23 November 2021

 სამნიტური ომები


ძველი რომის ომებმა, რომლებიც ძვ. წ. III საუკუნეში მოხდა ეპიროსის, კართაგენის, მაკედონიისა და სელევკიდების იმპერიის წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რომის იმპერიის ფორმირებაში. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე რომის რესპუბლიკამ მრავალწლიანი ომი გადაიხადა სამნიტების წინააღმდეგ, რომლებიც ცენტრალური იტალიის სამხრეთ ნაწილში ბინადრობდნენ და ძლიერი გაერთიანება შექმნეს.

სამნიტი მეომრები

იტალიის ერები სამნიტურ ომებამდე


ძვ. წ. IV საუკუნეში იტალია ჯერ კიდევ დანაწევრებული იყო ლათინთა, ეტრუსკთა, ბერძნებსა და სხვა ტომებს შორის. ამათგან ერთ-ერთ უძლიერეს ჯგუფს წარმოადგენდა სამნიტთა ლიგა. ძვ. წ. 354 წელს რომაელებმა და სამნიტებმა კავშირი შეკრეს საერთო მტრის, ვოლსკების წინააღმდეგ, მაგრამ ურთიერთობა მალევე დაიძაბა და ათი წლის შემდეგ სამნიტები თავს დაესხნენ სიდიცინელებს, რომლებმაც დაცვა კამპანიელებს სთხოვეს. ამ უკანასკნელებმა კი დახმარება რომს სთხოვეს. დახმარების სანაცვლოდ კი მორჩილება აღუთქვეს. რომაელებს მოეწონათ ეს წინადადება, ვინაიდან კამპანიის მიწები ძალიან მოსავლიანი იყო. თავიდან რომის სენატმა სამნიტებს ელჩები გაუგზავნა ომის შეწყვეტის თხოვნით, ხოლო უარის მიღების შემდეგ რომმა სამნიტებს ომი გამოუცხადა. რამდენიმე ბრძოლაში რომაელებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მათმა ლათინმა მოკავშირეებმა აჯანყება დაიწყეს. ამიტომ ძვ. წ. 341 წელს რომსა და სამნიტებს შორის ზავი დაიდო. ასე დასრულდა პირველი და ყველაზე მოკლე სამნიტური ომი.

იტალია ძვ. წ. VII - III საუკუნეებში


რომმა აჯანყება წარმატებით ჩაახშო და მალევე მათ რომის მოქალაქეობაც მიანიჭა, რამაც მათი მოსახლეობის რომანიზაციას შეუწყო ხელი. რომის გაძლიერებამ კვლავ დაძაბა ურთიერთობა სამნიტებთან, თანაც წინა ომში დამარცხების გამო ომი სწყუროდათ სამნიტებს. ძვ. წ. 326 წელს ქალაქ ნეაპოლისის პრო–რომაულმა ფრაქციამ სამნიტური გარნიზონი გააძევა და ქალაქი რომს ჩააბარა. რომაელებმა აქტიური შეტევები დაიწყეს სამნიტურ ტერიტორიებზე და რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ძვ. წ. 321 წელს კავდიუმის ტყესთან დაბანაკებული სამნიტები რომაელებს ჩაუსაფრდნენ და ალყაში მოაქციეს. ეს უკანასკნელები იძულებულები გახდნენ დაეკმაყოფილებინათ სამნიტების ნებისმიერი მოთხოვნა გასათავისუფლებლად. სამნიტებმა შეიარაღებული და შიშველი რომაელი ჯარისკაცები უღელქვეშ გაატარეს, რაც მეომრისთვის დიდი დამცირება იყო. რომმა ეს სირცხვილი არ დაითმინა და მოგვიანებით მწარე მარცხი აგემა სამნიტებს. 

ძვ. წ. 314 წელს რომაელებმა სამნიტებს ქალაქი სორა წაართვეს. ამის შემდეგ კიდევ სამი ქალაქი აიღეს. რომმა დაპყრობილ ტერიტორიებზე აქტიურად დაიწყო კოლონიების დაარსება. სამნიტებთან ომი პრაქტიკულად დასრულებული იყო, როდესაც რომს უძველესმა მტრებმა ეტრუსკებმა გამოუცხადეს ომი. რომის საბედნიეროდ, ეტრუსკებს აღარ ჰქონდათ პირვანდელი ძალა და რომაელებმა ისინი მალევე დაამარცხეს. ძვ. წ. 304 წელს სამნიტებმა რომაელებს ზავი სთხოვეს და ისინიც დათანხმდნენ. ამით დასრულდა ოცდაორწლიანი სისხლისმღვრელი მეორე სამნიტური ომი, რომლის შედეგადაც რომის ტერიტორიების სიდიდე თითქმის გასამმაგდა.

