28 February 2020


არაბეთის გამუსლიმების შემდეგ სახალიფომ უამრავი დაპყრობითი ომი აწარმოა და კოლოსალური იმპერია შექმნა, რომლის ერთ–ერთი მთავარი სამიზნე იყო ბიზანტიის იმპერია.

636 წლის იარმუკის ბრძოლის შემდეგ სახალიფომ სირია დაიპყრო. 642 წელს მუსლიმებმა ბიზანტიას ეგვიპტეც წაართვეს. პარალელურად არაბები სასანიანთა სპარსეთსაც ებრძოდნენ და მალე მთლიანად "გადაყლაპეს" კიდეც. არაბებმა კავკასიაც დაიპყრეს და ამით ბიზანტიის ერთადერთ მეზობლებად იქცნენ ახლო აღმოსავლეთში. 

არაბები ანატოლიის სიღრმეში შეჭრას კარგად ვერ ახერხებდნენ, ამიტომ მათ საზღვაო ფლოტი შექმნეს სირიასა და ეგვიპტეში. 654 წელს მუსლიმებმა როდოსისა და კვიპროსის კუნძულები დაიპყრეს. იმავე წელს სირიის გამგებელმა მუავიამ თავდასხმები დაიწყო ანატოლიაზე. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტი II-მ არაბთა ფლოტის განადგურება სცადა, მაგრამ მწარედ დამარცხდა 655 წელს. ერთი წლის შემდეგ ხალიფა ოსმანი შეთქმულებმა მოკლეს და მუავია სასწრაფოდ სირიაში დაბრუნდა. იგი სამოქალაქო ომის ერთ–ერთი აქტიური მონაწილე იყო და 661 წელს ხალიფა ალის მკვლელობის შემდეგ თვითონ გახდა ხალიფა და ომაიანთა დინასტია დააარსა. სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ბიზანტიელებმა დრო იხელთეს და კუნძული როდოსი დაიბრუნეს. 

ბიზანტიური მხედრობა

მუავია კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა და 673 წელს არაბებმა როდოსი კვლავ დაიპყრეს. მუსლიმებმა ასევე ქალაქი სმირნა დაიკავეს მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე. 674–678 წლების მოვლენები საკმაოდ ბუნდოვანია. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ბიზანტიის დედაქალაქი გამუდმებულ ალყაში იყო. ზოგიერთი წყარო კი ამბობს, რომ ეს მხოლოდ რეიდები იყო. ფაქტი კი ის არის, რომ ბიზანტიელებმა პირველად სწორედ ამ დროს გამოიყენეს სახელოვანი "ბერძნული ცეცხლი" არაბთა ფლოტის წინააღმდეგ. ეს საიდუმლო იარაღი, სავარაუდოდ, შედგებოდა ასფალტში არეული ნავთის, გოგირდის, ფისისა და დაუშლელი კირისგან. 

ბიზანტიელები "ბერძნული ცეცხლით" ამარცხებენ არაბთა ფლოტს

678 წელს ბიზანტიელებმა მცირე ჯარი გადასხეს სირიაში, რამაც ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის აჯანყება გამოიწვია მუსლიმთა წინააღმდეგ. სახალიფო იძულებული გახდა ზავზე მოეწერა ხელი, რომელიც მომდევნო წელს გაფორმდა.

ამ პერიოდში ევრაზიის სტეპებში ცხარე ბრძოლა მიმდინარეობდა ბულგარებსა (პროტო–ბულგარელები) და ხაზარებს შორის, რომელიც ბულგართა მარცხით დასრულდა და დასავლეთით ბიზანტიის მიმართულებით დაიწყეს მიგრირება. მათი ბელადი იყო ასპარუხ ხანი, რომლის მეთაურობით ბულგარები დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ. ეს მოხდა დაახლოებით 674 – 678 წლებში. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IV-მ ძლიერი არმია შეკრიბა და ამ ახალი საფრთხის წინააღმდეგ დაიძრა, მაგრამ სამხედრო ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა და ბულგართა მრავალრიცხოვანმა მხედრობამ მარცხი აგემა ბიზანტიელებს. მალე ზავიც დაიდო, რომლის თანახმად იმპერატორმა ცნო ბულგართა ახალი სახელმწიფო.

