17 January 2020


მესოპოტამია, იგივე "ნოყიერი ნახევარმთვარე" ცივილიზაციის ერთ–ერთი პირველი კერაა. გასაკვირი არ არის, რომ ამ ტერიტორიებისთვის კონფლიქტი ადრეული ხანიდან დაიწყო და დღემდე არ დამთავრებულა. 

ქრ შ–მდე XVII საუკუნეში სემიტური მოდგმის ხალხმა, ჰიქსოსებმა დაიპყრეს ეგვიპტე და მე–15 დინასტია ჩამოაყალიბეს. ქრ. შ–მდე 1550 წელს სინაის კუნძულიც დაიპყრეს.

"ნოყიერი ნახევარმთვარე"


ანატოლიაში ხეთების ძლევამოსილი სამეფო ჩამოყალიბდა ქრ. შ–მდე მეორე ათასწლეულში. იმ დროს, როცა ეგვიპტე ჰიქსოსებმა დაიკავეს, ხეთები ჩრდილოეთ სირიაში შევიდნენ და მითანის სამეფოს დაუპირისპირდნენ. ამ ომს ეგვიპტის მე–18 დინასტიის ფარაონებიც შეუერთდნენ და "ნოყიერი ნახევარმთვარის" ჩრდილოეთი ნაწილი დაიპყრეს. ქრ. შ–მდე 1447 წელს რეგიონში აჯანყებამ იფეთქა ეგვიპტის წინააღმდეგ, რომლის მოთავეები ქალაქ კადეშის მაცხოვრებლები და ქანაანელები იყვნენ. ფარაონმა თუტმოს III-მ მიწასთან გაასწორა აჯანყებულთა ძალები მეგიდოსთან ახლოს. ამ ბრძოლამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე, რომ სამყაროს აღსასრულს ამ ქალაქის მიხედვით არმაგედონს ვუწოდებთ. ამ წარმატების მიუხედავად, ეს აჯანყებები ეგვიპტის ტერიტორიულ ექსპანსიას აფერხებდა, ხოლო ხეთები ნელ–ნელა სამხრეთისკენ მოიწევდნენ და ქალაქი კადეშიც ჩაიგდეს ხელში. ფარაონმა სეთი I-მა მოახერხა ქალაქის დაბრუნება და ზავიც შედგა ეგვიპტესა და ხეთებს შორის, მაგრამ ომი მაინც გარდაუვალი იყო. ქრ. შ–მდე XIII საუკუნის დასაწყისში კადეში ისევ ხეთების ხელში გადავიდა. ქრ. შ–მდე 1279 წელს ეგვიპტის ფარაონი გახდა რამზეს II დიდი. 

ეგვიპტე და ხეთების სამეფო ქრ. შ–მდე 1279 წელს


ხუთი წლის შემდეგ ომი განახლდა ორ იმპერიას შორის. მტრები კადეშთან დაბანაკდნენ. ისტორიაში ეს იყო ეტლების ყველაზე დიდი ბრძოლა, სადაც დაახლოებით 5 000–6 000 ეტლი მონაწილეობდა. რამზესი თავისი გვარდიით მთავარ არმიას გამოეყო და შორიახლო დაბანაკდა. ხეთი მეეტლეები თავს დაესხნენ მის ბანაკს დასავლეთიდან, როცა რამზესი მათ აღმოსავლეთიდან ელოდა. ხეთები ისე იყვნენ გამარჯვებაში დარწმუნებული, რომ ძარცვაზე გადავიდნენ და ეტლები ნადავლით დაუმძიმდათ. რამზესმა ისარგებლა მათი დაუდევრობით, ალყაში მოაქცია მტერი და გაანადგურა. 

რამზეს დიდი კადეშის ბრძოლაში


ხეთთა მეფემ მუვათალიმ თავისი ბანაკიდან 20 000 ქვეითი 1 000 ეტლი გამოგზავნა რამზესის ბანაკისკენ. ფარაონმა ეს ლაშქარიც გაანადგურა, მაგრამ კადეშის აღება მაინც ვერ მოახერხა. ქრ. შ–მდე 1258 წელს ზავი დაიდო. ეს ბრძოლა ეგვიპტის ტაქტიკური გამარჯვება იყო, მაგრამ შედეგი სრულიად არაფერი. ორივე მხარე კი თავის თავს თვლიდა გამარჯვებულად.

