14 January 2021

 დიაოხი და კოლხა


დიაოხი.

დიაოხი ასევე დაიაენი და ტაოხი ქართველ ტომთა ძველაღმოსავლური ტიპის სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო, რომელიც ძვ. წ. XII საუკუნეში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში მას უხდებოდა დაპირისპირება ასურეთის იმპერიასთან, კერძოდ ტიგლათფილესერ I-თან (ძვ. წ. 1115 – 1077). ამას მოწმობს ძვ. წ. 1112 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც ტიგლათფილესერ I იხსენიებს "60 მეფის გაერთიანებას", ანუ ტომთა ბელადებს. 

დიაოხის სამეფო ძვ. წ. XII ს.


მართალია, ტიგლათფილესერის გარდაცვალების შემდეგ ასურეთი დასუსტდა, მაგრამ დიაოხს ახალი მეტოქე გამოუჩნდა ურარტუს სახით. დიაოხის მეფემ ასიამ და ასურეთის მეფემ სალმანასარ III-მ კოალიცია შექმნეს ურარტუს წინააღმდეგ ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს, მაგრამ ძვ. წ. VIII საუკუნის დასაწყისში ურარტუმ დაამარცხა ასურეთი და დიაოხი მარტოდმარტო აღმოჩნდა მტრის წინააღმდეგ. დიაოხი ჯერ მეფე მენუამ (ძვ. წ. 810 – 786) დაამარცხა და დახარკა, რომელზეც ჩვენ მისი ერთ–ერთი წარწერიდან ვიგებთ, სადაც მენუა უტუფურსს იხსენიებს, ხოლო დიაოხს ძლიერ ქვეყანას უწოდებს. ამავე უტუფურსს მენუას ძის – არგიშთის (ძვ. წ. 786 – 764) წინააღმდეგაც უწევს ბრძოლა. მალე დასუსტებული დიაოხი კოლხამ შეიერთა. ამ ფაქტს ადასტურებს არგიშთი I-ის მემკვიდრის სარდურ II-ის წარწერა, სადაც დიაოხი აღარ იხსენიება.

კოლხა.

კოლხა, იგივე კოლხეთის სამეფო (მოგვიანებით ცნობილი, როგორც ეგრისი/ლაზიკა) ერთ–ერთი უძველესი სამეფო იყო შავი ზღვისპირეთში. კოლხებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართველი ხალხის ეთნიკურ და კულტურულ ფორმირებაში. ბერძნულ მითოლოგიაში კოლხეთი იყო აიეტისა და მედეას სამშობლო, სადაც ლეგენდარული ოქროს საწმისი ინახებოდა. 
კოლხურ ტომთა გაერთიანებას ვარაუდობენ ძვ. წ. XIII საუკუნეში. ეს დასტურდება ძველი ასურული წყაროებით და აგრეთვე არქეოლოგიური მასალებით. ძვ. წ. VIII საუკუნის ურარტულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც კოლხას სამეფო. სამეფო ქალაქად მოხსენიებულია ილდამუსა. ამავე პერიოდში მაღალ დონეზე იდგა მესაქონლეობა და რკინის მეტალურგია. 

კოლხეთის სამეფო


კოლხას ძლიერების ხანად მიჩნეულია ძვ. წ. VIII საუკუნე. ამ დროს კოლხამ შეიერთა ურარტუს ჩრდილოეთ ოლქები, მაგრამ დაკარგა რამდენიმე პროვინცია, მათ შორის ქალაქი ილდამუსა ძვ. წ. 750 – 748 და 744 – 742 წლებში, ურარტუს მეფე სარდურ II-სთან ბრძოლების შემდეგ. ძვ. წ. 730 – 720 წლებში კოლხასა და ურარტუს ნიაღვარივით გადაუარეს იმიერკავკასიიდან შემოჭრილმა მომთაბარე კიმერიელებმა და სკვითებმა. ამ მოვლენამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს წინაპრებზე, რომ ზოგიერთის აზრით, კიმერიელისგან წარმოსდგა სიტყვა "გმირი". 
კოლხას დაცემის შემდეგ კოლხური ტომების ერთი ნაწილი სამხრეთ–აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ახლანდელი ტრაპიზონის მიდამოებში დამკვიდრდა, ხოლო პოლიტიკურმა ცენტრმა გადაინაცვლა ჩრდილოეთით, დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ძვ. წ. VII - VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ახალი ძლიერი დამოუკიდებელი კოლხეთის სამეფო, რომელსაც ჰეროდოტე ახლო აღმოსავლეთის დიდი მონარქიების მიდიისა და აქემენიდური სპარსეთის გვერდით იხსენიებდა. 

კოლხური ოქრო

კოლხების მიერ დამზადებული ოქროს ორნამენტები

კოლხური ოქროს ყელსაბამი


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:
1. ლორთქიფანიძე, ო. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980 – გვ. 596 – 597.
2. გიორგი ქავთარაძე. დაიაენი/დიაუხის ქვეყნის უძველესი "სამეფო ქალაქის" ლოკალიზაციისთვის. ქართველური მემკვიდრეობა. IX, 2005. გვ. 371 – 381.
3. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1. თბილისი. 1970.
4. ლორთქიფანიძე, ო. ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი. თბილისი. 1966.

No comments:

Post a Comment