685 წელს კონსტანტინე იუსტინიანე II-მ ჩაანაცვლა. ახალი იმპერატორი ძალიან ამბიციური პიროვნება იყო და 687 წელს მან წარმატებული კამპანიები აწარმოა ბულგართა და სლავთა წინააღმდეგ. 692 წელს იგი სახალიფოს დაესხა თავს, მაგრამ დამარცხდა სებასტოპოლისთან ბრძოლაში კილიკიაში. 695 წელს იუსტინიანე ტახტიდან ჩამოაგდეს და დაიწყო ოცწლიანი ანარქია იმპერიაში, რომლის დროსაც ექვსი იმპერატორი გამოიცვალა. სახალიფო კი ამ დროს კიდევ უფრო ძლიერდებოდა და სწორედ ამ დროს დაიპყრეს არაბებმა ჩრდილოეთ აფრიკა და ესპანეთი. ისინი ანატოლიაშიც გამუდმებულად ლაშქრობდნენ და აშკარა იყო, რომ მალე კონსტანტინოპოლის ჯერი დადგებოდა. იმპერატორი თეოდოსიუს III კარგად ხვდებოდა რა საფრთხეც ელოდა და 716 წელს კავშირი შეკრა ბულგარებთან და დედაქალაქის დასაცავად მოემზადა. თუმცა ამ დროს იმპერატორს ანატოლიური თემის სტრატეგოსი ლეონი აუჯანყდა. იგი არაბებს იმასაც კი დაპირდა, რომ მათი მოკავშირე გახდებოდა, როცა იმპერატორის ტახტს დაიკავებდა.


კონსტანტინოპოლის გალავანი

თეოდოსიუსს არ სურდა ახალი სამოქალაქო ომის დაწყება და ტახტიდან გადადგა. ლეონ III-მ მშვიდობიანად დაიკავა ტახტი და არაბებთან დადებული პირობა დაარღვია. ხალიფა სულეიმანმა თავის ძმას მასლამა იბნ აბდულ მალიქს უზარმაზარი ლაშქარი და ფლოტი ჩააბარა და კონსტანტინოპოლის დაპყრობა უბრძანა. ლეონიც გამალებული ემზადებოდა საომრად. მან ბულგარეთშიც გაგზავნა დესპანები დახმარების სათხოვნელად. არაბებმა ჰელესპონტის სრუტე (ახლანდელი დარდანელი) გადალახეს და კონსტანტინოპოლს მიადგნენ. ქალაქი კარგად იყო გამაგრებული. ქალაქის აღების იმედი უფრო მეტად ზღვის მხრიდან ჰქონდა მტერს, რადგან იქ გალავანი შედარებით უფრო სუსტი იყო, ვიდრე ხმელეთის მხრიდან. ქალაქი სრულ ალყაში მოექცა. ბიზანტიელებმა აქაც გამოიყენეს ცნობილი "ბიზანტიური ცეცხლი" და ბევრი ხომალდი ჩაუძირეს არაბებს, რამაც საკმაოდ დიდი მორალური დარტყმა მიაყენა მუსლიმებს. ამ დროს ბულგართა 15 000–იანი ლაშქარიც გამოჩნდა ჰორიზონტზე ტერველ ხანის მეთაურობით. მუსლიმთა ჯარი რიცხობრივად კი აღემატებოდა ბიზანტიელებსა და ბულგარებს, მაგრამ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამასობაში ცივი ზამთარი დადგა. არაბებისთვის ასეთი კლიმატი ძალიან მძიმე აღმოჩნდა და მალე შიმშილმა იფეთქა მათ ბანაკში, რასაც მერე ეპიდემიები მოჰყვა. გაზაფხული რომ დადგა, ხალიფამ დამხმარე ძალები გამოგზავნა მასლამასთან, თუმცა ამანანც ვერ გააუმჯობესა მუსლიმთა მდგომარეობა. ლეონმა კიდევ მრავალი ხომალდი დაუწვა მასლამას და ის დამხამარე ჯარიც გაანადგურა, რომელიც ანატოლიიდან იყო მოსული. ბულგარებმაც ისახელეს თავი. 718 წელს მასლამას ხალიფას ბრძანება მიუვიდა, რომ ალყა მოეხსნა. ცამეტთვიანი ალყის შემდეგ არაბებმა უკან დახევა დაიწყეს. ამ პროცესის დროსაც ბევრი არაბი დაიხოცა. ზოგი ბულგართა და ბიზანტიელთა ხელით, ზოგიც ქარიშხლის წყალობით.

