29 August 2021

 სერტორიუსი – რომაელი სარდალი და პოლიტიკოსი, რომელიც არავის ახსოვს


ძვ. წ. I საუკუნეში რომაულ სამყაროს სამოქალაქო ომების სერიები აზანზარებდა, რომელიც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ რესპუბლიკა იმპერიად გარდაიქმნა. ამ ეპოქიდან ყველაზე ცნობილი მოვლენები სახელოვანი იულიუს კეისრის, სულას, მარიუსის, გნეუს პომპეუსისა და მარკუს კრასუსის სახელებს უკავშირდება, მაგრამ არის ერთი პიროვნება, რომელსაც ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს და ხშირად ისტორიის მოყვარულებსაც არ სმენიათ მის შესახებ. ეს ისტორია ეხება რომაელ სარდალსა და პოლიტიკოსს, სერტორიუსს.

კვინტუს სერტორიუსი დაიბადა ძვ. წ. 123 წელს ცენტრალურ იტალიაში არისტოკრატულ ოჯახში. იგი დაქვრივებულმა დედამ, რეამ აღზარდა. კარგი განათლების მიღების შემდეგ სერტორიუსი რომში გაემგზავრა, სადაც იგი ორატორი გახდა. ამის შემდეგ კი სამხედრო სამსახურში შესვლა გადაწყვიტა. იმხანად რომი კიმბრების ტომთა შემოსევებს იგერიებდა და სერტორიუსიც ერთ–ერთ კატასტროფულ ბრძოლაში ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მალე იგი გაიუს მარიუსის სამსახურში ჩადგა, რამაც შეცვალა მისი ცხოვრება. ჯერ იგი კიმბრად გადაცმულ ჯაშუშად მუშაობდა, სწავლობდა კიმბრულ ენას და მათ არმიებს დაჰყვებოდა, რომლებიც მაშინ ესპანეთში ლაშქრობდნენ. სწორედ მაშინ გაეცნო იგი იბერო–კელტთა კულტურასა და ადათ–წესებს, რომლის ცოდნაც მომავალში გამოადგებოდა.

ძვ. წ. 102 წელს კიმბრები ისევ იტალიაში შემოიჭრნენ და სერტორიუსიც მარიუსთან დაბრუნდა. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ დაამარცხა კიმბრები და რომი გადაარჩინა. სერტორიუსიც სავარაუდოდ მონაწილეობდა ამ ბრძოლებში.

ძვ. წ. 91 წელს ე.წ. "მოკავშირეთა ომის" დროს, რომელიც რომსა და მის იტალიკ მოკავშირეებს შორის მოხდა, სერტორიუსი ერთ–ერთ სასტიკ ბრძოლაში ცალი თვალით დაბრმავდა. სამი წლის შემდეგ კი, ომის დასრულების შემდეგ, იგი რომში გმირად დაბრუნდა. მალე ურთიერთობა დაიძაბა მარიუსსა და გენერალ სულას შორის, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ძვ. წ. 83 წელს სერტორიუსი, როგორც მარიუსის მომხრე, ესპანეთისკენ გაეშურა ძლიერი ბანაკის შესაქმნელად.

რომაული პროვინციები ესპანეთში სერტორიუსის დროს


მისი ერთ–ერთი მოვალეობა იყო პირენეს მთებში მცხოვრები ტომების დამორჩილება. დროის მოსაგებად მან ფული გადაუხადა მათ და როდესაც მისი კომპანიონები ამის გამო აღშფოთდნენ, სერტორიუსმა მათ მიუგო, რომ როდესაც ადამიანს ბევრი საქმე აქვს, დროზე ძვირფასი არაფერია. ამის შემდეგ იგი რომის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მართვას შეუდგა. მან ადგილობრივ მოსახლეობას გადასახადები შეუმცირა და ტომის ბელადები დაიმეგობრა. ამასობაში იტალიაში სამოქალაქო ომი გრძელდებოდა. ბევრი პოლიტიკური დევნილი ესპანეთში გარბოდა და სერტორიუსთან პოულობდა თავშესაფარს. მალე სამოქალაქო ომში სულამ გაიმარჯვა, რომში დიქტატურა დაამყარა და ყველა მოწინააღმდეგეს სიკვდილით სჯიდა. სერტორიუსიც, რა თქმა უნდა, მის სიაში იყო.

