ფარსმან II იყო იბერიის (ქართლის) მეფე II საუკუნის პირველ ნახევარში. მას სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ხალხმა ქველი უწოდა.
ქართლის ცხოვრება მას ასე აღწერს:
"ფარსმან ქუელი იყო კაცი კეთილი და უხუად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო და ყოვლითავე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნი გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა."
ფარსმან ქველს დიდი ენერგია და პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა დასჭირდა, რათა ქართლის სამეფო წინა აზიისა და ამიერკავკასიის ერთ–ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია. მემკვიდრეობით ფარსმანს დაუძლურებული ქვეყანა ერგო.
ამ დროისთვის რომის იმპერია ძლიერების ზენიტში იყო. პართიის იმპერიაშიც სტაბილური ვითარება იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს ორივე ზესახელმწიფო მაქსიმალურად შეეცდებოდა საკუთარი გავლენა განევრცო ამიერკავკასიაში. თავის მხრივ, ფარსმანი ცდილობდა რომის გავლენისგან გათავისუფლებას, რადგანაც ქართლი რომის ვასალად ითვლებოდა.
130 წელს რომის იმპერატორმა ადრიანემ, აღმოსავლეთში ყოფნის დროს, თავისი ქვეშევრდომი ხელმწიფეები, მათ შორის ფარსმანი, თავისთან დაიბარა. რომაელი ისტორიკოსის თქმით, მან ფარსმანს საჩუქრად ერთი სპილო და ორმოცდაათკაციანი კოჰორტა გაუგზავნა. საპასუხოდ, ქართლის მეფემაც მდიდარი ძღვენი გაუგზავნა იმპერატორს, მაგრამ მასთან წარდგენაზე უარი თქვა. ამან ძალიან განარისხა ამაყი ადრიანე. ისე გამოდიოდა, თითქოს იგი თავად ეხვეწებოდა ფარსმანს ჩამოსვლას, რაც დამამცირებელი იყო მისთვისაც და რომისთვისაც. განრისხებულმა ადრიანემ ფარსმანის მიერ გამოგზავნილი ოქროს მოსასხამები არენაზე გამოსულ სამას დამნაშავეს ჩააცვა.
ამის შემდეგ ქართლის მეფემ აქტიური ანტი–რომაული პოლიტიკა წამოიწყო. მან საგრძნობლად განავრცო ქართლის საზღვრები სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით და შავ ზღვაზე გასასვლელიც მოიპოვა. ფარსმანმა კავშირი შეკრა იმიერკავკასიაში მცხოვრებ ალანებთან, გაუღო მათ ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელები და წინა აზიას შეუსია. ალანებმა დაარბიეს ალბანეთი, მიდია, სომხეთი და კაპადოკია.
138 წელს იმპერატორი ადრიანემ ფარსმანის ჯავრი სამარეში ჩაიყოლა. ახალი იმპერატორი ანტონინუს პიუსი ფრთხილი პოლიტიკით გამოირჩეოდა. მის დროს რომსა და ქართლს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დათბა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ფარსმანის ცნობილი ვიზიტი რომში, სადაც გაფორმდა ალიანსი რომსა და ქართლს შორის. დიონ კასიუსის ცნობით, კოლიზეუმში ფარსმანმა თავის ვაჟთან და ამალასთან ერთად სამხედრო ვარჯიშიც მოაწყო და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რომაელებზე. ანტონინუსმა ფარსმანს უფლება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, რაც იშვიათი პატივი იყო. ასევე, იმპერატორის ბრძანებით მარსის მოედანზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. ბოლოს კი, რაც მთავარია, ანტონინუს პიუსმა ცნო ქართლის გაფართოებული საზღვრები და მისი ჰეგემონია მთელს ამიერკავკასიაში.
იბერიის გაძლიერებით ძალიან უკმაყოფილო იყო პართია. დაახლოებით 150–155 წლებში პართიის მეფე ვოლოგეზმა ორჯერ ილაშქრა იბერიის წინააღმდეგ, მაგრამ ფარსმანმა ორჯერვე სასტიკად დაამარცხა მტერი. მალე ფარსმან ქველმა თვითონ ილაშქრა პართიის წინააღმდეგ და ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მან დედაქალაქი ქტესიფონიც კი აიღო. რაკი პართიის სამეფო კარი სამხედრო ძალით ვერაფერს გახდა, გადაწყვიტა დიდი მეფისთვის მუხანათურად მოეღო ბოლო. სწორედ პართიელებმა მოისყიდეს ფარსმანის მზარეული, რომელმაც მოწამლა ქართლის მეფე.
ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე იბერიის დიდმა მეფემ. ფარსმან ქველი იყო თავისი დროის უდიდესი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი, რომელმაც ქართლის სამეფო რეგიონის ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. პირადად ფარსმანმა კი საპატიო ადგილი დაიკავა დიდ ქართველ მეფეთა სიაში.
კახი გაგნიძე
ბიბლიოგრაფია:
1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ. 1986. – გვ.233.
2. საქართველოს ისტორია. ტ. 1, თბ., 2012.
No comments:
Post a Comment