არაბებისთვის ეს კამპანია ნამდვილი კრახი იყო. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში შეჭრის ოცნება დაემსხვრათ და კონსტანტინოპოლზე თავდასხმა აღარასდროს უცდიათ. ომაიანთა დინასტიამ პრესტიჟი და საუკეთესო მეომრები დაკარგა, რამაც საშუალება მისცა აბასიანებს, სამი ათეული წლის შემდეგ ძალაუფლება ჩაეგდოთ ხელში. მუსლიმთა სამყარო სამუდამოდ დაიშალა და აღარასდროს გაერთიანებულა.


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Haldon, John (2002) Byzantium at War 600 - 1453. Osprey.
2. Mango, Cyril (2002). The Oxford History of Byzantium. Oxford. Oxford University Press.

21 February 2020


მე–8 საუკუნეში აბასიან არაბთა სახალიფო და ტანის ჩინური დინასტია თავიანთ ტერიტორიებს აფართოებდნენ შუა აზიის მიმართულებით. შედეგად ეს ორი იმპერია ერთმანეთს გაუმეზობლდა, რაც ტალასის ბრძოლით დაგვირგვინდა 751 წელს. ეს კონფლიქტი ბევრისთვის არ არის ცნობილი და საკმაოდ მივიწყებული ისტორიული მოვლენაა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იყო რეგიონისთვის და ასევე მსოფლიოს ისტორიული მოვლენების განვითარებისთვის. 

ტანის დინასტია ჩინეთში 618 წელს გაბატონდა და თითქმის ეგრევე დაიწყო დასავლეთის მიმართულებით გაფართოება. 630 წლისთვის ჩინელებმა აღმოსავლეთ თურქთა სახაკანო დაიმორჩილეს, რომელიც დღევანდელ მონღოლეთში მდებარეობდა. 657 წელს კი შუა აზიის დასავლეთ თურქთა სახაკანოც "შთანთქეს". რეგიონის სხვა მრავალი პოლიტიკური წარმონაქმნები ჩინეთის ვასალებად იქცნენ. 715 წლისთვის ჩინეთის გავლენა კასპიის ზღვას აღწევდა.


ჩინეთის იმპერია (ტანის დინასტია)

ამასობაში ახლო აღმოსავლეთში არაბებმა შექმნეს უზარმაზარი იმპერია, რომელიც ესპანეთიდან შუა აზიამდე და არაბეთიდან კავკასიამდე იყო გადაჭიმული. შუა აზიაში არაბთა სახალიფო, ძირითადად, თურქმანულ ტომებს ებრძოდა. 715 წლისთვის ეს ორი იმპერია აბრეშუმის გზას აკონტროლებდა, რის გამოც კონფლიქტი გარდაუვალი გახდა. პირველი შეტაკებები იმავე წელს მოხდა, რომელიც მუსლიმთა მარცხით დამთავრდა. იგივე მოხდა ორი წლის შემდეგაც. ამ დროს არაბთა სახალიფოში ჯერ კიდევ ომაინთა დინასტია ბატონობდა, ხოლო 750 წელს ისინი აბასიანებმა შეცვალეს.

