13 November 2020

 შუმერი: ცივილიზაციის აკვანი



შუმერების ცივილიზაცია შუამდინარეთში


6 000 წლის წინ, 4 000 წლით ადრე, სანამ რომის იმპერია შეიქმნებოდა, შუამდინარეთში (მესოპოტამია) წარმოიშვა პირველი ურბანული დასახლებები. აქ მოსახლე ტომებმა მდინარე ევფრატის ნაპირებზე საირიგაციო სისტემები შექმნეს, რამაც მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა გამოიწვია. ამას მოჰყვა კლასების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს. მალე შუმერებმა შექმნეს ერთ–ერთი უმთავრესი რამ - დამწერლობა. ისინი თიხის ფირფიტებზე წერდნენ. ყოველი სიმბოლო აღნიშნავდა რაიმე საგანს ან მასთან დაკავშირებულ ცნებას. იმის გამო, რომ თიხის ფირფიტაზე სიმბოლოების ასახვა რთულია, დროთა განმავლობაში მათ ლურსმნის მსგავსი ფორმები მიიღეს, ამიტომაც შუმერულ დამწერლობას ასევე ლურსმულ დამწერლობად ვიცნობთ. ასევე ისიც დასაშვებია, რომ შუმერებმა ბორბალიც გამოიგონეს.

ლურსმული დამწერლობა



ანტიკური ტაძარი (ზიქურათი) ერაყში


იმ დროის უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ური, ურუქი, ერიდუ, ლაგაში და სხვ. თავიდან ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებს წარმოადგენდნენ, რომელთა სათავეში იდგნენ არა მეფეები, არამედ უმაღლესი ქურუმები. დაახლოებით ძვ. წ. 3 500 წლიდან ურუქის პოლიტიკური და კულტურული გავლენა საგრძნობლად გაიზარდა მეზობელ ქალაქებსა და სხვა რეგიონებზეც, თუმცა ძვ. წ. 2 900 წლიდან დაკარგა თავისი ჰეგემონური სტატუსი, სავარაუდოდ მტრის შემოსევების ან სამოქალაქო ომების შედეგად. 

ურუქის ექსპანსია ძვ. წ. 3 500 – 3 200 წწ.


მომდევნო საუკუნეებში არაერთი შუმერული ქალაქი გაიზარდა და დაწინაურდა, რომლებიც ისეთ ქალაქ–სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ, როგორც მრავალი საუკუნის შემდეგ ბერძნული პოლისები იქცნენ. სამხედრო ლიდერებს სახალხო კრება ირჩევდა, რომლებიც მალე პირველ მეფეებად იქცნენ. შუმერული ეპოქის ყველაზე ცნობილი მეფე იყო გილგამეში, რომლის შესახებ მრავალი საგმირო ლეგენდა შეითხზა, აქედან ცნობილია გილგამეშის ეპოსი, ქართულ თარგმანში აგრეთვე გილგამეშიანი.

ნაწყვეტი გილგამეშის ეპოსიდან, სადაც მოთხრობილია დიდი წარღვნის შესახებ


ძვ. წ. XXV საუკუნეში გაძლიერდა ქალაქი ური, რომლის მმართველები ცდილობდნენ დაემორჩილებინათ გარშემო მცხოვრები ტომები. ურის გარდა რეგიონში ჰეგემონიაზე პრეტენზია ჰქონდა ლაგაშს. ძვ. წ. 2 400 წელს ლაგაშელებმა დაიმორჩილეს მეზობელი ქალაქი უმა. მათ ასევე ურთანაც ჰქონდათ ომი. ლაგაშის მეფემ ურუინიმგინამ (ძვ. წ. 2 318 – ძვ. წ. 2 310 წწ.) უმას წინააღმდეგ ახალი ომი დაიწყო, რომელიც ლაგაშისთვის მძიმე აღმოჩნდა. უმას მმართველმა ლუგალზაგესმა დაიმორჩილა მთელი ქვემო მესოპოტამია. მალე ლაგაშის ჯერიც დადგებოდა, რომ არა შემდგომ განვითარებული მოვლენები. ლუგალზაგესს დაუპირისპირდა ადამიანი, რომელიც ისტორიაში შევიდა სარგონ დიდის სახელით და იყო მსოფლიოს პირველი იმპერიის დამაარსებელი.