ეგვიპტურ–ხეთური ზავი, რომელიც ისტორიაში პირველ საერთაშორისო ხელშეკრულებად არის მიჩნეული. სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Healy, Mark (1993). Qadesh 1300 B.C. Clash of the Warrior Kings. Osprey Publishing.
2. Shaw, Ian (2003). The Oxford History of Ancient Egypt. Oxford University Press.
3. Grimal, Nicolas (1994). A History of Ancient Egypt.

13 January 2020


732 წელს ფრანკებმა კარლოს მარტელის მეთაურობით არაბთა წინსვლა შეაჩერეს ევროპაში პუატიეს ბრძოლაში. ამის გამო, ხშირად ისინი ევროპის მხსნელებად არიან მიჩნეულნი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, პირენეს ნ. კუნძულის მამაცი მოსახლეობა შეუპოვრად ებრძოდა მუსლიმ დამპყრობლებს უამრავი პრობლემის მიუხედავად და საუკუნეების განმავლობაში ნელ–ნელა ტერიტორიების დაბრუნება დაიწყეს, რაც რეკონკისტას სახელითაა ცნობილი.

არაბთა სახალიფომ ერთ საუკუნეზე ნაკლებ დროში უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრო, რომელიც  შუა აზიიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე იყო გადაჭიმული. 708 წელს მუსლიმებმა დღევანდელი მაროკო დაიპყრეს. 711 წელს მუსლიმმა გენერალმა ტარიკმა გადალახა სრუტე, რომელსაც გიბრალტარი დაარქვეს, ანუ ტარიკის მთა და ესპანეთში შეიჭრა. ამ დროს ესპანეთში ვესტგოთთა სამეფო იყო, რომელიც რომის იმპერიის დაცემის დროიდან არსებობდა. 
მიუხედავად იმისა რომ ტარიკს მხოლოდ 12 000 მეომარი ჰყავდა, იგი ადვილად ამარცხებდა ვესტგოთთა არმიებს. 712 წელს ნახევარი ესპანეთი დაიპყრეს და დედაქალაქი ტოლედოც ჩაიგდეს ხელში. ვესტგოთთა სამეფო დაეცა და რამდენიმე წელიწადში მუსლიმებმა მთელი პირენეს ნახევარკუნძული დაიპყრეს ზოგიერთი მთიანი რეგიონის გამოკლებით. 

სახალიფოს მიერ ესპანეთის დაპყრობა


718 წელს ჩრდილოეთის მთიან რეგიონში ჩამოყალიბდა ასტურიის სამეფო. აქედან იწყება რეკონკისტას დაახლოებით 800 წლიანი ეპოქა. 
მუსლიმებმა თვალი მიაპყრეს ფრანკთა სამეფოს და რამდენჯერმე სცადეს დაპყრობა, მაგრამ მარცხი განიცადეს. 
750 წლისთვის ასტურიის მეფემ ალფონსო I–მა თავისი სამეფოს ტერიტორიების გაფართოება დაიწყო. ამ დროს სახალიფოს ომაიანთა დინასტია აბასიანებმა შეცვალეს. ომაიანთა ერთ–ერთმა უკანასკნელმა წარმომადგენელმა აბდულ რაჰმანმა ქალაქი კორდობა დაიკავა 765 წელს და დამოუკიდებლობა გამოაცხადა არაბთა სახალიფოსგან. ასე შეიქმნა მუსლიმური ესპანეთის კორდობას საამირო, შემდგომში სახალიფო.



IX საუკუნეში ასტურია ლეონის სამეფოდ იქცა, ხოლო მის აღმოსავლეთით წარმოიშვა ნავარის სამეფო. ეს ორი სამეფო ერთად ებრძოდა მავრებს (ასე უწოდებდნენ ესპანეთში მუსლიმებს). 939 წელს ლეონის მეფემ რამირო II–მ სიმანკას ბრძოლაში მავრთა დამარცხება მოახერხა. სამწუხაროდ ლეონში იმახანად არ იყო სტაბილური სიტუაცია და ეს გამარჯვება ვერ გამოიყენა. 

