30 October 2020

 ტევტობურგის ტყის ბრძოლა 9 წ. – რომაულ–გერმანული ომი



ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისთვის რომის რესპუბლიკა იმპერიამ ჩაანაცვლა, რომელსაც ოქტავიანე ავგუსტუსი მართავდა, იგი რომის პირველი იმპერატორი იყო. მან ბოლო მოუღო სამოქალაქო ომებს, რომლებიც იულიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. დამყარდა სტაბილურობის, აყვავებისა და მშვიდობის პერიოდი, ცნობილი, როგორც Pax Romana - რომაული მშვიდობა.

ავგუსტუსის ქანდაკება


სწორედ ამ პერიოდისთვის ჩრდილოეთში გერმანულმა ტომებმა მსხვილი კავშირების შექმნა დაიწყეს. რომაელებსა და გერმანელებს შორის ბუნებრივი საზღვარი იყო გავლებული მდინარეთა რაინისა და დუნაის სახით. მიღმა კი სულ დაბურული ტყეები იყო, რომლებსაც რომაელები უფრთხოდნენ. ავგუსტუსმა ვითარების შეცვლა გადაწყვიტა. მისმა არმიამ რაინი გადალახა და რამდენიმე გერმანული ტომი დაიპყრო. რომაელებმა ხარკის სახით მძევლები წამოიყვანეს. ამათგან ერთ–ერთი იყო ხერუსკების ტომის ბელადის შვილი არმინიუსი. იგი სახმედრო სამსახურში შევიდა, ისწავლა ლათინური ენა და რომის მოქალაქეობაც მიიღო. 

7 წელს იმპერატორმა დაპყრობილი გერმანული პროვინციის მმართველად დანიშნა პუბლიუს კვინტილიუს ვარუსი. იგი გამოცდილი ადმინისტრატორი იყო, მაგრამ თანამედროვე ისტორიკოსების თქმით, არაკომპეტენტური ჯარისკაცი. ვარუსს გერმანიაში თან ახლდა არმინიუსი, რომელიც მის ერთგულ მრჩევლად იქცა. 

9 წლის დასაწყისი წარმატებული იყო რომაელებისთვის. ლეგიონები თავისუფლად მოძრაობდნენ პროვინციაში, პატრულირებდნენ, გაჰყავდათ გზები, ჰკრებდნენ გადასახადებს და ა.შ. თუმცა ზაფხულის დაწყებიდან ვარუსს ხმები მიუვიდა, რომ რომაელთა ზოგიერთი პატარ–პატარა რაზმი გერმანელებმა დახოცეს. ეს ყველაფერი ორკესტრირებული აღმოჩნდა არმინიუსის მიერ, რომელიც საკუთარი ხალხის მხარეს გადავიდა. იგი სხვა ტომებსაც დაუკავშირდა და გარშემო შემოიკრიბა აჯანყების დასაგეგმად.

არმინიუსის ქანდაკება გერმანიაში, რომელიც ჰერმანად არის ცნობილი


არმინიუსის გეგმა კინაღამ ჩაიშალა, როდესაც საიდუმლო მისმა სიმამრმა სეგესტესმა გასცა. არმინიუსის საბედნიეროდ, ვარუსმა არ დაიჯერა სეგესტესის ნათქვამი. გეგმა კი ასეთი იყო: არმინიუსი ვარუსს და მთელს მის არმიას გაუძღვებოდა ტევტობურგის ტყის გავლით ვითომდა აჯანყების ჩასაქრობად. ამ დროს გრძელ კოლონად ჩამწკრივებულ რომაულ ლეგიონებს ყოველი მხრიდან გერმანელები შემოესეოდნენ და ერთიანად გაჟლიტავდნენ. ასეც მოხდა.

