19 February 2021

 იბერიის (ქართლის) სამეფო


უძველესი დროიდან იბერიის ტერიტორია დასახლებული იყო რამდენიმე მონათესავე თემის მიერ, რომელთაც ძველი ავტორები იბერებს უწოდებდნენ. ადგილობრივები კი – ქართლს, ლეგენდარული წინაპარი ქართლოსის მიხედვით. ადგილობრივი თემების კონსოლიდაციაში დიდი წვლილი მიუძღვით მოსხებს, იგივე მესხებს, და სასპერებს. ამ დასახლებებიდან მთავარი იყო მცხეთა ანუ მესხთა ქალაქი, რომელიც შემდგომში იბერიის დედაქალაქი გახდა. სამეფოს დამაარსებელია მცხეთელი წარჩინებული ფარნავაზ I, ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ფარნავაზისა და მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია და საკმაოდ ვრცელი სახელმწიფო გახდა.

ქართლის სამეფო ფარნავაზის დროს

 

 ძვ. წ. II საუკუნისა და I საუკუნის პირველ ნახევარში იბერია დასუსტდა და გაძლიერებულ სომხეთის სამეფოებთან ბრძოლაში ზოგიერთი ტერიტორია დაკარგა. ძვ. წ. 65 წელს იბერია დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, იბერთა მეფე არტაგი ბოლოს და ბოლოს დამორჩილდა რომაელებს. მალე იბერია გათავისუფლდა რომზე დამოკიდებულებისგან და მათ შორის მოკავშირეობითი ურთიერთობა დამყარდა. ახ. წ. I-II საუკუნეებში იბერია კვლავ გაძლიერდა და რომის მეტოქედაც კი გამოდიოდა ამიერკავკასიაში. იბერიამ მოახერხა მთლიანად დაებრუნებინა ადრე სომხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები და I საუკუნის 30–50–იან წლებში (მეფე ფარსმან I-ისა და მისი ვაჟის რადამისტის დროს) მცირე ხნით სომხეთსაც დაეუფლა.

II საუკუნის 30–50–იან წლებში, ფარსმან II ქველის დროს, როდესაც იბერიის ძლიერებამ ზენიტს მიაღწია, რომთან ურთიერთობა დაიძაბა. ფარსმანმა მრავალჯერ უარი შეუთვალა იმპერატორ ადრიანეს მიწვევაზე და მხოლოდ მისი მემკვიდრის – ანტონინუს პიუსის დროს მოინახულა რომი ოჯახითა და დიდი ამალით. იბერიელ სტუმრებს იმდენად მოუხიბლავთ რომაელები, რომ იმპერატორს რომში ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკებაც დაუდგამს. ასევე უცვნია იბერიის სამეფოს საზღვრები.

ფარსმან II ქველის რელიეფი


ამ დროს იბერია დიდი წარმატებით ებრძოდა პართიის იმპერიასაც, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა III საუკუნიდან, როდესაც ირანში ძალაუფლება სასანიანთა დინასტიის ხელში გადავიდა. სასანური ირანი უფრო ძლიერი და ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო, ვიდრე არშაკიდების პართია. შაჰ შაპურ I-ის (242–272 წწ) დროს იბერია იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ერთ–ერთ სპარსულ წყაროში იბერიის მეფე ამაზასპი იმპერიის ერთ–ერთი უმაღლესი დიდებულია. მოსაზრება მისი ირანული ორიენტაციის შესახებ "ქართლის ცხოვრებაშიც" დასტურდება, სადაც წერია, რომ ამაზასპმა "შეიყვარა სპარსელები". ამავე წყაროს მიხედვით, იგი სპარსელთა დახმარებით რომაელებს ებრძვის, მაგრამ მარცხდება და თავადაც იღუპება. 

298 წელს რომაელებთან მორიგი წარუმატებელი შეტაკების შემდეგ, სპარსელები იძულებულები გახდნენ ზავი დაედოთ ქ. ნისიბინში, რომლის მიხედვით იბერია და სომხეთი რომის პროტექტორატები გახდნენ. 

IV საუკუნის დასაწყისში, ქართლის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. რომის იმპერიის ცენტრის აღმოსავლეთში გადატანამ გამოიწვია რომაელთა გააქტიურება ამ მხარეში. სპარსელებმაც ენერგიული შემოტევები დაიწყეს შაპურ II-ის (310–379 წწ.) დროს. იბერია არჩევანის წინაშე დადგა. მისთვის უფრო დიდ საფრთხეს მაინც სპარსეთი წარმოადგენდა. შედეგად, იბერია რომის ორიენტაციას დაადგა, რაც სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებაშიც გამოიხატა. 

V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობაში, ქართლის სამეფოს შემადგენლობაში დასავლეთ საქართველო და სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ნაწილიც შევიდა. თუმცა ირანელთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება მარცხით დასრულდა და მეფე ვახტანგიც გმირულად შეეწირა ამ ომს. 523 წელს, გურგენ მეფის აჯანყების დამარცხების შემდეგ, შაჰ კავად I-მა ქართლში მეფობა გააუქმა. შაჰ ხოსრო I–ის (531–579 წწ.) დროს ირანი დაიყო 18 ქუსტაკად (ოლქად). ქუსტაკის სამოქალაქო ხელისუფალი იყო პადოსპანი, ხოლო სამხედრო – სპასპეტი. ქუსტაკები იყოფოდა შაჰრებად, რომლის გამგებელი იყო მარზპანი. ქართლის მარზპანის რეზიდენცია თბილისში მდებარეობდა.


კახი გაგნიძე



ბიბლიოგრაფია:

1. ლორთქიფანიძე ო., ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო (იბერია), თბ., 1968.

2. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1965.

3. ჯანაშია ს., შრომები, ტ. 1–2, თბ., 1943–1952.