1031 წელს კორდობას სახალიფო დაიშალა პატარ–პატარა საამიროებად. ეს იდეალური მომენტი იყო ქრისტიანებისთვის ტერიტორიების დასაბრუნებლად. ნავარის მეფემ სანჩო III-მ გააერთიანა ნავარია, კასტილია და ლეონი, თუმცა სიკვდილის შემდეგ მისმა შვილებმა დაინაწილეს ტერიტორიები და გამუდმებული ომები ჰქონდათ ერთმანეთთან. 1077 წელს ლეონის მეფემ ალფონსო VI–მ კასტილია შემოიმტკიცა თავისი სახელოვანი გენერლის როდრიგო დიას დე ვივარის წყალობით, რომელიც ელ სიდის სახელითაც იყო ცნობილი. ზოგიერთი მუსლიმური საამირო იძულებულიც გახდა ხარკი ეძლია ლეონისთვის. 1084 წელს კი ალფონსომ უძელესი სატახტო ტოლედოც შეიერთა. ამ ფაქტმა დიდი განგაში გამოიწვია მავრებში და დახმარება სთხოვეს აფრიკაში მყოფ მუსლიმ ალმორავიდ ბერბერებს, რომლებიც გადმოვიდნენ ესპანეთში და მწარე მარცხი აგემეს ალფონსოს 1086 წელს საგრაჯასის ბრძოლაში. ალმორავიდებმა მთელ სამხრეთ ესპანეთზე გაავრცელეს თავიანთი ბატონობა, თუმცა გვიანი იყო. 1139 წელს პორტუგალიის სამეფო შეიქნმა ალფონსო I-ის მოთავეობით და 1147 წელს ქალაქი ლისბონიც შეიერთა. 

პირენეს ნ.კუნძული 1157 წლისთვის


1212 წელს მუსლიმთა უზარმაზარი ლაშქარი გადმოვიდა აფრიკიდან. რომის პაპმა ინოკენტ III-მ ჯვაროსნული ომი გამოაცხადა. ესპანეთის ქრისტიანი მეფეები ტოლედოში შეიკრიბნენ თავიანთი არმიებით. კოალიციის სათავეში ალფონსო VIII კასტილიელი იდგა. ბრძოლა მოხდა ლას ნავას დე ტოლოსასთან, რეკონკისტას ისტორიაში გადამწყვეტი ბრძოლა. თავიდან იგი მუსლიმთა წარმატებით დაიწყო. ალფონსო პანიკაშიც კი ჩავარდა, როცა მისი მეწინავე რაზმები მუსლიმთა მიერ ნადგურდებოდნენ, მაგრამ ქვეშევრდომთა და მოკავშირე მეფეთა დახმარებით გონება მოიკრიბა და კონტრშეტევაზე გადავიდა ცენტრით. ნავარის მეფემ სანჩომ კი თავისი რაზმით გარშემო შემოუარა ქრისტიანთა და მუსლიმთა ძალებს და პირდაპირ ხალიფას დაესხა თავს. გულგახეთქილმა ხალიფამ გაქცევა ამჯობინა. მისი დროშა რომ ვეღარ დაინახეს, მუსლიმები გატყდნენ და გაიქცნენ, ხოლო გამარჯვება ქრისტიანებს დარჩათ. ეს ბრძოლა გარდამტეხი ეტაპი იყო რეკონკისტასთვის. ამის შემდეგ მუსლიმები ვეღარ ახერხებდნენ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას. ქრისტიანები კი ნელ–ნელა იბრუნებდნენ ძველ ტერიტორიებს და საბოლოოდ, 1492 წელს ერთიანი ესპანეთის სამეფოს მმართველებმა ფერდინანდ  II არაგონელმა და იზაბელა I კასტილიელმა მუსლიმთა უკანასკნელი ქალაქი ესპანეთში, გრანადა აიღეს და ამით დასრულდა მრავალსაუკუნოვანი რეკონკისტა ქრისტიანთა გამარჯვებით, რის შემდეგაც ესპანეთი მალე ზესახელმწიფოდ იქცა.

მავრული არქიტექტურა

კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. Watt. W. Montgomery: A History of Islamic Spain. Edinburgh University Press (1992).
2. Watt. w. Montgomery: Influence of Islam on Medieval Europe. (Edinburgh 1972).
3. Lomax. Derek William. The Reconquest of Spain. Longman. London 1978. 
4. Nicolle, David and Angus McBride. El Cid and the Reconquista 1050 - 1492. (1988).