სამნიტური აღჭურვილობა, რომელიც ამ ომის პერიოდში რომაელებმაც აითვისეს


რომაელები მშვიდად არ მსხდარან. ძვ. წ. 302 – 298 წლებში მათ ომი გააჩაღეს მეზობელ ეტრურიასთან და უმბრიასთან. სამნიტებმა ისარგებლეს და სამხრეთით მდებარე ლუკანიაში შეიჭრნენ. ლუკანელებმა დახმარება რომს სთხოვეს. რომაელებისთვის ეს ხელსაყრელი მომენტი აღმოჩნდა "სამართლიანი" ომისთვის. დაიწყო მესამე სამნიტური ომი. რომაელები სამნიუმში დათარეშობდნენ და სოფლებს არბევდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ სამნიტთა ჯარები ეტრურიაში გადავიდნენ, რათა ეტრუსკებთან ერთად გაეგრძელებინათ ომი. მათ ასევე უმბრებიც და გალებიც შეუერთდნენ. რომაული ლეგიონები სასწრაფოდ ეტრურიაში გაემართნენ და მცირე შეტაკებაში დაამარცხეს ეტრუსკები და სამნიტები. 

მიუხედავად ამ დამარცხებისა, რომის მტრები მაინც სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ. ძვ. წ. 295 წელს მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სენტინუმთან შეხვდნენ. რომაელებს ორი კონსული, ფაბიუსი და დეციუსი სარდლობდა. მტრებმა გადაწყვიტეს ერთად არ დაბანაკებულიყვნენ. სამნიტები გალებს შეუერთდნენ, ეტრუსკები კი უმბრებს. სამნიტები და გალები უნდა შებრძოლებოდნენ რომაულ არმიას, ხოლო ეტრუსკები და უმბრები რომაულ ბანაკს უნდა დასხმოდნენ თავს. ეს გეგმა მოღალატეებმა რომაელებს ამცნეს. ამ უკანასკნელთა ნაწილი ეტრუსკთა მიწების სათარეშოდ წავიდნენ, რათა ბრძოლიდან გაეთიშათ ეტრუსკები. ეს დიდი დანაკლისი იყო მოკავშირეებისთვის. ფაბიუსმა კარგად იცოდა, რომ სამნიტები ბრძოლის დასაწყისში გულადები იყვნენ, შემდეგ კი მალევე იღლებოდნენ. გალები კი საერთოდ ვერ იტანდნენ სიცხეს და საღამოსკენ უკვე დასუსტებულები იქნებოდნენ. ამიტომაც იგი თავის ჯარებს არ ღლიდა და მხოლოდ იგერიებდა მტრის შემოტევებს.

დეციუსი კი ახალგაზრდა და მამაცი მეომარი იყო. იგი თავისი ჯარებით შეტევაზე გადავიდა და გალებს მიაწყდა. მისი მხედრები გალებმა ხმაურით დააფრთხეს გააქციეს. ეს არეულობა ქვეითებსაც გადაედოთ და გაქცევა დაიწყეს. დეციუსმა თავისი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა ბრძოლა. ამასობაში ფაბიუსიც გადავიდა შეტევაზე და მტერიც საბოლოოდ გატყდა. ფაბიუსი დაედევნა და გაქცეული მტერი დაამარცხა. უამრავი სამნიტი და გალი მეომარი დაიღუპა. დიდი ნაწილიც ტყვედ ჩავარდა. დეციუსი მთელმა ჯარმა დიდი წუხილით დაიტირა. ფაბიუსმა იგი დიდი პატივით დაკრძალა.

ბრძოლა სენტინუმთან


ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ კიდევ არაერთი ბრძოლა მოხდა, მაგრამ ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ძვ. წ. 290 წელს სამნიტები საბოლოოდ დამარცხდნენ და მთელი სამნიუმი რომის პროვინციად იქცა. ამ ომის შემდეგ რომაელებმა მალე მთელი იტალია დაიმორჩილეს, რაც მხოლოდ და მხოლოდ მათი დიდი დაპყრობითი ომების დასაწყისი იყო.

