10 April 2020



ძვ. წ. მე–7 საუკუნეში გალთა მრავალრიცხოვანმა კელტურმა ტომებმა, რომლებიც დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ახალი მიწების ძიება დაიწყეს. გალებს იმ დროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ დამყარებული ბერძნებთან და ეტრუსკებთან. დაახლოებით ძვ. წ. 600–იან წლებში გალმა მეფემ ბელოვესუსმა რამდენიმე ტომთან ერთად ჩრდ. იტალიაში ეტრუსკები დაამარცხა და რამდენიმე ქალაქი დააარსა, მათ შორის მედიოლანუმი ანუ დღევანდელი მილანი. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში გალები ნელ–ნელა ცენტრალური იტალიისკენ მიიწევდნენ.

კელტურ ტომთა განსახლების არეალი ძვ. წ. 700–100 წწ. (ვარდისფერი)


ამასობაში, ძვ. წ. 509 წელს რომაელებმა ბრუტუსის მეთაურობით უკანასკნელი მეფე მოიშორეს და რესპუბლიკური მმართველობა დაამყარეს (ლათ. Res Publika — „ხალხის საქმე ). რომაელებმა ტერიტორიების გაფართოება დაიწყეს რომის გარშემო. ძვ. წ. 406 წელს მათ ომი გამოუცხადეს მეზობელ ეტრუსკულ ქალაქს ვეის. თავიდან ომი რომაელებისთვის წარუმატებლად მიდიოდა, თუმცა სიტუაცია მალე შეიცვალა, როდესაც  ძვ. წ. 401 წელს არმიას სათავეში ჩაუდგა ნიჭიერი სარდალი მარკუს ფურიუს კამილუსი. მან ჯერ ვეის მოკავშირე ქალაქები დაიპყრო და შემდეგ თვითონ ვეის შემოარტყა ალყა, რომელიც ხუთი წელი გაგრძელდა. ძვ. წ. 396 წელს რომაელებმა კამილუსი დიქტატორად დანიშნეს, რათა ომისთვის სწრაფად მოეღო ბოლო. კამილუსმაც შეძლო ვეის აღება და რომს დაუქვემდებარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ომის გმირი იყო, კამილუსი ხალხში პოპულარობით არ სარგებლობდა. მან პლებეებს უფლება არ მისცა, ვეიში დასახლებულიყვნენ. ასევე ჯარისკაცების ნადავლის დიდი ნაწილიც ღმერთებს შესწირა. კამილუსს ყველა წოდება ჩამოართვეს და ქალაქიდან გააძევეს.

მარკუს ფურიუს კამილუსი


ძვ. წ. 400 წელს ჩრდილოეთით გალურმა ტომებმა სენონებმა მეფე ბრენუსის მეთაურობით იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროები დაიპყრეს. ძვ. წ. 391 წელს მათ ალყა შემოარტყეს ეტრუსკულ ქალაქს კლუსიუმს, რომელმაც დახმარება რომს სთხოვა. რომმა ელჩობა გაგზავნა ბრენუსთან და როცა ჰკითხეს თუ რას ერჩოდა კლუსიუმს, მან უპასუხა, რომ იგი იმავე მიზეზით ესხმოდა თავს ამ ქალაქს, რა მიზეზითაც რომაელები ესხმოდნენ თავს თავიანთ მეზობლებს. რომაელი ელჩები ამ პასუხით შეურაცხყოფილები დარჩნენ. ისინი ქალაქში შეიპარნენ და მოსახლეობა ბრძოლაზე დაიყოლიეს. კლუსიუმის მოსახლეობაც გამოვიდა სენონების წინააღმდეგ და ბრძოლა გაუმართა მათ. ერთ–ერთი რომაელი ელჩი კლუსიელებს შეუერთდა, როგორც ჯარისკაცი. ეს რომ ბრენუსმა დაინახა, სასტიკად განრისხდა იმის გამო, რომ რომაელებმა დიპლომატიის უძველესი კანონი დაარღვიეს. მან მაშინვე ალყა მოხსნა კლუსიუმს და პირდაპირ რომისკენ დაიძრა, ბრენუსმა ასევე მოთხოვნა გაუგზავნა რომაელებს, რათა თავიანთი ელჩები დაესაჯათ, მაგრამ უარი მიიღო.

რომაელებმა არმიის შეკრება დაიწყეს. ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინდელი რომაული ჯარი არ იყო პროფესიული, ამიტომაც, სავარაუდოდ, რეკრუტები გამოუცდელები იყვნენ. გარდა ამისა, ისინი ბერძნული ფალანგის სტილში იბრძოდნენ.