გაგრძელება იქნება...


კახი გაგნიძე




ბიბლიოგრაფია:

1. Crawford, Harriet E. W. (2004). Sumer and the Sumerians. Cambridge: Cambridge University Press.

2. Wooley, C. Leonard (1929). The Sumerians. Oxford: Clarendon Press.

30 October 2020

 ტევტობურგის ტყის ბრძოლა 9 წ. – რომაულ–გერმანული ომი



ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისთვის რომის რესპუბლიკა იმპერიამ ჩაანაცვლა, რომელსაც ოქტავიანე ავგუსტუსი მართავდა, იგი რომის პირველი იმპერატორი იყო. მან ბოლო მოუღო სამოქალაქო ომებს, რომლებიც იულიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. დამყარდა სტაბილურობის, აყვავებისა და მშვიდობის პერიოდი, ცნობილი, როგორც Pax Romana - რომაული მშვიდობა.

ავგუსტუსის ქანდაკება


სწორედ ამ პერიოდისთვის ჩრდილოეთში გერმანულმა ტომებმა მსხვილი კავშირების შექმნა დაიწყეს. რომაელებსა და გერმანელებს შორის ბუნებრივი საზღვარი იყო გავლებული მდინარეთა რაინისა და დუნაის სახით. მიღმა კი სულ დაბურული ტყეები იყო, რომლებსაც რომაელები უფრთხოდნენ. ავგუსტუსმა ვითარების შეცვლა გადაწყვიტა. მისმა არმიამ რაინი გადალახა და რამდენიმე გერმანული ტომი დაიპყრო. რომაელებმა ხარკის სახით მძევლები წამოიყვანეს. ამათგან ერთ–ერთი იყო ხერუსკების ტომის ბელადის შვილი არმინიუსი. იგი სახმედრო სამსახურში შევიდა, ისწავლა ლათინური ენა და რომის მოქალაქეობაც მიიღო. 

7 წელს იმპერატორმა დაპყრობილი გერმანული პროვინციის მმართველად დანიშნა პუბლიუს კვინტილიუს ვარუსი. იგი გამოცდილი ადმინისტრატორი იყო, მაგრამ თანამედროვე ისტორიკოსების თქმით, არაკომპეტენტური ჯარისკაცი. ვარუსს გერმანიაში თან ახლდა არმინიუსი, რომელიც მის ერთგულ მრჩევლად იქცა. 

9 წლის დასაწყისი წარმატებული იყო რომაელებისთვის. ლეგიონები თავისუფლად მოძრაობდნენ პროვინციაში, პატრულირებდნენ, გაჰყავდათ გზები, ჰკრებდნენ გადასახადებს და ა.შ. თუმცა ზაფხულის დაწყებიდან ვარუსს ხმები მიუვიდა, რომ რომაელთა ზოგიერთი პატარ–პატარა რაზმი გერმანელებმა დახოცეს. ეს ყველაფერი ორკესტრირებული აღმოჩნდა არმინიუსის მიერ, რომელიც საკუთარი ხალხის მხარეს გადავიდა. იგი სხვა ტომებსაც დაუკავშირდა და გარშემო შემოიკრიბა აჯანყების დასაგეგმად.

არმინიუსის ქანდაკება გერმანიაში, რომელიც ჰერმანად არის ცნობილი


არმინიუსის გეგმა კინაღამ ჩაიშალა, როდესაც საიდუმლო მისმა სიმამრმა სეგესტესმა გასცა. არმინიუსის საბედნიეროდ, ვარუსმა არ დაიჯერა სეგესტესის ნათქვამი. გეგმა კი ასეთი იყო: არმინიუსი ვარუსს და მთელს მის არმიას გაუძღვებოდა ტევტობურგის ტყის გავლით ვითომდა აჯანყების ჩასაქრობად. ამ დროს გრძელ კოლონად ჩამწკრივებულ რომაულ ლეგიონებს ყოველი მხრიდან გერმანელები შემოესეოდნენ და ერთიანად გაჟლიტავდნენ. ასეც მოხდა.