შემოდგომა ტევტობურგის ტყეში


9 წლის სექტემბერს ტევტობურგის ტყეში მიმავალ ლეგიონებს ჩასაფრებულმა გერმანელებმა ჯერ ქვები, ისრები და შუბები დაუშინეს. შემდეგ ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ და მალევე ისევ ტყეში გაუჩინარდნენ არმინიუსის ჩათვლით. რომაელებმა აღარ იცოდნენ რა ეღონათ. ამასობაში თავსხმა წვიმაც წამოვიდა და გზა აატალახა, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა რომაელთა წინსვლა. გზადაგზა გერმანელები თავს ესხმოდნენ ლეგიონერებს და ისევ ტყეში უჩინარდებოდნენ. ასე განმეორდა რამდენჯერმე, სანამ რომაული არმია მთლიანად არ ამოწყდა. ვარუსმა თავი მოიკლა თავის რამდენიმე სარდალთან ერთად. გადარჩენილები გერმანელებმა მხვერპლად შესწირეს თავიანთ ღვთაებებს. 

ტევტობურგის ტყე ნისლიან და წვიმიან დღეს


ეს მარცხი რომისთვის აბსოლუტური კრახი და ჰორორი იყო. გადმოცემის თანახმად, იმპერატორი ავგუსტუსი ისეთ შოკში იყო, რომ კედელს თავს ურტყამდა და ყვიროდა:"კვინტილიუს ვარუს, დამიბრუნე ჩემი ლეგიონები!". 

მომდევნო წლების განმავლობაში არმინიუსის გავლენა და ავტორიტეტი გერმანიაში კიდევ უფრო გაიზარდა. ტომთა ბელადებს ეშინოდათ მეფე არ გამხდარიყო, რის გამოც იგი მუხანათურად მოკლეს. ეს მოხდა 21 წელს. ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ადამიანმა, რომელიც ბავშვობიდან უცხო კულტურას იყო ნაზიარევი, მაგრამ მაინც საკუთარი ხალხი არჩია, თავისუფლება დაუბრუნა მათ და ბოლოს მაინც მათი ხელით მოიკლა. 

არმინიუსი სერიალიდან "ბარბაროსები"


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:
1. Günther Moosbauer, Die Varusschlacht. Beck'sche Reihe, Verlag C.H. Beck Wissen. München 2009.
2. Murdoch, Adrian (1 December 2012). Rome's Greatest Defeat: Massacre in the Teutoburg Forest. 
3. Powell, Lindsay (2014). Roman Soldier versus Germanic Warrior 1st Century AD. Oxford: Osprey.

16 October 2020

 მეოთხე ჯვაროსნული ომი: კონსტანტინოპოლის დაცემა 1204 წ.


ჯვაროსნული ლაშქრობები ერთ–ერთი თვალსაჩინო ეპოქაა კაცობრიობის ისტორიაში. ბრწყინვალე აბჯრებში შემოსილი რაინდების იმიჯმა დიდი ეფექტი მოახდინა მომავალ თაობებზე. თუმცა რეალობა ის არ იყო, რასაც რომანტიულ ნაწარმოებებში ვხედავთ ხოლმე. მეოთხე ჯვაროსნული ომი ისტორიის ერთ–ერთ შავ ლაქად არის მიჩნეული, რომელიც ასახავს ადამიანის ხარბ და მზაკვრულ ბუნებას.

კონსტანტინოპოლი


1187 წელს იერუსალიმი ეგვიპტის სულტანმა სალადინმა დაიპყრო. პასუხად, კათოლიკურმა ევროპამ მესამე ჯვაროსნული ომი გამოაცხადა, მაგრამ ეს ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა. 1198 წელს პაპმა ინოკენტ III-მ ევროპას მეოთხე ჯვაროსნული ომისკენ მოუწოდა. იტალიელი გრაფის ბონიფაჩე მონფერატელის ქარიზმის წყალობით შეიკრიბა ფრანგთა და გერმანელთა არმია. ახლა მათ მხოლოდ ხომალდები სჭირდებოდათ, რათა ხმელთაშუა ზღვა გადაეცურათ. იმ დროის ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი  ვენეციის რესპუბლიკას ჰყავდა. ვენეციის დოჟი ენრიკო დანდოლო დათანხმდა გარკვეული ფასის სანაცვლოდ ჯვაროსნებისთვის ხომალდები გამოეყო. გეგმა ასეთი იყო: ჯვაროსნები გაცურავდნენ ვენეციიდან მუსლიმთა სამყაროს ცენტრისკენ: ეგვიპტისკენ. დაიპყრობდნენ მათ დედაქალაქს და შემდეგ ხმელეთით მიადგებოდნენ იერუსალიმს. 

პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 1202 წელს ჯვაროსნები ვენეციაში შეიკრიბნენ. მოსალოდნელი 33 500 ჯარისკაცის მაგივრად მხოლოდ 12 000 კაცი მოვიდა. ამან გააცოფა ვენეციის დოჟი, რომელმაც დიდძალი თანხა დახარჯა საბრძოლო და სატრანსპორტო ხომალდების ასაგებად. ამ ზარალის ანაზღაურება ჯვაროსნებს არ შეეძლოთ. დოჟმა დანდოლომ უარი თქვა მათ გაშვებაზე, სანამ ვალს არ გადაიხდიდნენ. ჯვაროსნებმა შეძლეს თანხის შეგროვება, მაგრამ ახლა მათ ამის გამო შიმშილი დაემუქრათ. დანდოლომ მზაკვრული გეგმა შეიმუშავა და გადაწყვიტა ჯვაროსანთა ლაშქარი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა. მან ჯვაროსნებს ვალის პატიება აღუთქვა, თუ ისინი ქალაქ ზარას აიღებდნენ, რომელიც ადრიატიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა და უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. როცა ამის შესახებ პაპმა შეიტყო, იგი ჯვაროსნებს ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა, თუ კათოლიკურ ქალაქს თავს დაესხმოდნენ. გრაფმა ბონიფაჩემ ჯარს ეს წერილი დაუმალა და წინსვლა განაგრძო. როცა არმია ქალაქ ზარას მიუახლოვდა, ქალაქის მაცხოვრებლებმა ჯვრიანი დროშები გადმოფინეს გალავნებზე იმის ნიშნად, რომ ერთმორწმუნეები იყვნენ და დაენდოთ ისინი. ჯვაროსნებმა ქალაქი მაინც აიღეს, გადაწვეს, გაძარცვეს და უამრავი ხალხი დახოცეს. 

ზარას აღება


გაცოფებულმა პაპმა შეაჩვენა ვენეციელები და ჯვაროსნები, მაგრამ ლიდერებმა არმიას ამჯერადაც დაუმალეს ეს წერილები. ამასობაში, ბონიფაჩე ბავარიაში გაემგზავრა თავისი ნათესავის მეფე ფილიპე შვაბის მოსანახულებლად, სადაც ბიზანტიიდან გამოძევებულ უფლისწულ ალექსი IV ანგელოსს შეხვდა. ახალგაზრდა უფლისწულმა ბონიფაჩეს სთხოვა, რომ ჯვაროსნებს კონსტანტინოპოლი აეღოთ და მისი ბიძა იმპერატორი ალექსი III ტახტიდან ჩამოეგდოთ. სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ ჯვაროსნებს იერუსალიმის აღებაში დაეხმარებოდა და მართლმადიდებლურ ეკლესიას პაპს დაუმორჩილებდა. ჯვაროსნები ამ წინადადებაზე შეყოყმანდნენ, მაგრამ დანდოლომ დიდი ქრთამის საშუალებით დაითანხმა ისინი.

1203 წლის 23 ივნისს ლათინთა არმია კონსტანტინოპოლს მიადგა. ქალაქს 15 000 ჯარისკაცი იცავდა, ამათგან 5 000 ვარიაგი იყო, ბიზანტიის არმიის ელიტური რაზმი, რომელიც ვიკინგებისგან და ანგლო–საქსებისგან შედგებოდა. ჯვაროსნებმა დაასკვნეს, რომ ქალაქში ფეხის მოსაკიდებლად, მათ უნდა დაეკავათ ჩრდ. ნავსადგური, რომელიც წვრილ ყურეს, ოქროს რქას იცავდა, ლათინთა გემები ბოსფორის სრუტეში შევიდნენ და ბრძოლით დაიკავეს ეს ნავსადგური და ოქროს რქა. ახლა მათ უკვე ჩრდილოეთიდანაც შეეძლოთ ქალაქზე თავდასხმა.

