18 June 2021

 უილიამ ადამსი – ინგლისელი სამურაის ისტორია


17–ე საუკუნის იაპონია ევროპისთვის ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო იყო. ეს სახელმწიფო იშვიათად იღებდა უცხოელ სტუმრებს და თუ იღებდა, დიდი ნდობით არ უყურებდა მათ. ეს ფაქტი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის იმას, რომ ერთმა ევროპელმა ადამიანმა არა მხოლოდ ნდობის მოპოვება, არამედ დაწინაურებაც მოახერხა და თვით სამურაიც კი გახდა.

უილიამ ადამსი დაიბადა 1564 წელს ინგლისში, ქალაქ ჯილინგემში. იგი შეძლებული ოჯახის შვილი იყო და ბავშვობა კომფორტულად გაატარა, თუმცა 12 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, რის შემდეგაც ახალგაზრდა უილიამი გემთსაშენის მფლობელის, ნიკოლას დიგინსის შეგირდი გახდა, რათა ზღვაოსნობა შეესწავლა. 

უილიამ ადამსი


1588 წელს კათოლიკური ესპანეთის უზარმაზარი არმადა ინგლისის სანაპიროებს მიადგა, რათა პროტესტანტული ინგლისელები დაემორჩილებინა და დედოფალი ელიზაბეტ I ტახტიდან გადაეგდო. ამ დროს უილიამ ადამსი 24 წლის იყო და ფრანსის დრეიკის ფლოტში ერთ–ერთი გემის შტურმანად მსახურობდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი თავის ძმასთან, ტომასთან ერთად ნიდერლანდებში გაემგზავრა და იქაურ სავაჭრო ფლოტში ჩაეწერა. ინგლისელები და ჰოლანდიელები მაშინ მოკავშირეები იყვნენ და ორივე მხარეს უნდოდა ესპანეთისა და პორტუგალიის იმპერიების დასუსტება, რათა თვითონ გამხდარიყვნენ ზღვების ბატონ–პატრონები. 

1598 წელს ადამსის ხუთ გემიანი ფლოტი ნიდერლანდებიდან გავიდა და სამხრეთისკენ დაიძრა დასავლეთ აფრიკის სანაპიროების ჩაყოლებით. გზაში ქარიშხალი ამოვარდა და ფლოტს ორი გემი ჩამორჩა. დანარჩენებმა გზა განაგრძეს და მაგელანის სრუტის გავლით წყნარ ოკეანეში შეცურეს. ამასობაში კიდევ ერთი გემი დაიკარგა. ადამსს მხოლოდ ორი გემი დარჩა – ჰუპე და ლიფდე. სამხრეთ ამერიკის ერთ–ერთ სანაპიროზე მათ ადგილობრივი ინდიელები დაესხნენ თავს და 20 კაცი მოკლეს, მათ შორის უილიამის ძმა, ტომასი. გადარჩენილები სასწრაფოდ ხომალდებში ჩასხდნენ და სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას. ძმის სიკვდილმა ძალიან დააღონა ადამსი, მაგრამ ხელის ჩაქნევას არ აპირებდა და გადაწყვიტა კიდევ უფრო დასავლეთით, იაპონიისკენ წასულიყო. მოგზაურონა წყნარ ოკეანეში მძიმე იყო. ერთ–ერთმა ტაიფუნმა ჰუპე იმსხვერპლა. 1600 წელს, ორწლიანი მოგზაურობის შემდეგ ლიფდემ იაპონიის კიუსიუს კუნძულს მიადგა. ადამსის ეკიპაჟიდან დაახლოებით ოცი კაციღა იყო დარჩენილი.

პირველი შეხვედრა იაპონელებთან. (უილიამ ადამსს ლურჯი ქუდი ახურავს)


1587 წელს იაპონია ტოიოტომი ჰიდეიოშიმ გააერთიანა. 1598 წელს მისი სიკვდილის შემდეგ ძალაუფლებისთვის ერთმანეთს დაერივნენ დიდგვაროვანი დაიმიოები. ამათგან ყველაზე ძლიერი იყო ტოკუგავა იეიასუ. იმ დროს იაპონიაში პორტუგალიელი ვაჭრები იყვნენ და აბრეშუმი შეჰქონდათ ჩინეთიდან. ისინი ასევე კათოლიკობასაც ქადაგებდნენ. აბრეშუმი რომ არა, იაპონინელები არ დაუშვებდნენ უცხო რელიგიის ქადაგებას თავიანთ ქვეყანაში. ეს ყველაფერი მალე შეიცვალა.