შემოდგომა ტევტობურგის ტყეში


9 წლის სექტემბერს ტევტობურგის ტყეში მიმავალ ლეგიონებს ჩასაფრებულმა გერმანელებმა ჯერ ქვები, ისრები და შუბები დაუშინეს. შემდეგ ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ და მალევე ისევ ტყეში გაუჩინარდნენ არმინიუსის ჩათვლით. რომაელებმა აღარ იცოდნენ რა ეღონათ. ამასობაში თავსხმა წვიმაც წამოვიდა და გზა აატალახა, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა რომაელთა წინსვლა. გზადაგზა გერმანელები თავს ესხმოდნენ ლეგიონერებს და ისევ ტყეში უჩინარდებოდნენ. ასე განმეორდა რამდენჯერმე, სანამ რომაული არმია მთლიანად არ ამოწყდა. ვარუსმა თავი მოიკლა თავის რამდენიმე სარდალთან ერთად. გადარჩენილები გერმანელებმა მხვერპლად შესწირეს თავიანთ ღვთაებებს. 

ტევტობურგის ტყე ნისლიან და წვიმიან დღეს


ეს მარცხი რომისთვის აბსოლუტური კრახი და ჰორორი იყო. გადმოცემის თანახმად, იმპერატორი ავგუსტუსი ისეთ შოკში იყო, რომ კედელს თავს ურტყამდა და ყვიროდა:"კვინტილიუს ვარუს, დამიბრუნე ჩემი ლეგიონები!". 

მომდევნო წლების განმავლობაში არმინიუსის გავლენა და ავტორიტეტი გერმანიაში კიდევ უფრო გაიზარდა. ტომთა ბელადებს ეშინოდათ მეფე არ გამხდარიყო, რის გამოც იგი მუხანათურად მოკლეს. ეს მოხდა 21 წელს. ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ადამიანმა, რომელიც ბავშვობიდან უცხო კულტურას იყო ნაზიარევი, მაგრამ მაინც საკუთარი ხალხი არჩია, თავისუფლება დაუბრუნა მათ და ბოლოს მაინც მათი ხელით მოიკლა. 

არმინიუსი სერიალიდან "ბარბაროსები"


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:
1. Günther Moosbauer, Die Varusschlacht. Beck'sche Reihe, Verlag C.H. Beck Wissen. München 2009.
2. Murdoch, Adrian (1 December 2012). Rome's Greatest Defeat: Massacre in the Teutoburg Forest. 
3. Powell, Lindsay (2014). Roman Soldier versus Germanic Warrior 1st Century AD. Oxford: Osprey.

16 October 2020

 მეოთხე ჯვაროსნული ომი: კონსტანტინოპოლის დაცემა 1204 წ.


ჯვაროსნული ლაშქრობები ერთ–ერთი თვალსაჩინო ეპოქაა კაცობრიობის ისტორიაში. ბრწყინვალე აბჯრებში შემოსილი რაინდების იმიჯმა დიდი ეფექტი მოახდინა მომავალ თაობებზე. თუმცა რეალობა ის არ იყო, რასაც რომანტიულ ნაწარმოებებში ვხედავთ ხოლმე. მეოთხე ჯვაროსნული ომი ისტორიის ერთ–ერთ შავ ლაქად არის მიჩნეული, რომელიც ასახავს ადამიანის ხარბ და მზაკვრულ ბუნებას.

კონსტანტინოპოლი


1187 წელს იერუსალიმი ეგვიპტის სულტანმა სალადინმა დაიპყრო. პასუხად, კათოლიკურმა ევროპამ მესამე ჯვაროსნული ომი გამოაცხადა, მაგრამ ეს ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა. 1198 წელს პაპმა ინოკენტ III-მ ევროპას მეოთხე ჯვაროსნული ომისკენ მოუწოდა. იტალიელი გრაფის ბონიფაჩე მონფერატელის ქარიზმის წყალობით შეიკრიბა ფრანგთა და გერმანელთა არმია. ახლა მათ მხოლოდ ხომალდები სჭირდებოდათ, რათა ხმელთაშუა ზღვა გადაეცურათ. იმ დროის ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი  ვენეციის რესპუბლიკას ჰყავდა. ვენეციის დოჟი ენრიკო დანდოლო დათანხმდა გარკვეული ფასის სანაცვლოდ ჯვაროსნებისთვის ხომალდები გამოეყო. გეგმა ასეთი იყო: ჯვაროსნები გაცურავდნენ ვენეციიდან მუსლიმთა სამყაროს ცენტრისკენ: ეგვიპტისკენ. დაიპყრობდნენ მათ დედაქალაქს და შემდეგ ხმელეთით მიადგებოდნენ იერუსალიმს. 

პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 1202 წელს ჯვაროსნები ვენეციაში შეიკრიბნენ. მოსალოდნელი 33 500 ჯარისკაცის მაგივრად მხოლოდ 12 000 კაცი მოვიდა. ამან გააცოფა ვენეციის დოჟი, რომელმაც დიდძალი თანხა დახარჯა საბრძოლო და სატრანსპორტო ხომალდების ასაგებად. ამ ზარალის ანაზღაურება ჯვაროსნებს არ შეეძლოთ. დოჟმა დანდოლომ უარი თქვა მათ გაშვებაზე, სანამ ვალს არ გადაიხდიდნენ. ჯვაროსნებმა შეძლეს თანხის შეგროვება, მაგრამ ახლა მათ ამის გამო შიმშილი დაემუქრათ. დანდოლომ მზაკვრული გეგმა შეიმუშავა და გადაწყვიტა ჯვაროსანთა ლაშქარი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა. მან ჯვაროსნებს ვალის პატიება აღუთქვა, თუ ისინი ქალაქ ზარას აიღებდნენ, რომელიც ადრიატიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა და უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. როცა ამის შესახებ პაპმა შეიტყო, იგი ჯვაროსნებს ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა, თუ კათოლიკურ ქალაქს თავს დაესხმოდნენ. გრაფმა ბონიფაჩემ ჯარს ეს წერილი დაუმალა და წინსვლა განაგრძო. როცა არმია ქალაქ ზარას მიუახლოვდა, ქალაქის მაცხოვრებლებმა ჯვრიანი დროშები გადმოფინეს გალავნებზე იმის ნიშნად, რომ ერთმორწმუნეები იყვნენ და დაენდოთ ისინი. ჯვაროსნებმა ქალაქი მაინც აიღეს, გადაწვეს, გაძარცვეს და უამრავი ხალხი დახოცეს. 

ზარას აღება


გაცოფებულმა პაპმა შეაჩვენა ვენეციელები და ჯვაროსნები, მაგრამ ლიდერებმა არმიას ამჯერადაც დაუმალეს ეს წერილები. ამასობაში, ბონიფაჩე ბავარიაში გაემგზავრა თავისი ნათესავის მეფე ფილიპე შვაბის მოსანახულებლად, სადაც ბიზანტიიდან გამოძევებულ უფლისწულ ალექსი IV ანგელოსს შეხვდა. ახალგაზრდა უფლისწულმა ბონიფაჩეს სთხოვა, რომ ჯვაროსნებს კონსტანტინოპოლი აეღოთ და მისი ბიძა იმპერატორი ალექსი III ტახტიდან ჩამოეგდოთ. სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ ჯვაროსნებს იერუსალიმის აღებაში დაეხმარებოდა და მართლმადიდებლურ ეკლესიას პაპს დაუმორჩილებდა. ჯვაროსნები ამ წინადადებაზე შეყოყმანდნენ, მაგრამ დანდოლომ დიდი ქრთამის საშუალებით დაითანხმა ისინი.

1203 წლის 23 ივნისს ლათინთა არმია კონსტანტინოპოლს მიადგა. ქალაქს 15 000 ჯარისკაცი იცავდა, ამათგან 5 000 ვარიაგი იყო, ბიზანტიის არმიის ელიტური რაზმი, რომელიც ვიკინგებისგან და ანგლო–საქსებისგან შედგებოდა. ჯვაროსნებმა დაასკვნეს, რომ ქალაქში ფეხის მოსაკიდებლად, მათ უნდა დაეკავათ ჩრდ. ნავსადგური, რომელიც წვრილ ყურეს, ოქროს რქას იცავდა, ლათინთა გემები ბოსფორის სრუტეში შევიდნენ და ბრძოლით დაიკავეს ეს ნავსადგური და ოქროს რქა. ახლა მათ უკვე ჩრდილოეთიდანაც შეეძლოთ ქალაქზე თავდასხმა.