8 January 2020


ბიზანტიურ–არაბული კონფლიქტის პარალელურად მუსლიმები ასევე სასანურ სპარსეთსაც ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში სასანიდები და რომი/ბიზანტია სისხლისგან ცლიდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ ამდენმა ომმა გამოფიტა ორივე იმპერია, რაც არაბთა ექსპანსიის წისქვილზე ასხამდა წყალს.

პირველი კონფლიქტი სასანიდებთან დაიწყო 633 წელს დღევანდელი ქუვეითის ტერიტორიაზე. არაბებმა, რომლებსაც ხალიდ იბნ ალ–ვალიდი სარდლობდა, რამდენჯერმე სძლიეს სპარსელებს, შემდეგ შაჰმა უფრო დიდი ლაშქარი გამოგზავნა მათ უკუსაგდებად. ხალიდს 10 000 ქვეითი და 5 000 მხედარი ჰყავდა 30 000 სპარსელის წინააღმდეგ. ბრძოლის წინ მან მხედრები შორს გაგზავნა და მტრის თვალს მოეფარა. სასანიდები ანკესს წამოეგნენ და მთელი ძალებით შეასკდნენ მუსლიმთა ქვეითებს. არაბებმა ნელ–ნელა უკანდახევა დაიწყეს და ალყაში მოექცნენ, მაგრამ ეს ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო. ამ დროს სპარსელებს უკნიდან ის მხედრები დაატყდნენ თავს, რომლებიც ბრძოლის წინ ხალიდმა შორს გაუშვა. ახლა თვითონ სასანიდები აღმოჩნდნენ ალყაში და სასტიკად დამარცხდნენ. 20 000 სპარსელი დაეცა ბრძოლის ველზე. 

სასანური მუზარადი


ხალიდმა დასავლეთის გეზით განაგრძო სვლა. შაჰმა კიდევ ექვსი არმია გაგზავნა მის წინააღმდეგ, მაგრამ ხალიდმა ყველა გაანადგურა. დღევანდელი ერაყი უკვე მუსლიმთა ხელში იყო.

636 წელს არაბთა ახალმა 38 000 კაციანმა ლაშქარმა თავი მოიყარა ერაყში ქალაქ ალ–ქადისიასთან საად იბნ აბი ვაქასის მეთაურობით. სასანიდთა დაახლოებით 70 000–იანი ჯარი და სპილოები რუსტამის მეთაურობით იქვე იყო დაბანაკებული მტრის მოლოდინში. 

სასანიანი კატაფრაქტი


მოწინააღმდეგეები სამი–ოთხი დღე ჩეხდნენ ერთმანეთს, რაც ბოლოს მაინც მუსლიმთა გამარჯვებით დასრულდა. დაახლოებით 10 000 არაბი დაეცა ბრძოლის ველზე, ხოლო დახოცილ სპარსელთა რიცხვი                   25 000–ს აღწევდა. მალე სპარსელთა სატახტო ქტესიფონიც დაეცა. არაბულ–სპარსული ომი 654 წლამდე გაგრძელდა. სასანიდი გენერლები და პოლიტიკოსები ძალიან ცდილობდნენ ძლიერი წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ უკვე განწირულები იყვნენ და გვიანი იყო. ალ–ქადისიას ბრძოლამ მთელი იმპერიისა და ახლო აღმოსავლეთის ბედი გადაწყვიტა.

არაბთა სახალიფო 654 წლისთვის

კახი გაგნიძე




ბიბლიოგრაფია:

1. Bashear, Suliman (1997). Arabs and Others in Early Islam. Darwin Press.
2. Daniel, Elton (2001). The History of Iran. Greenwood Press.
3. Donner, Fred (1981). The Early Islamic Conquests. Princeton.
4. Morony, M (1987). "Arab Conquest of Iran". Encyclopaedia Iranica.