რომის ტერიტორიები სამნიტურ ომებამდე და შემდეგ



ბიბლიოგრაფია:

1. Ross Cowan, Roman Conquests: Italy.

2. Salmon, ET (1967), Samnium and the Samnites.

3. Forsythe, Gary (2005), A Critical History of Early Rome.

24 September 2021

 ფარსმან ქველი



ფარსმან II იყო იბერიის (ქართლის) მეფე II საუკუნის პირველ ნახევარში. მას სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ხალხმა ქველი უწოდა.
ქართლის ცხოვრება მას ასე აღწერს:

"ფარსმან ქუელი იყო კაცი კეთილი და უხუად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო და ყოვლითავე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნი გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა."

ფარსმან ქველს დიდი ენერგია და პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა დასჭირდა, რათა ქართლის სამეფო წინა აზიისა და ამიერკავკასიის ერთ–ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია. მემკვიდრეობით ფარსმანს დაუძლურებული ქვეყანა ერგო.

ამ დროისთვის რომის იმპერია ძლიერების ზენიტში იყო. პართიის იმპერიაშიც სტაბილური ვითარება იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს ორივე ზესახელმწიფო მაქსიმალურად შეეცდებოდა საკუთარი გავლენა განევრცო ამიერკავკასიაში. თავის მხრივ, ფარსმანი ცდილობდა რომის გავლენისგან გათავისუფლებას, რადგანაც ქართლი რომის ვასალად ითვლებოდა.

130 წელს რომის იმპერატორმა ადრიანემ, აღმოსავლეთში ყოფნის დროს, თავისი ქვეშევრდომი ხელმწიფეები, მათ შორის ფარსმანი, თავისთან დაიბარა. რომაელი ისტორიკოსის თქმით, მან ფარსმანს საჩუქრად ერთი სპილო და ორმოცდაათკაციანი კოჰორტა გაუგზავნა. საპასუხოდ, ქართლის მეფემაც მდიდარი ძღვენი გაუგზავნა იმპერატორს, მაგრამ მასთან წარდგენაზე უარი თქვა. ამან ძალიან განარისხა ამაყი ადრიანე. ისე გამოდიოდა, თითქოს იგი თავად ეხვეწებოდა ფარსმანს ჩამოსვლას, რაც დამამცირებელი იყო მისთვისაც და რომისთვისაც. განრისხებულმა ადრიანემ ფარსმანის მიერ გამოგზავნილი ოქროს მოსასხამები არენაზე გამოსულ სამას დამნაშავეს ჩააცვა.

იმპერატორი ადრიანე


ამის შემდეგ ქართლის მეფემ აქტიური ანტი–რომაული პოლიტიკა წამოიწყო. მან საგრძნობლად განავრცო ქართლის საზღვრები სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით და შავ ზღვაზე გასასვლელიც მოიპოვა. ფარსმანმა კავშირი შეკრა იმიერკავკასიაში მცხოვრებ ალანებთან, გაუღო მათ ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელები და წინა აზიას შეუსია. ალანებმა დაარბიეს ალბანეთი, მიდია, სომხეთი და კაპადოკია.

138 წელს იმპერატორი ადრიანემ ფარსმანის ჯავრი სამარეში ჩაიყოლა. ახალი იმპერატორი ანტონინუს პიუსი ფრთხილი პოლიტიკით გამოირჩეოდა. მის დროს რომსა და ქართლს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დათბა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ფარსმანის ცნობილი ვიზიტი რომში, სადაც გაფორმდა ალიანსი რომსა და ქართლს შორის. დიონ კასიუსის ცნობით, კოლიზეუმში ფარსმანმა თავის ვაჟთან და ამალასთან ერთად სამხედრო ვარჯიშიც მოაწყო და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რომაელებზე. ანტონინუსმა ფარსმანს უფლება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, რაც იშვიათი პატივი იყო. ასევე, იმპერატორის ბრძანებით მარსის მოედანზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. ბოლოს კი, რაც მთავარია, ანტონინუს პიუსმა ცნო ქართლის გაფართოებული საზღვრები და მისი ჰეგემონია მთელს ამიერკავკასიაში.

იმპერატორი ანტონინუს პიუსი


იბერიის გაძლიერებით ძალიან უკმაყოფილო იყო პართია. დაახლოებით 150–155 წლებში პართიის მეფე ვოლოგეზმა ორჯერ ილაშქრა იბერიის წინააღმდეგ, მაგრამ ფარსმანმა ორჯერვე სასტიკად დაამარცხა მტერი. მალე ფარსმან ქველმა თვითონ ილაშქრა პართიის წინააღმდეგ და ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მან დედაქალაქი ქტესიფონიც კი აიღო. რაკი პართიის სამეფო კარი სამხედრო ძალით ვერაფერს გახდა, გადაწყვიტა დიდი მეფისთვის მუხანათურად მოეღო ბოლო. სწორედ პართიელებმა მოისყიდეს ფარსმანის მზარეული, რომელმაც მოწამლა ქართლის მეფე.
ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე იბერიის დიდმა მეფემ. ფარსმან ქველი იყო თავისი დროის უდიდესი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი, რომელმაც ქართლის სამეფო რეგიონის ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. პირადად ფარსმანმა კი საპატიო ადგილი დაიკავა დიდ ქართველ მეფეთა სიაში.

კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:
1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ. 1986. – გვ.233.
2. საქართველოს ისტორია. ტ. 1, თბ., 2012.

29 August 2021

 სერტორიუსი – რომაელი სარდალი და პოლიტიკოსი, რომელიც არავის ახსოვს


ძვ. წ. I საუკუნეში რომაულ სამყაროს სამოქალაქო ომების სერიები აზანზარებდა, რომელიც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ რესპუბლიკა იმპერიად გარდაიქმნა. ამ ეპოქიდან ყველაზე ცნობილი მოვლენები სახელოვანი იულიუს კეისრის, სულას, მარიუსის, გნეუს პომპეუსისა და მარკუს კრასუსის სახელებს უკავშირდება, მაგრამ არის ერთი პიროვნება, რომელსაც ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს და ხშირად ისტორიის მოყვარულებსაც არ სმენიათ მის შესახებ. ეს ისტორია ეხება რომაელ სარდალსა და პოლიტიკოსს, სერტორიუსს.

კვინტუს სერტორიუსი დაიბადა ძვ. წ. 123 წელს ცენტრალურ იტალიაში არისტოკრატულ ოჯახში. იგი დაქვრივებულმა დედამ, რეამ აღზარდა. კარგი განათლების მიღების შემდეგ სერტორიუსი რომში გაემგზავრა, სადაც იგი ორატორი გახდა. ამის შემდეგ კი სამხედრო სამსახურში შესვლა გადაწყვიტა. იმხანად რომი კიმბრების ტომთა შემოსევებს იგერიებდა და სერტორიუსიც ერთ–ერთ კატასტროფულ ბრძოლაში ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მალე იგი გაიუს მარიუსის სამსახურში ჩადგა, რამაც შეცვალა მისი ცხოვრება. ჯერ იგი კიმბრად გადაცმულ ჯაშუშად მუშაობდა, სწავლობდა კიმბრულ ენას და მათ არმიებს დაჰყვებოდა, რომლებიც მაშინ ესპანეთში ლაშქრობდნენ. სწორედ მაშინ გაეცნო იგი იბერო–კელტთა კულტურასა და ადათ–წესებს, რომლის ცოდნაც მომავალში გამოადგებოდა.

ძვ. წ. 102 წელს კიმბრები ისევ იტალიაში შემოიჭრნენ და სერტორიუსიც მარიუსთან დაბრუნდა. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ დაამარცხა კიმბრები და რომი გადაარჩინა. სერტორიუსიც სავარაუდოდ მონაწილეობდა ამ ბრძოლებში.

ძვ. წ. 91 წელს ე.წ. "მოკავშირეთა ომის" დროს, რომელიც რომსა და მის იტალიკ მოკავშირეებს შორის მოხდა, სერტორიუსი ერთ–ერთ სასტიკ ბრძოლაში ცალი თვალით დაბრმავდა. სამი წლის შემდეგ კი, ომის დასრულების შემდეგ, იგი რომში გმირად დაბრუნდა. მალე ურთიერთობა დაიძაბა მარიუსსა და გენერალ სულას შორის, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ძვ. წ. 83 წელს სერტორიუსი, როგორც მარიუსის მომხრე, ესპანეთისკენ გაეშურა ძლიერი ბანაკის შესაქმნელად.

რომაული პროვინციები ესპანეთში სერტორიუსის დროს


მისი ერთ–ერთი მოვალეობა იყო პირენეს მთებში მცხოვრები ტომების დამორჩილება. დროის მოსაგებად მან ფული გადაუხადა მათ და როდესაც მისი კომპანიონები ამის გამო აღშფოთდნენ, სერტორიუსმა მათ მიუგო, რომ როდესაც ადამიანს ბევრი საქმე აქვს, დროზე ძვირფასი არაფერია. ამის შემდეგ იგი რომის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მართვას შეუდგა. მან ადგილობრივ მოსახლეობას გადასახადები შეუმცირა და ტომის ბელადები დაიმეგობრა. ამასობაში იტალიაში სამოქალაქო ომი გრძელდებოდა. ბევრი პოლიტიკური დევნილი ესპანეთში გარბოდა და სერტორიუსთან პოულობდა თავშესაფარს. მალე სამოქალაქო ომში სულამ გაიმარჯვა, რომში დიქტატურა დაამყარა და ყველა მოწინააღმდეგეს სიკვდილით სჯიდა. სერტორიუსიც, რა თქმა უნდა, მის სიაში იყო.