კონსტანტინოპოლის ალყა


ჯვაროსნებმა ბონიფაჩეს მეთაურობით ხმელეთიდანაც დაიწყეს იერიში. აქ ვარიაგებმა თავი გამოიჩინიეს.  ისინი გალავნის გარეთ გავიდნენ და დროებით უკუაგდეს მტერი. შემდგომ ქალაქში შებრუნდნენ და ვენეციელები გადარეკეს ზღვაში, რომლებიც ოქროს რქიდან შემოვიდნენ. ამასობაში, იმპერატორი ალექსი III 8 000 კაცით გაიჭრა ქალაქიდან მტერთან საბრძოლველად, მაგრამ დაფრთხა და უბრძოლველად შემობრუნდა ქალაქში, რომელიც მალე გაიპარა კიდეც ქალაქიდან და მიატოვა თავისი ხალხი. საიმპერატორო კარმა ტახტზე მისი ძმა და ტახტის მაძიებლის მამა, ისააკ II დასვა, რომელიც ბრმა იყო. ლათინებმა ალექსი IV–ის თანამოსაყდრედ დასმა მოითხოვეს, რათა მათთვის დაპირებული ფული გადაეხადა, რაზეც ბიზანტიელები დათანხმდნენ. მწარე რეალობა ის აღმოჩნდა, რომ ალექსი IV–ს არ შეეძლო ამ თანხის გადახდა, რის გამოც ბიზანტიელებმა ძველი რომაული და ბიზანტიური ხატები დაადნეს, რათა ვერცხლის მონეტები მოეჭრათ. ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ამ ყველაფერმა ხალხის თვალში დიდად დასცა ახალი იმპერატორის რეპუტაცია. ჯვაროსნებისთვის აშკარა გახდა, რომ ალექსი ვალს ვერ გადაიხდიდა. 

ამასობაში, დუკების საგვარეულოს წარმომადგენელმა, რომელსაც ასევე ალექსი ერქვა, ხალხი გადაიბირა, მოაკვლევინა ალექსი IV და თვითონ ეკურთხა იმპერატორად. ჯვაროსნებმა კი საბოლოოდ გადაწყვიტეს კონსტანტინოპოლის აღება. მათ ბერძნები ერეტიკოსებად და ქრისტეს მოღალატეებად გამოაცხადეს. ვარიაგებმა კი ქალაქი მიატოვეს, რადგანაც იმპერატორი მათ ფულს ვეღარ უხდიდა. ბიზანტიის დედაქალაქს გარნიზონი თითქმის საერთოდ აღარ შერჩა. საბედისწერო წუთებიც დადგა: 1204 წლის გაზაფხულს ჯვაროსნები ქალაქში შეიჭრნენ, გაძარცვეს, გადაწვეს, ძვლებამდე გააშიშვლეს ეს ბრწყინვალე ქალაქი. ქალებს ნამუსს ხდიდნენ, დანარჩენ მაცხოვრებლებს ჟლეტდნენ. ათასობით ადამიანი დაიხოცა.

ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, ჯვაროსნებმა ბიზანტიის იმპერიის ბალკანური ტერიტორიები დაინაწილეს. ამათგან ყველაზე დიდი იყო ლათინთა იმპერია, რომლის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა. მის იმპერატორად აირჩიეს ყველაზე ქარიზმატული ჯვაროსანი, ფლანდრიის გრაფი ბალდუინ I. ბიზანტიელებს მხოლოდ მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი დარჩათ, რომლის დედაქალაქი ნიკეა იყო. 

1261 წელს ბიზანტიელებმა დაიბრუნეს ბალკანეთი კონსტანტინოპოლითურთ და აღადგინეს ბიზანტიის იმპერია, მაგრამ ეს მხოლოდ თავისი ძველი დიდების აჩრდილს წარმოადგენდა, რამაც საუკუნეების შემდგომ, 1453 წელს გაუადვილა საქმე თურქ–ოსმალებს, რომლებმაც საბოლოოდ დაანგრიეს ბიზანტიის იმპერია.