მონეტა სულას გამოსახულებით


ძვ. წ. 81 წელს სულამ არმია გაგზავნა იბერიაში სერტორიუსის დასამორჩილებლად. ამ უკანასკნელმა ერთი ლეგიონი გაუშვა იულიუს სალინატორის მეთაურობით პირენეს მთებში გზების შესაკრავად. სალინატორი მისმა ერთ–ერთმა ხელქვეითმა ღალატით მოკლა და სულას არმიაც უპრობლემოდ შევიდა ესპანეთში. სერტორიუსი მცირე რაზმით მავრიტანიაში გაიქცა (ჩრდ. დასავლეთ აფრიკა), სადაც იგი მმართველიც კი გახდა და იქაური ხალხის პატივისცემა დაიმსახურა. სულას რეჟიმით დატანჯულმა იბერიელებმა შემწეობა სერტორიუსს სთხოვეს და თავიანთი მეომრების სარდლად მიიწვიეს. ძვ. წ. 80 წელს მან გიბრალტარის სრუტე გადასცურა და თავის ახალ მოკავშირეებს შეუერთდა. თავისი მოხერხებულობის წყალობით სერტორიუსმა მთელი ესპანეთი გაწმინდა სულას ლეგიონებისგან. იგი ძალიან კარგად ეპყრობოდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტომთა ბელადებს, რითაც მათი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 

იმავე წლის ზამთარს სულამ კიდევ გამოგზავნა ჯარი კვინტუს მეტელუს პიუსის სარდლობით. სერტორიუსმა კარგად გაწვრთნა იბერიელი მეომრები და რომაული არმიის ტაქტიკაც შეასწავლა. იგი პარტიზანულ ომს ეწეოდა და მრავალი რომაელი გაწყვიტა. მისი მხედართმთავრული ნიჭისა და ქარიზმის გამო მას "ახალი ჰანიბალი" შეარქვეს (თანაც ისიც ჰანიბალივით ცალთვალა იყო). 

მალე სულაც გარდაიცვალა და სერტორიუსი კიდევ უფრო გულმოდგინედ შეუდგა რომის წინააღმდეგ ბრძოლას. ძვ. წ. 76 წელს ესპანეთში გნეუს პომპეუსი შემოიჭრა ლეგიონებით, მაგრამ "ახალმა ჰანიბალმა" ისიც წარმატებით დაამარცხა და მისი ჯარი გაანადგურა. სერტორიუსი სამართლიანი ლიდერი იყო. მან ერთხელ სიკვდილით დასაჯა თავისი არმიის მთელი რაზმი იმის გამო, რომ ერთ–ერთი ახალდაპყრობილი ქალაქის მოსახლეობა ააწიოკეს და ქალებზე ძალა იხმარეს. ძვ.წ. 75 წელს დიდი ბრძოლა შედგა სერტორიუსისა და პომპეუსის არმიებს შორის. სერტორიუსმა კვლავ გაიმარჯვა, რომელიც მამაცურად იბრძოდა თავის ჯართან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ სერტორიუსმა ბევრ წარმატებას მიაღწია და მრავალჯერ დაძლია მტრის არმიები, იგი მაინც განწირული აღმოჩნდა, რადგანაც რომს ულევი ადამიანური და ფინანსური რესურსები გააჩნდა.

სერტორიუსი აქტიურად ეწეოდა იბერო–კელტთა რომანიზაციას. მან ქალაქ ოსკაში ააშენა აკადემია, სადაც ახალგაზრდა იბერიელები ბერძნულ და რომაულ განათლებას იღებდნენ. ეს ბავშვები დე ფაქტო მძევლები იყვნენ, რათა მათი მამები, რომლებიც ტომთა ბელადები იყვნენ, სერტორიუსის ერთგულებად დარჩენილიყვნენ. ამასობაში სერტორიუსმა რომაელი ლტოლვილებისგან სენატიც ჩამოაყალიბა. ამ ყველაფრის მიუხედავად დრო მის წინააღმდეგ მოქმედებდა. რომიდან სულ ახალ–ახალი ლეგიონები მოემართებოდნენ და მალე თითქმის მთელი ნახევარკუნძული დაიკავეს. ამავე დროს რომაელებმა ფულადი ჯილდოც დააწესეს მათთვის, ვინც სერტორიუსს მოკლავდა. ლივიუსის ცნობით, სასოწარკვეთილი სერტორიუსი ღვინის სმას მიეძალა და სხვა ადამიანი გახდა. ძვ. წ. 72 წელს იგი შეთქმულებმა ხმლებით ასჩეხეს. რომაელებმა საბოლოოდ დაიპყრეს იბერიის ნახევარკუნძული, რომელიც იმპერიისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ასრულებდა შემდეგი ხუთი საუკუნის განმავლობაში.


