როგორ მოიპარეს ბიზანტიელებმა ჩინელებისგან აბრეშუმის წარმოების საიდუმლო
სახელოვანი აბრეშუმის გზა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა იყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქამდე. ამ გზის საშუალებით უამრავი საქონელი გადაჰქონდათ ქარავნებს, მაგრამ ამათგან ყველაზე ძვირფასი იყო აბრეშუმი.
ჩინელებმა აბრეშუმის დამზადების საიდუმლო დაახლოებით ძვ. წ. 4000–იან წლებში შეისწავლეს. ძალიან მალე ეს ქსოვილი ფუფუნების საგნად იქცა. იმპერატორები მისი წარმოების საიდუმლოს მკაცრად იცავდნენ, რათა მონოპოლია შეენარჩუნებინათ. ძვ. წ. II ათასწლეულში აბრეშუმი ნელ–ნელა ცენტრალურ აზიაშიც გამოჩნდა. ძვ. წ. I ათასწლეულში კი აბრეშუმი ირანში, ეგვიპტესა და ევროპაშიც შემოვიდა. სკვითები და განსაკუთრებით აქემენიდური სპარსეთის იმპერია დიდ მოგებას ნახულობდნენ, როგორც აბრეშუმის გზის შუამავლები ევროპასა და ჩინეთს შორის. ალექსანდრე მაკედონელი პირველი იყო, რომელმაც ბერძნული სამყარო პირდაპირ დაუკავშირა აბრეშუმის გზას, როდესაც ქალაქი ალექსანდრია ესქატე დააარსა ცენტრალურ აზიაში. რომაელები აბრეშუმის მოსაპოვებლად ინდოეთს დაუკავშირდნენ ეგვიპტის საშუალებით. ეს ძვირფასი ქსოვილი დიდად მოთხოვნადი გახდა რომში, თუმცა ეს იმას ნიშნავდა, რომ ოქრო გაედინებოდა რომიდან და საბოლოოდ ოქროს ნაკლებობა საბედისწერო აღმოჩნდა რომის იმპერიისთვის, რამაც მისი დაცემა გამოიწვია 476 წელს. გერმანელ ბარბაროსებსაც მოსწონდათ აბრეშუმი, ასე, რომ ახლა ბიზანტიის იმპერია გახდა შუამავალი, რომელიც ჩინეთიდან შემოსულ აბრეშუმს ყიდდა.
ამ დროისთვის აბრეშუმის გზა არ იყო კარგად დაცული. 420 – 589 წლებში ჩინეთში პოლიტიკური კრიზისი იყო. ქარავნებს ჩინეთიდან კონსტანტინოპოლამდე მისასვლელად დაახლოებით 7 თვე სჭირდებოდათ. ამავე დროს ბიზანტიისა და სასანიანთა სპარსეთის იმპერიებს თითქმის გამუდმებული ომები ჰქონდათ ერთმანეთთან, რის გამოს ვაჭრობას ხელი ეშლებოდა. ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ამ სიტუაციის შეცვლა სცადა. მან ალტერნატიული გზები სცადა ჩინეთთან დასაკავშირებლად ლაზიკისა და ევრაზიული სტეპების გავლით, მაგრამ ეს გზა ძალიან გრძელი იყო და ხშირად ქარავნები უკიდეგანო სტეპებში იკარგებოდნენ. ამ პერიოდში იუსტინიანემ დაიპყრო იტალია და ჩრდილოეთ აფრიკა, რაც დიდი პოლიტიკური გამარჯვება იყო, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად იმოქმედა.
დაახლოებით 550–იან წლებში, ისტორიკოს პროკოპიოსის თანახმად, იუსტიანიანეს ორი ნესტორიელი ბერი ეწვია, რომლებმაც ცენტრალურ აზიაში, ჩინეთსა და სპარსეთში იმოგზაურეს და ინდოეთიდან კონსტანტინოპოლში ჩამოვიდნენ. მათ იუსტინიანეს აღუთქვეს, რომ აბრეშუმის პრობლემას გადაჭრიდნენ. გახარებული იმპერატორი დათანხმდა და ბერების თავგადასავალიც დაიწყო. მათი მოგზაურობა ორ წელს გაგრძელდა.
როგორც ზემოთ ითქვა, ამ დროს ჩინეთში არ იყო სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა. ბერებს უფლება მისცეს აბრეშუმის დამზადების პროცესს დასწრებოდნენ და ესწავლათ კიდეც. აბრეშუმის ჭიები ძალიან სათუთი არსებები არიან, ამიტომაც ჩინელები არ ელოდნენ, რომ ბერები მათ მოიპარავდნენ. ამ უკანასკნელებს გეგმა ჰქონდათ: მათ აბრეშუმის ჭიების კვერცხები თუ ლარვები თავიანთ ყავარჯნებში დამალეს და ადგილობრივებს სთხოვეს მათთვის ბლომად თუთა მიეცათ, რომელსაც აბრეშუმის ჭიები ჭამდნენ. კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ იუსტინიანემ და შემდგომ მისმა მემკვიდრემ იუსტინე II-მ აბრეშუმის ინდუსტრიული ცენტრები შექმნეს სხვადასხვა ქალაქებში და ამით აბრეშუმის მუდმივი წყარო გაიჩინეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინური აბრეშუმი მაინც უკეთესი ხარისხის იყო, ჩინელთა და სასანიანთა აბრეშუმის მონოპოლია წარსულს ჩაბარდა. აბრეშუმით ვაჭრობა კი ბიზანტიის იმპერიის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდა.
კახი გაგნიძე
ბიბლიოგრაფია:
1. Feltham, Heleanor B. (2009) Justinian and the International Silk Trade.
2. Schoeser, Mary. (2007) Silk. Yale University Press.