26 March 2020



ევრაზიის სტეპებში გამოჩენამდე ჰუნთა ტომებზე ბევრი არაფერია ცნობილი. მე–4 საუკუნის 70–იან წლებში ისინი პირველად გამოჩნდნენ ევროპაში. მათ დაამარცხეს ალანები და გოთები, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე ცხოვრობდნენ. სწორედ აქედან იწყება ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდი. ჰუნთაგან დაშინებული ტომები დასავლეთისკენ დაიძრნენ და რომის იმპერიის საზღვრებს მიაწყდნენ. 378 წელს ვესტგოთებმა ადრიანოპოლის ბრძოლაში აღმოსავლეთ რომის იმპერიის არმია გაანადგურეს და იმპერატორიც კი მოკლეს, ხოლო ვანდალთა გერმანულმა ტომებმა ჯერ გალიის პროვინცია დაარბიეს და შემდეგ ესპანეთის ნაწილი დაიპყრეს.

IV-V საუკუნის რომაელი ჯარისკაცი


410 წელს ვესტგოთების მეფემ ალარიხმა ქალაქი რომიც კი აიღო და გადაწვა, რის შემდეგაც ვესტგოთები სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და პატარა სამეფო დაარსეს, რომლის დედაქალაქი ტულუზი იყო.

ამასობაში ჰუნებმა დაიმორჩილეს გეპიდები, ალემანები, ოსტგოთები და სხვა პატარა გერმანული თუ სლავური ტომები. 395–399 წლებში ჰუნებმა დალაშქრეს და დაარბიეს აღმოსავლეთ რომის იმპერია და სასანიანთა სპარსეთი. რადგანაც ჰუნებთან იმ დროს ცენტრალური ხელისუფლება არ არსებობდა, ისინი ხშირად მოქირავნეებადაც იბრძოდნენ რომაელებისთვის და გოთებისთვის, მაგრამ ჰუნთა ძირითადი ნაწილი გამუდმებით არბევდა რომაულ ტერიტორიებს და 422 წელს აღმოსავლეთ იმპერია იძულებულიც კი გახდა, ხარკი ეძლია მათთვის. დასავლეთ იმპერიასაც ბევრი პრობლემა ჰქონდა: ბარბაროსთა გამუდმებული შემოსევები, ძარცვა, რბევა, სამოქალაქო ომები და აჯანყებები. ამ დროს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა  პიროვნება, სახელად ფლავიუს აეტიუსი, წარმოშობით სავარაუდოდ გოთი. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც "უკანასკნელი ჭეშმარიტი რომაელი". მან ბავშვობა მძევლობაში გაატარა ხან გოთებთან და ხან ჰუნებთან. ამიტომაც მან ბევრი რამ ისწავლა მათ კულტურაზე, საომარ ხელოვნებაზე და ა.შ.
423 წელს მან ჰუნი მოქირავნეების დახმარებით წესრიგი აღადგინა გალიის პროვინციის უმეტეს ნაწილში.


ჰუნი მეომრები


ამასობაში, აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 433 წელს ჰუნთა პირველი ერთპიროვნული მმართველი რუა გარდაიცვალა და მისი მემკვიდრეობა დარჩა მის ორ ძმისშვილს – ბლედასა და ატილას. ძმებმა აღმოსავლეთ იმპერიას ახალი ხარკი დააკისრეს.

439 წელს ვანდალებმა დასავლეთ იმპერიას კართაგენი წაართვეს ჩრდ. აფრიკაში. ეს დიდი დარტყმა იყო რომისთვის, რადგანაც მარცვლეულს სწორედ აქედან იღებდა. აღმ. იმპერიამ დახმარება სცადა და სამხედრო ექსპედიცია გაგზავნა აფრიკაში კართაგენის დასაბრუნებლად. ამით ისარგებლეს სასანიანებმა და შეტევაზე გადმოვიდნენ. ჰუნებსაც მობეზრდათ მშვიდობა და 441–443 წლებში ბალკანეთი დაარბიეს. ატილამ ესეც არ იკმარა და თვით კონსტანტინოპოლს შემოარტყა ალყა. იმპერატორი თეოდოსიუსი იძულებული გახდა ყოველწლიური ხარკი გაეზარდა ჰუნებისთვის. 445 წელს ბლედა გარდაიცვალა, სავარაუდოდ ატილამ მოკლა, რომელიც ჰუნთა ერთპიროვნული მმართველი გახდა. 447 წელს ატილა კვლავ შეიჭრა აღმოსავლეთ იმპერიაში და რომაელთა ჯარი გაანადგურა. იმპერატორი კვლავ იძულებული გახდა ზავი ეთხოვა, რომლის თანახმად მდინარე დუნაის რეგიონი ბუფერულ ზონად გამოცხადდა.