აბასიანთა სახალიფო

როგორც ჩანს ჩინელებმა იცოდნენ სახალიფოს დინასტიური ომის შესახებ და შუა აზიის დამორჩილება სცადეს. 750 წელს ჩინელმა სარდალმა გაო სიანგშიმ ტაშკენტი დაიკავა. ქალაქის მმართველმა დასახმარებლად არაბებს მოუხმო. ადგილობრივი მუსლიმი სარდალი ზიად იბნ საიდი სამარყანდიდან დაიძრა მდინარე ტალასისკენ. გაო ნელ–ნელა უკან იხევდა და თან მოკავშირეებს კრებდა. 751 წელს მოწინააღმდეგეთა არმიები ერთმანეთს შეხვდნენ დღევანდელი ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვართან.

ჩინელთა ლაშქარი ძირითადად ქვეითი მეომრებისგან შედგებოდა, ხოლო არაბთა არმიაში ქვეითების გარდა მრავალრიცხოვანი მხედრობაც იყო. არაბებმა მძლავრი შეტევები წამოიწყეს ჩინელებზე და სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. მოულოდნელად ჩინელთა ზურგში თურქმან კარლუკთა ძალებმა დაიწყეს შეტევა, რომლებიც მოკავშირეებად ახლდნენ ჩინელებს, მაგრამ ამ ბრძოლისას არაბთა მხარეს გადავიდნენ. ჩინელთა ლაშქარი პირწმინდად განადგურდა, მაგრამ არაბებმაც მრავალი ათასი მეომარი დაკარგეს. ჩინეთის იმპერატორმა ახალი ჯარი გაგზავნა შუა აზიაში არაბთა წინააღმდეგ, მაგრამ 755 წელს ჩინეთში აჯანყებები დაიწყო და ეს ჯარიც იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო.


მდინარე ტალასი


ამ ბრძოლის შედეგი ის იყო, რომ შეწყდა ჩინეთის ექსპანსია დასავლეთით მიმართულებით. არაბებმა ვეღარ შეძლეს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოება. ასევე შუა აზიაში თურქულ ტომებში ისლამის გავრცელება დაიწყო, რასაც მომდევნო საუკუნეებში თურქ–სელჩუკთა აღზევება მოჰყვა, წმინდა მიწის დაპყრობა მათ მიერ. ჯვაროსნული ლაშქრობები, ბიზანტიის დაცემა, თურქ–ოსმალთა აღზევება და რაც მთავარია ქაღალდის ტექნოლოგიის საიდუმლოს ათვისება არაბთა მიერ, რომელიც, თავის მხრივ, მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში გავრცელდა.

ჩინური ქაღალდის შექმნის პროცესი

კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Chaliand Gerard (2004). Nomadic Empires: From Mongolia to the Danube.
2. Lewis, Mark Edward (2009). China's Cosmopolitan Empire: The Tang Dynasty. 

13 February 2020



მანაზკერტის ბრძოლა მოხდა 1071 წელს, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა მსოფლიოს ისტორიული პროცესების განვითარებაში.