ბალკანეთი და მცირე აზია კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Angold, M. J. (2003). The Fourth Crusade: Event and Context. London: Routledge.

2. McNeal, E. H. (1969). The Conquest of Constantinople. New York: Columbia University Press.

3. Queller, D. E. (1998). The Fourth Crusade: The Conquest of Constantinople. Philadelphia: University of Pennsylvania Press.

25 September 2020

როგორ მოიპარეს ბიზანტიელებმა ჩინელებისგან აბრეშუმის წარმოების საიდუმლო


სახელოვანი აბრეშუმის გზა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა იყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქამდე. ამ გზის საშუალებით უამრავი საქონელი გადაჰქონდათ ქარავნებს, მაგრამ ამათგან ყველაზე ძვირფასი იყო აბრეშუმი. 

აბრეშუმის გზა


ჩინელებმა აბრეშუმის დამზადების საიდუმლო დაახლოებით ძვ. წ. 4000–იან წლებში შეისწავლეს. ძალიან მალე ეს ქსოვილი ფუფუნების საგნად იქცა. იმპერატორები მისი წარმოების საიდუმლოს მკაცრად იცავდნენ, რათა მონოპოლია შეენარჩუნებინათ. ძვ. წ. II ათასწლეულში აბრეშუმი ნელ–ნელა ცენტრალურ აზიაშიც გამოჩნდა. ძვ. წ. I ათასწლეულში კი აბრეშუმი ირანში, ეგვიპტესა და ევროპაშიც შემოვიდა. სკვითები და განსაკუთრებით აქემენიდური სპარსეთის იმპერია დიდ მოგებას ნახულობდნენ, როგორც აბრეშუმის გზის შუამავლები ევროპასა და ჩინეთს შორის. ალექსანდრე მაკედონელი პირველი იყო, რომელმაც ბერძნული სამყარო პირდაპირ დაუკავშირა აბრეშუმის გზას, როდესაც ქალაქი ალექსანდრია ესქატე დააარსა ცენტრალურ აზიაში. რომაელები აბრეშუმის მოსაპოვებლად ინდოეთს დაუკავშირდნენ ეგვიპტის საშუალებით. ეს ძვირფასი ქსოვილი დიდად მოთხოვნადი გახდა რომში, თუმცა ეს იმას ნიშნავდა, რომ ოქრო გაედინებოდა რომიდან და საბოლოოდ ოქროს ნაკლებობა საბედისწერო აღმოჩნდა რომის იმპერიისთვის, რამაც მისი დაცემა გამოიწვია 476 წელს. გერმანელ ბარბაროსებსაც მოსწონდათ აბრეშუმი, ასე, რომ ახლა ბიზანტიის იმპერია გახდა შუამავალი, რომელიც ჩინეთიდან შემოსულ აბრეშუმს ყიდდა. 

აბრეშუმის ქსოვილი


ამ დროისთვის აბრეშუმის გზა არ იყო კარგად დაცული. 420 – 589 წლებში ჩინეთში პოლიტიკური კრიზისი იყო. ქარავნებს ჩინეთიდან კონსტანტინოპოლამდე მისასვლელად დაახლოებით 7 თვე სჭირდებოდათ. ამავე დროს ბიზანტიისა და სასანიანთა სპარსეთის იმპერიებს თითქმის გამუდმებული ომები ჰქონდათ ერთმანეთთან, რის გამოს ვაჭრობას ხელი ეშლებოდა. ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ამ სიტუაციის შეცვლა სცადა. მან ალტერნატიული გზები სცადა ჩინეთთან დასაკავშირებლად ლაზიკისა და ევრაზიული სტეპების გავლით, მაგრამ ეს გზა ძალიან გრძელი იყო და ხშირად ქარავნები უკიდეგანო სტეპებში იკარგებოდნენ. ამ პერიოდში იუსტინიანემ დაიპყრო იტალია და ჩრდილოეთ აფრიკა, რაც დიდი პოლიტიკური გამარჯვება იყო, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად იმოქმედა. 

