21 May 2021

 თეთრი ჰუნები (ეფთალიტები): აღზევება და დაცემა


V საუკუნის შუა წლებში, როდესაც ატილა ჰუნთა ურდოებით ევროპას არბევდა, მათი ნაკლებად ცნობილი შტო, თეთრი ჰუნები ცენტრალური აზიიდან სასანიანთა სპარსეთსა და ინდოეთს ემუქრებოდნენ. საიდან მოვიდნენ ისინი და რა ზეგავლენა მოახდინეს მათ აღმოსავლეთის ქვეყნებზე?

ბევრის ვარაუდით, მათი "ევროპელი" ბიძაშვილების მსგავსად, ისინიც ქსიონგნუს ტომთა შთამომავლები იყვნენ, რომლებიც ბევრად უფრო ადრე ჩინეთის ჩრდილოეთით ბინადრობდნენ და მუდმივად არბევდნენ მის საზღვრებს, რის გამოც აშენდა ჩინეთის სახელოვანი დიდი კედელი. IV საუკუნეში, როდესაც "ევროპელი" ჰუნები ევრაზიის სტეპებიდან ევროპაში შეიჭრნენ, მათი მეორე შტო ცენტრალურ აზიაში დარჩა. პროკოპიოს კესარიელი ამბობდა, რომ ეფთალიტები, სხვა მონათესავე ტომებისგან განსხვავებით, არ იყვნენ მახინჯები და ასევე არ ეწეოდნენ მხოლოდ მომთაბარულ ცხოვრებას. იგი მიიჩნევდა, რომ მათ თეთრი ჰუნები კანის ფერის გამო ერქვათ. თუმცა ეს არ არის სიმართლე. ჰუნებში თეთრი ფერი აღნიშნავდა დასავლეთს, შავი – ჩრდილოეთს, ლურჯი – აღმოსავლეთს, ხოლო წითელი – სამხრეთს.




 დაახლოებით 450 წელს სასანიანთა სპარსეთი თავს დაესხა ჰუნთა მონათესავე კიდარიტებს, რომლებიც დასავლეთ ინდოეთში ბატონობდნენ. შაჰ იეზდიგერდ II-მ მათგან ხარკი მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ მათ შორის ბრძოლა შედგა და სპარსელები დამარცხდნენ. 457 წელს სპარსეთში დინასტიური ომი დაიწყო. სამეფო ტახტზე იეზდიგერდის უფროსი ვაჟი, ჰორმიზდი ავიდა, მაგრამ მის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა მისი უმცროსი ძმა, პეროზი. ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა ეფთალიტი მოქირავნეების წყალობით. მათი პირობის თანახმად პეროზს თეთრი ჰუნებისთვის სპარსეთის აღმოსავლური პროვინციები უნდა დაეთმო ცენტრალურ აზიაში. 
464 წელს კიდარიტები კვლავ შეტევაზე გადმოვიდნენ. სასოწარკვეთილმა პეროზმა ფინანსური დახმარება მარადიულ მოსისხლე მტრებს, ბიზანტიელებს სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ პეროზმა კიდარიტების ბელადს, კუნხასს თავისი ქალიშვილის ხელი შესთავაზა და მოტყუებით მდაბიო ქალი გაუგზავნა. კუნხასი მიხვდა ყველაფერს და სამასამდე მიპატიჟებული სპარსელი სიკვდილით დასაჯა. ომი განახლდა. პეროზს კვლავ ეფთალიტები დაეხმარნენ. მოკავშირეებმა კიდარიტები გაანადგურეს და მათი ტერიტორიები მთლიანად ეფთალიტებმა დაიკავეს. ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა პეროზს და როდესაც 469 წელს ამ ტერიტორიების დაბრუნება სცადა, თეთრმა ჰუნებმა მეფე კუშნავაზის სარდლობით იგი გორგანთან (ჩრდ. ირანი) დაამარცხეს. პეროზმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მოგვიანებით ტყვედ ჩავარდა და დიდი გამოსასყიდის ფასად გათავისუფლდა. 
471 წელს პეროზი, იბერიელ და ალბანელ ვასალებთან ერთად, კვლავ შეტევაზე გადავიდა, მაგრამ კვლავ დამარცხდა და თავისი მემკვიდრე კავადი ეფთალიტებს მძევლად გაუგზავნა. პროკოპიოსის თქმით, 484 წელს პეროზი ჰერათის კატასტროფულ ბრძოლაში დაიღუპა. თეთრმა ჰუნებმა მისი არმიაც პირწმინდად გაანადგურეს.
პეროზის დაღუპვა. ილუსტრაცია XV საუკუნის შაჰნამეს პოემიდან