შუა საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიას ხშირად უხდებოდა მომთაბარეებთან ბრძოლა, მაგრამ ეს სულ სხვა სიტუაცია იყო. თურქ–სელჩუკები (ასე ეწოდათ თავიანთი ბელადის სახელის მიხედვით) შუა აზიის მომთაბარე ხალხი იყო, რომლებმაც მე–11 საუკუნის დასაწყისში ისლამი მიიღეს. 1040 წელს, მრავალი ბრძოლის შედეგად მათ დაამარცხეს და დაიპყრეს ღაზნავიანთა სასულტნო, რომელიც დღევანდელი ირანისა და ავღანეთის უზარმაზარ ტერიტორიებს მოიცავდა. სელჩუკები ამით არ შეჩერებულან და გააგრძელეს დაპყრობითი ომები. შემდეგი 15 წლის განმავლობაში სულტან თოღრულ ბეგის მეთაურობით, მათ მთლიანად დაიპყრეს დღევანდელი ირანი და ერაყი. ბაღდადის ხალიფამ თოღრული აღმოსავლეთისა და დასავლეთის მბრძანებლად ცნო, ამით სელჩუკები სუნიტური ისლამის აგენტები გახდნენ. მალე თურქები ეგვიპტის ფატიმიანთა სახალიფოსა და ბიზანტიის იმპერიას გაუმეზობლდნენ, ხოლო ამიერკავკასიური ქვეყნები, მათ შორის საქართველოს სამეფო, ვასალებად გაიხადეს. 

თურქ–სელჩუკი მხედრები

1054 წელს თურქებმა პირველად დალაშქრეს ბიზანტიური ტერიტორიები, კერძოდ ტრაპიზონი. 1064 წელს ახალმა სულტანმა ალფ არსლანმა ბიზანტიას დიდი სომხური ქალაქი ანისი წაართვა. 1067 წელს სელჩუკებმა სასტიკად დაარბიეს ანტიოქია და ამით მათ გზა გაეხსნათ ანატოლიისკენ. ბიზანტიის იმპერატორი რომანოზ IV დიოგენე გამალებული ემზადებოდა თურქებთან საბრძოლველად და 1068 წელს იგი ქალაქ ცეზარიისკენ (დღევანდელი კაისერი თურქეთში) გაემართა. იქ იგი თურქთა ჯარის ნაწილს გადაეყარა და დაამარცხა. 

ბიზანტიელი მეომრები

1069 წელს სიტუაცია შეიცვალა, როცა სელჩუკთა ახალმა მძარცველმა რაზმებმა ბიზანტიის ტერიტორიები კვლავ მოარბიეს. რომანოზი მიხვდა, რომ ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა აღეკვეთა და დიდი ლაშქრის შეკრება დაიწყო. ამავე დროს ალფ არსლანი სირია–პალესტინაში ფატიმიანთა ეგვიპტეს ებრძოდა. სულტანი არ იყო დარწმუნებული, რომ ორ ფრონტზე ბრძოლას შეძლებდა. ამიტომ მან ელჩობა გაგზავნა ბიზანტიაში და იმპერატორს პირობა მისცა , რომ თურქთა რეიდები შეწყდებოდა. სამწუხაროდ, სულტანი ვერ აკონტროლებდა თავის ყველა ვასალ ტომს. ასე, რომ მცირე რეიდები კვლავ გრძელდებოდა.

რომანოზმა უზარმაზარი ჯარი შეკრიბა და 1071 წელს მან დესპანი გაგზავნა ალფ არსლანთან, რომ ზავი განეახლებინა. ალფ არსლანიც სიამოვნებით დათანხმდა. თუმცა რომანოზს მზაკვრული გეგმა ჰქონდა და სელჩუკთა წინააღმდეგ დაიძრა, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ მისი დესპანები სინამდვილეში ჯაშუშები იყვნენ, რათა ალფ არსლანის არმიის სიძლიერე შეეფასებინათ. რომანოზი ვანის ტბასთან მივიდა, სადაც ციხე–ქალაქი მანაზკერტი იყო. ეს ალფ არსლანმა რომ შეიტყო, სასწრაფოდ ახალი ომისთვის დაიწყო მომზადება. მალე ისიც ვანის ტბისკენ დაიძრა და იქვე დაბანაკდა. რომანოზს მანაზკერტი უკვე აეღო და ალფ არსლანისკენ წამოვიდა.