მონეტა სულას გამოსახულებით


ძვ. წ. 81 წელს სულამ არმია გაგზავნა იბერიაში სერტორიუსის დასამორჩილებლად. ამ უკანასკნელმა ერთი ლეგიონი გაუშვა იულიუს სალინატორის მეთაურობით პირენეს მთებში გზების შესაკრავად. სალინატორი მისმა ერთ–ერთმა ხელქვეითმა ღალატით მოკლა და სულას არმიაც უპრობლემოდ შევიდა ესპანეთში. სერტორიუსი მცირე რაზმით მავრიტანიაში გაიქცა (ჩრდ. დასავლეთ აფრიკა), სადაც იგი მმართველიც კი გახდა და იქაური ხალხის პატივისცემა დაიმსახურა. სულას რეჟიმით დატანჯულმა იბერიელებმა შემწეობა სერტორიუსს სთხოვეს და თავიანთი მეომრების სარდლად მიიწვიეს. ძვ. წ. 80 წელს მან გიბრალტარის სრუტე გადასცურა და თავის ახალ მოკავშირეებს შეუერთდა. თავისი მოხერხებულობის წყალობით სერტორიუსმა მთელი ესპანეთი გაწმინდა სულას ლეგიონებისგან. იგი ძალიან კარგად ეპყრობოდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტომთა ბელადებს, რითაც მათი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 

იმავე წლის ზამთარს სულამ კიდევ გამოგზავნა ჯარი კვინტუს მეტელუს პიუსის სარდლობით. სერტორიუსმა კარგად გაწვრთნა იბერიელი მეომრები და რომაული არმიის ტაქტიკაც შეასწავლა. იგი პარტიზანულ ომს ეწეოდა და მრავალი რომაელი გაწყვიტა. მისი მხედართმთავრული ნიჭისა და ქარიზმის გამო მას "ახალი ჰანიბალი" შეარქვეს (თანაც ისიც ჰანიბალივით ცალთვალა იყო). 

მალე სულაც გარდაიცვალა და სერტორიუსი კიდევ უფრო გულმოდგინედ შეუდგა რომის წინააღმდეგ ბრძოლას. ძვ. წ. 76 წელს ესპანეთში გნეუს პომპეუსი შემოიჭრა ლეგიონებით, მაგრამ "ახალმა ჰანიბალმა" ისიც წარმატებით დაამარცხა და მისი ჯარი გაანადგურა. სერტორიუსი სამართლიანი ლიდერი იყო. მან ერთხელ სიკვდილით დასაჯა თავისი არმიის მთელი რაზმი იმის გამო, რომ ერთ–ერთი ახალდაპყრობილი ქალაქის მოსახლეობა ააწიოკეს და ქალებზე ძალა იხმარეს. ძვ.წ. 75 წელს დიდი ბრძოლა შედგა სერტორიუსისა და პომპეუსის არმიებს შორის. სერტორიუსმა კვლავ გაიმარჯვა, რომელიც მამაცურად იბრძოდა თავის ჯართან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ სერტორიუსმა ბევრ წარმატებას მიაღწია და მრავალჯერ დაძლია მტრის არმიები, იგი მაინც განწირული აღმოჩნდა, რადგანაც რომს ულევი ადამიანური და ფინანსური რესურსები გააჩნდა.

სერტორიუსი აქტიურად ეწეოდა იბერო–კელტთა რომანიზაციას. მან ქალაქ ოსკაში ააშენა აკადემია, სადაც ახალგაზრდა იბერიელები ბერძნულ და რომაულ განათლებას იღებდნენ. ეს ბავშვები დე ფაქტო მძევლები იყვნენ, რათა მათი მამები, რომლებიც ტომთა ბელადები იყვნენ, სერტორიუსის ერთგულებად დარჩენილიყვნენ. ამასობაში სერტორიუსმა რომაელი ლტოლვილებისგან სენატიც ჩამოაყალიბა. ამ ყველაფრის მიუხედავად დრო მის წინააღმდეგ მოქმედებდა. რომიდან სულ ახალ–ახალი ლეგიონები მოემართებოდნენ და მალე თითქმის მთელი ნახევარკუნძული დაიკავეს. ამავე დროს რომაელებმა ფულადი ჯილდოც დააწესეს მათთვის, ვინც სერტორიუსს მოკლავდა. ლივიუსის ცნობით, სასოწარკვეთილი სერტორიუსი ღვინის სმას მიეძალა და სხვა ადამიანი გახდა. ძვ. წ. 72 წელს იგი შეთქმულებმა ხმლებით ასჩეხეს. რომაელებმა საბოლოოდ დაიპყრეს იბერიის ნახევარკუნძული, რომელიც იმპერიისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ასრულებდა შემდეგი ხუთი საუკუნის განმავლობაში.