ევროპა და ახლო აღმოსავლეთი 450 წელს


მალე ურთიერთობა დაიძაბა ატილასა და აეტიუსს შორის. სხვადასხვა წყარო სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. ატილამ ჰუნებს მოქირავნეობა აუკრძალა, რამაც დაასუსტა აეტიუსი. ამავე დროს ვანდალებმა ჰუნები მოიწვიეს გოთების წინააღმდეგ გალიაში. დასავლეთ რომის იმპერატორის დამ ჰონორიამ ატილას ცოლობა შესთავაზა და სანაცვლოდ ნახევარ იმპერიას მზითვად ჩააბარებდა. ატილამ მომგებიანად ჩათვალა დასავლეთ იმპერიაზე გალაშქრება და 451 წელს უზარზარი ურდოებით დაიძრა გალიისკენ. მას თან ახლდნენ ოსტგოთები, ალემანები და სხვები. აეტიუსმა კავშირი შეკრა ვესტგოთების მეფესთან თეოდორიხთან, ბურგუნდებთან და ფრანკებთან. ატილა მიწასთან ასწორებდა ყველაფერს, სადაც გაივლიდა. ასე მიაღწია მან დასავლეთ ევროპას. აეტიუსიც მივიდა არმიით, სადაც ატილა იყო დაბანაკებული. კატალაუნის ველის ზუსტი ადგილმდებარეობა დღემდე დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ქალაქ შალონთან მდებარეობდა. ორივე მხარეს დაახლოებით 40 000–მდე მეომარი ჰყავდა. ატილას ლაშქარი ძირითადად ცხენოსნებისგან შედგებოდა, ხოლო აეტიუსის – ქვეითებისგან. ბრძოლა მცირე რაზმების შეტაკებებით დაიწყო. აეტიუსის ვესტგოთი მოკავშირე მეფე თეოდორიხი მარჯვენა ფლანგზე იდგა თავისი ხალხით, რათა ჰუნებისთვის ფლანგიდან შემოვლის საშუალება არ მიეცა. შუაში ალანი მხედრები ჩადგნენ, ხოლო მარჯვნივ რომაელები, საქსები და ფრანკები. ატილა თავისი მხედრობით შუაში იდგა, მარცხნივ ოსტგოთები ჩადგნენ ვალამირის მეთაურობით, ხოლო მარჯვნივ ატილამ ფრანკები და გეპიდები ჩააყენა.

კატალაუნის ბრძოლა


სიტყვით გამოსვლის შემდეგ ატილა თავისი მხედრებით ალანთა ცენტრს მიაწყდა ისრების სროლით და გაანადგურა. შემდეგ, როგორც ჰუნთა ტაკტიკას სჩვეოდა, გაიშალნენ მთლიან ფრონტზე და ისრების სეტყვა დააყარეს ვესტგოთებსა და რომაელებს, მაგრამ ამათ ფარების კედლები ჰქონდათ აღმართული და მსხვერპლი დიდი არ ყოფილა. რომაელთა და ვესტგოთთა მეორე ხაზზე მდგარმა მეისრეებმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს ჰუნთა მსუბუქად აღჭურვილ მხედრებს. ამის შემდეგ ატილას ლაშქარი ერთიანად დაიძრა და ეკვეთა მტრის მეწინავე რაზმებს. ოსტგოთები თავიანთ თანამოძმე ვესტგოთებს დაეტაკნენ, ხოლო გეპიდები – რომაელებს. ატილამ ჰუნთა მხედრობით ვესტგოთებს გვერდიდან შემოუარა და დიდად შეავიწროვა. ამ დროს დაიღუპა მეფე თეოდორიხი. აეტიუსმა მარჯვენა ფლანგს სასწრაფოდ მიაშველა თავისი მხედრები და ცოტა ხნით შეაყოვნა ატილას იერიშები. ამ დროს თეოდორიხის შვილმა თორისმუნდმა ატილას ლაშქარს მარხცენა ფლანგიდან შეუტია და მრავალი მეომარი დაუხოცა, რის გამოც ატილამ უკანდახევა ბრძანა და ბანაკში დაბრუნდა. ბრძოლა შეწყდა. ზუსტად არავინ იცის აეტიუსი რატომ აღარ დაედევნა. ზოგი წყარო იუწყება, რომ ფრანკებსა და ვესტგოთებს აღარ სურდათ ბრძოლის გაგრძელება. ზოგიც ამბობს, რომ თვითონ აეტიუსმა გადაწყვიტა ასე, რადგან ჰუნების განადგურებით მტრის ხატი გაქრებოდა და გერმანელები ისევ რომს გადაეკიდებოდნენ მტრად.

ატილას ბიუსტი უნგრეთში


452 წელს ატილა კვლავ შემოიჭრა იმპერიის საზღვრებში. ამჯერად იგი ჩრდილოეთ იტალიაში შევიდა და მიწასთან გაასწორა იქაურობა, მაგრამ როცა მასთან მოსალაპარაკებლად რომის პაპი ლეო მივიდა, ატილა უკან გაბრუნდა. არავინ იცის თუ რა უთხრა ლეომ ატილას. ეს დღემდე გამოცანად რჩება.

453 წელს ატილა საკუთარ საქორწინო ღამეს სისხლის ღებინების შედეგად გარდაიცვალა. კაცი, რომელიც მთელს ევროპას სისხლში ახრჩობდა, საკუთარ სისხლში ჩაიხრჩო. ერთი წლის შემდეგ მისი შვილები გეპიდებმა დაამარცხეს და ჰუნთა იმპერია აღიგავა პირისაგან მიწისა. იმავე წელს იმპერატორმა ვალენტინიანმა აეტიუსი მოკლა, ხოლო 455 წელს იგი აეტიუსის ერთგული პირადი მცველების მიერ იქნა მოკლული. ოცი წლის შემდეგ, 476 წელს რომი საბოლოოდ დაეცა და დასავლეთ იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.

ევროპა 476 წელს


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. Man, John. "Attila, The Barbarian King Who Challenged Rome". New York. Thomas Dunne Books. 2006.
2. MacDowall, Simon. "Catalaunian Fields AD 451, Rome's Last Great Battle". Oxford: Osprey Publishing Ltd. 2015.

No comments:

Post a Comment