იაპონელმა მასპინძლებმა უილიამი და მისი ხალხი სოფელ ბუნგოში დააბინავეს. მალე გავრცელდა ამბავი, რომ ქვეყანაში უცნაური ბარბაროსები ჩამოვიდნენ, რომლებსაც ოქროსფერი თმები და ცისფერი თვალები ჰქონდათ. ეს ამბავი ტოკუგავას ყურამდეც მივიდა და სტუმრები თავისთან დაიბარა დედაქალაქ ოსაკაში. ამ შეხვედრამ სამუდამოდ შეცვალა უილიამის ცხოვრება. ტოკუგავამ დაწვრილებით გამოჰკითხა უილიამს მისი ქვეყნისა და ევროპის შესახებ. ადამსმაც უამბო ინგლისზე და ასევე ომზე, რომელიც ინგლისს ჰქონდა ესპანეთსა და პორტუგალიასთან. ტოკუგავამ ასევე გაიგო, რომ ევროპაში ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობები არსებობდნენ. 

უილიამ ადამსისა და ტოკუგავა იეიასუს შეხვედრა


უილიამი და ტოკუგავა კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ეს უკანასკნელი მოხიბლული იყო ადამსის ნიჭიერებით და ჩათვალა, რომ იგი ძალიან გამოადგებოდა იაპონიაში პორტუგალიური მონოპოლიის აღმოსაფხვრელად. ორი თვის შემდეგ ტოკუგავამ სეკიგაჰარას ბრძოლაში სამუდამოდ სძლია დანარჩენ დაიმიოებს და გაანადგურა მთავარი მეტოქე, იშიდა მიცუნარი. ამით ტოკუგავა იეიასუ იაპონიის ერთპიროვნული მმართველი, შოგუნი გახდა.

უილიამს შინ დაბრუნება სურდა, თანაც ინგლისში ცოლ–შვილი ჰყავდა, მაგრამ ტოკუგავამ არ გაუშვა იგი, რადგანაც თავისთვის სჭირდებოდა. შოგუნმა მას სამურაის სტატუსი მიანიჭა. როგორც სამურაის, უილიამს ასევე გადასცეს მიწა მიურას ნახევარკუნძულზე და ოთხმოცამდე მსახური. ადამსი ერთგულად ემსახურებოდა ტოკუგავას და 1604 წლიდან მან ევროპული სტილის საბრძოლო გემების აშენებაც დაიწყო. უილიამი ტოკუგავას მთავარი მრჩეველი იყო როცა საქმე დასავლურ საკითხებს ეხებოდა. იაპონელებმა მას მიურა ანჯინი შეარქვეს, ანუ შტურმანი მიურადან. ასე დაიწყო უილიამ ადამსმა ახალი ცხოვრება იაპონიაში. მან იაპონელი ქალი მოიყვანა ცოლად, სახელად ოიუკი, რომლისგანაც ორი შვილი შეეძინა.
1609 წელს უილიამმა იაპონიაში ჰოლანდიელთა სავაჭრო კომპანიები მოიწვია, რათა ძირი გამოეთხარა პორტუგალიური მოპოლიისთვის. ტოკუგავას ჰოლანდიელები აწყობდა იმიტომ, რომ ისინი ქრისტიანობას არ ქადაგებდნენ. 

ადამსი 1620 წელს გარდაიცვალა, ანდერძით მან ქონება თავის ორივე ოჯახს გაუნაწილა – ინგლისსა და იაპონიაში მყოფებს. 
უილიამისა და ოიუკის მემორიალი იაპონიაში


1633 წელს ტოგუკავას შვილიშვილმა, იემიცუმ ქვეყნის საზღვრები ჩაუკეტა ყველა უცხოელს, ჰოლანდიელების გარდა. საინტერესოა როგორ წარიმართებოდა მოვლენები უილიამ ადამსი იაპონიაში რომ არ ჩასულიყო. შესაძლოა პორტუგალიელთა სავაჭრო მონოპოლია დიდხანს გაგრძელებულიყო ქვეყანაში და ასევე კათოლიკობასაც მოეკიდა ფეხი. უილიამ ადამსის ისტორია ძალიან პოპულარული გახდა ევროპაში, რომლის ცხოვრების მიხედვითაც არაერთი ლიტერატურული წიგნია დაწერილი.


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:
1. Giles Milton. Samurai William: The Adventurer Who Unlocked Japan.
2. William Corr. Adams The Pilot: The Life and Times of Captain William Adams. 

No comments:

Post a Comment