ბიზანტიელთა არმია მულტიეროვნული იყო. ცენტრში რომანოზმა ვარიაგები და სომხები ჩააყენა, რომლებსაც თვითონ სარდლობდა. ფლანგებზე ევროპელი, სირიელი და თურქმანი მოქირავნეები ეყენა, ხოლო ბიზანტიურ–ფეოდალური რაზმები რეზერვში იდგნენ.


ღულამი. სელჩუკთა არმიის ელიტა


სელჩუკთა ლაშქარი ნახევარმთვარის მწყობრით იდგა. შუაში თვითონ სულტანი ალფ არსლანი იდგა. ბიზანტიელები თურქთა ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმას ცდილობდნენ, მაგრამ თურქები თავს არიდებდნენ და მომთაბარულ მიხდომ–მოხდობის ტაქტიკას იყენებდნენ. თურქთა ცენტრი ნელ–ნელა უკან იხევდა, ხოლო ფლანგები ბიზანტიელების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ. საღამოსკენ რომანოზმა სულტნის ბანაკი ჩაიგდო ხელში, მაგრამ მალევე თავისივე ბანაკში დაბრუნება ბრძანა. იმპერატორის ბრძანებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და სიბნელეში მისი შტანდარტი ძირს დაეცა. სელჩუკებმა ეს მომენტი შესანიშნავად გამოიყენეს და მთელი ძალებით თავს დაატყდნენ ბიზანტიელთა მარჯვენა ფლანგს. ბიზანტიურ რეზერვთა რაზმებს მათი დახმარება ევალებოდათ, მაგრამ მათი სარდალი ანდრონიკე დუკა, რომლის ოჯახი იმპერატორს ექიშპებოდა, არ მიეშველა თანამოძმეებს, ხოლო ბიზანტიელთა მარჯვენა ფლანგი სრულიად განადგურდა. ბიზანტიელთა მარცხენა ფლანგი კი დარწმუნდა, რომ იმპერატორი ბრძოლაში დაიღუპა და მანაზკერტში დაბრუნდა. რომანოზი მარტო დარჩა თავის ცენტრთან ერთად და მამაცურად იბრძოდა თავის ვარიაგ მცველებთან ერთად. ბოლოს ერთმა რიგითმა სელჩუკმა ჯარისკაცმა ტყვედ აიყვანა იმპერატორი. წყაროები იუწყებიან, რომ სულტანი კეთილად ეპყრობოდა რომანოზს. მალე ზავი გაფორმდა, რის თანახმადაც ანტიოქია, ედესა და მანაზკერტი სელჩუკებს გადაეცათ. რამდენიმე დღეში ალფ არსლანმა დიდი ძღვენით გამოისტუმრა იმპერატორი, მაგრამ საიმპერიო ტახტი უკვე დაკავებული დახვდა მიხეილ VII დუკას მიერ. 1072 წელს, მცირე სამოქალაქო ომის შემდეგ რომანოზს თვალები დათხარეს და მალე ჭრილობებისგან  გარდაიცვალა. ალფ არსლანიც მალე გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ მალიქ–შაჰმა ძალიან მალე ანატოლიის უდიდესი ნაწილი დაიპყრო, რითაც რეგიონის გათურქების პროცესი დაიწყო. ამ ომებმა ბიზანტია დაღუპვის პირას მიიყვანა, რის შედეგადაც მალე ჯვაროსნული ომების ეპოქა დაიწყო.


თურქ–სელჩუკთა იმპერია ძლიერების ზენიტში


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. Nicolle, David. Manzikert 1071: The breaking of Byzantium. London. Osprey Pub. 2014.
2. Haldon, John (2001). The Byzantine Wars: Battles and Campaigns of the Byzantine Era.
3. Hillenbrand, Carole (2007). Turkish Myth and Muslim Symbol: The Battle of Manzikert. (Illustrated ed.) Edinburgh University Press.