კონსტანტინოპოლის ალყა


ჯვაროსნებმა ბონიფაჩეს მეთაურობით ხმელეთიდანაც დაიწყეს იერიში. აქ ვარიაგებმა თავი გამოიჩინიეს.  ისინი გალავნის გარეთ გავიდნენ და დროებით უკუაგდეს მტერი. შემდგომ ქალაქში შებრუნდნენ და ვენეციელები გადარეკეს ზღვაში, რომლებიც ოქროს რქიდან შემოვიდნენ. ამასობაში, იმპერატორი ალექსი III 8 000 კაცით გაიჭრა ქალაქიდან მტერთან საბრძოლველად, მაგრამ დაფრთხა და უბრძოლველად შემობრუნდა ქალაქში, რომელიც მალე გაიპარა კიდეც ქალაქიდან და მიატოვა თავისი ხალხი. საიმპერატორო კარმა ტახტზე მისი ძმა და ტახტის მაძიებლის მამა, ისააკ II დასვა, რომელიც ბრმა იყო. ლათინებმა ალექსი IV–ის თანამოსაყდრედ დასმა მოითხოვეს, რათა მათთვის დაპირებული ფული გადაეხადა, რაზეც ბიზანტიელები დათანხმდნენ. მწარე რეალობა ის აღმოჩნდა, რომ ალექსი IV–ს არ შეეძლო ამ თანხის გადახდა, რის გამოც ბიზანტიელებმა ძველი რომაული და ბიზანტიური ხატები დაადნეს, რათა ვერცხლის მონეტები მოეჭრათ. ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ამ ყველაფერმა ხალხის თვალში დიდად დასცა ახალი იმპერატორის რეპუტაცია. ჯვაროსნებისთვის აშკარა გახდა, რომ ალექსი ვალს ვერ გადაიხდიდა. 

ამასობაში, დუკების საგვარეულოს წარმომადგენელმა, რომელსაც ასევე ალექსი ერქვა, ხალხი გადაიბირა, მოაკვლევინა ალექსი IV და თვითონ ეკურთხა იმპერატორად. ჯვაროსნებმა კი საბოლოოდ გადაწყვიტეს კონსტანტინოპოლის აღება. მათ ბერძნები ერეტიკოსებად და ქრისტეს მოღალატეებად გამოაცხადეს. ვარიაგებმა კი ქალაქი მიატოვეს, რადგანაც იმპერატორი მათ ფულს ვეღარ უხდიდა. ბიზანტიის დედაქალაქს გარნიზონი თითქმის საერთოდ აღარ შერჩა. საბედისწერო წუთებიც დადგა: 1204 წლის გაზაფხულს ჯვაროსნები ქალაქში შეიჭრნენ, გაძარცვეს, გადაწვეს, ძვლებამდე გააშიშვლეს ეს ბრწყინვალე ქალაქი. ქალებს ნამუსს ხდიდნენ, დანარჩენ მაცხოვრებლებს ჟლეტდნენ. ათასობით ადამიანი დაიხოცა.

ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, ჯვაროსნებმა ბიზანტიის იმპერიის ბალკანური ტერიტორიები დაინაწილეს. ამათგან ყველაზე დიდი იყო ლათინთა იმპერია, რომლის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა. მის იმპერატორად აირჩიეს ყველაზე ქარიზმატული ჯვაროსანი, ფლანდრიის გრაფი ბალდუინ I. ბიზანტიელებს მხოლოდ მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი დარჩათ, რომლის დედაქალაქი ნიკეა იყო. 

1261 წელს ბიზანტიელებმა დაიბრუნეს ბალკანეთი კონსტანტინოპოლითურთ და აღადგინეს ბიზანტიის იმპერია, მაგრამ ეს მხოლოდ თავისი ძველი დიდების აჩრდილს წარმოადგენდა, რამაც საუკუნეების შემდგომ, 1453 წელს გაუადვილა საქმე თურქ–ოსმალებს, რომლებმაც საბოლოოდ დაანგრიეს ბიზანტიის იმპერია.

ბალკანეთი და მცირე აზია კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ


კახი გაგნიძე


ბიბლიოგრაფია:

1. Angold, M. J. (2003). The Fourth Crusade: Event and Context. London: Routledge.

2. McNeal, E. H. (1969). The Conquest of Constantinople. New York: Columbia University Press.

3. Queller, D. E. (1998). The Fourth Crusade: The Conquest of Constantinople. Philadelphia: University of Pennsylvania Press.