13 February 2020



მანაზკერტის ბრძოლა მოხდა 1071 წელს, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა მსოფლიოს ისტორიული პროცესების განვითარებაში.

შუა საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიას ხშირად უხდებოდა მომთაბარეებთან ბრძოლა, მაგრამ ეს სულ სხვა სიტუაცია იყო. თურქ–სელჩუკები (ასე ეწოდათ თავიანთი ბელადის სახელის მიხედვით) შუა აზიის მომთაბარე ხალხი იყო, რომლებმაც მე–11 საუკუნის დასაწყისში ისლამი მიიღეს. 1040 წელს, მრავალი ბრძოლის შედეგად მათ დაამარცხეს და დაიპყრეს ღაზნავიანთა სასულტნო, რომელიც დღევანდელი ირანისა და ავღანეთის უზარმაზარ ტერიტორიებს მოიცავდა. სელჩუკები ამით არ შეჩერებულან და გააგრძელეს დაპყრობითი ომები. შემდეგი 15 წლის განმავლობაში სულტან თოღრულ ბეგის მეთაურობით, მათ მთლიანად დაიპყრეს დღევანდელი ირანი და ერაყი. ბაღდადის ხალიფამ თოღრული აღმოსავლეთისა და დასავლეთის მბრძანებლად ცნო, ამით სელჩუკები სუნიტური ისლამის აგენტები გახდნენ. მალე თურქები ეგვიპტის ფატიმიანთა სახალიფოსა და ბიზანტიის იმპერიას გაუმეზობლდნენ, ხოლო ამიერკავკასიური ქვეყნები, მათ შორის საქართველოს სამეფო, ვასალებად გაიხადეს. 

თურქ–სელჩუკი მხედრები

1054 წელს თურქებმა პირველად დალაშქრეს ბიზანტიური ტერიტორიები, კერძოდ ტრაპიზონი. 1064 წელს ახალმა სულტანმა ალფ არსლანმა ბიზანტიას დიდი სომხური ქალაქი ანისი წაართვა. 1067 წელს სელჩუკებმა სასტიკად დაარბიეს ანტიოქია და ამით მათ გზა გაეხსნათ ანატოლიისკენ. ბიზანტიის იმპერატორი რომანოზ IV დიოგენე გამალებული ემზადებოდა თურქებთან საბრძოლველად და 1068 წელს იგი ქალაქ ცეზარიისკენ (დღევანდელი კაისერი თურქეთში) გაემართა. იქ იგი თურქთა ჯარის ნაწილს გადაეყარა და დაამარცხა. 

ბიზანტიელი მეომრები

1069 წელს სიტუაცია შეიცვალა, როცა სელჩუკთა ახალმა მძარცველმა რაზმებმა ბიზანტიის ტერიტორიები კვლავ მოარბიეს. რომანოზი მიხვდა, რომ ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა აღეკვეთა და დიდი ლაშქრის შეკრება დაიწყო. ამავე დროს ალფ არსლანი სირია–პალესტინაში ფატიმიანთა ეგვიპტეს ებრძოდა. სულტანი არ იყო დარწმუნებული, რომ ორ ფრონტზე ბრძოლას შეძლებდა. ამიტომ მან ელჩობა გაგზავნა ბიზანტიაში და იმპერატორს პირობა მისცა , რომ თურქთა რეიდები შეწყდებოდა. სამწუხაროდ, სულტანი ვერ აკონტროლებდა თავის ყველა ვასალ ტომს. ასე, რომ მცირე რეიდები კვლავ გრძელდებოდა.

რომანოზმა უზარმაზარი ჯარი შეკრიბა და 1071 წელს მან დესპანი გაგზავნა ალფ არსლანთან, რომ ზავი განეახლებინა. ალფ არსლანიც სიამოვნებით დათანხმდა. თუმცა რომანოზს მზაკვრული გეგმა ჰქონდა და სელჩუკთა წინააღმდეგ დაიძრა, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ მისი დესპანები სინამდვილეში ჯაშუშები იყვნენ, რათა ალფ არსლანის არმიის სიძლიერე შეეფასებინათ. რომანოზი ვანის ტბასთან მივიდა, სადაც ციხე–ქალაქი მანაზკერტი იყო. ეს ალფ არსლანმა რომ შეიტყო, სასწრაფოდ ახალი ომისთვის დაიწყო მომზადება. მალე ისიც ვანის ტბისკენ დაიძრა და იქვე დაბანაკდა. რომანოზს მანაზკერტი უკვე აეღო და ალფ არსლანისკენ წამოვიდა.