7 February 2020



1025 წელს პოლონეთი დამოუკიდებელი სამეფო გახდა, რომლის მეფეც ბოლესლავ მამაცი იყო. იგი კათოლიკურად მოინათლა და პაპმა მისი სამფლობელო ლეგიტიმურ სამეფოდ ცნო. პოლონელები მალე გაქრისტიანდნენ, მაგრამ მათი მეზობელი ტომები ბალტიისპირეთში ჯერ კიდევ წარმართები იყვნენ. ისინი ევროპის უკანასკნელი წარმართები იყვნენ. ამის გამო ბალტიისპირეთი ჯვაროსნული ომების იდეალურ სამიზნედ იქცა. პაპ ინოკენტ III-ს თავისი გავლენის გავრცელება სურდა რეგიონში და 1204 წელს დღევანდელ ლატვიაში ლივონიის ორდენი შექმნა. ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც გერმანული წარმოშობის მეომარი ბერებისგან შედგებოდა, რომელთა მიზანიც წარმართთა გაქრისტიანება იყო. თუმცა ეს საკმარისი არ იყო და 1226 წელს პოლონელმა ჰერცოგმა კონრადმა ტევტონთა ორდენი მიიწვია პოლონეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ საზღვრების დასაცავად. ტევტონთა ორდენი იერუსალიმში დააარსდა 1143 წელს გერმანელი ჯვაროსნების მიერ. 1198 წელს იგი სამხედრო ორგანიზაციად იქცა ტამპლიერთა მიბაძვით. თუმცა წმინდა მიწაზე ჯვაროსანთა საქმე ცუდად იყო და როცა ტევტონებმა კონრადის მოწვევა მიიღეს, ისინიც სიამოვნებით დათანხმდნენ. 

ტევტონთა ორდენის რაინდები



ტევტონთა და ლივონიის ორდენებს წარმართთა მიწების დაპყრობა და მათი გაქრისტიანება თავიანთ წმინდა მოვალეობად მიაჩნდათ. ტევტონები პრუსიაში მოღვაწეობდნენ, ხოლო ლივონიის ორდენი ლიტვის სამთავროს ებრძოდა. 1236 წელს ლიტველებმა ეს ორდენი ისე სასტიკად დაამარცხეს, რომ ეს უკანასკნელი იძულებული გახდა ტევტონთა ორდენის ნაწილი გამხდარიყო, რათა გადარჩენილიყო. ტევტონთათვის ბალტიისპირეთთან დამაკავშირებელი გზა დაბლოკილი იყო ლიტვის მიერ. 

მე–14 საუკუნის ბოლოსთვის ლიტვა თითქმის მთლიანად იყო გაქრისტიანებული, ამიტომ ორდენის მისია პრობლემატური გახდა. ახლა ისინი უბრალო დამპყრობლებად იქცნენ. დაიძაბა ურთიერთობა პოლონეთთანაც, რომელიც ომში გადაიზარდა. ტევტონებმა პოლონეთს ჩრდილოეთ ტერიტორიები წაართვეს და ბალტიის ზღვაზე გასასვლელი მოუჭრეს. 

ტევტონთა ორდენი ძლიერების ზენიტში

1384 წელს პოლონეთის სამეფო ტახტზე ავიდა  11 წლის გოგონა, იადვიგა. პოლონელი არისტოკრატები ლიტვასთან კავშირს ლამობდნენ. ერთი წლის შემდეგ ლიტვის დიდმა მთავარმა იოგაილამ ცოლად მოიყვანა იადვიგა. მისი დინასტია ორასი წელი მართავდა პოლონეთს.