რომაელები მდინარე ალიასთან დაბანაკდნენ. მათი მწყობრი იმდენად გაწელილი იყო, რომ ცენტრი ძალიან სუსტი იყო. არც ფლანგებზე იყო სახარბიელო სიტუაცია. გალები მთელი ძალებით გადმოვიდნენ შეტევაზე და რომაელთა ცენტრი გაანადგურეს. ამით რომაელთა ჯარი ორად გაიხლიჩა და თითქმის მაშინვე აიშალა გასაქცევად. მრავალი რომაელი მდინარეში დაიხრჩო. ბრენუსმა ცოტა მეომარი დაკარგა და კვლავ რომისკენ დაიძრა. "მარადიული ქალაქი" პანიკამ მოიცვა. მოსახლეობის ნაწილი გაიქცა. ნაწილმა კი, სენატისა და სხვა დიდგვაროვნების ჩათვლით, კაპიტოლიუმის ბორცვს შეაფარა თავი, რომელიც რომის მთავარ ციტადელს წარმოადგენდა.


ბრენუსი


გალები დიდად გაოგნდნენ, როცა ქალაქის კარიბჭე დაუცველი დახვდათ. ბრენუსმა კაპიტოლიუმის იერიშით აღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ეს რომ არ გამოვიდა, გალებმა ქალაქი გაძარცვეს და მოაოხრეს. ბრენუსმა არმიის ნაწილი კაპიტოლიუმთან საალყოდ დატოვა, ნაწილი კი რომის შემოგარენის გასაძარცვად გაუშვა. ერთ–ერთმა მძარცველმა რაზმმა ქალაქ არდეას ჩაუარა, სადაც რომიდან გაძევებული კამილუსი იმყოფებოდა. ნიჭიერმა სარდალმა არდეას მოსახლეობა აიყოლია, ღამით მძარცველ რაზმს თავს დაესხა და გაანადგურა. ამ ამბავმა ქალაქ ვეის მიაღწია, სადაც რომაელთა მცირე ძალები იმყოფებოდნენ. მათ მაშინვე სთხოვეს კამილუსს, რათა წინ გაძღოლოდა გალების წინააღმდეგ, მაგრამ მან უარი თქვა იმ მიზეზით, რომ იგი კაპიტოლიუმში გამოკეტილ სენატს უნდა აერჩია, რადგან სხვა შემთხვევაში მისი სარდლობა კანონიერი არ იქნებოდა თუკი მას სენატი არ დაამტკიცებდა. მისმა შიკრიკმა საიდუმლო ბილიკით შეაღწია კაპიტოლიუმში და სენატს კამილუსის წერილი გადასცა. მათაც სხვა რა დარჩენოდათ და კამილუსი დიქტატორად დანიშნეს. თუმცა, რომაელთა სამწუხაროდ, გალებმა საიდუმლო ბილიკის კვალს მიაკვლიეს შიკრიკის ნაფეხურებით და გადაწყვიტეს ღამით შეპარულიყვნენ. გალები ისე ჩუმად აძვრნენ გალავანზე, რომ რომაელებმა ვერაფერი გაიგეს. გადმოცემის თანახმად, იქ მყოფმა ბატებმა გაიგეს გალების ფათური და ყაყანი ატეხეს, რის შედეგადაც რომაელებმა მაშინვე იარაღს მოჰკიდეს ხელი და გალები უფსკრულში გადაყარეს. ალყა რამდენიმე თვე გაგრძელდა და ორივე მხარე მოიქანცა. შედეგად საზავო მოლაპარაკებას შეუდგნენ. რომაელები დაპირდნენ, რომ ხუთას კილოგრამ ოქროს გადაიხდიდნენ. ოქროს აწონვისას, როცა გალებმა ყალბი გირები მოიტანეს, რომაელებმა პრეტენზია გამოთქვეს და ახსნა მოითხოვეს. ბრენუსმა კი სასწორზე თავისი ხმალი დადო და თქვა "Vae Victis" - "ვაი დამარცხებულთ". თუმცა, სანამ რომაული დელეგაცია რამე პასუხს გასცემდა, ამ დროს ქალაქში კამილუსი შემოვიდა და რომაელებს ოქროს სასწორიდან აღება უბრძანა და დაამატა, რომ იგი რომს რკინით დაიცავდა და არა ოქროთი. ამან ბრენუსი აღაშფოთა, მაგრამ კამილუსმა უთხრა, რომ რადგანაც იგი დიქტატორი იყო, მხოლოდ მასთან შეიძლებოდა მოლაპარაკება. ამ სიტყვების შემდეგ სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა და კამილუსმა განდევნა მტერი ქალაქიდან. ამ გმირობის შემდეგ კამილუსს რომის მეორე დამაარსებელი უწოდეს. ამ მოვლენებმა რომაელები აიძულა, ძლიერი გალავანი შემოერტყათ ქალაქისთვის, რის შემდეგაც რომი აღარ დაცემულა შემდეგი 800 წლის განმავლობაში.


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Livy. History of Rome. Chios Classics. 2015.
2. Cassius Dio. The Roman History. Harvard University Press, 1924.
3. Plutarch. Plutarch's lives; Life of Camillus. Modern Library, 1960.

No comments:

Post a Comment