა ნელ–ნელა დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა და 1281 წლისთვის მათ მხოლოდ ცერემონიული როლი შემორჩათ.


კახი გაგნიძე




ბიბლიოგრაფია:

1. D'Amato, Raffaele. The Varangian Guard 988 - 1453.

2. Davidson, H.R. Ellis. The Viking Road to Byzantium.

3. Anna Komnena. Alexiad.

26 March 2021

 კვიპროსის კრიზისი


კუნძული კვიპროსი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში დამპყრობლების ერთ–ერთი მთავარი სამიზნე იყო. XX საუკუნის მეორე ნახევარში კვიპროსზე კიდევ ერთხელ იფეთქა ომმა, სადაც ბერძნები და თურქები ცხოვრობდნენ. 

კვიპროსი 1571 – 1878 წლამდე ოსმალეთის იმპერიის ხელში იყო, სანამ ბრიტანეთმა არ ჩაიგდო ხელში იმ პირობით, რომ ოსმალეთს აზიური კოლონიების დაცვაში დაეხმარებოდა. 1914 წელს ბრიტანეთმა გამოაცხადა კვიპროსის ანექსია. 1960 წელს კუნძულმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა ეს არ ყოფილა მშვიდობიანი პროცესი. ბერძნულ და თურქულ თემებს თავიანთი გეგმები ჰქონდათ. ბერძნულ ნაწილს საბერძნეთთან სურდათ შეერთება, ხოლო თურქულ ნაწილს – დამოუკიდებლობა. კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი ბერძენი უნდა ყოფილიყო, ვიცე–პრეზიდენტი კი თურქი. ორივე ვეტოს უფლებით იყო აღჭურვილი. კუნძულზე განთავსებული იყო ბერძნული, თურქული და ბრიტანული არმიები.

კუნძული კვიპროსი


1963 წელს ორ თემს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაიღუპა 364 თურქი და 174 ბერძენი კვიპროსელი. განადგურდა 109 თურქული სოფელი. ამ დროს თურქეთი კვიპროსზე თავდასხმას აპირებდა, რათა თურქული თემის ინტერესები დაეცვა, მაგრამ აშშ–ის დიპლომატურმა ჩარევამ, ასევე თურქეთსა და საბერძნეთს შორის წარმოებულმა დიალოგმა დაძაბულობა მცირე ხნით მოხსნა. 

1974 წელს, კუნძულის საბერძნეთთან შეერთების მიზნით, ბერძნულმა სამხედრო ხუნტამ გადატრიალება მოაწყო და პრეზიდენტად თავისი კაცი ნიკოს სამფსონი დასვა. იმავე წელს თურქეთმა კუნძულის ჩრდ. ნაწილში გადმოსხა თავისი შეიარაღებული ძალები და სასტიკი ბრძოლების შედეგად მოახდინა მისი ოკუპაცია, სადაც 1976 წელს გამოცხადებულ იქნა "ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა", რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. გაეროს ეგიდით 1988 წელს დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნის მომავალი გაერთიანებისთვის, რომელიც დღემდე უშედეგოდ გრძელდება.

ორად გაყოფილი კვიპროსი


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. James H. Meyer, Policy Watershed: Turkey's Cyprus Policy and the Interventions of 1974.

2. Christopher Hitchens, Cyprus.

5 March 2021

 ბუდიკა – ცნობილი კელტი დედოფალი


ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის პირველ ნახევარში ბრიტანეთის კუნძულის სამხრეთ ნაწილი რომის იმპერიამ დაიპყრო. ბრიტანო–კელტური ტომები იტანჯებოდნენ რომაული გადასახადებისა და სამხედრო ბეგარის გამო. ერთი–ერთი ტომის ლიდერმა დედოფალმა ბუდიკამ პროტესტი გამოთქვა ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რის გამოც იგი რომაელებმა გაამათრახეს, ხოლო მის ქალიშვილებს ნამუსი აჰხადეს. 60 წელს გაცოფებულმა ბუდიკამ თავისი ხალხი შეკრიბა, მეზობელი მოკავშირე ტომებიც შეიერთა და აჯანყება დაიწყო.

