19 June 2020



ნაპოლეონის საბოლოო დამარცხების შემდეგ, ავსტრია და პრუსია გამარჯვებულთა შორის იყვნენ, მაგრამ ორივე სახელმწიფო საგრძნობლად დასუსტებული იყო ამდენი სისხლისღვრის შედეგად. გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია დაიშალა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად მანამდეც დაშლილი იყო, თუმცა ამჯერად ოფიციალური სახე მიიღო და ამიერიდან ავსტრიას გერმანულ სახელმწიფოებზე აღარ მიუწვდებოდა ხელი. 

ევროპა ნაპოლეონის ომების შემდეგ 1815 წ.


გერმანული სამეფო–სამთავროების ადგილას ჩამოყალიბდა გერმანიის კავშირი. ამ უნიის მთავარი მიზანი იყო საგარეო საფრთხეებისგან დაცვა, მაგრამ რეალობაში ეს კონფედერაცია ავსტრიისა და პრუსიის განხეთქილების ვაშლად იქცა.

ამასობაში, საფრანგეთის რევოლუციამ და ნაპოლეონის ომებმა ძალზედ პოპულარული გახადა ლიბერალიზმი და ნაციონალიზმი. ასეთმა პოლიტიკურმა მოძრაობებმა შეარყიეს ამ ორი წამყვანი გერმანული სახელმწიფოს საძირკველი. ევროპაში პოლიტიკური დაძაბულობა თანდათან უფრო მატულობდა და 1848 წელს დაიწყო რევოლუციების სერიები. ამ რევოლუციების უმეტესობა მარცხით კი დასრულდა, მაგრამ მაინც შეცვალა სიტუაცია. გერმანიაში ეროვნული თვითშეგნება აღმავლობის გზას ადგა და ფრანკფურტის რევოლუციონერებმა პრუსიის მეფეს ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ს გერმანიის იმპერატორობა სთხოვეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა რუსეთთან და ავსტრიასთან ომის შიშით. ამასობაში, შლესვიგისა და ჰოლშტაინის საჰერცოგოები, რომლებსაც დანიის მეფე მართავდა, აჯანყდა და პრუსიისგანაც მოიპოვა მხარდაჭერა, მაგრამ 1852 წელს პრუსია ომს გამოეთიშა და აჯანყება დამარცხდა. ავსტრიის იმპერიის ყველა რეგიონშიც აჯანყებები მძვინვარებდა, რაც ძალიან ასუსტებდა ამ მულტიეთნიკურ სახელმწიფოს. პარალელურად, ნაციონალიზმი ძლიერდებოდა იტალიაშიც. 

რევოლუციური ბარიკადები ვენაში 1848 წ.
 

1859 წელს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ კავშირი შეკრა ჩრდ. იტალიაში მდებარე სარდინიის სამეფოსთან ავსტრიის წინააღმდეგ. მომხდარი ომის შედეგად ავსტრიამ თითქმის ყველა იტალიური ტერიტორია დაკარგა.

1861 წელს პრუსიის მეფე გახდა ვილჰელმ I, ხოლო მომდევნო წელს პრემიერ მინისტრად დაინიშნა ოტო ფონ ბისმარკი. მან აქტიურად დაიწყო არმიის რეფორმირება. ამ პერიოდში თქვა მან ცნობილი სიტყვები: "თანამედროვეობის დიდი საკითხები სიტყვებითა და უმრავლესობის დადგენილებით კი არ წყდება, არამედ მახვილითა და სისხლით." 

ოტო ფონ ბისმარკი


1863 წლის ნოემბერში დანიის მეფემ კრისტიან IX-მ შლესვიგ–ჰოლშტაინის საჰერცოგოები სამეფო დომენად გამოაცხადა. ეს ფაქტი პრუსიამ, გერმანიის კავშირმა და ავსტრიამ დაიწუნეს და ომი გამოუცხადეს, რომელიც ადვილად მოიგეს. დანიამ საჰერცოგოები დათმო. ბისმარკი ხვდებოდა, რომ ავსტრიასთან ომი გარდაუვალი იქნებოდა, რადგანაც გერმანიის გაერთიანებას აპირებდა პრუსიის დროშის ქვეს. მან საფრანგეთისგან და რუსეთისგან ნეიტრალიტეტის პირობა მიიღო, ხოლო იტალიასთან ანტი–ავსტრიული კავშირი შეკრა, რომელსაც ავსტრიისგან ვენეციის დაბრუნება სურდა. 