დაახლოებით 550–იან წლებში, ისტორიკოს პროკოპიოსის თანახმად, იუსტიანიანეს ორი ნესტორიელი ბერი ეწვია, რომლებმაც ცენტრალურ აზიაში, ჩინეთსა და სპარსეთში იმოგზაურეს და ინდოეთიდან კონსტანტინოპოლში ჩამოვიდნენ. მათ იუსტინიანეს აღუთქვეს, რომ აბრეშუმის პრობლემას გადაჭრიდნენ. გახარებული იმპერატორი დათანხმდა და ბერების თავგადასავალიც დაიწყო. მათი მოგზაურობა ორ წელს გაგრძელდა. 

აბრეშუმის ჭიები


როგორც ზემოთ ითქვა, ამ დროს ჩინეთში არ იყო სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა. ბერებს უფლება მისცეს აბრეშუმის დამზადების პროცესს დასწრებოდნენ და ესწავლათ კიდეც. აბრეშუმის ჭიები ძალიან სათუთი არსებები არიან, ამიტომაც ჩინელები არ ელოდნენ, რომ ბერები მათ მოიპარავდნენ. ამ უკანასკნელებს გეგმა ჰქონდათ: მათ აბრეშუმის ჭიების კვერცხები თუ ლარვები თავიანთ ყავარჯნებში დამალეს და ადგილობრივებს სთხოვეს მათთვის ბლომად თუთა მიეცათ, რომელსაც აბრეშუმის ჭიები ჭამდნენ. კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ იუსტინიანემ და შემდგომ მისმა მემკვიდრემ იუსტინე II-მ აბრეშუმის ინდუსტრიული ცენტრები შექმნეს სხვადასხვა ქალაქებში და ამით აბრეშუმის მუდმივი წყარო გაიჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინური აბრეშუმი მაინც უკეთესი ხარისხის იყო, ჩინელთა და სასანიანთა აბრეშუმის მონოპოლია წარსულს ჩაბარდა. აბრეშუმით ვაჭრობა კი ბიზანტიის იმპერიის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდა. 


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Feltham, Heleanor B. (2009) Justinian and the International Silk Trade.

2. Schoeser, Mary. (2007) Silk. Yale University Press.

4 September 2020

 ძველი ბერძნული სამეფო ინდოეთში


როგორც ყოველთვის, ყველა ელინისტური ისტორია იწყება ალექსანდრე მაკედონელით. ძვ. წ. 325 წელს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დაპყრობის შედეგად, მან ინდოეთს მიაღწია. ალექსანდრემ იქ ოთხი სატრაპია შექმნა და მათში სამი ახალი ქალაქი დააარსა: ალექსანდრია ინდუსზე, ალექსანდრია კაცკასიონზე (ჰინდუ კუში) და ალექსანდრია ესქატე ("ყველაზე შორეული ალექსანდრია"). აქ მან სულ ბერძნები ჩაასახლა. 





ალექსანდრეს სიკვდილისა და მისი იმპერიის დაშლის შემდეგ ეს სატრაპიები მისი სარდლის სელევკოსის ხელში გადავიდნენ, რომელმაც სელევკიდების იმპერია შექმნა. თუმცა ეს ტერიტორიები მას დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგანაც ინდოეთში მაურიების იმპერია გაძლიერდა, რომლის მეფეც იყო ჩანდრაგუფთა. მან უპრობლემოდ დაიპყრო მაკედონური სატრაპიები. ძვ. წ. 305–303 წლების ომის შემდეგ ზავი დაიდო, რომლის თანახმად ჩანდრაგუფთამ სელევკოსს 500 საბრძოლო სპილო აჩუქა, სანაცვლოდ დაპყრობილი ტერიტორიები თვითონ დაინარჩუნა და სელევკოსის ქალიშვილზეც დაქორწინდა. იგი მთელი ინდოეთის ბატონ–პატრონი გახდა იმ ბერძნების ჩათვლით, რომლებიც ალექსანდრე მაკედონელის დროს ინდურ ტერიტორიებზე დასახლდნენ. 