6 January 2020



სანამ ბიზანტია და სასანიდური სპარსეთი ერთმანეთს სისხლისგან ცლიდნენ, სამხრეთში არაბეთის ნ. კუნძულზე მუჰამედი ქადაგებდა თავის ახალ რელიგიას ისლამს. 
630 წლისთვის მან წარმატებით გააერთიანა არაბეთის უდიდესი ნაწილი. 632 წელს მუჰამედი გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა აბუ ბაქრმა, რომელიც ხალიფას სახელით (მოადგილეს, ნაცვალს ნიშნავს) მართავდა ქვეყანას. მან ეგრევე ავი მზერა მიაპყრო ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებს. არაბებმა სწრაფად დაიპყრეს აღმოსავლეთ სირია, დასავლეთ ერაყი, ცენტრალური იორდანია და პლაცდარმად გაიხადეს დაპყრობების შემდეგი ფაზისთვის. სირია–პალესტინაში ბიზანტია ბატონობდა. ისტორიულად ამ რეგიონს ძირითადად სპარსეთი ესხმოდა თავს აღმოსავლეთიდან, ამიტომ სამხრეთით დაცვის სისტემა საკმაოდ სუსტი იყო. 634 წელს აბუ ბაქრმა შეტევები დაიწყო სირია–პალესტინაზე. იმპერატორმა ჰერაკლემ სათანადოდ ჯერ კიდევ ვერ შეაფასა არსებული სიტუაცია და მხოლოდ ადგილობრივი გარნიზონი დატოვა რეგიონის დასაცავად. 

ბიზანტიელი მეომრები VII საუკუნეში 


არაბებმა ადვილად დაამარცხეს მოწინააღმდეგეთა მცირე ძალები და შეშფოთებულმა ჰერაკლემ ახლა უკვე ლაშქარი გამოგზავნა მათ წინააღმდეგ. არაბთა ძალებს სათავეში ედგა მაშინდელ მუსლიმთა შორის საუკეთესო გენერალი ხალიდ იბნ ალ–ვალიდი. მან რამდენჯერმე ზედიზედ დაამარცხა ბიზანტიელთა ძალები. ერთ–ერთ ბრძოლაში თვითონ ჰერაკლეც მონაწილეობდა. პალესტინა უკვე არაბთა ხელში იყო. ხალიდმა წინსვლა განაგრძო ჩრდილოეთისკენ და კიდევ დაამარცხა ჰერაკლეს ჯარები. 
იმავე წელს აბუ ბაქრი გარდაიცვალა და ახალი ხალიფა გახდა ომარი. 

636 წელს ხალიფამ განაახლა ექსპანსიური პოლიტიკა და ცენტრალური სირია დაიპყრო. ჰერაკლე კეისარს ამ დროისთვის ხუთი არმია ჰყავდა გამზადებული და პარალელურად სასანიდ შაჰ იეზდიგერდ III-ს შეუთანხმდა, რომ ერთდროულად შეეტიათ არაბებისთვის. სასანიდებმა ვერ მოახერხეს თავდასხმა, ამიტომ ჰერაკლემ მარტომ გააგრძელა ბრძოლა. 
მოწინააღმდეგები მდინარე იარმუკთან დაბანაკდნენ. 

ახლო აღმოსავლეთი არაბთა ექსპანსიის დასაწყისში


ბიზანტიური ლაშქრის მთავარსარდალი იყო სომეხი გენერალი ვაჰანი, არაბებს ისევ ხალიდ იბნ ალ–ვალიდი სარდლობდა. ბიზანტიელი მეომრები ტრადიციულად მძიმედ იყვნენ აღჭურვილი. არაბები კი ბევრად უფრო მსუბუქად იყვნენ შეიარაღებული, რაც მათ სისწრაფესა და მოქნილობას ანიჭებდა. ბრძოლა ექვს დღეს გაგრძელდა, რომელიც მუსლიმთა გამარჯვებით დამთავრდა. შემდეგი ორი ათწლეულის განმავლობაში არაბებმა ბიზანტიას ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკა წაართვეს. რამდენჯერმე კონსტანტინოპოლსაც კი შემოარტყეს ალყა, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა). ვ. გაბაშვილის რედ., თბ., 1957.
2. Nicolle, David (1994). Yarmuk AD 636: Muslim Conquest of Syria. Osprey Publishing.
3. Akram. A.I. (2004), The Sword of Allah: Khalid Ibn Al-Waleed. His Life and Campaigns, third edition.
4. Hitty. PH. K. History of the Arabs. 8 ed, N.Y. 1964.