კახი გაგნიძე




ბიბლიოგრაფია:

1. პლუტარქე, პარალელური ბიოგრაფიები.

2. Matyszak, Phillip (2013). Sertorius and the Struggle for Spain.

3. Murphy, William J. (1973). Quintus Sertorius: The reluctant rebel.

6 August 2021

 ხაზარები


ხაზარები თურქულენოვანი ხალხი იყო, რომლებმაც VII საუკუნეში გიოკ–თურქთა სახაკანოს დაცემის შემდეგ დიდი იმპერია შექმნეს სტეპებსა და ჩრდ. კავკასიაში. ისინი იმას აკეთებდნენ, რასაც ყველა მომთაბარე ცივილიზაცია აკეთებდა: მეზობელ სახელმწიფოებს თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ (მათ შორის საქართველოსაც ხშირად "სტუმრობდნენ"). 

ხაზართა სახაკანო


სწორედ ამ პერიოდში დაიწყო არაბთა დაპყრობების ხანაც, რომლებმაც მთელი ახლო აღმოსავლეთი დაიპყრეს და ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრები შეავიწროვეს. არაბთა მიზანი იყო ხაზართა ტერიტორიების დაკავება, რათა შემდეგ ევროპაში შეჭრილიყვნენ და ბიზანტიისთვის ზურგიდან დაერტყათ. ასე დაიწყო სისხლისმღვრელი ომი ხაზარებსა და არაბებს შორის, რომლის გამოც ძალიან დაზარალდნენ ამიერკავკასიის ქვეყნები. 652 წელს ხაზარებმა სასტიკად დაამარცხეს არაბთა არმია კასპიის ზღვასთან მდებარე ქალაქ ბალანჯართან. ამის შემდეგ არაბებმა მრავალი წლით თავი მიანებეს ხაზარებს და ყურადღება კვლავ ბიზანტიაზე გადაიტანეს. მათ არაერთხელ სცადეს კონსტანტინოპოლის აღება, მაგრამ ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა.

650–იან და 660–იან წლებში ხაზარებმა ჰეგემონია დაამყარეს სხვა მომთაბარე ტომებზე, როგორებიც იყვნენ მაგიარები და ბულგარები. ამ უკანასკნელთა ნაწილი მდინარე დუნაის სანაპიროებისკენ გაიქცა, სადაც ბულგარეთის სამეფო შექმნეს. ნაწილიც კი მდინარე ვოლგის სანაპიროებზე დასახლდა, სადაც დაარსდა ვოლგის ბულგარეთი. ხაზარები მალე იმდენად გაძლიერდნენ, რომ 721 წელს შეტევაზე გადმოვიდნენ, სომხეთი დაიკავეს და დაიწყეს თხუთმეტწლიანი ომი არაბებთან. 730 წელს ხაზარები ბარჯიკის მეთაურობით დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიებში შეიჭრნენ და უამრავი არაბი გაჟლიტეს. თუმცა ხაზარები ნადავლის დატაცებით გაერთნენ და ყურადღება მოადუნეს, რამაც არაბებს საშუალება მისცა ძალა მოეკრიბათ და დაემარცხებინათ ისინი.

ხაზარი მეომარი ტყვესთან ერთად


არსებობს გავრცელებული აზრი, რომ VIII საუკუნეში ხაზარები იუდაიზმზე მოექცნენ, მაგრამ ზოგი მეცნიერი ასე არ ფიქრობს. 
IX საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი პაჭანიკების მომთაბარე ტომმა დაიპყრო. მალე კი ხაზართა მთავარი მოწინააღმდეგე მომძლავრებული კიევის რუსეთი გახდა, რომლის დიდმა მთავრებმა ოლეგმა 913–914 და იგორმა 943–944 წლებში დაარბიეს ხაზართა სახაკანო. 964–966 წლებში კი იგორის ვაჟმა სვიატოსლავმა საბოლოოდ გაანადგურა ხაზართა იმპერია. ამის შემდეგ ხაზარებმა სცადეს აღედგინათ სახაკანო, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს ხაზართა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.
სვიატოსლავი (ნავში) ბიზანტიის იმპერატორს ხვდება



კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. გვ. 414.
2. Golden. Peter Benjamin (2011). Central Asia in World History.