კახი გაგნიძე




ბიბლიოგრაფია:

1. პლუტარქე, პარალელური ბიოგრაფიები.

2. Matyszak, Phillip (2013). Sertorius and the Struggle for Spain.

3. Murphy, William J. (1973). Quintus Sertorius: The reluctant rebel.

6 August 2021

 ხაზარები


ხაზარები თურქულენოვანი ხალხი იყო, რომლებმაც VII საუკუნეში გიოკ–თურქთა სახაკანოს დაცემის შემდეგ დიდი იმპერია შექმნეს სტეპებსა და ჩრდ. კავკასიაში. ისინი იმას აკეთებდნენ, რასაც ყველა მომთაბარე ცივილიზაცია აკეთებდა: მეზობელ სახელმწიფოებს თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ (მათ შორის საქართველოსაც ხშირად "სტუმრობდნენ"). 

ხაზართა სახაკანო


სწორედ ამ პერიოდში დაიწყო არაბთა დაპყრობების ხანაც, რომლებმაც მთელი ახლო აღმოსავლეთი დაიპყრეს და ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრები შეავიწროვეს. არაბთა მიზანი იყო ხაზართა ტერიტორიების დაკავება, რათა შემდეგ ევროპაში შეჭრილიყვნენ და ბიზანტიისთვის ზურგიდან დაერტყათ. ასე დაიწყო სისხლისმღვრელი ომი ხაზარებსა და არაბებს შორის, რომლის გამოც ძალიან დაზარალდნენ ამიერკავკასიის ქვეყნები. 652 წელს ხაზარებმა სასტიკად დაამარცხეს არაბთა არმია კასპიის ზღვასთან მდებარე ქალაქ ბალანჯართან. ამის შემდეგ არაბებმა მრავალი წლით თავი მიანებეს ხაზარებს და ყურადღება კვლავ ბიზანტიაზე გადაიტანეს. მათ არაერთხელ სცადეს კონსტანტინოპოლის აღება, მაგრამ ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა.

650–იან და 660–იან წლებში ხაზარებმა ჰეგემონია დაამყარეს სხვა მომთაბარე ტომებზე, როგორებიც იყვნენ მაგიარები და ბულგარები. ამ უკანასკნელთა ნაწილი მდინარე დუნაის სანაპიროებისკენ გაიქცა, სადაც ბულგარეთის სამეფო შექმნეს. ნაწილიც კი მდინარე ვოლგის სანაპიროებზე დასახლდა, სადაც დაარსდა ვოლგის ბულგარეთი. ხაზარები მალე იმდენად გაძლიერდნენ, რომ 721 წელს შეტევაზე გადმოვიდნენ, სომხეთი დაიკავეს და დაიწყეს თხუთმეტწლიანი ომი არაბებთან. 730 წელს ხაზარები ბარჯიკის მეთაურობით დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიებში შეიჭრნენ და უამრავი არაბი გაჟლიტეს. თუმცა ხაზარები ნადავლის დატაცებით გაერთნენ და ყურადღება მოადუნეს, რამაც არაბებს საშუალება მისცა ძალა მოეკრიბათ და დაემარცხებინათ ისინი.

ხაზარი მეომარი ტყვესთან ერთად


არსებობს გავრცელებული აზრი, რომ VIII საუკუნეში ხაზარები იუდაიზმზე მოექცნენ, მაგრამ ზოგი მეცნიერი ასე არ ფიქრობს. 
IX საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი პაჭანიკების მომთაბარე ტომმა დაიპყრო. მალე კი ხაზართა მთავარი მოწინააღმდეგე მომძლავრებული კიევის რუსეთი გახდა, რომლის დიდმა მთავრებმა ოლეგმა 913–914 და იგორმა 943–944 წლებში დაარბიეს ხაზართა სახაკანო. 964–966 წლებში კი იგორის ვაჟმა სვიატოსლავმა საბოლოოდ გაანადგურა ხაზართა იმპერია. ამის შემდეგ ხაზარებმა სცადეს აღედგინათ სახაკანო, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს ხაზართა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.
სვიატოსლავი (ნავში) ბიზანტიის იმპერატორს ხვდება



კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. გვ. 414.
2. Golden. Peter Benjamin (2011). Central Asia in World History.