2 January 2020




რომის იმპერია და სასანური სპარსეთი გამუდმებით მტრობდნენ ერთმანეთს და ახლო აღმოსავლეთში დომინანტობისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს. რომის დაცემის შემდეგ, აღმოსავლეთ რომის იმპერია იგივე ბიზანტია განაგრძობდა სასანიდებთან ომს. 591 წელს ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსის მკვლელობის შემდეგ იმპერია კრიზისმა მოიცვა. ამით ისარგებლა სასანიანთა შაჰმა ხოსრო II-მ და შეტევაზე გადავიდა. მან წარმატებით დაიპყრო ამიერკავკასია და მესოპოტამია. 610 წელს ბიზანტიის ტახტზე ავიდა ჰერაკლე, რომელსაც ზავის იმედი ჰქონდა, მაგრამ ხოსრო უარზე იყო. მას აქემენიდური დროის სპარსული იმპერიის აღდგენა სურდა. 614 წლისთვის ბიზანტიამ სირია–პალესტინაც დაკარგა. წმინდა მიწის დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბიზანტიელებისთვის. 615 წელს სასანიდებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ქალკედონს, რომელიც კონსტანტინოპოლიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული. 617 წელს ქალკედონი დაეცა და ჰერაკლე მზად იყო, ხოსროს ვასალიც კი გამხდარიყო.


ბიზანტიური მონეტა ჰერაკლეს გამოსახულებით


621 წლისთვის სპარსელებმა ეგვიპტე წაართვეს ბიზანტიას. სასანიანთა ისტორიაში ეს რეგიონი პირველად გახდა მათი პროვინცია. ამასობაში ჰერაკლემ სამხედრო რეფორმა განახორციელა და კონტრშეტევაზე გადავიდა. მან დაიბრუნა ანატოლია და 624 წელს ისევ შესთავაზა ზავი ხოსროს, მაგრამ შაჰი ისევ უარზე იყო. ჰერაკლემ განაგრძო კონტრშეტევა და სპარსეთის გულში შეიჭრა სომხეთის გავლით. იმპერატორმა მოაოხრა იქაურობა და შურისძიებით აღვსილმა ზოროასტრული ტაძრები გაძარცვა იმისთვის, რომ სპარსელებმა იერუსალიმი აიღეს. კიდევ რამდენიმე გამარჯვების მერე ჰერაკლემ ჯარი ტრაპიზონში დაასვენა.


სასანური მონეტა ხოსრო II–ის გამოსახულებით


626 წელს ხოსრომ მოკავშირე ავარებთან ერთან კონსტანტონოპოლს დაესხა თავს. ჰერაკლემ ადვილად დაამარცხა სასანიდები და დედაქალაქი დაცემას გადაარჩინა. მომდევნო წელს ჰერაკლემ ახალი მოკავშირეებიც შეიძინა. ეს იყო დასავლეთ თურქთა სახაკანო, რომელიც ჩრდილოეთით, დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. იმავე წელს მოკავშირეები ირანში შეიჭრნენ. ნინევიასთან ახლოს ჰერაკლემ გაანადგურა ხოსროს ლაშქარი. შედეგად სპარსეთში აჯანყებამ იფეთქა და ხოსრო ტახტიდან გადააგდეს. ახალმა შაჰმა კავად II-მ ზავი შესთავაზა ჰერაკლეს, რაზედაც იგი დიდი სიამოვნებით დათანხმდა. ბიზანტიამ ყველა წართმეული ტერიტორია დაიბრუნა, მაგრამ დიდება არც მას ერგო. ამ ომმა ორივე იმპერია სისხლისგან დაცალა და გამოფიტა, რამაც საშუალება მისცა ახალ ძალას, აქტიურად გამოსულიყო საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ახალი რელიგიითა და იდეოლოგიით. ესენი იყვნენ არაბები. 629 წლიდან–654 წლებში არაბთა სახალიფომ მთლიანად შთანთქა სპარსეთის იმპერია და რიგით პროვინციად აქცია, ხოლო ბიზანტიას კი სირია–პალესტინა, ეგვიპტე და ამიერკავკასია წაართვა. ახლო აღმოსავლეთში ისლამის ეპოქა დაიწყო.


კახი გაგნიძე


ბიბილიოგრაფია:

1. Bronworth, L. Lost to the West.
2. Herrin, J. Byzantium.
3. Noewich, JJ. A Short History of Byzantium.