18 June 2021

 უილიამ ადამსი – ინგლისელი სამურაის ისტორია


17–ე საუკუნის იაპონია ევროპისთვის ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო იყო. ეს სახელმწიფო იშვიათად იღებდა უცხოელ სტუმრებს და თუ იღებდა, დიდი ნდობით არ უყურებდა მათ. ეს ფაქტი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის იმას, რომ ერთმა ევროპელმა ადამიანმა არა მხოლოდ ნდობის მოპოვება, არამედ დაწინაურებაც მოახერხა და თვით სამურაიც კი გახდა.

უილიამ ადამსი დაიბადა 1564 წელს ინგლისში, ქალაქ ჯილინგემში. იგი შეძლებული ოჯახის შვილი იყო და ბავშვობა კომფორტულად გაატარა, თუმცა 12 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, რის შემდეგაც ახალგაზრდა უილიამი გემთსაშენის მფლობელის, ნიკოლას დიგინსის შეგირდი გახდა, რათა ზღვაოსნობა შეესწავლა. 

უილიამ ადამსი


1588 წელს კათოლიკური ესპანეთის უზარმაზარი არმადა ინგლისის სანაპიროებს მიადგა, რათა პროტესტანტული ინგლისელები დაემორჩილებინა და დედოფალი ელიზაბეტ I ტახტიდან გადაეგდო. ამ დროს უილიამ ადამსი 24 წლის იყო და ფრანსის დრეიკის ფლოტში ერთ–ერთი გემის შტურმანად მსახურობდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი თავის ძმასთან, ტომასთან ერთად ნიდერლანდებში გაემგზავრა და იქაურ სავაჭრო ფლოტში ჩაეწერა. ინგლისელები და ჰოლანდიელები მაშინ მოკავშირეები იყვნენ და ორივე მხარეს უნდოდა ესპანეთისა და პორტუგალიის იმპერიების დასუსტება, რათა თვითონ გამხდარიყვნენ ზღვების ბატონ–პატრონები. 

1598 წელს ადამსის ხუთ გემიანი ფლოტი ნიდერლანდებიდან გავიდა და სამხრეთისკენ დაიძრა დასავლეთ აფრიკის სანაპიროების ჩაყოლებით. გზაში ქარიშხალი ამოვარდა და ფლოტს ორი გემი ჩამორჩა. დანარჩენებმა გზა განაგრძეს და მაგელანის სრუტის გავლით წყნარ ოკეანეში შეცურეს. ამასობაში კიდევ ერთი გემი დაიკარგა. ადამსს მხოლოდ ორი გემი დარჩა – ჰუპე და ლიფდე. სამხრეთ ამერიკის ერთ–ერთ სანაპიროზე მათ ადგილობრივი ინდიელები დაესხნენ თავს და 20 კაცი მოკლეს, მათ შორის უილიამის ძმა, ტომასი. გადარჩენილები სასწრაფოდ ხომალდებში ჩასხდნენ და სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას. ძმის სიკვდილმა ძალიან დააღონა ადამსი, მაგრამ ხელის ჩაქნევას არ აპირებდა და გადაწყვიტა კიდევ უფრო დასავლეთით, იაპონიისკენ წასულიყო. მოგზაურონა წყნარ ოკეანეში მძიმე იყო. ერთ–ერთმა ტაიფუნმა ჰუპე იმსხვერპლა. 1600 წელს, ორწლიანი მოგზაურობის შემდეგ ლიფდემ იაპონიის კიუსიუს კუნძულს მიადგა. ადამსის ეკიპაჟიდან დაახლოებით ოცი კაციღა იყო დარჩენილი.

პირველი შეხვედრა იაპონელებთან. (უილიამ ადამსს ლურჯი ქუდი ახურავს)


1587 წელს იაპონია ტოიოტომი ჰიდეიოშიმ გააერთიანა. 1598 წელს მისი სიკვდილის შემდეგ ძალაუფლებისთვის ერთმანეთს დაერივნენ დიდგვაროვანი დაიმიოები. ამათგან ყველაზე ძლიერი იყო ტოკუგავა იეიასუ. იმ დროს იაპონიაში პორტუგალიელი ვაჭრები იყვნენ და აბრეშუმი შეჰქონდათ ჩინეთიდან. ისინი ასევე კათოლიკობასაც ქადაგებდნენ. აბრეშუმი რომ არა, იაპონინელები არ დაუშვებდნენ უცხო რელიგიის ქადაგებას თავიანთ ქვეყანაში. ეს ყველაფერი მალე შეიცვალა.

