28 February 2020


არაბეთის გამუსლიმების შემდეგ სახალიფომ უამრავი დაპყრობითი ომი აწარმოა და კოლოსალური იმპერია შექმნა, რომლის ერთ–ერთი მთავარი სამიზნე იყო ბიზანტიის იმპერია.

636 წლის იარმუკის ბრძოლის შემდეგ სახალიფომ სირია დაიპყრო. 642 წელს მუსლიმებმა ბიზანტიას ეგვიპტეც წაართვეს. პარალელურად არაბები სასანიანთა სპარსეთსაც ებრძოდნენ და მალე მთლიანად "გადაყლაპეს" კიდეც. არაბებმა კავკასიაც დაიპყრეს და ამით ბიზანტიის ერთადერთ მეზობლებად იქცნენ ახლო აღმოსავლეთში. 

არაბები ანატოლიის სიღრმეში შეჭრას კარგად ვერ ახერხებდნენ, ამიტომ მათ საზღვაო ფლოტი შექმნეს სირიასა და ეგვიპტეში. 654 წელს მუსლიმებმა როდოსისა და კვიპროსის კუნძულები დაიპყრეს. იმავე წელს სირიის გამგებელმა მუავიამ თავდასხმები დაიწყო ანატოლიაზე. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტი II-მ არაბთა ფლოტის განადგურება სცადა, მაგრამ მწარედ დამარცხდა 655 წელს. ერთი წლის შემდეგ ხალიფა ოსმანი შეთქმულებმა მოკლეს და მუავია სასწრაფოდ სირიაში დაბრუნდა. იგი სამოქალაქო ომის ერთ–ერთი აქტიური მონაწილე იყო და 661 წელს ხალიფა ალის მკვლელობის შემდეგ თვითონ გახდა ხალიფა და ომაიანთა დინასტია დააარსა. სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ბიზანტიელებმა დრო იხელთეს და კუნძული როდოსი დაიბრუნეს. 

ბიზანტიური მხედრობა

მუავია კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა და 673 წელს არაბებმა როდოსი კვლავ დაიპყრეს. მუსლიმებმა ასევე ქალაქი სმირნა დაიკავეს მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე. 674–678 წლების მოვლენები საკმაოდ ბუნდოვანია. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ბიზანტიის დედაქალაქი გამუდმებულ ალყაში იყო. ზოგიერთი წყარო კი ამბობს, რომ ეს მხოლოდ რეიდები იყო. ფაქტი კი ის არის, რომ ბიზანტიელებმა პირველად სწორედ ამ დროს გამოიყენეს სახელოვანი "ბერძნული ცეცხლი" არაბთა ფლოტის წინააღმდეგ. ეს საიდუმლო იარაღი, სავარაუდოდ, შედგებოდა ასფალტში არეული ნავთის, გოგირდის, ფისისა და დაუშლელი კირისგან. 

ბიზანტიელები "ბერძნული ცეცხლით" ამარცხებენ არაბთა ფლოტს

678 წელს ბიზანტიელებმა მცირე ჯარი გადასხეს სირიაში, რამაც ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის აჯანყება გამოიწვია მუსლიმთა წინააღმდეგ. სახალიფო იძულებული გახდა ზავზე მოეწერა ხელი, რომელიც მომდევნო წელს გაფორმდა.

ამ პერიოდში ევრაზიის სტეპებში ცხარე ბრძოლა მიმდინარეობდა ბულგარებსა (პროტო–ბულგარელები) და ხაზარებს შორის, რომელიც ბულგართა მარცხით დასრულდა და დასავლეთით ბიზანტიის მიმართულებით დაიწყეს მიგრირება. მათი ბელადი იყო ასპარუხ ხანი, რომლის მეთაურობით ბულგარები დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ. ეს მოხდა დაახლოებით 674 – 678 წლებში. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IV-მ ძლიერი არმია შეკრიბა და ამ ახალი საფრთხის წინააღმდეგ დაიძრა, მაგრამ სამხედრო ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა და ბულგართა მრავალრიცხოვანმა მხედრობამ მარცხი აგემა ბიზანტიელებს. მალე ზავიც დაიდო, რომლის თანახმად იმპერატორმა ცნო ბულგართა ახალი სახელმწიფო.

