უილიამ ადამსი – ინგლისელი სამურაის ისტორია
17–ე საუკუნის იაპონია ევროპისთვის ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო იყო. ეს სახელმწიფო იშვიათად იღებდა უცხოელ სტუმრებს და თუ იღებდა, დიდი ნდობით არ უყურებდა მათ. ეს ფაქტი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის იმას, რომ ერთმა ევროპელმა ადამიანმა არა მხოლოდ ნდობის მოპოვება, არამედ დაწინაურებაც მოახერხა და თვით სამურაიც კი გახდა.
უილიამ ადამსი დაიბადა 1564 წელს ინგლისში, ქალაქ ჯილინგემში. იგი შეძლებული ოჯახის შვილი იყო და ბავშვობა კომფორტულად გაატარა, თუმცა 12 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, რის შემდეგაც ახალგაზრდა უილიამი გემთსაშენის მფლობელის, ნიკოლას დიგინსის შეგირდი გახდა, რათა ზღვაოსნობა შეესწავლა.
1588 წელს კათოლიკური ესპანეთის უზარმაზარი არმადა ინგლისის სანაპიროებს მიადგა, რათა პროტესტანტული ინგლისელები დაემორჩილებინა და დედოფალი ელიზაბეტ I ტახტიდან გადაეგდო. ამ დროს უილიამ ადამსი 24 წლის იყო და ფრანსის დრეიკის ფლოტში ერთ–ერთი გემის შტურმანად მსახურობდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი თავის ძმასთან, ტომასთან ერთად ნიდერლანდებში გაემგზავრა და იქაურ სავაჭრო ფლოტში ჩაეწერა. ინგლისელები და ჰოლანდიელები მაშინ მოკავშირეები იყვნენ და ორივე მხარეს უნდოდა ესპანეთისა და პორტუგალიის იმპერიების დასუსტება, რათა თვითონ გამხდარიყვნენ ზღვების ბატონ–პატრონები.
1598 წელს ადამსის ხუთ გემიანი ფლოტი ნიდერლანდებიდან გავიდა და სამხრეთისკენ დაიძრა დასავლეთ აფრიკის სანაპიროების ჩაყოლებით. გზაში ქარიშხალი ამოვარდა და ფლოტს ორი გემი ჩამორჩა. დანარჩენებმა გზა განაგრძეს და მაგელანის სრუტის გავლით წყნარ ოკეანეში შეცურეს. ამასობაში კიდევ ერთი გემი დაიკარგა. ადამსს მხოლოდ ორი გემი დარჩა – ჰუპე და ლიფდე. სამხრეთ ამერიკის ერთ–ერთ სანაპიროზე მათ ადგილობრივი ინდიელები დაესხნენ თავს და 20 კაცი მოკლეს, მათ შორის უილიამის ძმა, ტომასი. გადარჩენილები სასწრაფოდ ხომალდებში ჩასხდნენ და სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას. ძმის სიკვდილმა ძალიან დააღონა ადამსი, მაგრამ ხელის ჩაქნევას არ აპირებდა და გადაწყვიტა კიდევ უფრო დასავლეთით, იაპონიისკენ წასულიყო. მოგზაურონა წყნარ ოკეანეში მძიმე იყო. ერთ–ერთმა ტაიფუნმა ჰუპე იმსხვერპლა. 1600 წელს, ორწლიანი მოგზაურობის შემდეგ ლიფდემ იაპონიის კიუსიუს კუნძულს მიადგა. ადამსის ეკიპაჟიდან დაახლოებით ოცი კაციღა იყო დარჩენილი.
1587 წელს იაპონია ტოიოტომი ჰიდეიოშიმ გააერთიანა. 1598 წელს მისი სიკვდილის შემდეგ ძალაუფლებისთვის ერთმანეთს დაერივნენ დიდგვაროვანი დაიმიოები. ამათგან ყველაზე ძლიერი იყო ტოკუგავა იეიასუ. იმ დროს იაპონიაში პორტუგალიელი ვაჭრები იყვნენ და აბრეშუმი შეჰქონდათ ჩინეთიდან. ისინი ასევე კათოლიკობასაც ქადაგებდნენ. აბრეშუმი რომ არა, იაპონინელები არ დაუშვებდნენ უცხო რელიგიის ქადაგებას თავიანთ ქვეყანაში. ეს ყველაფერი მალე შეიცვალა.
იაპონელმა მასპინძლებმა უილიამი და მისი ხალხი სოფელ ბუნგოში დააბინავეს. მალე გავრცელდა ამბავი, რომ ქვეყანაში უცნაური ბარბაროსები ჩამოვიდნენ, რომლებსაც ოქროსფერი თმები და ცისფერი თვალები ჰქონდათ. ეს ამბავი ტოკუგავას ყურამდეც მივიდა და სტუმრები თავისთან დაიბარა დედაქალაქ ოსაკაში. ამ შეხვედრამ სამუდამოდ შეცვალა უილიამის ცხოვრება. ტოკუგავამ დაწვრილებით გამოჰკითხა უილიამს მისი ქვეყნისა და ევროპის შესახებ. ადამსმაც უამბო ინგლისზე და ასევე ომზე, რომელიც ინგლისს ჰქონდა ესპანეთსა და პორტუგალიასთან. ტოკუგავამ ასევე გაიგო, რომ ევროპაში ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობები არსებობდნენ.
No comments:
Post a Comment