იაპონელმა მასპინძლებმა უილიამი და მისი ხალხი სოფელ ბუნგოში დააბინავეს. მალე გავრცელდა ამბავი, რომ ქვეყანაში უცნაური ბარბაროსები ჩამოვიდნენ, რომლებსაც ოქროსფერი თმები და ცისფერი თვალები ჰქონდათ. ეს ამბავი ტოკუგავას ყურამდეც მივიდა და სტუმრები თავისთან დაიბარა დედაქალაქ ოსაკაში. ამ შეხვედრამ სამუდამოდ შეცვალა უილიამის ცხოვრება. ტოკუგავამ დაწვრილებით გამოჰკითხა უილიამს მისი ქვეყნისა და ევროპის შესახებ. ადამსმაც უამბო ინგლისზე და ასევე ომზე, რომელიც ინგლისს ჰქონდა ესპანეთსა და პორტუგალიასთან. ტოკუგავამ ასევე გაიგო, რომ ევროპაში ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობები არსებობდნენ. 

უილიამ ადამსისა და ტოკუგავა იეიასუს შეხვედრა


უილიამი და ტოკუგავა კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ეს უკანასკნელი მოხიბლული იყო ადამსის ნიჭიერებით და ჩათვალა, რომ იგი ძალიან გამოადგებოდა იაპონიაში პორტუგალიური მონოპოლიის აღმოსაფხვრელად. ორი თვის შემდეგ ტოკუგავამ სეკიგაჰარას ბრძოლაში სამუდამოდ სძლია დანარჩენ დაიმიოებს და გაანადგურა მთავარი მეტოქე, იშიდა მიცუნარი. ამით ტოკუგავა იეიასუ იაპონიის ერთპიროვნული მმართველი, შოგუნი გახდა.

უილიამს შინ დაბრუნება სურდა, თანაც ინგლისში ცოლ–შვილი ჰყავდა, მაგრამ ტოკუგავამ არ გაუშვა იგი, რადგანაც თავისთვის სჭირდებოდა. შოგუნმა მას სამურაის სტატუსი მიანიჭა. როგორც სამურაის, უილიამს ასევე გადასცეს მიწა მიურას ნახევარკუნძულზე და ოთხმოცამდე მსახური. ადამსი ერთგულად ემსახურებოდა ტოკუგავას და 1604 წლიდან მან ევროპული სტილის საბრძოლო გემების აშენებაც დაიწყო. უილიამი ტოკუგავას მთავარი მრჩეველი იყო როცა საქმე დასავლურ საკითხებს ეხებოდა. იაპონელებმა მას მიურა ანჯინი შეარქვეს, ანუ შტურმანი მიურადან. ასე დაიწყო უილიამ ადამსმა ახალი ცხოვრება იაპონიაში. მან იაპონელი ქალი მოიყვანა ცოლად, სახელად ოიუკი, რომლისგანაც ორი შვილი შეეძინა.
1609 წელს უილიამმა იაპონიაში ჰოლანდიელთა სავაჭრო კომპანიები მოიწვია, რათა ძირი გამოეთხარა პორტუგალიური მოპოლიისთვის. ტოკუგავას ჰოლანდიელები აწყობდა იმიტომ, რომ ისინი ქრისტიანობას არ ქადაგებდნენ. 

ადამსი 1620 წელს გარდაიცვალა, ანდერძით მან ქონება თავის ორივე ოჯახს გაუნაწილა – ინგლისსა და იაპონიაში მყოფებს. 
უილიამისა და ოიუკის მემორიალი იაპონიაში


1633 წელს ტოგუკავას შვილიშვილმა, იემიცუმ ქვეყნის საზღვრები ჩაუკეტა ყველა უცხოელს, ჰოლანდიელების გარდა. საინტერესოა როგორ წარიმართებოდა მოვლენები უილიამ ადამსი იაპონიაში რომ არ ჩასულიყო. შესაძლოა პორტუგალიელთა სავაჭრო მონოპოლია დიდხანს გაგრძელებულიყო ქვეყანაში და ასევე კათოლიკობასაც მოეკიდა ფეხი. უილიამ ადამსის ისტორია ძალიან პოპულარული გახდა ევროპაში, რომლის ცხოვრების მიხედვითაც არაერთი ლიტერატურული წიგნია დაწერილი.


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:
1. Giles Milton. Samurai William: The Adventurer Who Unlocked Japan.
2. William Corr. Adams The Pilot: The Life and Times of Captain William Adams.