4 June 2021

 გიოკ-თურქები


დასავლეთის ისტორიაში თურქები ძირითადად სელჩუკებად და ოსმალებად არიან ცნობილნი, როგორც ქრისტიანული სამყაროს ანტაგონისტები. თუმცა ბევრად უფრო ადრე, VI საუკუნეში მათმა წინაპრებმა ცენტრალურ აზიაში უზარმაზარი მომთაბარული იმპერია შექმნეს. 

თურქები პირველად 552 წელს გამოჩნდნენ. ცენტრალურ აზიაში გიოკ-თურქთა ("ზეციური თურქები") ბელადმა ბუმინმა  ერთ–ერთი აჯანყება ჩააქრო, რომელიც თავისი ხელმწიფის, ჯუან–ჯუანის სახაკანოს მმართველის, ანაგუი ხაკანის წინააღმდეგ იყო მოწყობილი. ჯილდოდ მან მისი ქალიშვილის ხელი ითხოვა, რაზეც უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ ბუმინის ხალხი მხოლოდ და მხოლოდ მჭედლები და მონები იყვნენ. ამან გააცოფა ბუმინი და აჯანყება მოაწყო, რომელიც მისი გამარჯვებით დასრულდა. ასე შეიქმნა გიოკ-თურქთა სახაკანო. 

ბუმინი იმავე წელს გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი შვილი კუო–ლო, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ბუმინის მეორე ვაჟი მუჰანი 553 წელს ავიდა ტახტზე და კიდევ უფრო გააფართოვა გიოკ-თურქთა ტერიტორიები.

გიოკ-თურქთა იმპერია 


ამ გიგანტური იმპერიის მართვა ერთი ცენტრიდან შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომაც იგი ორ ნაწილად გაყვეს. დასავლეთ ნაწილს მართავდა ბუმინის ძმა ისტემი იაბღუს სახელით, ანუ როგორც ხელმწიფის მოადგილე. ფაქტობრივად იგი დამოუკიდებლად განაგებდა ამ ტერიტორიებს და მხოლოდ ნომინალურად ემორჩილებოდა აღმოსავლეთ იმპერიას, რომელსაც ისევ მუჰანი მართავდა.

აღმოსავლეთ და დასავლეთ სახაკანოები


დაპყრობითი ომები ისევ გრძელდებოდა. აღმოსავლეთ სახაკანომ ჩინეთის ჩრდილო–აღმოსავლეთით კიტანების, იგივე ხატაელების ტომი დაიპყრო (ვეფხისტყაოსანი ხომ არ გაგახსენდათ?), რომელიც პროტო–მონღოლური მოდგმის იყო. 

557 – 561 წლებში დასავლეთ სახაკანომ სასანიანთა ირანთან სამხედრო ალიანსით თეთრ ჰუნთა მოდგმა გაანადგურა (ამაზე უფრო დაწვრილებით იხილეთ: https://msoflio-istoria.blogspot.com/2021/05/v.html?spref=bl). 568 წელს გიოკ-თურქებსა და სასანიდებს შორის ურთიერთობა დაიძაბა აბრეშუმის გზის კონტროლის გამო, რაც ომში გადაიზარდა. 571 წელს ზავი დაიდო. ამის შემდეგ თურქებმა სავაჭრო ურთიერთობა ბიზანტიის იმპერიასთან დაამყარეს. 568 წელს იმპერატორმა იუსტინე II-მ თბილად მიიღო გიოკ-თურქთა ელჩობა. იგი სამხედრო ალიანსითაც იყო დაინტერესებული, რადგანაც ორივე სახელმწიფო სპარსეთის მტერი იყო.