ბიზანტიელთა არმია მულტიეროვნული იყო. ცენტრში რომანოზმა ვარიაგები და სომხები ჩააყენა, რომლებსაც თვითონ სარდლობდა. ფლანგებზე ევროპელი, სირიელი და თურქმანი მოქირავნეები ეყენა, ხოლო ბიზანტიურ–ფეოდალური რაზმები რეზერვში იდგნენ.


ღულამი. სელჩუკთა არმიის ელიტა


სელჩუკთა ლაშქარი ნახევარმთვარის მწყობრით იდგა. შუაში თვითონ სულტანი ალფ არსლანი იდგა. ბიზანტიელები თურქთა ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმას ცდილობდნენ, მაგრამ თურქები თავს არიდებდნენ და მომთაბარულ მიხდომ–მოხდობის ტაქტიკას იყენებდნენ. თურქთა ცენტრი ნელ–ნელა უკან იხევდა, ხოლო ფლანგები ბიზანტიელების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ. საღამოსკენ რომანოზმა სულტნის ბანაკი ჩაიგდო ხელში, მაგრამ მალევე თავისივე ბანაკში დაბრუნება ბრძანა. იმპერატორის ბრძანებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და სიბნელეში მისი შტანდარტი ძირს დაეცა. სელჩუკებმა ეს მომენტი შესანიშნავად გამოიყენეს და მთელი ძალებით თავს დაატყდნენ ბიზანტიელთა მარჯვენა ფლანგს. ბიზანტიურ რეზერვთა რაზმებს მათი დახმარება ევალებოდათ, მაგრამ მათი სარდალი ანდრონიკე დუკა, რომლის ოჯახი იმპერატორს ექიშპებოდა, არ მიეშველა თანამოძმეებს, ხოლო ბიზანტიელთა მარჯვენა ფლანგი სრულიად განადგურდა. ბიზანტიელთა მარცხენა ფლანგი კი დარწმუნდა, რომ იმპერატორი ბრძოლაში დაიღუპა და მანაზკერტში დაბრუნდა. რომანოზი მარტო დარჩა თავის ცენტრთან ერთად და მამაცურად იბრძოდა თავის ვარიაგ მცველებთან ერთად. ბოლოს ერთმა რიგითმა სელჩუკმა ჯარისკაცმა ტყვედ აიყვანა იმპერატორი. წყაროები იუწყებიან, რომ სულტანი კეთილად ეპყრობოდა რომანოზს. მალე ზავი გაფორმდა, რის თანახმადაც ანტიოქია, ედესა და მანაზკერტი სელჩუკებს გადაეცათ. რამდენიმე დღეში ალფ არსლანმა დიდი ძღვენით გამოისტუმრა იმპერატორი, მაგრამ საიმპერიო ტახტი უკვე დაკავებული დახვდა მიხეილ VII დუკას მიერ. 1072 წელს, მცირე სამოქალაქო ომის შემდეგ რომანოზს თვალები დათხარეს და მალე ჭრილობებისგან  გარდაიცვალა. ალფ არსლანიც მალე გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ მალიქ–შაჰმა ძალიან მალე ანატოლიის უდიდესი ნაწილი დაიპყრო, რითაც რეგიონის გათურქების პროცესი დაიწყო. ამ ომებმა ბიზანტია დაღუპვის პირას მიიყვანა, რის შედეგადაც მალე ჯვაროსნული ომების ეპოქა დაიწყო.


თურქ–სელჩუკთა იმპერია ძლიერების ზენიტში


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. Nicolle, David. Manzikert 1071: The breaking of Byzantium. London. Osprey Pub. 2014.
2. Haldon, John (2001). The Byzantine Wars: Battles and Campaigns of the Byzantine Era.
3. Hillenbrand, Carole (2007). Turkish Myth and Muslim Symbol: The Battle of Manzikert. (Illustrated ed.) Edinburgh University Press.

No comments:

Post a Comment