 ორი წლის შემდეგ სასანიანმა დიდგვაროვნებმა ტახტზე პეროზის ძმა, ბალაში აიყვანეს, მაგრამ თეთრი ჰუნები ჩაერივნენ და ტახტზე კავადი დასვეს, რომელიც ადრე მძევლად იყო მათი მეფის კარზე. დაახლოებით ათი წლის შემდეგ მას დიდგვაროვნები აუჯანყდნენ და იგი ეფთალიტებთან გაიქცა. მათმა მეფემ კავადი არმიით გამოუშვა და ამ უკანასკნელმაც ტახტი დაიბრუნა, თუმცა საფასური დიდი იყო: კავადს თეთრი ჰუნებისთვის აღმოსავლეთ პროვინციები უნდა გადაეცა და თან ხარკიც ეძლია. სასანიდები მომთაბარეთა ვასალებად იქცნენ. ეს მდგომარეობა დაახლოებით ერთი საუკუნე გაგრძელდა იქამდე, სანამ ირანის ტახტზე ხოსრო არ ავიდა. ამასობაში ეფთალიტებმა ჩრდილო–დასავლეთ ინდოეთიც დაიპყრეს. ისინი ძლიერების ზენიტში იყვნენ. 

ეფთალიტების იმპერია ძლიერების ზენიტში VI ს.


მალე ვითარება შეიცვალა. აღმოსავლეთ აზიის სტეპებიდან ახალა ძალა გამოჩნდა. ესენი იყვნენ გიოკთურქები ("ლურჯი", იგივე "ზეციური" თურქები). შაჰ ხოსრომ მათ კავშირი შესთავაზა ეფთალიტების წინააღმდეგ. თურქთა ხაკანმა გაიხარა ამ შემოთავაზებით და სასწრაფოდ წამოვიდა აღმოსავლეთიდან უზარმაზარი ურდოებით. სასტიკი ბრძოლები გაიმართა გიოკთურქი ხაკანის, ისტამისა და ეფთალიტი მეფის, გატფარის არმიებს შორის. გიოკთურქებმა გაიმარჯვეს და ჰუნთა ტერიტორიები დაიპყრეს. დამარცხებული ეფთალიტები სამხრეთისკენ გამოიქცნენ, სადაც მათ ხოსრო გადაეღობა და დაამარცხა ისინი. უკანასკნელი ეფთალიტი მეფე დანებდა სასანიან მეფეს და მისი უზენაესობა აღიარა. ეს მოხდა დაახლოებით 560–563 წლებში. 
ამ მრავალწლიანმა ბრძოლებმა შედეგად ის გამოიღო, რომ ირანში სპარსული კულტურა კიდევ უფრო განმტკიცდა და როდესაც VII საუკუნეში არაბთა სახალიფომ სასანიანთა ირანი მთლიანად დაიპყრო, სპარსული კულტურა მაინც გადარჩა და არსებობა განაგრძო ისლამურ სამყაროში.


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:
1. Christopher Atwood. Huns and Xiongnu.
2. Michael Alram. Coins, Art and Chronology.
3. Hyun Jin Kim. The Huns.

7 May 2021

 ჰუნები: "აპოკალიპსის მხედრები"


ისტორიის განმავლობაში ევრაზიის სტეპებში მცხოვრები მომთაბარე ხალხები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმპერიების აღზევებასა თუ დაცემაში. ისინი შიშის ზარს სცემდნენ განვითარებულ სახელმწიფოებს. ამათგან ძალიან ცნობილები არიან ჰუნები. IV საუკუნის შუა წლებში ისინი აღმოსავლეთიდან ნელ–ნელა ევროპის ცენტრისკენ მიიწევდნენ. მათმა ქმედებამ დომინოს ეფექტი გამოიწვია, რამაც ბოლოს რომის იმპერია იმსხვერპლა. ვინ იყვნენ და საიდან მოვიდნენ ჰუნები?