1866 წლის 7 ივნისს პრუსიული არმია ჰოლშტაინში შევიდა და ავსტრიელთა კონტინგენტი გააძევა, ხოლო 10 ივნისს ბისმარკმა წერილები გაუგზავნა გერმანულ მთავრობებს და მოუწოდა, რომ ავსტრია კავშირიდან გაეძევებინათ. 14 ივნისს კი ავსტრიამ კავშირს მობილიზაციისკენ მოუწოდა. ეს პრუსიამ ომის გამოცხადებად ჩათვალა და 16 ივნისს ჰანოვერში, საქსონიასა და ჰესენში შეიჭრა. მეორე დღეს პრუსიამ ომი გამოუცხადა ავსტრიას. ავსტრიული 240 000–იანი არმია სადოვის რაიონში (ჩეხეთში) დაბანაკდა. პრუსიელებს 220 000 კაცი ჰყავდათ. მათი გეგმა იყო ავსტრიელების სამი მხრიდან ალყაში მოქცევა და გასრესა. ბრძოლა შედგა 3 ივლისს. პრუსიელებმა დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შეუტიეს. ავსტრიელები სასტიკად დამარცხდნენ და 40 000–ზე მეტი კაცი დაკარგეს, ხოლო პრუსიელებმა მხოლოდ 10 000–ზე ნაკლები. 

ამ დამარცხებამ ავსტრია აიძულა პრაღის ზავზე მოეწერა ხელი, რის თანახმადაც გერმანიის კავშირიდან გაირიცხა, ხოლო გერმანიის კავშირი ჩაანაცვლა ჩრდილოეთ გერმანიის კავშირმა, რომლის სათავეში პრუსია მოექცა. 

ჩრდილოეთ გერმანიის კავშირი 1867 წელს


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Thomas Miller, William Herbert - Notes on the Campaign between Prussia and Austria in 1866.
2. Dennis Showalter - The Wars of German Unification.
3. Gordon Craig - The Battle of Königgrätz.

5 June 2020

სტალინგრადის ბრძოლა (1942–1943 წწ.)



თანამედროვე ომების ბედი, ადრინდელ ეპოქათა ომებისგან განსხვავებით, იშვიათად წყდება მხოლოდ ერთი ბრძოლით, თუმცა ნებისმიერ კონფლიქტში მოიძებნება ისეთი ბრძოლები, რომლებიც გარდამტეხ როლს თამაშობენ საომარ კამპანიებში. ერთი–ერთი მათგანია სტალინგრადის ბრძოლა, რომელმაც ექვს თვეს გასტანა.
ნაცისტური გერმანია 1942 წელს


პოლონეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის დამორჩილების შედეგად, ჰიტლერს საშუალება მიეცა მთელი ძალები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიემართა. 1941 წელს გერმანიამ დაიპყრო ბელარუსი, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები და ალყა შემოარტყა მოსკოვსა და ლენინგრადს. ნაცისტების შემდეგი სამიზნე იყო სტალინგრადი და ბაქო, სადაც ნავთობი მოიპოვებოდა. ჰიტლერი მიიჩნევდა, რომ ამ რეგიონების წართმევით, საბჭოთა კავშირს საბოლოოდ დაიმორჩილებდა. ნაცისტური არმია კონცენტრირებული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში და გაყოფილი იყო ორ ნაწილად. ერთს სათავეში ედგა ვილჰელმ ვაისტი, რომელსაც ბაქოს დაპყრობა ევალებოდა. მეორე ნაწილს მეთაურობდა ფედორ ფონ ბოკი, რომელსაც უნდა დაეპყრო სტალინგრადი. საბჭოთა ხელისუფლებამ სტალინგრადის დასაცავად დანიშნა ანდრეი იერიომენკო კომისარ ნიკიტა ხრუშჩოვთან ერთად. ქალაქიდან საქონელი და მარცვლეული გაიტანეს, ხოლო 400 000–იან მოსახლეობას დარჩენა უბრძანეს. 
ნაცისტებს ჰყავდათ 270 000 ჯარისკაცი, 500 ტანკი, 600 საჰაერო ძალები და 3 000 არტილერია. საბჭოთა არმიაში შედიოდა 190 000 ჯარისკაცი, 400 ტანკი, 300 საჰაერო ძალები და 2 200 არტილერია. 