მაურიების იმპერია ძლიერების ზენიტში


ძვ. წ. 268 წელს ინდოეთის ტახტზე ავიდა აშოკა დიდი. ძვ. წ. 260 წელს იგი ბუდისტი გახდა და ცენტრალურ აზიაში ბუდისტი მისიონერები გააგზავნა, რომლებმაც, სავარაუდოდ, იქაური ბერძნებიც მოაქციეს თავიანთ რჯულზე. ამასობაში ჩრდილოეთით, ძვ. წ. 250 წლისთვის ბაქტრიის პროვინციის ბერძნული მოსახლეობა სელევკიდების იმპერიას გამოეყო და დამოუკიდებელი სამეფო შექმნა. ოცი წლის შემდეგ აშოკა დიდი გარდაიცვალა და მაურიების იმპერიამ ნელ–ნელა დასუსტება დაიწყო. ძვ. წ. 190 წელს ბაქტრიის მეფემ დემეტრიოს II-მ ის ინდური სატრაპიები დაიპყრო, რომლებიც საუკუნის წინ ალექსანდრე მაკედონელნა შექმნა. თუმცა, მოულოდნელად, ბაქტრიაში მისმა ერთ–ერთმა ქვეშევრდომმა ევკრატიდესმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და თვითონ დაიდგა თავზე სამეფო გვირგვინი. ამის გამო ბაქტრიის სამეფო ორად გაიხლიჩა. დემეტრიოსს ის პროვინციები დარჩა, რომლებიც ინდოეთში დაიპყრო. ძვ. წ. 180 წლიდან იწყება ინდურ–ბერძნული სამეფოს ისტორია. 

ბაქტრია და ინდო–ბერძნული სამეფო ძვ. წ. 180 წლისთვის


ძვ. წ. 155 წელს ინდო–ბერძნების მეფე გახდა მენანდერ I. მისი ოცდახუთწლიანი მეფობა ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ინდო–ბერძენ მეფეებს შორის. 
მენანდერი დაიბადა სოფელ კალასში. მისი სამეფოს დედაქალაქი იყო საგალა, რომელიც ბერძნული და ინდური კულტურის ჰიბრიდი იყო. მენანდერი განათლებული კაცი იყო. იგი კარგად იცნობდა ინდოეთის ისტორიას, კულტურასა და საბრძოლო ხელოვნებას. მან საგრძნობლად გააფართოვა თავისი სამეფოს ტერიტორიები და ცენტრალურ ინდოეთსაც მიაღწია, მაგრამ მისი წინსვლა მეფე პუშიამიტრამ შეაჩერა, რომელიც სამხრეთ ინდოეთს მართავდა. ეს უკანასკნელი ბუდისტებს სასტიკად სდევნიდა, ალბათ იმის გამო, რომ მენანდერი მფარველობდა მათ. ბუდისტური ხელოვნება, ლიტერატურა და ტრადიციები ყვაოდნენ ინდო–ბერძნებში. გადმოცემის თანახმად, მენანდერი ერთ–ერთი ლაშქრობის დროს ავადმყოფობით გარდაიცვალა.

მენანდერ I


 მისი სიკვდილის შემდეგ ინდო–ბერძნების სამეფომ დასუსტება დაიწყო და პატარ–პატარა სამეფოებად დაიშალა, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ. 
ახ. წ. 10 წელს უკანასკნელი ინდო–ბერძნული სამეფო დაეცა, მაგრამ ბერძნები ეგრევე არ გამქრალან რეგიონიდან. 30 წელს ყოფილი ინდო–ბერძნული სამეფოს ტერიტორიები ქუშანის იმპერიამ დაიპყრო. მათ საკმაოდ ბევრი რამ გადაიღეს ბერძნებისგან. მაგ. ბერძნული დამწერლობა, რომელიც ქუშანების ოფიციალური ადმინისტრაციული ენა იყო 127 წლამდე. 


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Narain. A.K (1957). The Indo-Greeks. Oxford: Clarendon Press.
2. Mairs. R (2014). Project Muse. The Hellenistic Far East. University of California Press.
3. Tarn. W.W. (1938). The Greeks in Bactria and India. Cambridge University Press.