ჰუნები ბრძოლის დროს


რომაელებს პოპულარული,მაგრამ მცდარი აზრი ჰქონდათ თუ საიდან იყვნენ ჰუნები. მაგალითად, იორდანესი და პროკოპიუსი თვლიდნენ, რომ საუკუნეების განმავლობაში ჰუნები და გერმანელები შავ ზღვასთან გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ისე, რომ არც იცოდნენ, რადგანაც მათ ქერჩის სრუტე ჰყოფდა ერთმანეთისგან. ეს ისტორია შორს იყო რეალობისგან. მე–18 საუკუნის იეზუიტი მოღვაწე ჟოსეფ დე გინი მიიჩნევდა, რომ ჰუნები შორეული აღმოსავლეთის ქსიონგნუს ტომების შთამომავლები იყვნენ, რომელთა გამოც აშენდა ჩინეთის დიდი კედელი. 370–იან წლებში ჰუნები პირველად გამოჩნდნენ ბერძნულ–რომაულ წყაროებში. მათ გადმოლახეს ურალის მთა და ჩრდ. შავიზღვისპირეთში თავს დაატყდნენ ალანებსა და გოთებს.

რომაელი ჯარისკაცი და ისტორიკოსი ამიანუს მარცელიუსი აღნიშნავდა, რომ ჰუნებს არ გააჩნდათ რელიგია, რაც ძალიან საეჭვოა. კონკრეტულად არ არის ცნობილი თუ რას სცემდნენ ისინი თაყვანს, მაგრამ სავარაუდოდ ეს იყო ცა, რომელსაც მოგვიანებით თურქული და მონღოლური ტომები თენგრის უწოდებდნენ. 

რომაელები ჰუნებს მიიჩნევდნენ ყველაზე საძაგელ ხალხად და ფიქრობდნენ, რომ მეორედ მოსვლა იყო მოახლოებული. გოთი ისტორიკოსი იორდანესი ამბობდა, რომ რთულია მათ ადამიანები უწოდო. ისინი ჩვილებს ხშირად უკეთებდნენ თავის ქალის ხელოვნურ დეფორმაციას.

დეფორმირებული თავის ქალა


ჰუნები იცვამდნენ წაწვეტებულ ქუდებს, ჯიხვის კანისგან დამზადებულ შარვლებსა და ტილოს მუნდირებს. ამიანუსის მიხედვით მათ ეს სამოსი ეცვათ მანამ სანამ არ დაეხეოდათ. პრისკუსის თქმით სახელოვან ატილასაც ისე ეცვა, როგორც მის თანამოძმეებს, უბრალოდ იგი უფრო სუფთა იყო.

ჰუნები იდეალური მხედრები იყვნენ. მთელ ცხოვრებას ცხენზე ატარებდნენ, ისინი ჯირითს სიარულზე ადრე სწავლობდნენ. მათი მთავარი საბრძოლო იარაღი იყო მშვილდი (ეს დამახასიათებელი იყო აღმოსავლეთის მომთაბარე ცივილიზაციებისთვის). გაჭენებული ცხენიდან ჰუნებს თავისუფლად შეეძლოთ ისრის მიზანში სროლა. მას შემდეგ რაც ისინი მტრებს დაასუსტებდნენ ისრებით, გადადიოდნენ ხელჩართულ ბრძოლაზე, რომლის დროსაც იყენებდნენ ცულებს, შუბებს, ხმლებს და ლასოს მტრის ცხენიდან გადმოსაგდებად. ჰუნებმა ძლიერების მწვერვალს მიაღწიეს ატილას მმართველობის დროს (V ს–ის შუა წლებში). მისი სიკვდილის შემდეგ კი ეს მრისხანე ხალხი ძალიან მალე გაქრა გეოპოლიტიკური რუკიდან.

ატილას იმპერია დაახლოებით 450 წელს


საინტერესოა ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეებში მაგიარები (უნგრელები) თავიანთ თავებს ჰუნების შთამომავლებად მიიჩნევდნენ. უნგრეთის ეროვნულ ჰიმნში უნგრული სისხლი ნახსენებია როგორც "ბენდეგუზის სისხლი" (ასე უწოდებენ მუნძუკს, ატილას მამას). ატილას ძმა, ბლედა იწოდებოდა ბუდად, რომლის მიხედვითაც დაარქვეს ეს სახელი უნგრეთის ძველ დედაქალაქს (დღევანდელი ბუდაპეშტის დასავლეთ მხარე). ასევე ზოგიერთ ენაში, მაგალითად ინგლისურში უნგრეთი იწერება როგორც Hungary, რომელშიც შედის ტერმინი Hun, ანუ ჰუნი. თვითონ ატილას კი უნგრელები ეროვნულ გმირად თვლიან და მისი სახელიც საკმაოდ გავრცელებულია უნგრეთში.



კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. სიკინჭალაშვილი რ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. გვ 696.

2. ედვარდ არტურ ტომფსონი 1999, ჰუნები.