5 March 2021

 ბუდიკა – ცნობილი კელტი დედოფალი


ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის პირველ ნახევარში ბრიტანეთის კუნძულის სამხრეთ ნაწილი რომის იმპერიამ დაიპყრო. ბრიტანო–კელტური ტომები იტანჯებოდნენ რომაული გადასახადებისა და სამხედრო ბეგარის გამო. ერთი–ერთი ტომის ლიდერმა დედოფალმა ბუდიკამ პროტესტი გამოთქვა ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რის გამოც იგი რომაელებმა გაამათრახეს, ხოლო მის ქალიშვილებს ნამუსი აჰხადეს. 60 წელს გაცოფებულმა ბუდიკამ თავისი ხალხი შეკრიბა, მეზობელი მოკავშირე ტომებიც შეიერთა და აჯანყება დაიწყო.

ბუდიკას ქანდაკება ლონდონში


რომაელებისთვის ეს აჯანყება ძალიან ცუდ დროს დაემთხვა. ბრიტანეთის რომაელი გამგებელი გაიუს სვეტონიუს პაულინუსი სხვა სამხედრო კამპანიით იყო დაკავებული და სწრაფად ვერ დაბრუნდებოდა აჯანყების ჩასაქრობად. აჯანყებულები ქალაქ კამულოდუნუმს (დღევანდელი ქოლჩესტერი) მიადგნენ, რომელიც რომაელთა ერთ–ერთი მთავარი პლაცდარმი იყო ბრიტანეთში. ქალაქის მაცხოვრებლებმა დახმარება ლონდინიუმის (ლონდონი) პროკურატორს ქატუს დეციანუსს სთხოვეს. ამ უკანასკნელმა სათანადოდ ვერ შეაფასა არსებული საფრთხე და კამულოდუნუმში მხოლოდ 200 კაციანი ცუდად შეიარაღებული რაზმი გაგზავნა, რომელიც, რა თქმა უნდა, განადგურდა. შემდეგ, სხვა რეგიონიდან 2 000 კაციანი IX ლეგიონი გამოემართა ქალაქის მისაშველებლად, მაგრამ ბუდიკას ხალხმა ისიც პირწმინდად გაანადგურა. ბრიტებმა მიწასთან გაასწორეს კამულოდუნუმი. მოსახლეობა ამოწყვიტეს, შენობები დაანგრიეს. მათი შემდეგი სამიზნე იყო ლონდინიუმი, რომელიც 43 წელს დააარსეს რომაელებმა.

ბუდიკას მეომრები კამულოდუნუმის მოსახლეობის წინააღმდეგ. პიტერ დენისის ნახატი


ამასობაში, პაულინუსის ყურამდეც მივიდა აჯანყების ამბავი. იგი სასწრაფოდ წამოვიდა თავისი ლაშქრით. იგი ჯერ კავალერიით მივიდა ლონდინიუმში და იფიქრა იქ დაუცდიდა ქვეით ჯარსაც, მაგრამ მალე გადაიფიქრა და ქალაქი ბრიტებს შეატოვა. თვითონ კი კავალერიით სხვაგან დაბანაკდა და იქ დაელოდა ლეგიონებს. ლონდინიუმსაც კამულოდუნუმის ბედი ეწია. ამის შემდეგ, აჯანყებული ბრიტები ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც პაულინუსი იდგა ლეგიონებით. ველი, სადაც რომაელები იდგნენ, გარშემორტყმული იყო ხშირი ტყით, სადაც არმია ვერ გაივლიდა, ხოლო შუაში ვიწრო გზა იყო. სწორედ აქ ჩააყენა პაულინუსმა თავისი ხალხი. მას ჰყავდა 11 000 ჯარისკაცი. დიონ კასიუსის თქმით, ბუდიკას 230 000 მეომარი ჰყავდა, რაც ძალიან საეჭვოა, მაგრამ კელტები მაინც ბევრად უფრო მეტნი იყვნენ რომაელებზე. თავდასხმაზე ჯერ კელტთა ეტლები გადავიდნენ და რომაელებს ისრები დაუშინეს, მაგრამ დიდი ზიანი ვერ მიაყენეს. შემდეგ კი, ბუდიკამ მთელი თავისი არმია მიუსია ლეგიონებს, რომლებიც ნიაღვარივით მიასკდნენ რომაელთა მეწინავე რიგებს და გაჩაღდა ცხარე ბრძოლა. რომაულმა დისციპლინამ და ტაქტიკამ მაინც თავისი გაიტანა და ნელ–ნელა უკან დაახევინა მტერს და შეტევაზე გადავიდა. კელტთა ბანაკში ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ, რომლებიც ბუდიკას მეომართა ოჯახის წევრები იყვნენ და სეირის საყურებლად იყვნენ მისულნი. ბუდიკას არმია განადგურდა. რომაელებმა ასევე ქალები, ბავშვები და მოხუცებიც ამოხოცეს. თვითონ ბუდიკამ გაქცევა მოახერხა, რომელმაც, ტაციტუსის თქმით, თავი მოიკლა. დიონ კასიუსის აზრით, იგი ავად გახდა და გარდაიცვალა. ბრიტანეთი V საუკუნემდე დარჩა რომის პროვინციად.

კელტური ფარი


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Dudley, Donald R; Webster, Graham (1962). The Rebellion of Boudica.

2. Fraser, Antonia (1988). The Warrior Queens. 

3. Taylor, John (1998). Tacitus and the Boudican Revolt.

4. Webster, Graham (1978). Boudica.

No comments:

Post a Comment