1409 წელს ტევტონთა დიდმა მაგისტრმა ულრიხმა ომი გამოუცხადა პოლონეთსა და ლიტვას. მისი მიზანი იყო, ჯერ პოლონეთი დაემარცხებინა და შემდეგ ლიტვა გაესწორებინა მიწასთან. მან უნგრეთისა და ჩეხეთის მეფეები მოისყიდა, რომ პოლონეთს დასხმოდნენ თავს. პოლონეთმა ლივონიის ორდენისგან ნეიტრალიტეტის პირობა მიიღო. პოლონეთის მეფე იოგაილა და ლიტვის დიდი მთავარი ვიტაუტასი ერთმანეთს შეხვდნენ, რათა ტევტონთა წინააღმდეგ გეგმები ჩამოეყალიბებინათ. მათ გადაწყვიტეს, ლაშქარი ჩრდილოეთ პოლონეთში შეეკრიბათ და ტევტონთა დედაქალაქს, მარიენბურგს დასხმოდნენ თავს, მაგრამ ტევტონებმა შეიტყვეს ეს ამბავი და ისინიც დაიძრნენ მტრის წინააღმდეგ.

მარიენბურგის ტევტონური ციხესიმაგრე

1410 წელს მოწინააღმდეგეთა არმიები ერთმანეთს ტანენბერგისა და გრიუნვალდის სოფლებს შორის შეხვდნენ. მემატიანეთა აზრით პოლონელებსა და ლიტველებს 39 000 ჯარისკაცი ჰყავდათ, ხოლო ტევტონებს – 27 000. ტევტონთა ჯარი ძირითადად გერმანელებისგან შედგებოდა, ხოლო პოლონურ–ლიტვური ლაშქარი საკმაოდ ჭრელი იყო. პოლონელებისა და ლიტველების გარდა იქ იყვნენ მოლდოველები, ჩეხები, რუსები, თათრები და ა.შ.
ტევტონები თავიანთ მტრებთან შედარებით ბევრად უკეთესად იყვნენ აღჭურვილნი, დისციპლინირებულნი და გაწვრთვნილნი.
ბრძოლა დაიწყო ლიტველთა მარჯვენა ფლანგის შეტევით, მაგრამ ტევტონთა მარცხენა ფლანგის მძიმე კავალერიამ მოიგერია მტერი და კონტრშეტევაზე გადავიდა. ლიტველებმა უკან დახევა დაიწყეს. ისტორიკოსები დღემდე ბჭობენ, ლიტველებმა მართლა ვერ გაუძლეს ტევტონთა შეტევებს, თუ ეს ცრუ უკანდახევა იყო. ასე იყო თუ ისე, მათ უკან დაიხიეს და ტევტონთა კავალერიაც დაედევნა მათ. იოგაილას პოლონურ არმიას უკეთ ჰქონდა საქმე და მეფემ ტევტონთა მარჯვენა ფლანგს უკან დაახევინა. თუმცა ლიტველებს დადევნებული ტევტონთა კავალერია უკან მობრუნდა და პოლონელთა ცენტრი ალყაში აღმოჩნდა, მაგრამ გაქცეული ლიტველებიც უკან დაბრუნდნენ და ტევტონებს ზურგიდან შეუტიეს. მალე ტევტონთა მთელი არმია ალყაში მოექცა და მათი დიდი მაგისტრი და თითქმის ყველა სამხედრო მეთაური ბრძოლის ველზე დაეცა. ორდენმა დაახლოებით 20 000 კაცი დაკარგა ამ ბრძოლაში. მოკავშირეებმა მარიენბურგი ალყაში მოაქციეს, მაგრამ მალევე უკან დაიხიეს, რადგან ლივონიის ორდენი ომით იმუქრებოდა და უნგრეთიდანაც მოსალოდნელი იყო თავდასხმა. ამიტომ მოკავშირეებმა მოლაპარაკება გამართეს ტევტონებთან და 1411 წელს ზავი დაიდო. ტევტონთა ორდენის ძლიერების ხანა წარსულს ჩაბარდა, რომელიც მე–16 საუკუნეში პრუსიის სამთავროდ გარდაიქმნა.

კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. Christiansen, Erik (1997). The Northern Crusades. London.
2. Urban, Williams (2003). The Teutonic Knights: A Military History. . London.
3. Asbridge, T. The Crusades. (Ecco, 2011).