ბუდიკას ქანდაკება ლონდონში


რომაელებისთვის ეს აჯანყება ძალიან ცუდ დროს დაემთხვა. ბრიტანეთის რომაელი გამგებელი გაიუს სვეტონიუს პაულინუსი სხვა სამხედრო კამპანიით იყო დაკავებული და სწრაფად ვერ დაბრუნდებოდა აჯანყების ჩასაქრობად. აჯანყებულები ქალაქ კამულოდუნუმს (დღევანდელი ქოლჩესტერი) მიადგნენ, რომელიც რომაელთა ერთ–ერთი მთავარი პლაცდარმი იყო ბრიტანეთში. ქალაქის მაცხოვრებლებმა დახმარება ლონდინიუმის (ლონდონი) პროკურატორს ქატუს დეციანუსს სთხოვეს. ამ უკანასკნელმა სათანადოდ ვერ შეაფასა არსებული საფრთხე და კამულოდუნუმში მხოლოდ 200 კაციანი ცუდად შეიარაღებული რაზმი გაგზავნა, რომელიც, რა თქმა უნდა, განადგურდა. შემდეგ, სხვა რეგიონიდან 2 000 კაციანი IX ლეგიონი გამოემართა ქალაქის მისაშველებლად, მაგრამ ბუდიკას ხალხმა ისიც პირწმინდად გაანადგურა. ბრიტებმა მიწასთან გაასწორეს კამულოდუნუმი. მოსახლეობა ამოწყვიტეს, შენობები დაანგრიეს. მათი შემდეგი სამიზნე იყო ლონდინიუმი, რომელიც 43 წელს დააარსეს რომაელებმა.

ბუდიკას მეომრები კამულოდუნუმის მოსახლეობის წინააღმდეგ. პიტერ დენისის ნახატი


ამასობაში, პაულინუსის ყურამდეც მივიდა აჯანყების ამბავი. იგი სასწრაფოდ წამოვიდა თავისი ლაშქრით. იგი ჯერ კავალერიით მივიდა ლონდინიუმში და იფიქრა იქ დაუცდიდა ქვეით ჯარსაც, მაგრამ მალე გადაიფიქრა და ქალაქი ბრიტებს შეატოვა. თვითონ კი კავალერიით სხვაგან დაბანაკდა და იქ დაელოდა ლეგიონებს. ლონდინიუმსაც კამულოდუნუმის ბედი ეწია. ამის შემდეგ, აჯანყებული ბრიტები ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც პაულინუსი იდგა ლეგიონებით. ველი, სადაც რომაელები იდგნენ, გარშემორტყმული იყო ხშირი ტყით, სადაც არმია ვერ გაივლიდა, ხოლო შუაში ვიწრო გზა იყო. სწორედ აქ ჩააყენა პაულინუსმა თავისი ხალხი. მას ჰყავდა 11 000 ჯარისკაცი. დიონ კასიუსის თქმით, ბუდიკას 230 000 მეომარი ჰყავდა, რაც ძალიან საეჭვოა, მაგრამ კელტები მაინც ბევრად უფრო მეტნი იყვნენ რომაელებზე. თავდასხმაზე ჯერ კელტთა ეტლები გადავიდნენ და რომაელებს ისრები დაუშინეს, მაგრამ დიდი ზიანი ვერ მიაყენეს. შემდეგ კი, ბუდიკამ მთელი თავისი არმია მიუსია ლეგიონებს, რომლებიც ნიაღვარივით მიასკდნენ რომაელთა მეწინავე რიგებს და გაჩაღდა ცხარე ბრძოლა. რომაულმა დისციპლინამ და ტაქტიკამ მაინც თავისი გაიტანა და ნელ–ნელა უკან დაახევინა მტერს და შეტევაზე გადავიდა. კელტთა ბანაკში ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ, რომლებიც ბუდიკას მეომართა ოჯახის წევრები იყვნენ და სეირის საყურებლად იყვნენ მისულნი. ბუდიკას არმია განადგურდა. რომაელებმა ასევე ქალები, ბავშვები და მოხუცებიც ამოხოცეს. თვითონ ბუდიკამ გაქცევა მოახერხა, რომელმაც, ტაციტუსის თქმით, თავი მოიკლა. დიონ კასიუსის აზრით, იგი ავად გახდა და გარდაიცვალა. ბრიტანეთი V საუკუნემდე დარჩა რომის პროვინციად.

კელტური ფარი


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Dudley, Donald R; Webster, Graham (1962). The Rebellion of Boudica.

2. Fraser, Antonia (1988). The Warrior Queens. 

3. Taylor, John (1998). Tacitus and the Boudican Revolt.

4. Webster, Graham (1978). Boudica.