28 January 2021

 იერუსალიმის ალყა (70 წ.): ებრაელთა აჯანყება რომის წინააღმდეგ


რომაელთა პოლითეისტური რელიგია საკმაოდ ტოლერანტული იყო უცხო რელიგიების მიმართ, მაგრამ მონოთეიზმთან მიმართებაში ყოველთვის პრობლემას აწყდებოდნენ. იმ დროს რომის იმპერიის ფარგლებში მონოთეისტური რელიგიის აღმსარებლები იყვნენ ებრაელები.

დღევანდელი იერუსალიმი


ძვ. წ. 63 წელს რომაელთა სახელოვანმა სარდალმა პომპეუსმა დაიპყრო იუდეა და რომის ვასალად აქცია. ძველი წელთაღრიცხვის მიწურულს კი იუდეა რომის პროვინცია გახდა. ახ . წ. I საუკუნეში ებრაელი ხალხის უკმაყოფილება უფრო და უფრო იზრდებოდა. ამ ყველაფერმა პიკს მიაღწია, როცა 66 წელს რომაელმა პროკურატორმა გესიუს ფლორუსმა იერუსალიმის მეორე ტაძარი ( რომელიც სოლომონის ტაძრის რეკონსტრუქცია იყო) გაძარცვა. ამას ისიც დაემატა, რომ ფლორუსმა მის წინააღმდეგ გამოსული ათასობით ებრაელი სიკვდილით დასაჯა. აჯანყების ცეცხლი მთელ პროვინციას მოედო. პროკონსული ცესტიუს გალუსი 30 000 ლეგიონერით იერუსალიმისკენ დაიძრა წესრიგის აღსადგენად, მაგრამ ეს მცდელობა კატასტროფით დასრულდა. ებრაელები მათ ჩაუსაფრდნენ და გაანადგურეს. ამან ძალიან გაამხნევა აჯანყებულები.

67 წელს იმპერატორმა ნერონმა აჯანყების ჩასაქრობად გამოგზავნა ვეტერანი ტიტუს ფლავიუს ვესპასიანუსი, იგივე ვესპასიანე. გენერალს თან ახლდა თავისი ვაჟი ტიტუსი. რომაელთა არმია 60 000 კაცს ითვლიდა. ვესპასიანე სასტიკად უსწორდებოდა ებრაელთა ქალაქებსა და სოფლებს. ამას ისიც დაემატა, რომ ებრაელთა ფრაქციებიც ერთმანეთს დაეტაკნენ, რაც რომაელებს კიდევ უფრო უადვილებდა საქმეს. 69 წლისთვის ვესპასიანე იერუსალიმს მიადგა. მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენდა იქაურ მეამბოხეებს მისი რისხვისგან. 

იერუსალიმის ალყა. დევიდ რობერტსის ნახატი (1850 წ.)


ამასობაში, რომში დიდი არეულობები დაიწყო, სადაც ოთხი იმპერატორი გამოიცვალა. ვესპასიანემ დროებით თავი მიანება იერუსალიმს და ეგვიპტეში გადავიდა, სადაც 69 წლის 1 ივლისს იგი ეგვიპტის პრეფექტმა ლეგიონების თვალწინ იმპერატორად გამოაცხადა. აქვე გადაწყდა, რომ თვითონ ვესპასიანე რომის შიდა პოლიტიკას მიხედავდა, ხოლო მისი ვაჟი ტიტუსი იუდეაში დაბრუნდებოდა. 

70 წლის გაზაფხულს ტიტუსი უზარმაზარი არმიით მიადგა იერუსალიმს. ებრაელები მომზადებულები დახვდნენ მტერს. ალყა ხუთ თვეს გაგრძელდა. ქალაქის დამცველები მედგრად იგერიებდნენ ლეგიონერთა იერიშებს. რომაელებმა მიწაყრილებისა და მორების საშუალებით მიწა აამაღლეს და საალყო იარაღებით შეანგრიეს პირველი გალავანი დასავლეთის მხარეს. ებრაელებმა ქალაქის ცენტრისკენ დაიხიეს და იქ შეჯგუფდნენ. ამის შემდეგ ტიტუსის ბრძანებით რომაელებმა ქალაქის გარშემო გალავანი ააშენეს და სრულ ბლოკადაში მოაქციეს. კიდევ რამდენიმე გმირული გაბრძოლების შემდეგ, ებრაელები დამარცხდნენ. რომაელებმა მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის ტაძარი, ტყვეები მონებად აქციეს. გამარჯვებული ტიტუსი რომში დაბრუნდა, სადაც მამამ ტრიუმფი გადაუხადა.

რომაელთა არმიის პროგრესი ალყის დროს


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Price, Jonathan J. (1992). Jerusalem under Siege: The Collapse of the Jewish State, 66 - 70 AD.

2. Goodman, Martin (1987). The Ruling Class of Judea: The Origin of the Jewish Revolt against Rome A.D. 66 - 70.

No comments:

Post a Comment