572 წელს მუჰანი გარდაიცვალა და ტახტი მისმა ძმამ, ტასპარმა ჩაიბარა. მალე იგი ბუდიზმზე მოექცა, რომელიც პოპულარული რელიგია იყო სტეპებში. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე ასვლას მუჰანის შვილი, აპა ლამობდა, მაგრამ ხაკანი ტასპარის ძმა, ნივარი გახდა. ტახტის მაძიებელი აპა დასავლეთ სახაკანოში გადავიდა დახმარების სათხოვნელად, სადაც ტარდუ ბატონობდა. ამ უკანასკნელს კი თავისთვის სურდა მთელი იმპერიის ხელში ჩაგდება. ასე დაიწყო სამოქალაქო ომი. ნივარმა დახმარება ჩინეთის სუის დინასტიას სთხოვა და მისი უზენაესობაც აღიარა. ჩინელთა დახმარებით ნივარმა წარმატებით უკუაგდო ტარდუს ურდოები. ამ უკანასკნელის საუბედუროდ აპამ მას უღალატა, განდევნა მისივე სამფლობელოდან და თავი ხაკანად გამოაცხადა. ასე შეიქმნა დამოუკიდებელი დასავლეთ თურქთა სახაკანო. ტარდუ კი ჩინეთში გაიქცა 585 წელს, საიდანაც წერილი მისწერა ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსს, სადაც თავს აცხადებდა შვიდი რასის ხელმწიფედ. ამის შემდეგ, 603 წლიდან ტარდუ აღარსად ჩანს ისტორიაში.

დასავლეთ თურქთა სახაკანო


აღმოსავლეთ თურქთა სახაკანო


ჩინელებმა ხელსაყრელ მომენტად ჩათვალეს თურქთა იმპერიის ორად გაყოფა, რომლებიც ადრე ხარკს უხდიდნენ თურქებს, და 618 წელს შეტევაზე გადავიდნენ. ჩინეთის ტანის დინასტიამ არაერთი მარცხი მიაყენა აღმოსავლეთ თურქებს და საბოლოოდ დაიმორჩილა კიდეც ისინი.

602 – 628 წლების ბიზანტიურ–სპარსულ ომში დასავლეთ თურქებმა ბიზანტიის იმპერიასთან კავშირი შეკრეს და ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ, სადაც მაშინ სპარსელები ბატონობდნენ. გიოკ-თურქებმა თბილისი აიღეს, ძვლებამდე გააშიშვლეს და გაანადგურეს. 657 წელს ტანის დინასტიამ დასავლეთ თურქთა სახაკანოც დაიმორჩილა და ჩინეთის იმპერატორმა თავი თურქთა ხაკანადაც გამოაცხადა. ეს ჩინეთის ისტორიაში უდიდესი ტერიტორიული ექსპანსია იყო. 
682 – 687 წლებში აღმოსავლეთ გიოკ-თურქებმა აჯანყებები დაიწყეს. მათმა მეთაურმა, ილტერიშმა თავი ხაკანად გამოაცხადა და შექმნა მეორე თურქული სახაკანო. თუმცა ამ იმპერიამ დიდხანს ვერ გაძლო და 745 წელს არსებობა შეწყვიტა.

გიოკ-თურქებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს აღმოსავლეთის ისტორიაში. ამიერიდან ცენტრალურ აზიაში თურქული ენებისა და კულტურის ჰეგემონია დამყარდა. XI საუკუნეში კი სელჩუკის თურქულმა ტომმა ისლამი მიიღო და აქტიურად ჩაება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში, რასაც თურქ–სელჩუკთა იმპერიის შექმნა მოჰყვა. რაც შეეხება დასავლეთ თურქთა სახაკანოს ტერიტორიებს, VII საუკუნის მეორე ნახევარში ისინი გიოკ-თურქთა მონათესავე ხაზარებმა დაიკავეს და შექმნეს ძლიერი იმპერია, რომელზეც მომავალში გვექნება საუბარი.


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:
1. Carter Vaughn - The Turks in World History.
2. Peter Golden - An Introduction to the History of the Turkic Peoples.
3. Denis Sinor - Cambridge History of Early Inner Asia.

No comments:

Post a Comment