685 წელს კონსტანტინე იუსტინიანე II-მ ჩაანაცვლა. ახალი იმპერატორი ძალიან ამბიციური პიროვნება იყო და 687 წელს მან წარმატებული კამპანიები აწარმოა ბულგართა და სლავთა წინააღმდეგ. 692 წელს იგი სახალიფოს დაესხა თავს, მაგრამ დამარცხდა სებასტოპოლისთან ბრძოლაში კილიკიაში. 695 წელს იუსტინიანე ტახტიდან ჩამოაგდეს და დაიწყო ოცწლიანი ანარქია იმპერიაში, რომლის დროსაც ექვსი იმპერატორი გამოიცვალა. სახალიფო კი ამ დროს კიდევ უფრო ძლიერდებოდა და სწორედ ამ დროს დაიპყრეს არაბებმა ჩრდილოეთ აფრიკა და ესპანეთი. ისინი ანატოლიაშიც გამუდმებულად ლაშქრობდნენ და აშკარა იყო, რომ მალე კონსტანტინოპოლის ჯერი დადგებოდა. იმპერატორი თეოდოსიუს III კარგად ხვდებოდა რა საფრთხეც ელოდა და 716 წელს კავშირი შეკრა ბულგარებთან და დედაქალაქის დასაცავად მოემზადა. თუმცა ამ დროს იმპერატორს ანატოლიური თემის სტრატეგოსი ლეონი აუჯანყდა. იგი არაბებს იმასაც კი დაპირდა, რომ მათი მოკავშირე გახდებოდა, როცა იმპერატორის ტახტს დაიკავებდა.


კონსტანტინოპოლის გალავანი

თეოდოსიუსს არ სურდა ახალი სამოქალაქო ომის დაწყება და ტახტიდან გადადგა. ლეონ III-მ მშვიდობიანად დაიკავა ტახტი და არაბებთან დადებული პირობა დაარღვია. ხალიფა სულეიმანმა თავის ძმას მასლამა იბნ აბდულ მალიქს უზარმაზარი ლაშქარი და ფლოტი ჩააბარა და კონსტანტინოპოლის დაპყრობა უბრძანა. ლეონიც გამალებული ემზადებოდა საომრად. მან ბულგარეთშიც გაგზავნა დესპანები დახმარების სათხოვნელად. არაბებმა ჰელესპონტის სრუტე (ახლანდელი დარდანელი) გადალახეს და კონსტანტინოპოლს მიადგნენ. ქალაქი კარგად იყო გამაგრებული. ქალაქის აღების იმედი უფრო მეტად ზღვის მხრიდან ჰქონდა მტერს, რადგან იქ გალავანი შედარებით უფრო სუსტი იყო, ვიდრე ხმელეთის მხრიდან. ქალაქი სრულ ალყაში მოექცა. ბიზანტიელებმა აქაც გამოიყენეს ცნობილი "ბიზანტიური ცეცხლი" და ბევრი ხომალდი ჩაუძირეს არაბებს, რამაც საკმაოდ დიდი მორალური დარტყმა მიაყენა მუსლიმებს. ამ დროს ბულგართა 15 000–იანი ლაშქარიც გამოჩნდა ჰორიზონტზე ტერველ ხანის მეთაურობით. მუსლიმთა ჯარი რიცხობრივად კი აღემატებოდა ბიზანტიელებსა და ბულგარებს, მაგრამ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამასობაში ცივი ზამთარი დადგა. არაბებისთვის ასეთი კლიმატი ძალიან მძიმე აღმოჩნდა და მალე შიმშილმა იფეთქა მათ ბანაკში, რასაც მერე ეპიდემიები მოჰყვა. გაზაფხული რომ დადგა, ხალიფამ დამხმარე ძალები გამოგზავნა მასლამასთან, თუმცა ამანანც ვერ გააუმჯობესა მუსლიმთა მდგომარეობა. ლეონმა კიდევ მრავალი ხომალდი დაუწვა მასლამას და ის დამხამარე ჯარიც გაანადგურა, რომელიც ანატოლიიდან იყო მოსული. ბულგარებმაც ისახელეს თავი. 718 წელს მასლამას ხალიფას ბრძანება მიუვიდა, რომ ალყა მოეხსნა. ცამეტთვიანი ალყის შემდეგ არაბებმა უკან დახევა დაიწყეს. ამ პროცესის დროსაც ბევრი არაბი დაიხოცა. ზოგი ბულგართა და ბიზანტიელთა ხელით, ზოგიც ქარიშხლის წყალობით.

არაბებისთვის ეს კამპანია ნამდვილი კრახი იყო. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში შეჭრის ოცნება დაემსხვრათ და კონსტანტინოპოლზე თავდასხმა აღარასდროს უცდიათ. ომაიანთა დინასტიამ პრესტიჟი და საუკეთესო მეომრები დაკარგა, რამაც საშუალება მისცა აბასიანებს, სამი ათეული წლის შემდეგ ძალაუფლება ჩაეგდოთ ხელში. მუსლიმთა სამყარო სამუდამოდ დაიშალა და აღარასდროს გაერთიანებულა.


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Haldon, John (2002) Byzantium at War 600 - 1453. Osprey.
2. Mango, Cyril (2002). The Oxford History of Byzantium. Oxford. Oxford University Press.

No comments:

Post a Comment