გერმანელები სტალინგრადის ქუჩებში


ბრძოლა დაიწყო 23 აგვისტოს ქალაქის დაბომბვით ნაცისტების მიერ, რის შედეგად ასობით მოსახლე დაიღუპა. სულ რაღაც რვა დღეში საბჭოელებმა 201 თვითმფრინავი დაკარგეს. სექტემბრის დასაწყისში მათ კონტრშეტევა სცადეს, მაგრამ ძვირად დაუჯდათ და 30 ტანკი დაკარგეს. იგივე განმეორდა 18 სექტემბერს და 40 ტანკზე მეტი დაკარგეს. საბჭოელები მამაცურად იბრძოდნენ. სხვა გზა არც ჰქონდათ, რადგან სტალინის ბრძანებით  დეზერტირებს დახვრეტა ემუქრებოდათ. მამაკაცთა გარდა, ქალებიც და არასრულწლოვნებიც იბრძოდნენ. მოსკოვიდან და დანარჩენი რეგიონებიდან გამუდმებით მოდიოდნენ დამხმარე ძალები და დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობდნენ. ბრძოლა ქალაქის ქუჩებში მეტისმეტად ქაოტური და სასტიკი იყო. სტალინგრადის ბრძოლაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სნაიპერები. გერმანელებს უფრო გამოცდილი სნაიპერები კი ჰყავდათ, მაგრამ საბჭოელებიც ნელ–ნელა სწავლობდნენ და ითვისებდნენ ამ იარაღს. ამათგან ერთ–ერთმა, სახელად ვასილი ზაიცევმა 200 გერმანელი მოკლა, 10 სნაიპერის ჩათვლით. 

ვასილი ზაიცევი


1942 წლის ოქტომბრის ბოლოს, გერმანელები სტალინგრადის 90%-ს აკონტროლებდნენ და ვოლგის ნაპირებს მისწვდნენ. ამასობაში ზამთარიც დადგა და ბრძოლა გაჭიანურდა. გენერლებმა ჟუკოვმა და ვასილევსკიმ 800 000 კაცის მოგროვება შეძლეს სტალინგრადის მიდამოებში ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის მოემზადნენ, რომელიც დაიწყო 19 ნოემბერს. 19 დეკემბერს კი ბაქოსკენ მიმავალი გერმანული არმია დამარცხებული უკან გამობრუნდა, რომელსაც აღარ შეეძლო სტალინგრადთან მყოფი თანამოძმეთა მიშველება.  ამასობაში, უპირატესობა ნელ–ნელა საბჭოთა არმიის მხარეს გადავიდა, მათ ალყაში მოაქციეს გერმანელები, რომელთა ჯარის ჩრდილოეთ ნაწილი განადგურებულ იქნა 31 დეკემბერს. ტყვედ ჩავარდა ფელდმარშალი პაულიუსი მთელი თავისი შტაბით. ხოლო ჩრდილოეთმა ნაწილმა 1943 წლის 2 თებერვალს კაპიტულაცია გამოაცხადა. მთლიანად ტყვედ ჩავარდა 90 000 კაცი, რომელთა შორის 24 გენერალი იყო. 

სტალინგრადის ცენტრი ბრძოლის შემდეგ


სტალინგრადის ბრძოლა ნაცისტური გერმანიის პირველი დიდი მარცხი იყო. ნაცისტურმა ხელისუფლებამ საკუთარ ერს ტოტალური ომისკენ მოუწოდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მთელი ქვეყნის ყოველი რესურსი სამხედრო საქმეს უნდა მოხმარებოდა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მაინც ამაო გამოდგა, რადგანაც საბჭოთა ძალები აღმოსავლეთიდან გამალებით მოიწევდნენ, ხოლო ბრიტანულმა არმიებმა გერმანელები ჩრდ. აფრიკაში დაამარცხეს, საიდანაც იტალიაში გადმოსვლას აპირებდნენ მოკავშირეებთან ერთად. 


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Beevor, Antony (1998). Stalingrad. London. 
2. Clark, Alan. (1965). Barbarossa: The Russian-German Conflict. 1941-45.
3. Roberts, Geoffrey. (2002). Victory at Stalingrad: The Battle that Changed History. New York. Longman.
4. Craig, William. (1973). Enemy at the Gates: The Battle of Stalingrad. New York.