23 April 2021

 ვარიაგები – ბიზანტიელ იმპერატორთა ელიტური მეომრები


ვიკინგები ზოგადად ცნობილები არიან, როგორც მეკობრეები და მძარცველები. მათ დიდი კვალი დატოვეს არა მხოლოდ მშობლიურ სკანდინავიაში, არამედ რუსეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთის კუნძულებზე. არსებობს ვიკინგური მემკვიდრეობის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ბევრი არ იცნობს: ეს იყო ბიზანტიელ იმპერატორთა პირადი დაცვა, რომელიც ძირითადად ვიკინგებისგან შედგებოდა (X - XIV სს.). ისინი მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში იყვნენ ცნობილნი, როგორც ერთგული, მრისხანე და მამაცი მეომრები. სახელი "ვარიაგი" მათ ბერძნებმა და სლავებმა შეარქვეს. 

ისინი ყოველთვის იმპერატორის გვერდით იყვნენ და მუდმივად იცავდნენ მას. ვარიაგები სამხედრო კამპანიებშიც იღებდნენ მონაწილეობას. როგორც კი იმპერატორი მათ ფულს გადაუხდიდა, მათი ერთგულება გარანტირებული იყო. ამის მაგალითია 1176 წელი, როდესაც იმპერატორი მანუელ კომნენოსი სასტიკად დამარცხდა თურქ–სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი არმია მთლიანად გაწყდა, ხოლო თვითონ მანუელი ვარიაგებმა გადაარჩინეს, რომლებმაც უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოლეს. 

ვარიაგი. ტომ კროფტის ნახატი


როგორ აღმოჩნდნენ ვიკინგი მეომრები ბიზანტიელ იმპერატორთა სამსახურში? ამისთვის კიდევ უფრო წარსულში უნდა გადავინაცვლოთ.

VIII – IX საუკუნეებში მკაცრი კლიმატის გამო სკანდინავიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხომალდებში ჩასხდა და მდიდარი მიწების ძიება დაიწყო. დანიელები ინგლისისკენ გაემართნენ, შვედები კი – აღმოსავლეთით, სლავთა მიწებისკენ. 862 წელს ვიკინგმა ბელადმა რიურიკმა სლავთა მიწაზე ქალაქი დააარსა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ნოვგოროდი. მან რიურიკიდების იგივე რიურიკოვიჩების დინასტია დააარსა (მისი შთამომავალი იყო ცნობილი ივანე მრისხანე), რომლებიც კიევის რუსეთს მართავდნენ. სკანდინავიიდან აქ ბევრი მიგრანტი შემოდიოდა, ზოგიც კი სამხრეთით, ბიზანტიისკენ მიიწევდა. ისინი მოხიბლულები იყვნენ კონსტანტინოპოლის სიმდიდრითა და ბრწინვალებით, და დაარქვეს "მიკლაგარდი" ანუ "დიდებული ქალაქი". 

კიევის რუსეთი


988 წელს კიევის რუსეთი საკმაოდ მოძლიერდა ვლადიმირ I-ის დროს. ამ დროს ბიზანტიაში სამოქალაქო ომი იყო. მეომბოხე სარდალი ბარდა ფოკა იმპერატორ ბასილ II–ს ებრძოდა. ამის გარდა, ჩრდილოეთიდან ბულგარეთი იმუქრებოდა, ხოლო სამხრეთიდან – ფატიმიანთა ეგვიპტე. ბასილს სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება. ვლადიმირმა დახმარების სანაცვლოდ იმპერატორს მისი ქალიშვილის, ანას ხელი სთხოვა. შეთანხმება შედგა. ამასთან ერთად ვლადიმირი თავის სამეფოსთან ერთად მართლმადიდებლურად მოინათლა. პირობის თანახმად, ვლადიმირმა ბასილს 6 000 მეომარი გაუგზავნა. ბასილმა გაიმარჯვა და ჩაახშო აჯანყება. ამ მოვლენის შემდეგ ვარიაგები იმპერატორთა მცველები გახდნენ, რაც ტრადიციად იქცა. 

ისტორიაში ყველაზე ცნობილი ვარიაგი იყო ჰარალდ სიგურდსონი, ასევე ცნობილი, როგორც ჰარალდ ჰარდრადა. იგი დაიბადა 1015 წელს და იყო ნორვეგიის მეფის, ოლაფ ჰარალდსონის ნახევარძმა. 1028 წელს ოლაფს ტახტი წაართვა კნუტ დიდმა. ოლაფმა ორი წელი იბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად, რომლის გვერდით ჰარალდიც იბრძოდა. ძმები დამარცხდნენ და გაიქცნენ. ჰარალდი კიევის რუსეთში წავიდა და ნოვგოროდის მთავრის, იაროსლავ ბრძენის სამსახურში ჩადგა. 1038 წელს იგი 500 კაცით კონსტანტინოპოლში ჩავიდა სახელისა და დიდების მოსახვეჭად. მრავალი წარმატების შედეგად, 21 წლის ასაკში უკვე ვარიაგთა მთავარსარდალი გახდა. ჰარალდი 1041 წლამდე დარჩა იმპერატორის სამსახურში, რის შემდეგაც კიევის რუსეთში დაბრუნდა, სადაც იგი იაროსლავმა გულუხვად მიიღო. შემდეგ ჰარალდი ნორვეგიაში დაბრუნდა და 1045 წელს სამეფო ტახტი დაიკავა. 1066 წელს იგი ბრიტანეთში ანგლო–საქსების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. 

მონეტა ჰარალდის გამოსახულებით


იმავე წელს ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამ დამპყრობელმა ინგლისი დაიპყრო. მრავალმა ანგლო–საქსმა მეომარმა დატოვა ქვეყანა. უმეტესი მათგანი კონსტანტინოპოლში ჩავიდა და იმპერატორის სამსახურში ჩადგა. ამის შემდეგ ვარიაგთა რაზმის ეთნიკური შემადგენლობა ძირითადად ანგლო–საქსური გახდა. იმპერატორის დავალებით ისინი დიდხანს ებრძოდნენ მოსისხლე ნორმანებს, რომლებიც, ინგლისის გარდა, სამხრეთ იტალიაშიც იყვნენ გაბატონებულნი. 

1122 წელს ბეროიას ბრძოლაში (ჩრდ. ბალკანეთში) ანგლო–საქსმა ვარიაგებმა მწარე მარცხი აგემეს პაჭანიკების მომთაბარე ტომებს. ეს მარცხი იმდენად გამანადგურებელი აღმოჩნდა მათთვის, რომ ეს უკანასკნელნი თითქმის მთლიანად გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან. 

1204 წლიდან, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, ვარიაგებმა ნელ–ნელა დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა და 1281 წლისთვის მათ მხოლოდ ცერემონიული როლი შემორჩათ.


კახი გაგნიძე




ბიბლიოგრაფია:

1. D'Amato, Raffaele. The Varangian Guard 988 - 1453.

2. Davidson, H.R. Ellis. The Viking Road to Byzantium.

3. Anna Komnena. Alexiad.

No comments:

Post a Comment